in

გერმანულ ბრენდ „Hansgrohe“-ს და „გალერეა დემასის“ ერთობლივ კონკურსში, ქართველმა დიზაინერმა, თამარ ყიფიანმა გაიმარჯვა

კონკურსი, სახელწოდებით „მომავლის აბაზანა“, გერმანული აბაზანისა და სამზარეულოს სანტექნიკის ბრენდის, „Hansgrohe“-სა და საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენლის, „გალერეა დემასის“ ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა და  მიზნად ისახავდა „Hansgrohe“-ს  პროდუქტების გამოყენებით მომავლის სააბაზანო ოთახის დიზაინის შექმნას.

კონკურსის გამარჯვებული, თამარ ყიფიანი, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კონცეფციის შემუშავებისას გადამწყვეტი  გარემოსთან კავშირი აღმოჩნდა — „რაც დრო გადის, ტექნოლოგია ვითარდება, მე კი მოთხოვნილება მიჩნდება ბუნებრიობასთან და ნატურალურთან შეხება მეტად მქონდეს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მოხმარებაში მყოფი ელემენტები კომფორტული, ჩვენზე სრულად მორგებული და მოსახერხებელი იყოს. შესაბამისად, პროექტზე მუშაობისას მომავლის სტანდარტული და გავრცელებული გაგება გვერდზე გადავდე და სრულად ჩემს ინტუიციას, სურვილებსა და მოთხოვნილებებს მივენდე…“.

პროექტის ავტორისთვის სააბაზანო ოთახი უმნიშვნელოვანესი სივრცეა, შხაპისა და აბაზანის მიღება კი მისთვის რიტუალთან ასოცირდება. ამგვარად, კონცეფციის შემუშავებისას ყურადღება იმ შეგრძნებებზე გაამახვილა, რომელიც ადამიანს ამ კუთხეში ეუფლება.

„როცა ცხელი წყალი თავზე გესხმება, ცივ, ბუნებრივ ქვას ეხები და მის რელიეფს შეიგრძნობ, ქაფიან აბაზანაში ისვენებ, ქაფი კი ბუნებრივ ხესთან შეხებისას განსაკუთრებულ სურნელს იძლევა, ეს ყოველივე ძალიან სასიამოვნოა. ასევე, დიდ როლს თამაშობს ბუნებრივი სინათლის წყარო — სარკმელი. მისი მეშვეობით გარემოსგან მოწყვეტილი აღარ ხარ. მითუმეტეს, ბუნებრივი განათების ფონზე ყოველ წუთს ოთახი სხვადასხვანაირი ხდება და მრავალფეროვანი იერი ეძლევა. ამ გარემოს იდეალურად ესადაგება „Hansgrohe“-ს სანტექნიკა, ყოველივე ეს კი მომავლის აბაზანას ქმნის“, — გვიამბობს თამარი.

გამარჯვებული, „გალერეა დემასის“ წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიაში,  „Hansgrohe“-ს ლაბორატორიაში გაემგზავრება, სადაც ლექციებსა და ვორქშოფებს დაესწრება და „Hansgrohe“-ს საშხაპე სისტემებს უკეთ გაეცნობა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

„Ergaster“ – ეკოლოგიურად სუფთა მასალით შექმნილი ქართული ავეჯი

აგური ინტერიერში — რჩეული პროექტები საქართველოდან