in

ჩრდილოური სტილი სამხრეთულ ქალაქში – კოკა ქამუშაძის ინტერიერი ქობულეთის ქუჩაზე

ეს ბინა კოკა ქამუშაძემ და მისმა მეუღლემ 2019 წელს შეიძინეს და საცხოვრებლად სულ რაღაც ერთ წელიწადში გადავიდნენ. ბინის შერჩევის პროცესი საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა. ეს იყო სივრცე, რომლითაც წყვილი ერთი ნახვით მოიხიბლა და შესაბამისად, მომავალი საცხოვრებლის ძებნა აღარ გაუგრძელებიათ. ბინა აკმაყოფილებდა ყველა მათ მთავარ კრიტერიუმს: პირველ რიგში, ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ რაიონში, თუმცა საკმაოდ მშვიდ ქუჩაზე, და არის ადვილად მისაწვდომი ფეხითაც. ამას გარდა, ეს არის ძველი აშენებული სამსართულიანი აგურის შენობა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი იყო ცოლ-ქმრისთვის, რომელსაც ახალ აშენებული კორპუსების ესთეტიკა არ ხიბლავთ.

Tbc Insurance
Tbc Insurance

ამ გადმოსახედიდან, კოკა და მისი მეუღლე მიიჩნევენ, რომ ”ვარსკვლავები მათ სასიკეთოდ განლაგდნენ“ და ძალიან გაუმართლათ, რომ „ლოქდაუნის“ გატარება სწორედ ამ ბინაში მოუწიათ.

დღევანდელ ინტერვიუში კოკა თავად გვიამბობს საკუთარი სახლის შექმნის პროცესზე:

გვიამბეთ რა მდგომარეობაში იყო ბინა თავდაპირველად? მოგიწიათ თუ არ სარემონტო სამუშაოების შესრულება? როგორი გამოცდილება მიიღეთ ამ მხრივ?

ბინა იყო სარემონტო, თუმცა ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებმაც ბინის არჩევაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ეს არის ძველი ხის იატაკი და კარ-ფანჯარა, რომელიც შევინარჩუნეთ. ასევე დავტოვეთ ბინაში არსებული თუჯის რადიატორები და ისინი ახალი გათბობის სისტემას შევუერთეთ.

ძალიან გაგვიმართლა სარემონტო პროცესში, ვინაიდან გვყავდა ძალიან კარგი საქმის მწარმოებელი, რომელმაც ყველა არასასიამოვნო პროცედურა აგვარიდა თავიდან და ჩვენ, ფაქტობრივად, მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე გვქონდა საზრუნავი.

მცირე კორექტივები შევიტანეთ გეგმარებაში. გავაერთიანეთ მისაღები ოთახი და ლოჯი, სადაც მოვაწყვეთ სამზარეულო და სასადილო ზონა, ასევე დავამატეთ ერთი მთავარი საძინებელი (ე.წ. Master bedroom) საკუთარი გარდერობითა და სააბაზანოთი. საბოლოო ჯამში, მივიღეთ 3 საძინებელი, მისაღები ოთახი და ამ ოთახთან დაკავშირებული სამზარეულო/სასადილო.

ვისაუბროთ ინტერიერის დიზაინზე. როგორ შეაფასებთ თქვენს საცხოვრებელს ამ მხრივ?

თვიდანვე ვიცოდით, რომ გვინდოდა მინიმალისტური დიზაინის გამოყენება. იმის გათვალისწინებით, რომ ძველ დეტალებს ვინარჩუნებდით, ახალი ელემენტები გამოვიყენეთ მშვიდ და ღია ფერებში. თან არ გვინდოდა ე.წ. „ლოფტის“ ან ვინტაჟისკენ წავსულიყავით. საბოლოოდ, უფრო „ჩრდილოურ“ (Nordic) სტილს დავარქმევდი იმას, რაც მივიღეთ. უფრო ზუსტად კი “ჩრდილოური სტილი, სამხრეთულ ქალაქში” – ბევრი მზითა და სინათლით.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში პროფესიონალები გვეხმარებოდნენ, როგორც ინტერიერის, ასევე გეგმარების კუთხით. ესენი არიან ნიკა ლომიძე და მეგი ხიმშიაშვილი. საბოლოო ჯამში, ნამდვილად ის მივიღეთ, რაც გვინდოდა და თავიდან რომ ვიწყებდეთ რემონტს, ალბათ საერთოდ არაფერს არ შევცვლიდით.

