in

სამყაროს მთლიანობის განცდითა და ბუნებრივ გარემოზე ზრუნვით შექმნილი არქიტექტურა — ინტერვიუ ნოდარ კვანჭიანთან

დღევანდელ სტატიაში არქიტექტორ ნოდარ კვანჭიანის შემოქმედებაზე ვისაუბრებთ და მის პროფესიულ შეხედულებებსა თუ მოსაზრებებს გაგაცნობთ. ნოდარი, რომელიც აქტიურადაა ჩართული არქიტექტურულ პროექტირებაში, კვლევით საკითხებსა და სასწავლო პროცესში, დღეს Homeis.ge-ს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. 

ნოდარ, როგორი ბავშვობა გქონდათ? აღგვიწერეთ ის გარემო, რომელშიც იზრდებოდით

ჩემს ბავშვობას ორ ნაწილად დავყოფდი – თავდაპირველად, მე-5 კლასამდე, დუშეთის რაიონში ვცხოვრობდი, ხოლო შემდგომ თბილისში.

დუშეთში მე და ჩემი ძმა, გიგა, ბებიასთან, ნაზი მანგიაშვილთან და პაპასთან, ივანე ოსეფაშვილთან ერთად  ვიზრდებოდით. შემდეგ კი დეიდასთან (თინა ოსეფაშვილი),  სოფელ გრემისხევში გადავედით (ამჟამად სოფელი დუშეთის რაიონში, ოკუპირებულ საზღვრის პირას მდებარეობს). ალბათ, 10 წლის ვიქნებოდი, მთელი ოჯახი თბილისში, რომ გადმოვედით.

ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, ბავშვობის დიდი ნაწილი მთიან რეგიონში რომ გავატარე. იქ უამრავი თავსატეხი და გასართობი გვქონდა. მახსოვს, პაპა სალამურების, სტვირებისა და მშვილდისრების გამოთლას მასწავლიდა, სკოლის მერე კი ცეკვის დარბაზში მივყავდი. ბებო მახატვინებდა, ასევე, ქარგვასა და ტანსაცმლის შეკერვაში დამიხმარდა ხოლმე.

დეიდასთან ცხოვრებაც განსაკუთრებულად მახსენდება. გრემისხევის მთავარი ხიბლი მის ბუნებაშია — მდინარე, ჩანჩქერები, ტბა, ტყის მასივი, რომელიც სოფელს აკრავს. მე და ჩემი ძმა, თანატოლებთან ერთად, ხშირად დავდიოდით მდინარეზე, ჩანჩქერებზე საბანაოდ, ტბაზე სათევზაოდ, ტყეში შეშისა და ხის მოსაგროვებლად. მდინარის პირას, მიტოვებულ ქარხნებშიც ხშირად ვთამაშობდით… ვფიქრობ, პირველი არქიტექტურული შთაბეჭდილებები სწორედ ამ სივრცეებს უკავშირდება.

თბილისში, მე-8 კლასში სასწავლებლად ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა კომაროვში გადავედი და პროფესიაზე ფიქრიც ნელ-ნელა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ძალიან პოპულარული სფერო ინფორმატიკა იყო, მე მაინც ხელოვნებისკენ ვიხრებოდი. დაახლოებით ამ პერიოდში დედა ემიგრაციიდან დროებით დაბრუნდა და თბილისში სახლის განახლება დაიწყო, სწორედ მაშინ დავინტერესდი პირველად არქიტექტურითა და ინტერიერის დიზაინით. დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ არქიტექტურა პიროვნების გამოხატვის, ხელოვნებისა და ტექნიკური მეცნიერებების ძალიან საინტერესო სინთეზია. ამიტომ, ამ მიმართულებით გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობამ და გარემომ, რომელშიც გავიზარდე, დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ფორმირებაზე.

გვიამბეთ, სად მიიღეთ განათლება?

მაგისტრის ხარისხი არქიტექტურულ დიზიანში მილანის ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე, ხოლო ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. თუმცა ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია თუ ვისგან სწავლობ, ვიდრე ის, თუ სად იღებ განათლებას. ამიტომ, ჩემს პროფესიულ განვითარებაში სასწავლებლებზე მეტად პიროვნებებსა და პედაგოგებს გამოვარჩევდი.

