ოლღა ბებიას მოტანილი ორი გადაყრილი კამერით დაწყებული ისტორია მალევე იქცა არა მხოლოდ პროფესიულ არჩევნად, არამედ ერთგვარ მოწოდებადაც — ქალაქის მეხსიერების დამცველად ფოტოგრაფიის ენით. ალექსანდრე ბაგრატიონი, რომლის სახელიც დღეს უკვე განუყოფელია არქიტექტურისა და ინტერიერის დოკუმენტირებასთან, თავისი ობიექტივით იმ წერტილებს გვაჩვენებს, სადაც სინათლე, მასშტაბი და დრო ერთმანეთს ერწყმის.
როგორ დაიწყეთ ფოტოგრაფიასთან ურთიერთობა და როდის იქცა ის პროფესიულ მიმართულებად?
ბაბუაჩემის და – ოლღა ბოტანიკური ბაღის მთავარი ბუღალტერი იყო. 90-იანების შუაში, ერთ დღეს სახლში მოვიდა და ორი გაფუჭებული კამერა მომიტანა, ორივე საბჭოთა წარმოების, კარგად ნაწვალები და “ნახათქუნები”. ერთი მათგანი გახლდათ ნახევარკადრიანი “ჩაიკა” და მეორე – ძველი, კეთილი “ზენიტ ე.” 45 მილიმეტრიანი ობიექტივით. კეთილი იმიტომ, რომ მთელმა საბჭოთა კავშირმა ამ მოდელზე ისწავლა ფოტოების გადაღება, მათ შორის მეც. “ბიჭავ, ესები ჩამოვწერეთ და უნდა გადავყარათ, ვისღა რად უნდა იგრეთი ძველი ფოტოაპარატებიო გვითხრა უფროსმა და მემრე შენ გამახსენდი ოგორც ნიადაგ ყველა ნაგავს რომ მოსთარავ-კე შინა და შეაკეთებ-კე და აგრაი, წამოგიღეო,” – პაპიდაჩემი ოლღა სულ ასე, მოხეურად მელაპარაკებოდა, თბილისურ ქართულს სიცოცხლის ბოლომდე არ აღიარებდა, რაც ძლიერ მომწონდა.
კამერები დავშალე, გავწმინდე, გავაკეთე და დავიწყე გადაღება. მაშინ ფირი 3 ლარი ღირდა და არც ბეჭდვა იყო დიდად ძვირი სიამოვნება.
მერე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და უფრო მეტის გადაღება დავიწყე. 2005 წელს ჟურნალი “ანაბეჭდი’ შეიქმნა. რამდენიმე თვიანი ოცნების შემდეგ ჟურნალის დიზაინერმა და ჩემმა სულიერმა მენტორმა, თემურ მაჭავარიანმა ლევანიკო ნუცუბიძე გამაცნო და მანაც ფოტოგრაფად ამიყვანა. ასე გავხდი ფოტოგრაფი ჰონორარით. “ანაბეჭდამდე” ჩემთვის არავის არაფერი გადაუხდია.
რა იყო პირველი არქიტექტურული (ან ინტერიერის) ობიექტი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც ფოტოგრაფზე?
როგორც ყველას, ახალგაზრდულ ასაკში მეც სპეცეფექტები მხიბლავდა: პირველად რომ დავინახე, შოკი დამემართა სამხატვრო აკადემიის სარკეებიან დარბაზზე. ასეთივე შოკი მქონდა საქართველოს ბანკის ყოფილი მთავარი ფილიალის ვიტრაჟიან ჭერზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. სიგიჟემდე მომწონდა და დღემდე ვეტრფი ყოფილ საავტომობილო გზების სამინისტროს შენობას სანაპიროზე (დღევანდელ საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისს). ასევე არ უნდა დავივიწყო ჩემი უბნის ყველაზე საყვარელი შენობა, “სოლოლაკის ჰოგვორტსი”, თუ არ ვცდები, ახლა მე-6 სკოლაა, რომლის წინ საათობით ვიდექი ხოლმე და ვტკბებოდი. და ბოლოს, ბავშვობის იდუმალი სიყვარული იყო არქეოლოგიის მუზეუმი დიღომში. განსაკუთრებით მომწონდა და დღემდე მომწონს პანო მის ფასადზე.
უკვე ზრდასრულ ასაკში, როცა არქიტექტურულ მიმდინარეობებზე შეხედულებები მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული მქონდა, გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა ხარკოვში “დერჟპრომის” კომპლექსმა. კონსტრუქტივიზმი და არტ-დეკო დღემდე ჩემი ყველაზე საყვარელი მიმდინარეობებია.
როგორ განისაზღვრება თქვენთვის ფოტოგრაფიის როლი არქიტექტურისა და დიზაინის დოკუმენტირებაში?
არქიტექტურული ფოტოგრაფი არის დოკუმენტალისტი. როგორი პოეტური სულიც არ უნდა გქონდეს, რეალობა (შენობა) არ უნდა დაამახინჯო. ყოველთვის ვცდილობ, ვიგრძნო იმასთან მიახლოებული რამ, რასაც არქიტექტორი გრძნობდა, როცა თავის დასრულებულ ქმნილებას უყურებდა მისთვის სასურველ განათებაში და მასშტაბში, ყველაზე კარგად აღსაქმელი წერტილიდან. ჩემი ნამუშევარი ყველაზე მეტად მაშინ მომწონს, როცა რაიმე ახალ რაკურსს გამოვიყვან ან შენობის, ლანდშაფტისა და მათთან ერთად მოძრავი ობიექტების ახალ კომბინაციას ვიპოვი.

