in

„Ergaster“ – ეკოლოგიურად სუფთა მასალით შექმნილი ქართული ავეჯი

დღევანდელ სტატიაში კიდევ ერთ ქართულ ავეჯის საწარმო — „Ergaster“-ს გაგაცნობთ, რომელიც ახალი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა. მისმა დამაარსებელმა, ოთო ხუციშვილმა, ხელობა დამოუკიდებლად შეისწავლა და დიდი მონდომებითა და საქმისადმი ერთგულებით მომხმარებელთა ნდობაც დაიმსახურა, საკუთარი წარმატების ისტორიას კი ჩვენს მკითხველს უამბობს.

ოთო, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ მოხვდით ამ სფეროში? 

რეაბილიტაციის ფაკულტეტი დავამთავრე, სამედიცინო მიმართულებით არაერთ ადგილას მიმუშავია და განსხვავებული პრაქტიკა თუ გამოცდილება მიმიღია. თუმცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ სამედიცინო სფერო არ მხიბლავდა. ვფიქრობდი, რომ საკუთარი თავის რეალიზებას სხვა მიმართულებით უკეთესად შევძლებდი. ისე მოხდა, რომ ამ პერიოდში ჩემმა მეგობარმა სამშენებლო კომპანია დააარსა და მასთან მუშაობა, სამშენებლო საქმიანობის შესწავლა შემომთავაზა. სწორედ ამ გამოცდილებამ ითამაშა დიდი როლი ჩემი სამომავლო პროფესიის ჩამოყალიბებაზე,  რადგან  სამშენებლო მასალებსა თუ ავეჯზე დაკვირვებისას გამიჩნდა ინტერესი ამ სფეროს მიმართ.

პანდემიის პერიოდში ბიზნესთა უმეტესობამ ვეღარ შეძლო სრულფასოვნად ფუნქციონირება, შემცირდა პროექტები და დაკვეთები, ჩვენც, სამწუხაროდ, საქმიანობის შეჩერება მოგვიწია, სწორედ აქედან იწყება ჩემი ავეჯთან ურთიერთობის ისტორიაც.

როგორ შეიქმნა კომპანია „Ergaster“-ი? 

იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო სახლში ყოფნა გვიწევდა, გადავწყვიტე პატარა სივრცე მექირავებინა, სადაც ხეზე მუშაობას შევისწავლიდი. ამავდროულად, საჭირო მასალა და ხელსაწყოები შევიძინე, რომელთა მეშვეობით მარტივი ნივთების დამზადება დავიწყე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც  საწყისი ცოდნა დავაგროვე, ჩემი გემოვნებით სხვადასხვა დიზაინის ავეჯის შექმნაც დავიწყე. ზუსტად ამ დროს, ჩემმა ახლობელმა თავის ხის საწარმოში ავეჯის რეალიზება შემომთავაზა, რამაც შესაძლებლობა მომცა, ფანტაზია და შემოქმედება გამეფართოებინა და დამეხვეწა, ასევე, მასიურად მეწარმოებინა ავეჯი და კომპანია „Ergaster Georgia“ დამეარსებინა.

გვიამბეთ იმ სირთულეებზე, რომლებსაც საწყის ეტაპზე შეხვდით და როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა წლების განმავლობაში?

შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში მოღვაწეობა ნულიდან დავიწყე. ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობდი, დროთა განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკას ვიძენდი. ხესთან მუშაობაც სრულიად დამოუკიდებლად შევისწავლე, არავინ მყავდა ვინც საქმის სპეციფიკასა თუ საჭირო უნარებს გამიზიარებდა. თავდაპირველად მუდმივად რაღაცის დანაკლისი მქონდა. სივრცის სიმცირის გამო ვერ ვაწარმოებდი დიდი რაოდენობით სასურველ ავეჯს. დროთა განმავლობაში, კარგი ადამიანის ხელშეწყობით, გავფართოვდი და საკუთარი იდეების განხორციელებაც დავიწყე. საქმის მიმართ დიდი ინტერესის დამსახურებით და ბაზარზე შედარებით განსხვავებული სტილის ავეჯის წარმოებით, დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საწყისი ეტაპის სირთულეები გადავლახე.

როგორია კომპანიის ძირითადი პროფილი და როგორ დაახასიათებდით თქვენს პროდუქციას?