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასაბარებლად მე-12 კლასში ხატვასა და ხაზვაში ვემზადებოდი. ძალიან გამიმართლა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრაზე, რობერტი ჩოჩელის ჯგუფში აღმოვჩნდი, რომელიც ხატვის ტექნიკასთან ერთად, ბევრ საინტერესო და სახალისო საკითხებზე გვესაუბრებოდა. მისი ბევრი გამოთქმა დღესაც მახსოვს. ახალმოსულ მოსწავლეს ხშირად ჰკითხავდა — წრის დახატვაში მე ვაჯობებ თუ ლეონარდო და ვინჩიო, მოსწავლეც იბნეოდა და გაურკვეველ პასუხს სცემდა, ამ დროს კი ბატონი რობერტი იტყოდა: „ლეონარდო პირდაპირ ხელით შემოხაზავს წრეს, მე კი ფარგლით იდეალურ წრეს გამოვიყვან და შუქ ჩრდილებით დავამუშავებ, ასე რომ, აშკარად მე ვაჯობებ“, —ვფიქრობ, ამით ის პროფესიის ტექნიკური ნაწილის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

პირველ კურსზე ხატვით ვიყავი გატაცებული, მეორე საფეხურზე კი ერთგვარი გარდატეხა მოხდა — არქიტექტურული გეგმარების საგანში პროფესორ ნინო იმნაძესთან და ვასილ ქობულიასთან მოვხვდი. სწორედ ამ ადამიანებმა მომცეს პირველი დიდი სტიმული და მოტივაცია, რადგან გულწრფელად მოიწონეს ჩემი ნამუშევარი, პავილიონის ესკიზი და მაკეტი, რამაც შემდგომ ცოდნის გაღრმავებისკენ მიბიძგა.

საბაკალავრო საფეხურის III კურსზე სწავლისას, პარალელურად,  6 თვიანი არქიტექტურის ინტენსიური კურსი გავიარე ჯიპას ხელოვნების სკოლაში, სადაც პრაქტიკოსი არქიტექტორები გვასწავლიდნენ და გვიზიარებდნენ გამოცდილებას. აქ დავინტერესდი თანამედროვე არქიტექტურის ისტორიითა და თეორიით, რომლის მნიშვნელობაზეც ნიკა შავიშვილი გვიტარებდა ლექციებს. ამ სკოლაში გავიცანი და შემდგომ სტაჟირების სახით მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნა მივიღე არქიტექტორ მერაბ გუჯეჯიანისგან.

შემდეგ, 2015 წელს, სწავლა მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელე არქიტექტურული დიზაინის მიმართულებით, სადაც განათლების საერთაშორისო ცენტრის სრული დაფინანსებით. „პოლიმის“ მთავარი სასწავლო მიდგომა — არქიტექტურულ სტუდიებში გუნდური მუშაობაა. ამიტომ,  ამ პერიოდში, პროფესიული კუთხით, ჩემი ხედვა და დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. დავაფასე გუნდური მუშაობის როლი, მივხვდი, რომ ინდივიდუალიზმთან ერთად, აუცილებელია, ყურადღებით მოუსმინო სხვის აზრს, რადგან ამ შემთხვევაში შედეგი ყოველთვის უკეთესია.

ამასთანავე, ძალიან შემიყვარდა იტალიური, გერმანული და ზოგადად, ევროპული რენესანსის მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული არქიტექტურა. საშუალება მქონდა, საკუთარი თვალით მენახა ისეთი არქიტექტორების საოცარი ნიმუშები, როგორებიცაა: პალადიო, ალბერტი, ფილარეტე, ბრუნელესკი, ბერნინი, ბორომინი, შინკელი, ლუიჯი მორეტი, ალდო როსი, კარლო სკარპა, კარლო აიმონინო…

პოლიტექნიკოში სწავლისას გადამწყვეტი იყო  პროფესორ, სტეფან ვიტსთან, შეხვედრა. სწორედ მისი და ვიოლა ბერტინის ხელმძღვანელობით, მე და ჩემმა კოლეგამ, ჰამედ ჯაჰანბაზმა, სადისერტაციო ნამუშევარზე ვიმუშავეთ ბერლინში, თანამედროვე თეატრისა და მისი აკადემიის ურბანულ და არქიტექტურულ გადაწყვეტაზე. ჩვენი თეზისი ბერლინის თანამედროვე ურბანული გარემოსა და ისტორიის პოლიტიკური და სოციო-კულტურული, კრიტიკული გადააზრებით ხასიათდება. თეატრის შენობა, ერთი მხრივ, XX საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ბერლინის ცენტრში განვითარებულ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობებს ეხმიანება, მეორე მხრივ კი ხაზს უსვამს ცენტრალური ბერლინის შუა საუკუნეების ურბანულ მორფოლოგიას, რომელიც ორგანული განვითარებით ხასიათდება და რომლის დიდი ნაწილიც ომის დროს განადგურდა. ამ ინფორმაციის კვლევისა და დამუშავების შედეგად, შევქმენით თანამედროვე თეატრი, მისი აკადემია და ურბანული პარკი, რომლებიც მნახველს ბერლინის დრამატული ისტორიის შესახებ მოუთხრობს და ამავდროულად, თანამედროვე გარემოში კომპლექსურად არტიკულირებულ, ურბანულ და არქიტექტონიკურ სივრცეებს სთავაზობს.