ჩვენ, არქიტექტურის ფოტოგრაფები, ვართ ის ხალხი, რომლებმაც ქალაქის მეხსიერება უნდა შევინახოთ. ჩვენი ქალაქი ისეთი სისწრაფით კარგავს ავთენტურ სახეს, რომ მალე მხოლოდ ფოტოები დაგვრჩება არტეფაქტებად.
ვისაუბროთ სამუშაო პროცესზე. როგორია თქვენი მომზადების „რიტუალი“ კონკრეტული ობიექტის გადაღებამდე? რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას? მუშაობისას რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სინათლე და როგორ “თამაშობთ” მასთან?
არქიტექტურის გადასაღებად ან დილა უნდა აირჩიო ან საღამო, როცა მზე უკვე კარგადაა გადასული და მტრედის ჩრდილი ინდაურის ზომაზე იხატება ასფალტზე. როცა ობიექტის მდებარეობას ვაანალიზებ, ვხვდები დღის რომელ პერიოდში იქნება კარგი განათება – დილას თუ საღამოს. მერე მივდივარ და რამდენიმე საათი დავბორიალობ და დაჟინებით ვუყურებ, ტელეფონით ვიღებ. რამდენჯერმე ჩემი არტისტული ბორიალი ე.წ “ზაკლადკის” ძებნად შეუფასებიათ მეზობლებს და გინებით გამოვუგდივარ იქიდან.
ობიექტის გაანალიზებისას ვხვდები რომელი ობიექტივები უნდა წავიღო. არ მიყვარს ბრმად სრული აღჭურვილობის ტარება. ასევე არ მიყვარს დრონით გადაღება, მირჩევნია ვიწვალო, ვიღაცას სახლში შეშვება ვთხოვო და იქიდან ვიპოვო წერტილი, ვიდრე დრონი ავუშვა და ასე გავიმარტივო ცხოვრება. შეიძლება ჩემი ახირებაა, მაგრამ დრონით გადაღებული არქიტექტურა არ მომწონს.
როგორც წესი, არქიტექტორმა შუქთან უკვე ყველანაირი თამაში ითამაშა და ჩვენ მის ნათამაშებს აღვნუსხავთ.

დიდი კომფორტია, როცა არქიტექტორი ადგილზეა და მასთან ერთად შეგიძლია ეს შემოქმედებითი ჭიდილები გადაიარო. თითქმის აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში მან ზუსტად იცის, როდის, როგორ და საიდან რა უნდა გადაიღო, რათა მისი ქმნილება საუკეთესოდ წარმოჩინდეს.
იგივე ითქმება ინტერიერის დიზაინერებზეც, მათაც ზუსტად იციან როგორი უნდა იყოს მათი ინტერიერის ფოტო. მიხარია, რომ ხშირ შემთხვევაში კარგი კამერები არ აქვთ, რადგან ასე არქიტექტურის და ინტერიერის ფოტოგრაფები სამსახურს დავკარგავდით.

როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა დღეს არქიტექტურული და ინტერიერის ფოტოგრაფია საქართველოში?
რამდენიმე კარგი ფოტოგრაფი გვყავს, რომლებიც ამ მიმართულებას იღებენ. ეს რაოდენობა სრულებით საკმარისია, რომ მოიცვას ის მწირი მოთხოვნა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ვისურვებდი, რომ არსებობდეს დაბეჭდილი ჟურნალები არქიტექტურაზე. ამ ონლაინ ეპოქაში დაბეჭდილი მასალის მონატრება მაჭერს ხოლმე შიგადაშიგ.
როგორც ცნობილია, თქვენ ხშირად მოგმართავენ უძრავი ქონების გაყიდვის/გაქირავების მსურველები. გვიამბეთ ამ მიმართულებაზე. რა როლს თამაშობს ფოტოგრაფია უძრავი ქონების ბიზნესში და რა არის ის უმთავრესი პრინციპები, რაც ამ მხრივ უნდა იყოს გათვალისწინებული?
ფოტო და სტუმრის მიერ დაწერილი შეფასება არის ის, რაც თქვენს უძრავ ქონებას გაყიდის ან გააქირავებს. ქართულ საიტებზე ხშირ შემთხვევაში ისეთი ფოტოებით მხვდება განცხადებები, რომ ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ ხალხს არც სახლის გაყიდვა უნდა, არც გაქირავება. ძალიან მიკვირს, როცა მაკლერებისთვის მიწევს ამის ახსნა. ასევე ამოუცნობი ამბავია, როგორ შეიძლება მაკლერს დაენანოს ფოტოგრაფისთვის რამდენიმე ასეული ლარის გადახდა, როცა თითოეული ბინის გაყიდვიდან რამდენიმე ათასი დოლარი რჩება. აი ამ ფაქტს ვერ ამოვხსნი ცხოვრებაში ვერასდროს და კიდევ იმას, თუ როგორ მოიგო 1986 წელს სტიაუა ბუხარესტმა ჩემპიონთა თასი.
შედარებით უკეთესი მდგომარეობაა გაქირავების სექტორში. აქ “ეარბიენბიმ” დიდი ფული დახარჯა ნორმალური ფოტობანკის მოსაგროვებლად, შემდეგ კი იმ ფაქტმა, რომ ერთ კონკრეტულ ობიექტს უკეთესი ფოტოები აქვს და კარგად ქირავდება, აიძულა სხვა “ჰოსტებიც”, რომ დაექირავებინათ ფოტოგრაფი და ნორმალურად დაესურათებინათ თავისი გასაქირავებელი ბინა, სასტუმრო თუ გესტჰაუსი.
არც თუ ისე ლამაზი ბინა კარგი ფოტოებით ქირავდება 10-ჯერ უკეთესად, ვიდრე ლამაზი და გამართული ბინა ცუდი ფოტოებით.

რა გამოწვევებს აწყდებით საქართველოში მუშაობისას – იქნება ეს ტექნიკური, კონტექსტუალური თუ დამოკიდებულების კუთხით?
როგორც გითხარით, რამდენჯერმე გამაგდეს ადგილის ათვისებიდან, რადგან ნარკოტიკების მძებნელი ვეგონეთ. მაგრამ ეგ ხშირად არ ხდება, ტელევიზიიდან და ინტერნეტიდან ადამიანები ასე თუ ისე მცნობენ.
მთავარ გამოწვევად უნდა ჩაითვალოს დამქირავებელი, რომელსაც უნდა კარგი ფოტოები იაფად. მე ამას როგორც წესი, ვეწინააღმდეგები ხოლმე და მერე ვერ ვეწყობით.
ალბათ ხვდებით, რომ იაფად მუშაობა არ მიყვარს, ჩემი ტექნიკა და დრო ძვირია, პროდუქტის ხარისხი კი მაღალი. შესაბამისად, ვცდილობ, რომ ჩემი საქმე ძვირად გავყიდო. იაფად მუშაობას მირჩევნია ვიჯდე და წიგნი ვიკითხო ან ვიწვე და ვსქროლო. თუმცა მთლად ასეც არაა საქმე, არ იფიქროთ, რომ თავსგასული ჩათლახი ვარ, არა, ხშირად ახალგაზრდა სტარტაპერებს სიმბოლურ ფასად ან უფასოდაც ვუღებ, რადგან პატარა ბიზნესიკოებისთვის განვითარების პირველ ეტაპზე რამდენიმე ათასი ლარის დაზოგვა დიდი რამეა.

არსებობს თუ არა სივრცე ან შენობა, რომლის გადაღებაზე ოცნებობთ?
მთელი ნიუ იორკის და ჩიკაგოს არტ-დეკოს გადაღება მინდა. ამერიკის ვიზა მაგისთვის ავიღე.
როგორ ხედავთ თქვენი საქმიანობის განვითარებას მომავალში? გაქვთ თუ არა პროექტი, რომელსაც ახლა მუშაობთ და რომლის გაზიარებაც შეგიძლიათ?
ახლა ვამზადებ პროექტს, რომელიც არაა არქიტექტურასთან კავშირში, მაგრამ მკითხველისთვის მაინც საინტერესო იქნება: “უცნობი ფეხბურთი” ჰქვია. რეგიონებში დავდივარ და ვიღებ პატარა, საინტერესო გუნდებს და ფეხბურთელებს. ჯერჯერობით დასრულებამდე ბევრი დამრჩა და ამიტომ არ გაჩვენებთ.