in

სკანდინავიური მოდერნიზმის 8 საკულტო სავარძელი

მოხერხებულობა, სიმყუდროვე, ნათელი და უბერებელი დიზაინი – ასე შეიძლება სკანდინავიური მოდერნიზმის ეპოქის მიერ ნაჩუქარი სავარძლების მოკლედ დახასიათება.

დღეს იმ დროის 8 საკულტო სავარძლის გახსენებას ან აღმოჩენას გთავაზობთ, რომლებიც თანამედროვე ინტერიერებში დღემდე გაუნელებელი პოპულარობით სარგებლობს.

1. SWAN CHAIR

სავარძელი Swan (გედი) დიზაინერ არნე იაკობსენის (Arne Jacobsen) მიერ 1958 წელს, სპეციალურად კოპენჰაგენის სასტუმრო „Radisson SAS“- თვის შეიქმნა. სავარძლის ფორმირებაზე დიზაინერს ახალგაზრდა უნგრელი მოქანდაკე სანდერ პაესი (Sander Paesi) ეხმარებოდა. მუშაობა იქამდე გაგრძელდა, სანამ ავტორების თქმით, სრულყოფილ ფორმას არ მიაგნეს. შედეგად, სავარძლის ფორმაში არცერთი სწორი ხაზი არ არის. ყველა კიდე მომრგვალებულია.

სავარძლის ფეხი ოთხ მალიან ფოლადის მილს წარმოადგენს. ის საკუთარი ღერძის გარშემო მარტივად ტრიალებს და მჯდომარისთვის საკომუნიკაციო სივრცეს ზრდის.

წარმოების ასაწყობად ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გახდა საჭირო. „მე სამი მანქანის საბურავი და 6 პიჯაკი გავცვითე კოპენჰაგენსა და „Fritz Hansen“ – ის ქარხანას შორის მოგზაურობისას, როცა წარმოების ნიუანსებზე ვმსჯელობდით,” – ამბობს დიზაინერი.

მიუხედავად იმისა, რომ სავარძელი თავიდანვე საზოგადოებრივი სივრცეებისთვის იქმნებოდა, მისი მოხერხებულობისა და დიზაინის წყალობით, ამ ნივთმა კერძო საცხოვრებლებშიც დაიმკვიდრა თავი.

2. EGG CHAIR

იგივე სასტუმროსთვის იაკობსენმა სავარძელი „Egg“ (კვერცხი) დააპროექტა. მისი შექმნის ტექნოლოგია, ისევე როგორც „Swan“-თვის, ინოვაციური იყო. პირველად იქნა გამოყენებული ერთიანი მტკიცე საძირკველი, რომელიც შუშაბოჭკოვანი პლასტმასისგან იყო დამზადებული.

სავარძლის ფორმა ხალხმრავალ ადგილებში განმარტოებას მაქსიმალურად უწყობს ხელს. მისი მბრუნავი საფუძველი კი, სურვილის შემთხვევაში, საკომუნიკაციო სივრცეს ზრდის.

წინამორბედი სავარძლის მსგავსად, დიზაინერმა ეს სავარძელიც სასტუმროს სწორხაზოვანი არქიტექტურის კონტრასტულ ელემენტად შექმნა, ამიტომაც პირველს მომრგვალებული და რბილი ფორმები აქვს.

3. OX ARMCHAIR

Ox Armchair («ხარი») სახელგანთქმული დანიელი დიზაინერის, ჰანს ვეგნერის (Hans J. Wegner) ქმნილებაა, რომელიც სავარძლებისა და სკამების დამზადებაზე იყო სპეციალიზირებული. ის შთაგონებას როგორც ხელოვნებიდან, ასევე ყოველდღიური მოხმარების საგნებიდან იღებდა.

Ox Armchair პაბლო პიკასოს სკულპტურული ნამუშევრებისთვის ერთგვარი ძღვენია. ვერნერმა ის 1960 წელს დააპროექტა, 2 წლის შემდეგ კი წარუმატებლობის გამო, მისი წარმოება შეწყდა. სავარძლების გამოშვება 1985 წელს განაახლეს, მას შემდეგ „Ox Armhair“-მა დიზაინში მრავალი პრესტიჟული ნომინაცია მოიგო.

4. PELICAN CHAIR

სავარძელი „Pelican“-ი დანიელი არქიტექტორისა და დიზაინერის, ფინნ იულემის (Finn Juhl) მიერ 1940 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ის მნახველს თავისი ფორმითა და ერგონომიულობით აოცებს.