თეატრის შენობა. ავტორი: ნოდარ კვანჭიანი, ჰამედ ჯაჰანბაზი.
თეატრის აქსონომეტრიული ჭრილი. ავტორი: ნოდარ კვანჭიანი, ჰამედ ჯაჰანბაზი.
ხედი სცენაზე,ავტორი: ნოდარ კვანჭიანი, ჰამედ ჯაჰანბაზი.
პანორამული ხედი ბერლინზე, ავტორი: ნოდარ კვანჭიანი, ჰამედ ჯაჰანბაზი.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულმა თეზისმა 2020 წელს ნომინაცია დაიმსახურა Young Talent Architecture Award (YTAA)-ზე, რომელსაც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საუკეთესო სამაგისტრო პროექტების გამოსარჩევად, „მის ვან დერ როეს ფონდი“ ატარებს. მოხარული ვარ, რომ 2022 წელს „მის ვან დერ როეს ფონდის“ თხოვნით, საქართველოში სამაგისტრო ნამუშევრების შერჩევის ორგანიზებას ვხელმძღვანელობდი „Young Talent“ -ის კონკურსზე წარსადგენად.

როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა? 

პოლიტექნიკოში სწავლის პარალელურად, მილანში გავიარე სტაჟირება „ლორენცო დელი ესპოსტის სტუდიაში“ — „Degli Esposti Architetti“. იმ პერიოდში “Peter Eisenman Architects”-თან თანამშრომლობით, “Residenze Carlo Erba“-ის შენობის სქემატურ დიაგრამაზე ვიმუშავე. ამავდროულად, ჩართული ვიყავი სამი გამოფენის მოწყობასა და ერთ კვლევით პროექტში. სტუდიაში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ არქიტექტურულ პრაქტიკასთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია მუდმივი კვლევა და პროფესიის თეორიულ დისკურსში ჩართვა.

სადიპლომო ნამუშევრის დასრულების შემდგომ, ერთი წლით ბარსელონაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც „Arriola & Fiol Architects“-ში რამდენიმე ადგილობრივ პროექტსა და საერთაშორისო კონკურსზე ვმუშაობდი (სტუდიის ხელმძღვანელები კარმენ ფიოლი და ანრეუ არიოლა არიან, მათ უდიდესი როლი ითამაშეს თანამედროვე ბარსელონას ურბანულ ფორმაციაზე).

2019 წელს საქართველოში დავბრუნდი და არქიტექტურულ საპროექტო კომპანია „MUA“-ს გუნდს შევუერთდი, შემდგომ კი საქმიანობა „NS Studio“-ში განვაგრძე, სადაც არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ.

ამავდროულად, ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენილიყავი პროფესიის კვლევით ნაწილს. ამ მიმართულებით, 2019 წელს, მე და ჩემმა კოლეგამ (ამჟამად მეუღლემ) – სალომე გუგუნავამ, პროფესორებთან, დავით ბოსტანაშვილთან და ნინო იმნაძესთან ერთად, ორგანიზება გავუწიეთ კვლევით ვორქშოპს — „წეროვანის კულტურული გადააზრება“, ეს კვლევა, პროფესორ მაურიციო მერიჯის ხელმძღვანელობით შესრულებული ჩემი პოლიტექნიკოს დროინდელი პროქტის  — წეროვანის საუნივერსიტეტო კამპუსის, ერთგვარი გაგრძელება და ახალი კვლევითი ფაზა იყო. ორკვირიან ინტენსიურ ვორქშოპში, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაამუშავეს რეალობის ალტერნატიული სცენარები, წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების ურბანული სივრცეების პრობლემების და გამოწვევების საპასუხოდ.

