in ,

ბინა აგურის ელემენტებითა და მომრგვალებული ფორმებით ნინოშვილის ქუჩაზე – ნინო მარსაგიშვილის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ნინო მარსაგიშვილი პროფესიით ექიმია და მას ინტერიერის დიზაინის კუთხით განათლება არასდროს მიუღია, თუმცა როგორც თავად გვიამბობს, ცხოვრებაში ხშირად უწევდა ამ სფეროსთან კავშირი, ვინაიდან ხან აგარაკის რემონტის პროცესში იყო ჩართული, ხან საკუთარი სახლის, ხან კი მისივე ბიზნეს ობიექტის ინტერიერზე მუშაობდა.

მთელი ჩემი ცხოვრება სულ რაიმე ობიექტის რემონტი გვქონდა ოჯახში. შესაბამისად, ეს პროცესი თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით, ნაცნობი და მშობლიური გახდა. ამ ყველაფერმა გარკვეული ზეგავლენა ჩემს შვილებზეც მოახდინა და დღეს უფროსი შვილი ინტერიერის დიზაინერია. მე კი ექიმი, ფსიქოთერაპევტი გახლავართ და ვფიქრობ, ესეც მეხმარება შინაგანი აუცილებლობიდან გამოწვეული იდეების ფორმირებაში,”- გვიამბობს ნინო

ეს ბინა ნინომ და მისმა ოჯახმა 2002 წელს შეიძინეს. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სახლის ადგილმდებარეობა იყო. შენობა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ე. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

“ძალიან მიყვარს ძველი უბნები, რადგან ერთია, როდესაც ინტერიერით ტკბები, ხოლო მეორე ის გრძნობაა, რომელიც ფინჯანი ჩაით აივანზე გასვლისას გეუფლება.”

თავდაპირველად ამ ბინაში სამი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა, დროთა განმავალობაში, ნინომ ამ ფართების გამოსყიდვა შეძლო მეპატრონეებისგან და საბოლოდ, სივრცე ერთ მთლიან ორგანიზმად აქცია, რომლის საერთო ფართობი ამ ეტაპზე 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, მიუხედავად იმისა, რომ ნინოს შვილი (პროფესიით დიზაინერი) და ოჯახის სხვა წევრები პერიოდულად ერთვებოდნენ პროცესში, საბოლოო ჯამში, ამ მიმართულებით მან მაინც დამოუკიდებლად იმუშავა.

ინტერიერის დიზაინის შექმნის პროცესში სრულიად მარტო გადავწყვიტე ყოფნა, რადგან ზუსტად იმის მიღება მინდოდა, რაც გონებაში მქონდა წარმოდგენილი. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდი შრომისა და წინააღმდეგობების დაძლევის ხარჯზე მივიღე.

სწორედ ამ პროექტზე მუშაობის შემდეგ ოჯახში გაჩნდა დიზაინ სტუდიის დაარსების იდეა. ასე შეიქმნა Beam Studio, რომელსაც დღესდღეობით ნინო, მისი შვილი და სიძე უძღვებიან.

ჩემი შვილის მეუღლეც არქიტექტორია და ვფიქრობ, რაც უფრო მეტი თავი მუშაობს, მით უფრო მეტად საინტერესო გამოდის პროექტი. იმედი გვაქვს, მომავალში ბევრ სხვა ადამიანს ჩავრთავთ ჩვენი კომპანიის განვითარებაში და ისინიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ამ საქმიანობაში.

სახლი არის თავშესაფარი, სადაც ხარ ის, ვინც რეალურად ხარ და ეს კიდევ უფრო მეტად დაგვანახა პანდემიამ. ჩემთვის, როგორც ფსიქოთერაპევტისთვის, ინტერიერის დიზაინის სფეროში  შებიჯება ბევრ სხვა გზას და კავშირს ხატავს, რომელიც მეხმარება სწორი კომუნიკაციის დამყარებაში მასთან, ვისაც სურს, რომ მათი სახლი იმ დიდ სიყვარულად ვაქციოთ, რომელიც დივანზე ჩამოჯდომისას, საკუთარ სივრცეში დასვენებისას გვეუფლება,”- ნინო მარსაგიშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

სკანდინავიური მოდერნიზმის 8 საკულტო სავარძელი

სტუმრად დიზაინერ რობერტო კავალისთან