ვიტყოდი, რომ ჩემთვის ჩვენი ბინა ჰგავს ესთეტიკურად ლამაზ, სადა, თანამედროვე, გემრიელ კერძს, რომელშიც თანამედროვეობასთან ერთად, წარსული და ისტორიაც არის გაერთიანებული.

რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი კუთხე?

როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე სტუმრებისთვის, საყვარელი კუთხეა სამზარეულოსა და სასადილო სივრცის გამყოფი კუნძული, რომელიც იდეალურია სასაუზმოდ და სამეგობრო თავყრილობებისთვის. თავიდან ბევრი ვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა თუ არა ის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კუნძულს მართლა დიდი შესაძლებლობები ჰქონია.

ასევე ძალიან გვიყვარს დიდ ოთახში მოწყობილი სამუშაო სივრცე, რომელმაც განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა პანდემიის დროს.

თქვენს ინტერიერში გვხვდება ხელოვნების ნიმუშები. გვიამბეთ მათ შესახებ.

პირველ რიგში, აღვნიშნავ ავთო გახოკიძის „ტიტებს“. ეს ნამუშევარი, ფაქტობრივად, ჩვენი სახლის სავიზიტო ბარათია. ვფიქრობ, სახლის ბრენდინგს რომ ვაკეთებდე, აუცილებლად ამ დეტალს გამოვიყენებდი. როდესაც ის პირველად ვნახე, მაშინვე გადავწყვიტე მისი შეძენა. რამდენიმე ხნის წინ ის ჩარჩოს შესაცვლელად წავიღეთ და ოთახს ვეღარ ვცნობდი.

ასევე გამოვყოფდი მაკა ბატიაშვილის გრაფიკულ ნამუშევარს, რომელიც იდეალურად ჩაჯდა ჩვენს ინტერიერში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში სულ ცოტა ხნის წინ გადმოხვედით, ალბათ უკვე გაქვთ მასთან დაკავშირებული სასიამოვნო მოგონებები. რა გახსენდებათ ამ მხრივ?

გავიხსენებ იმ დღეს, როდესაც ამ ბინაში პირველად დავრჩით. ეს მოხდა სრულიად შემთხვევით. მე და ჩემი მეუღლე ნივთებს ვალაგებდით, ვინაიდან გადმოსასვლელად ვემზადებოდით და უეცრად აღმოვაჩინეთ, რომ უკვე კომენდანტის საათი იყო დაწყებული და ვეღარსად წავიდოდით. თან ეს ის პერიოდი იყო, როცა საჭმლის მიტანის სერვისიც არ მუშაობდა და ასე დავრჩით ბინაში, ფაქტობრივად, მშივრები. მეზობლებსაც არ ვიცნობდით, რომ რაიმე გვეთხოვა. მეორე დღე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა: იმ გამოცანაში მოვყევით, მგელი, ცხვარი და თივა რომ უნდა გადაიტანო ნავით მეორე ნაპირზე. კოვიდ შეზღუდვებიდან გამომდინარე, იმ დროს მანქანაში ორ ადამიანზე მეტის ჩასმა არ შეიძლებოდა, ასე რომ, ბავშვები და ძიძა დაახლოებით ამ გამოცანის მეთოდით გადმოვიყვანეთ ახალ ბინაში.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

 

Wild House – სახლი კოსტა რიკის მთებში

ეერო აარნიოს ინოვაციური დიზაინის გზა