საუნივერსიტეტო კომპლექსი წეროვანის დასახლებაში. ავტორი: ნოდარ კვანჭიანი

2020 წელს, სალომე გუგუნავასთან, ნუცა ლომსაძესა და ალექსანდრე გაჩეჩილაძესთან ერთად კოლაბორაციით კვლევითი ჯგუფი — „metaform“ ჩამოყალიბდა. 2020 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, ვხელმძღვანელობდით კვლევასა და საერთაშორისო ვორქშოფს სახელწოდებით, “Critical Analysis of Georgian Architecture“, რომლის მიზანი ქართული მოდერნისტული ძეგლების პროპორციული, სემანტიკური და ფორმალური ანალიზი იყო.  მიზანი იყო, გამოგვეკვლია ის კონკრეტული არტიკულაციის მეთოდები, არქიტექტონიკური სივრცეების ფორმირების თავისებურებები და სხვა ინტელექტუალური ინსტრუმენტები, რომლებსაც მეოცე საუკუნის ქართველი არქიტექტორები იყენებდნენ, მხატვრულ, მონუმენტურ და სიმბოლოებით დატვირთული არქიტექტურის და ურბანული სივრცეების შესაქმნელად. ამავე კვლევის ფარგლებში, დიალოგი გაიმართა ქართველ და უცხოელ არქიტექტორებთან, ხელოვანებთან, პროფესორებთან  — პიტერ ეიზენმანი, ლორენცო დელი ესპოსტი, კაილ მილერი, ენდრიუ საუნდერსი, პიერ პაოლო ტამბურელი, დავით ბოსტანაშვილი, ლენა კილაძე, ლევან კალანდარიშვილი, გურამ წიბახაშვილი. ასევე, მოვაწყვეთ ორი გამოფენა თბილისში და კვლევის შედეგები გამოვეცით წიგნად, რომელიც ქართულ არქივებს, სასწავლებლებს, ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებს საჩუქრად გადავეცით.

Metaform – კვლევისთვის შერჩეული შენობები
Metaform- ვორქშოპის პირველი დღე. ფოტო: გიორგი კოლბაია
Metaform – გამოფენა. ყოფილი TES შენობაში. ფოტო: ნიკა გაჩეჩილაძე
Metaform – პუბლიკაცია

2020 წელს, სალომესთან ერთად, დავაარსე არქიტექტურული საპროექტო კომპანია — „ALTERTOPOS“, რომელსაც შემდგომ ჩვენი კოლეგა ბექა ბიწაძე და რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაც შემოუერთდა.

როგორ შეაფასებდით თანამედროვე არქიტექტურასა და არქიტექტორის როლს?

თანამედროვე არქიტექტურა, როგორც ყველა ეპოქაში, პარალელურად მიმდინარე გარემოებების პროდუქტია, როგორებიცაა: გლობალური და ადგილობრივი პოლიტიკური კურსი, აღმოჩენები ზუსტ მეცნიერებებში, ტექნოლოგიური სიახლეები, სოციოლოგიური საკითხები, მხატვრული ლიტერატურისა და ფილოსოფიის მიგნებები, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებები, მოდის ინდუსტრია, კულტურა, სპორტი და სხვა…

ძირითადად, რაიმე ინოვაციურის დაბადება მეცნიერული გარღვევებით ან ფილოსოფიური მიგნებებით ხდება. შემდგომ, ახალ აღმოჩენაზე სხვადასხვა ხელოვნება თუ მეცნიერება  თავისებურად რეაგირებს და შინაარსით იგივე, თუმცა ფორმით განსხვავებულ „თარგმანს“ გვთავაზობს. არსებობს პროფესიები, რომლებიც სიახლეებს სწრაფად ითვისებს და შესაბამისად გამოხატავს. მაგალითად, მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა. მრავალი ტექნიკური თუ აბსტრაქტული შრეების შემდეგ კი არქიტექტურის ჯერიც დგება, სადაც ყველაფერი ზომიერი და რაფინირებული სახით გამოვლინდება. თუმცა თანამედროვეობა იმდენ სიახლეს და დროსთან აქამდე შეუსაბამო შესაძლებლობებს გვთავაზობს, რომ ვფიქრობ, არქიტექტურის ეს უკიდურესად ნელი ტემპი და ბრძნული იერსახე მალე შეიცვლება.  მჯერა, ის ისეთივე თავისუფალი და მყისიერი გახდება, როგორც თანამედროვე ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა და მხატვრობაა.

როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტურას? რა გამოწვევების წინაშე დგას ის? 

ქართული რეალობის, როგორც გლობალური არქიტექტურის  და ურბანული დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისაა, რომ ხელახალი გამოყენებისთვის გარდაქმნას რაც შეიძლება ბევრი უკვე არსებული, მიტოვებული ობიექტი თუ საჯარო სივრცე. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა მიტოვებული ქარხნებისა თუ ძველი ფაბრიკების ტრანსფორმაციას, კვლევებიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, რაც ძალიან კარგია. ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით საინტერესო კვლევა ჩატარდა ­— „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“, რომელიც ნატალია ნებიერიძეს, თათა გაჩეჩილაძეს, ანი ჩორგილაშვილს ეკუთვნით. MUA-ს ჯგუფთან ერთად, მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში გარკვეული წვლილი მეც შევიტანე.