კომპანიაში სხვადასხვა დიზაინის ავეჯს ვაწარმოებ. უმეტესად მასიური ხის მასალით დამზადებულ პროდუქციას ვთავაზობ მომხმარებელს. მოგეხსენებათ, საქართველოში მასიური ხის ავეჯი შედარებით იშვიათობაა. ბაზარზე, ძირითადად, ლამინირებული ავეჯის წარმოება და იმპორტული პროდუქტის რეალიზება ხდება. აქედან გამომდინარე, მასიური ხის და  ეპოქსიდის სითხის კომბინაციით (სხვა მასალებთან ერთად)  ვცდილობ, შევქმნა განსხვავებული და გემოვნებიანი დიზაინის მაგიდები, კედლის საათები , სკამები, დეკორის ელემენტები, საყოფაცხოვრებო ავეჯი და სხვა ნივთები.

ჩემს პროდუქციაში გამორჩეული სწორედ ისაა, რომ ის სუფთა მასალისგანაა დამზადებული, თითოეული დიზაინი კი ინდივიდუალური და „ხელნაკეთია“, რაც უდიდეს შრომას მოითხოვს, თუმცა, ამავდროულად, ძალიან საინტერესო პროცესია. თითოეული მოდელი მომხმარებელზეა მორგებული და მის ინტერესებსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ცხადია, საკუთარი დიზაინითაც ვქმნი ავეჯს. ვცდილობ, რომ ის ორიგინალური, სახასიათო, კომფორტული და რაც მთავარია, ხარისხიანი იყოს. ვმუშაობ საკუთარი მიმართულებისა და კონცეფციის ჩამოყალიბებაზე და პატივისცემით ვუდგები მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილსა და შეკვეთას, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი წარმოსახვით შექმნილი კომფორტული გარემო, მე კი ყოველივე ამის განხორციელებაში ვეხმარები.

რა მომსახურებას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით?

ვფიქრობ, ავეჯის ინდუსტრიაში, ისევე როგორც ყველა ბიზნესში, მომხმარებელთა მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციაა. რაც შეკითხვებზე დროულად რეაგირებასა და კლიენტების ინფორმირებას გულისხმობს. მკაფიო და თანმიმდევრული ურთიერთობით ვცდილობ, ჩემი კომპანიის მიმართ მომხმარებელს სანდოობა გაუჩნდეს და მაქსიმალურად დადებითი წარმოდგენა შეექმნას, რაც სასურველი რეპუტაციის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია.

ამასთანავე, მხოლოდ სწორი კომუნიკაცია საკმარისი არ არის, თუ თავად პროდუქცია უხარისხოა. შესაბამისად, მასალის ხარისხი ჩემთვის პრიორიტეტულია. ასევე, აუცილებელია ავეჯის დამზადების პროცესში საიმედო ტექნიკის გამოყენებაც, რაც პროდუქციის გამძლეობასა და ხანგრძლივობას უზრუნველყოფს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ერგება ქართველი მომხმარებლის გემოვნებას თქვენი პროდუქტი?

ვფიქრობ, ჩემი პროდუქცია ქართველი მომხმარებლების განსხვავებულ ინტერესებსა და სურვილებს აკმაყოფილებს. ჩემი მიზანია, მრავალფეროვანი, უმაღლესი ხარისხის ავეჯის წარმოება, რომელიც განსხვავებული მასალითა და დიზაინით იქნება შექმნილი. მოთხოვნა საკმაოდ დიდია, მთავარია ავეჯი იყოს ხარისხიანი, კომფორტული და ესთეტიკურად მიმზიდველი.

ამჟამად რა ეტაპზე ხართ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? 

ჩემი კომპანია, შეიძლება თქვას, ჯერ კიდევ შედარებით ახალია ქართულ ბაზარზე. ამ საქმის მიმართ სიყვარული მეხმარება, რომ დიდი მონდომებითა და ინტერესით ვიმუშაო თითოეულ პროექტზე, რაშიც ენერგიას არცერთი წამით არ ვიშურებ. სწორედ ეს მიმაჩნია ნებისმიერი საქმიანობის წარმატების აუცილებელ ფაქტორად.

სამომავლოდ, ვგეგმავ კომპანიის განვითარებას, პროდუქციის გაზრდას, ახალი იდეების განხორციელებას და ავეჯის საერთაშორისო ბაზარზე გატანას. მოტივაციის მომცემი და მამოძრავებელი ძალა კი კმაყოფილი მომხმარებელია.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

7 ადგილი თბილისში, სადაც საწერ მაგიდას შეიძენთ

გერმანულ ბრენდ „Hansgrohe“-ს და „გალერეა დემასის“ ერთობლივ კონკურსში, ქართველმა დიზაინერმა, თამარ ყიფიანმა გაიმარჯვა