in ,

ეერო აარნიოს ინოვაციური დიზაინის გზა

Alliance Group
Alliance Group

“სკამი არის სკამი. თუმცა, აუცილებელი არაა, დასაჯდომი საშუალება სკამი იყოს, არამედ – ნებისმიერი ერგონომიულად გამართული საგანი.”

ეერო აარნიოს სახელი და გვარი დიზაინის ისტორიაში მკაფიოდაა შემონახული. ისაა ფინელი ინტერიერის დიზაინერი, რომელმაც 1960-იან წლებში შექმნა სტილი, რომელიც იმ პერიოდში დროს უსწრებდა.

ეეროს ბავშვობა

ეს ადამიანი 1932 წელს დაიბადა. ჯერ კიდევ 6 წლის იყო, როცა ხელში ფანქარი აიღო და ხატვა დაიწყო. აარნიო ჰელსინკიში, კალიოში იზრდებოდა. ის ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ ბიბლიოთეკას, საიდანაც დიდ შთაგონებას იღებდა. თუმცა, მალევე მისი ცხოვრება მეორე მსოფლიო ომმა დაჩრდილა. მომავალ დიზაინერს საკმაოდ რთული ცხოვრების გამოვლა მოუწია. სწორედ კალიო იყო ის ქალაქი, რომელსაც ძალიან ხშირად ბომბავდნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აარნიო საკმაოდ უშიშარ ადამიანად იქცა. ვინ იცის, იქნებ სწორედ მისმა ამგვარმა ჩამოყალიბებულმა ხასიათმა ითამაშა როლი მის ინოვაციურ იდეებში!?

ახალგაზრდა ეერო

ახალგაზრდა ეერო არქიტექტორ ჰეიკი სისიმეცის ოფისში სტაჟიორად აიყვანეს. სწორედ ეს მოვლენა აღმოჩნდა გადამწყვეტი, ამ უაღრესად ცნობისმოყვარე დიზაინერის წარმატებული კარიერისათვის. ამ ოფისში მიღებულმა გამოცდილებამ წაახალისა ეერო, ინტერიერისა და არქიტექტურის შესწავლა დაეწყო. შემდეგ კი, სამრეწველო ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა და ამ განხრით ხარისხი აიღო.

სწავლის პერიოდში ეერო მუშაობდა ორ ცნობილ ფინელ დიზაინერთან, ილმარი ტაპიოვართან და ანთი ნურმსნიემიზთან. მათგან ეერომ კარგად შეითვისა დისციპლინა და ვადების დაცვის ტექნიკა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამხრეთ ფინეთში ის დიზაინერად აიყვანეს ავეჯის ქარხანაში “Asko”. თითქმის ორი წლის შემდეგ ეერომ გადაწყვიტა, თავისი  კარიერა ჰელსინკიში გაეგრძელებინა და მიხვდა, რომ მას არა სხვისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის მუშაობა სურდა.

გარდატეხის გზა

პირველი კონკურსი, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო იყო 1959 წელს იტალიური Cantú ავეჯის დიზაინის კონკურსი. ეერომ მასში მონაწილეობა მიიღო დერეფნის ავეჯით, თაროებითა და სავარძლებით, რამაც მას მესამე ადგილი მოუტანა. მოგვიანებით, 1964 წელს, მან მიიღო პირველი პრიზი იმავე კონკურსში საოფისე ავეჯის კოლექციით, მრგვალი ფანერის სკამებითა და მდიდრული ტყავის ბალიშებით. კოლექცია წარმოებისათვის გადაიტანა ავეჯის იტალიურმა ფირმამ, “კასინამ”.

ეეროს პირველი ნამუშევარი, რომელიც საერთაშორისო მედიამ ნახა, იყო რატანის სოკოს სკამი, რომელიც წარმოდგენილი იყო კიოლნის ავეჯის ბაზრობაზე 1962 წელს. მას შემდეგ, რაც ეერომ უკვე მოიპოვა საკუთარი თავის წარმატება Cantú ავეჯის დიზაინის კონკურსზე, ის გაემგზავრა იტალიაში კასინასთან კონტაქტების დასამყარებლად და სამუშაოდ.