გლობალური არქიტექტურის ერთ-ერთი პრობლემატური კითხვაა — „რას შეიძლება ვუწოდოთ ახალი“? პოსტმოდერნისტულმა არქიტექტურამ გასული საუკუნის ბოლოს, გარკვეულწილად, დაასრულა ძველისა და ახლის ჭიდილი და ამასთანავე, საფუძველი ჩაუყარა  „ორ წერტილს“, რომლის პარალელურად განვითარდა დეკონსტრუქტივიზმი — ე.წ ციფრული და პარამეტრული არქიტექტურის მიმდინარეობები. უფრო მეტიც, არქიტექტორთა დიდმა ნაწილმა საერთოდ სტილზე უარი თქვა და ამდენად, ინდივიდუალური ხედვის გამოხატვის გზა იპოვა.

ქართულმა არქიტექტურამ 90-იანი წლების შემდგომ განვითარების არაერთი ეტაპი გამოტოვა, მაგრამ ურბანულ და რურალურ სივრცეებში განსაკუთრებული ესთეტიკა შექმნა, რაც სოციუმში არსებული სხვადასხვა გამოწვევის ნაწარმია და არა კონკრეტული არქიტექტორისა თუ პროფესიული მიმდინარეობის შედეგი.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული პროფესიული სივრცე, ერთი მხრივ, გამოტოვებულ არქიტექტურულ მიმდინარეობებსა და სტილებს ეხმიანება, მეორე მხრივ კი თანამედროვე ტექნოლოგიებით, ადგილობრივი რეგულაციებით და ახალი მასალებით ცდილობს თავისი ლოკალური ესთეტიკა დახვეწოს და ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.

ქალაქგეგმარებითი და ურბანული განვითარების კუთხით რომელ ძირითად პრობლემებზე გაამახვილებდით ყურადღებას?  

მსგავსად არქიტექტურისა, ურბანულ და საქალაქთაშორისო ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც თავი იჩინა „ბნელი 90-იანების“ შემდგომ არსებულმა ათწლოვანმა სტაგნაციამ.  მიმაჩნია, მიმდინარედ მშენებარე ჩქაროსნული გზებისა და გვირაბების ინფრასტრუქტურა შესაბამის და სერიოზულ წინასაპროექტო კვლევებს საჭიროებს. მაგალითად, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც რიკოთის უღელტეხილი, რომელიც ჩვენს რეგიონში დასავლეთის და აღმოსავლეთის ახალი კავშირი უნდა გახდეს, საფუძვლიანი კვლევების ჩატარებასა და რეგულაციების, სტანდარტების დახმარებით განხორციელებას მოითხოვს.

სულ რომ არ გესმოდეს არქიტექტურა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურული საკითხები, თბილისიდან ქუთაისისკენ მიმავალი, ცხადად შეამჩნევ და გული დაგწყდება იმაზე, რომ გზად შემხვედრი მდინარეების, სოფლებისა და დასახლებების იერსახე, მიმდინარე სამუშაოებით სრულად განადგურდა. გიგანტური ბურჯები და ესტაკადები მთლიანად ანგრევს ბუნებრივ გარემოს. ადვილია იმის გააზრებაც, რომ სამომავლოდ, ამ დასახლებებს დიდი ხმაური და გამონაბოლქვი შეაწუხებს. ასევე, შეგხვდებათ ასობით ბრუტალურად დანგრეული და ჩამოშლილი მთა, კლდე, ტყის მასივი, რაც მეწყრის და. სხვა მრავალ საფრთხეს ქმნის. ჩემი აზრით, თანამედროვე სამყაროში, სადაც უკიდურესად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა, გლობალური დათბობის საფრთხე კი ასეთი მკაფიოა, უადგილოა მსგავსი ბუნების საწინააღმდეგო ქმედებები.

ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოში. ფოტო: ნოდარ კვანჭიანი

ამგვარი პრობლემის წინაშე ევროპის არაერთი ქვეყანაც იდგა. მაგალითად, იტალიაში, XX საუკუნის 60-70-იან წლებში ჩამოყალიბდა არქიტექტორთა ჯგუფი, „SUPERSTUDIO“, რომელიც ხელოვნების, არქიტექტურის და  სხვა მედიუმების დახმარებით აკრიტიკებდა იმდროინდელ ინფრასტრუქტურულ, ურბანულ და სუბ-ურბანულ განვითარებას იტალიაში.  ვფიქრობ, აუცილებელია, რომ თანამედროვე საქართველოში, ასეთი მასშტაბური განვითარების დროს, სხვათა შეცდომებზე დაკვირვებით ბევრი ვისწავლოთ და ასე ვაკეთოთ საქმე, რათა მეტად ვიზრუნოთ გარემოსა და ჩვენს მომავალზე, რომელიც ცხადია, რომ საფრთხეშია.