სავარძელზე მუშაობის დროს, დიზაინერი მას ოთახის დეკორირებისა და გამშვენების ცალკე აღებულ ნივთად კი არა, არამედ მხოლოდ სივრცესთან მჭიდრო კავშირში განიხილავდა. ასევე ვიზუალურ სილამაზეს პრაქტიკულობისა და მოხერხებულობისთვის ხელი არ უნდა შეეშალა.

მხატვარ-კუბისტებისგან და სიურეალისტებისგან შთაგონებული სავარძლის ფორმა თანამედროვეებისთვის ზედმეტად ორიგინალური გამოდგა და ამიტომაც „პელიკანის“ ნაცვლად, მას „დაღლილი ზღვის ლომი“ შეარქვეს. კრიტიკის მიუხედავად, დანიური მოდერნიზმის სახასიათო ნიმუშად სწორედ ეს ნამუშევარი იქცა.

5. WOMB CHAIR

ამ სავარძლის დანახვისთანავე მაშინვე მასში მოკალათება გინდება და თუ ამას ერთხელ მაინც ცდით, ადგომა აღარ მოგინდებათ.

სავარძელი Womb (საშვილოსნო) ფინელი დიზაინერის, ეერო საარინენის (Eero Saarinen) მიერ 1948 წელსაა დაპროექტებული. კომპანია „Knoll“-ის ხელმძღვანელი ფლორენს ბასსეტ კნოლმა დიზაინერს ისეთი სავარძლის მოფიქრება სთხოვა, სადაც ის გორგლად მოკალათდებოდა და საარინენმაც მისი თხოვნა შეასრულა. დღეს ძნელია ამაზე მოხერხებული სავარძლის პოვნა.

სავარძლის ასეთი ფორმა და დასაჯდომი მოდერნიზმის ეპოქის სახასიათო შტრიხია. დასახელება „საშვილოსნო“ კი იმ დაცულობის განცდის გამო შეერქვა, რომელსაც ადამიანი მასში მოკალათებისას გრძნობს.

6. PAPA BEAR CHAIR

სავარძელი „Papa Bear“ (მამა დათვი) კომფორტულობით „Womb“-ს დიდად არ ჩამოუვარდება. ის 1951 წელს ჰანს ვეგნერმა დააპროექტა. სავარძელი  დანიური მოდერნიზმის საკულტო ნივთად დამსახურებულად იქცა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

ხის ჩანართებიანი წამოწეული სამკლავურები, რომლებიც დათვის ცხვირს განასახიერებს, და მაღალი საზურგე სავარძელში კომფორტულად მოთავსების საშუალებას იძლევა.

7. BALL CHAIR

ფინელმა დიზაინერმა ეერო აარნიომ (Eero Aarnio) სავარძელი „ბუშტი“ საკუთარი სახლისთვის, 1963 წელს დააპროექტა. მას განმარტოებისთვის მოხერხებული ადგილის მოწყობა სურდა, ამავე დროს აქედან ოჯახთან ურთიერთობაც უნდა შესძლებოდა.

სავარძელს ხმის ბრწყინვალე იზოლაცია აქვს და ამავე დროს, იგი თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს. ის იმდენად თვითმყოფადია, რომ ფაქტიურად ოთახის შიგნით ცალკე ოთახს ქმნის.

სავარძელმა „Ball“ 60-იან წლებში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ასეთი თამამი დიზაინი, რომელიც თავისი „ფუტურისტული“ იერის მიუხედავად, სხვადასხვა ინტერიერში მშვენივრად ეწერება, აქამდე არავის შემოუთავაზებია.

სავარძელი თანამედროვე სამყაროშიც კი ექსტრავაგანტულად გამოიყურება და  მნახველის ყურადღებას ყოველთვის იპყრობს.

8. BUBBLE CHAIR

5 წლის შემდეგ აარნიომ სავარძელი „საპნის ბუშტი“ შექმნა, რომელმაც მის თანამედროვეებში კვლავ აღტაცება და გაკვირვება გამოიწვია.

დიზაინერი სავარძლის შიგთავსში შუქის დასამატებლად გამჭირვალე პლასტმასს იყენებს, ხოლო უწონობის მისანიჭებლად ჭერზე ჰკიდებს. სავარძელში შესაძლებელია კითხვა და მუსიკის მოსმენა, ამასთან გარე ხმები სიმყუდროვეს ვერ დაგირღვევთ.

სივრცის სწორად მოწყობის 9 უმთავრესი პრინციპი

ბინა აგურის ელემენტებითა და მომრგვალებული ფორმებით ნინოშვილის ქუჩაზე – ნინო მარსაგიშვილის ინტერიერი