ჯერ კიდევ ჰელსინკიში, მათი სახლი გახდა პროდუქტის განვითარების მცირე ლაბორატორია, სადაც ეერომ ექსპერიმენტი ჩაატარა ახალ კომპოზიციურ მასალებზე. განვითარებადი ტექნოლოგიები და მასალები ძლიერ იზიდავდა მას. ბოჭკოვანი შუშის  და თეთრი პლასტმასის ზედაპირების ესთეტიკა ძალიან მიმზიდველი იყო ეეროსთვის. 1966 წელს კი მისი საკულტო ნამუშევრის, “Ball Chair-ის” დებიუტი შედგა კიოლნის ავეჯის ბაზრობაზე. საერთაშორისო ყურადღება გაიზარდა და ამ ინოვაციურმა ნამუშევარმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

აქვე გთავაზობთ მის მოგონებას Ball Chair-ის შესახებ:

“ჩვენ გვქონდა სახლი, მაგრამ არ გვქონდა დიდი სკამი, ამიტომ გადავწყვიტე ჩემით გამეკეთებინა ის. ამავდროულად, მინდოდა რაღაც ახალი შემექმნა. რამდენიმე ნახაზის შემდეგ შევნიშნე, რომ სკამის ფორმა იმდენად მარტივი გახდა, რომ მან უბრალოდ ბურთის ფორმა მიიღო. მას შემდეგ, რაც მიზნად დავისახე ამ ფორმის სკამის დამზადება, სხვა დეტალების დახატვა ადვილი გახდა. ამის შემდეგ, მე თვითონ გავაკეთე პირველი პროტოტიპი შიდა ყალიბის გამოყენებით, რომელიც დამზადებულია იმავე პრინციპით, როგორც გლაიდერის ბორბალი ან ფრთა. ფანერას სველი ქაღალდი გადავაფარე და ზედაპირი ლამინირებული მინაბოჭკოვანი ქსოვილით დავფარე. სწორედ ასე დაიბადა Ball Chair.”

ინტუიციური ეერო

თავიდან ეეროს ჰქონდა ხატვის შესანიშნავი უნარი და ფორმის აღქმის უნარი, მაგრამ მას ასევე ძალიან აინტერესებდა სხვა დისციპლინები, როგორიცაა ფოტოგრაფია და გრაფიკული დიზაინი. მან შეისწავლა სტილისტიკა და ფოტოგრაფია 1960-იან წლებში, პიეტინენის სტუდიაში, ლაუტასაარიში, შემდეგ კი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს პროდუქტის ყველა ფოტოსესიას. წლების განმავლობაში მან ასევე შეისწავლა ჯდომის ერგონომიკა. ეერო დიზაინზე ყოველთვის ძალიან გამორჩეული ფინური მიდგომით მუშაობდა, პირველ რიგში – ფუნქციონალურობით. მის პროდუქტებში ვიზუალი და ფუნქციონალობა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

დიზაინერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭი ობიექტების გამოხატვისა და ხასიათის მინიჭების უნარია. ეერომ შემოიღო მხიარული ფიგურების სამყარო, რომლებიც საუბრობენ საკუთარ ენაზე. შექმნა ისეთი ფორმა, რომელიც გაუძლებს დროის გამოცდას. მას არასოდეს ეშინია საზღვრების გარღვევის და რისკებზე წასვლის. ეეროს წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები არის მისი თამამი პიროვნება და ინოვაციის სურვილი. ათწლეულების შემდეგ ის კვლავ დაინტერესებულია ახალი მასალების ექსპერიმენტით. ”ახალი მასალა იძლევა ახალ ფორმას”, ამბობს ის. ეერო აარნიოს დიზაინის შთაგონება არ მოდის გარესამყაროდან. მისთვის აქტუალური შინაგანი სამყარო და წარმოსახვაა.

ჩრდილოური სტილი სამხრეთულ ქალაქში – კოკა ქამუშაძის ინტერიერი ქობულეთის ქუჩაზე

7 მიზეზი, რაც გაყიდვისას ბინის დაბალ ლიკვიდურობას იწვევს