Continuous Monument Superstudio, 1969

რომელ არქიტექტურულ ობიექტებს გამოარჩევდით?  

XX საუკუნის ქართულ არქიტექტურაში ორ შენობას გამოვყოფდი. პირველი, არქეოლოგიის მუზეუმია, რომლის პირველი ნაწილი 1988 წელს, არქიტექტორების, შოთა ყავლაშვილისა და შოთა გვანცელაძის, მიერ შესრულდა. ამ შენობას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რადგან, თავდაპირველად, სამი წრიული შენობისგან შემდგარი კომპლექსი წყლის რეზერვუარების ფუნქციით აშენდა, რომელიც დიღმის სანერგე მეურნეობას ამარაგებდა წყლით. დიღმის მასივის  ურბანული განაშენიანების შემდგომ, რეზერვუარმა ფუნქცია დაკარგა. შემდგომში, ამავე ქედზე, რომელიც თრელიგორების ნასახლარითაა  ცნობილი,  აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნიმუშების შესანახად/გამოსაფენად წყლის რეზერვუარების არქეოლოგიის მუზეუმად გარდაქმნა გადაწყდა. 1990 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შენობა დღემდე ვერ დამთავრდა და ამჟამად მიტოვებულია. მე და ჩემი კოლეგები ობიექტის განახლების კონცეფციაზე აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი თაობა შეძლებს ნაგებობის ისტორიის თანამედროვეობაში გაგრძელებას.

ყოფილი არქეოლოგიის მუზეუმი. ფოტო: ნოდარ კვანჭიანი

მეორე შენობა, რა თქმა უნდა, გიორგი ჩახავასა და ზურაბ ჯალაღანიას მიერ 1975 წელს შესრულებული ყოფილი გზების მშენებლობის სამინისტროა, რომელიც მსოფლიოში ქართული მოდერნისტული არქიტექტურის სავიზიტო ბარათია. დასანანია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში შენობის მიმდებარედ განვითარებულმა მშენებლობებმა ობიექტის ხედები და მისი გარემომცველი ფონი რბილად, რომ ვთქვათ, დაამძიმა და დაამახინჯა.

ყოფილი გზების მშენებლობის სამინისტროს შენობა. ფოტო: ნოდარ კვანჭიანი

მსოფლიოს თანამედროვე არქიტექტურიდან გამოვყოფდი OMA-ს „Dee and Charles Wyly Theatre“-ს, რომელსაც მთლიანად ტრანსფორმირებადი თეატრალური სივრცე გააჩნია. ამ შენობის კვლევა პოლიტექნიკოში სწავლის დროს დაგვავალეს, ამ დროს გავიაზრე ერთი შეხედვით მარტივ, ჰაერში გამოკიდებულ ლითონის კუბში, რამდენად დიდი ფუნქციური მრავალფეროვნების შექმნაა შესაძლებელი.

Dee and Charles Wyly Theater, photo by Iwan Baan

ასევე, გამოვყოფდი პიტერ ეიზენმანის მუზეუმს, ბიბლიოთეკას და საჯარო სივრცეების კომპლექსს — „City of Culture of Galicia“-ს. ვფიქრობ, ამ შენობას ახასიათებს ის ნიშნები, რომელთა მიღწევაც თანამედროვე არქიტექტურაში უფრო და უფრო რთულდება.

City of Culture of Galicia; photo: Eisenman Architects

ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებით პროცესზე, რის გამოხატვას ცდილობთ ნამუშევრებით და ვინ არის თქვენი მთავარი შემფასებელი?

ჩემი მიზანია, პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი დავიცვა, ამიტომ, მუშაობის პარალელურად, ბევრს ვკითხულობ, თავისუფალ დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ, ვცდილობ, ფიზიკურადაც აქტიური ვიყო.

ბოლო დროს ძალიან დავინტერესდი აღმოსავლური ფილოსოფიით და სამყაროს მიმართ დამოკიდებულებით. განსაკუთრებით Alan Watts -ის საჯარო ლექციებმა და ფილოსოფიამ დამაინტერესა. ვფიქრობ, სამყაროში ყველა არსება და მოვლენა ერთი შეხედვით უხილავ, მაგრამ ძალიან მჭიდრო ბმაში იმყოფება. შესაბამისად, როდესაც პროფესიული ან პირადი გადაწყვეტილების მიღება მიწევს ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ფაქტორი გავითვალისწინო.

ჩემი ნამუშევრების მთავარი სათქმელიც ისაა, რომ ჩვენ ყველანი ერთი დიდი მთლიანობის ნაწილი ვართ და ამგვარად, ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვა უპირველესი მოვალეობაა. ვფიქრობ, ნებისმიერ საპროექტო მოცემულობაში, ბიუჯეტის გაზრდის გარეშე, აბსოლუტურად შესაძლებელია გარემო პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, რომელშიც ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი ელემენტები ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში იქნება.

მუშაობის დროს ჩემი მთავარი შემფასებლები ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები არიან. არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  მეუღლის აზრს. ჩვენ ერთად ვსწავლობდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პოლიტექნიკოშიც, შემდგომ ბარსელონაშიც ერთად ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. ზოგადად, დიდი ხანია  პროფესიულად და პიროვნულად ერთად ვვითარდებით.

თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?   

ვფიქრობ,  ჩვენს სტუდიოში — „Altertopos“, ბოლოს შექმნილი პროექტებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია — სასტუმროსა და ღვინის მარნის კომპლექსი სოფელ სანავარდოში, ყვარლის რაიონში. მისი დამკვეთი, შვეიცარიელი ღვინის სპეციალისტი და ბიზნესმენია. საპროექტო დავალება გულისხმობდა ბუნებასთან მაქსიმალურად შერწყმულ, ადგილობრივი მასალებითა და ტრადიციული არქიტექტურით გაჯერებულ ნაგებობას, რომელიც კონტრასტული და თანამედროვე შენობების ერთობლიობას შექმნიდა. პროექტი ითვალისწინებდა 3500 მ2-ზე განთავსებულ, 800 მ2-ის მქონე შენობების კომპლექსს, სადაც უნდა დაპროექტებულიყო ღვინის საწარმო მარანი, სასტუმრო, რესტორანი, საცურაო აუზი და ტერასოვანი ბაღი.

დამკვეთის სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინებით, საპროექტო არეალის კვლევის, ადგილობრივი გარემოს შესწავლის შედეგად, შევქმენით კომპლექსი, რომელშიც ყველა ფუნქცია ჰარმონიულადაა თავმოყრილი. შენობები მინიმალისტური, უწყვეტი, ტეხილ-ხაზოვანი დინამიკით, საპროექტო ტერიტორიის რელიეფის მცირედ დახრილობას იმეორებს, რათა გარემოს ზედმიწევნით ზუსტად შეერწყას. ღვინის საწარმო მარნის შენობის საბაზისო კონცეფცია ეხმიანება მიმდებარედ არსებულ, V საუკუნით დათარიღებულ დოლოჭოპის ბაზილიკის ნანგრევებს და მის პროპორციულ თავისებურებებს იმეორებს. მიგვაჩნია, რომ ეს რეფერენსი ნათლად გამოხატავს საქართველოში არსებულ ღვინის დაწურვისა და დაყენების მრავალსაუკუნოვან მნიშვნელობას.

დოლოჭოპის ბაზილიკის კვლევა და ანალიზი, Altertopos.

ნაგებობის ხედები კავკასიონის ულამაზეს მთებსა და კომპლექსის დასავლეთით, რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმულ ვენახებზე იშლება. შენობების ძირითად მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ვერნაკულარული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფიქლის ქვა. ასევე, ფასადზე ხაზგასმულად ნაჩვენებია სტრუქტურული ფილებისგან შექმნილი ბეტონის უწყვეტი და ტეხილი ხაზები. ინტერიერის დიზაინში, უმეტესად, ბუნებრივ მასალებს, ხის და ბეტონის ელემენტებს ვხვდებით.

კომპლექსი “ინავარდე”, აქსონომეტრიული ხედი. ვიზუალიზაცია: ბექა ბიწაძე, Altertopos.
მარანი “ინავარდე”. ფოტო: ირაკლი შევჩენო. მოდელი: გიგა ქარელი. Altertopos.
მარნის და სასტუმროს კომპლექსი: მიწისპირა სართულის გეგმა, Altertopos
ხედი სასტუმროზე, ვიზუალიზაცია: ბექა ბიწაძე, ირაკლი შუბაშიკელი,Altertopos

ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო იყო საკონკურსო პროექტებზე „Address Practice“-თან ერთად მუშაობა. ერთ-ერთ მათგანში, XX საუკუნის მოდერნისტული ნიმუშის „Hangar Ticinum“-ის საზოგადოებრივ კულტურულ ცენტრად ტრანსფორმაცია მოვახდინეთ (ქალაქ პავაია, იტალია). ამ პროექტისთვის “TerraViva Competitions“-ის საერთაშორისო კონკურსზე საპატიო ჯილდოც დავიმსახურეთ.

“Hangar Ticinum”, ვიზუალიზაცია:ირაკლი შუბაშიკელი, Altertopos & Address

მეორე საკონკურსო დავალება გულისხმობდა შაორის ტბასთან სასტუმრო და საჯარო სივრცეების კომპლექსს, რომლისათვისაც “ArchiAward 2022“-ის საერთაშორისო დაჯილდოებაზე საუკეთესო არქიტექტურული პროექტის ჯილდო მივიღეთ.

სასტუმრო შორის ტბასთან. ვიზუალიზაცია:ბექა ბიწაძე,Altertopos & Address

ასევე ბოლო პერიოდში “Design Studio NAO“- სთან კოლაბორაციით დავამთავრეთ ექსპერიმენტალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს საბჭოთა კავშირის დროს აშენებული “ხრუშჩოვკის” ტიპის შენობაში მანსარდის სივრცის გარდაქმნას მრავალფუნქციურ ტრანსფორმირებად სივრცედ.

ტრანსფორმირებადი მრავალფუნქციური მანსარდა “ხრუშჩოვკაში”, Altertopos§NAO.
საძინებელი ოთახის კონცეფცია

გვიამბეთ თქვენს მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე 

ამ ეტაპზე, ჩვენი ინიციატივით, თბილისის ყოფილი არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია-განახლების პროექტზე ვმუშაობთ. პროექტირება კვლევითი ფაზიდან უკვე დიზაინ პროექტის შემუშავების ეტაპზე გადადის, რაც ძალიან საინტერესოა. ასევე, სალომესთან ერთად, 2020 წლიდან,  საქართველოს უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად ვმუშაობ და საბაკალავრო პროგრამაზე “ქალაქგეგმარების საფუძვლები”-ს საგანს ვასწავლი. ამასთანავე, უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო პროგრამებისა და ინიციატივების დანერგვაშიც აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას.

წელს, სექტემბრის ბოლოდან კიდევ ვაპირებ პოსტ-მაგისტრატურის (Postgraduate) აკადემიურ საფეხურზე სწავლის გაგრძელებას ლონდონში — „Architectural Association (AA) School of Architecture“-ში, პროგრამაზე – „History and Critical Thinking in Architecture“. სადაც შევისწავლი თანამედროვე არქიტექტურის და ურბანული დიზაინის პროფესიებში არსებულ გამოწვევებსა და კრიტიკულ საკითხებს, ისტორიასა და თეორიასთან ერთად. ჩემი მიზანია, მიღებული თეორიული ბაზით პრაქტიკული გამოცდილება გავამდიდრო. როგორც ბერნანდ ჩუმიმ თქვა, „ნახაზის გარეშე არქიტექტურა არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს ის ტექსტის გარეშე“.

ახალგაზრდა კოლეგებისთვის საინტერესო იქნება თქვენი აზრი პროფესიასთან დაკავშირებით, რას ურჩევდით მათ?

თუ ადამიანს უკეთესი მომავლის შენებაში წვლილის შეტანა სურს თანამედროვე სამყაროში, არქიტექტურა ამისთვის იდეალური სფეროა. ყველას, ვინც პროფესიას ახლა ირჩევს, ვეტყოდი, რომ ის შესაძლებლობები, რასაც თანამედროვეობა და ტექნოლოგიები იძლევა, უპრეცედენტოა. ამასთან, საჭიროა კონკრეტული მიზანი და ამ მიზნის მიღწევისთვის მაქსიმალურად ფოკუსირება, რადგან დღევანდელობაში, უამრავ შესაძლებლობებთან ერთად, პრიორიტეტული და მეორეხარისხოვანი საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან ძნელია.

პირადი გამოცდილებიდან ვიტყოდი რომ, არქიტექტურულ პროექტზე მუშაობისას არსებობს ერთი განსაკუთრებული წამი, როდესაც ხედავ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ამ დროს ერთგვარი უწონადობის და სიმსუბუქის განცდა მიჩნდება, რომლის ხელახლა გამოსაცდელად ყოველთვის  თავიდან ვიწყებ რთულ და გამოწვევებით აღსავსე პროექტებს.

გარეკანის ფოტოს ავტორი: ლაშა ცერცვაძე

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად რემონტის გარეშე

პრემიუმ-კლასის ტექნიკის როლი ინტერიერის დიზაინში