in ,

ბინა მუზეუმის კონცეფციით ჭავჭავაძის გამზირზე – გიორგი ოქრიაშვილის ინტერიერი

გიორგი ოქრიაშვილი განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა ის 20 წელზე მეტია, ბრენდული მედიის მენეჯმენტში მუშაობს, საერთაშორისო ურთიერთობების და მარკეტინგის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენი რესპონდენტის საქმიანობის სფერო ბრენდის შექმნა და საერთაშორისო, დიდი ისტორიის მქონე ბრენდების ქვეშ ოპერირება და განვითარებაა ლოკალურ კონტექსტში. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, გიორგის გრაფიკულ დიზაინთან ყოველდღიური შეხება აქვს – მას გარკვეული პროექტების არტ რედაქტორობა უწევს. როგორც ის აღნიშნავს, ინტერიერის დიზაინისადმი ინტერესი ავტომატურად იწყება, როცა ერთვები საკუთარი საცხოვრებელი სივრცის დაგეგმარებასა და მოწყობაში.

Banner M2
Banner M2

 

გიორგის შემთხვევაში ეს ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც მან ჭავჭავაძის გამზირზე მისთვის საოცნებო ბინა შეიძინა. როგორც ირკვევა, ადგილმდებარეობას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა:

“მეცხოვრა უნივერსიტეტის – თეთრი ტაძრის გვერდით, შეიძლება, ვიღაცისთვის ბანალურად ჟღერს, ჩემთვის კი ბავშვობის ოცნება იყო. რუსთაველზე, კინოს სახლთან, კერძო ეზოიან სახლში დავიბადე-გავიზარდე და წესით, უკეთეს ადგილზე სად უნდა მეცხოვრა, მაგრამ არის ოცნებები, რომელთაც ახდენა უწერიათ და ბავშვობის გადმოსახედიდან დიდი, ახლანდელი მასშტაბით კი აბსოლუტურად რეალური, ახდენადი სურვილი შევისრულე: ერთდროულად ვცხოვრობ უნივერსიტეტის წინ და გვერდით.”

ბინა ერთ სადარბაზოიან კორპუსში მდებარეობს და გიორგის აქ საკმაოდ შეკრული სამეზობლო დახვდა. სწორედ ამიტომ, ახალმა მობინადრემ თავიდანვე ყველა დეტალი შეუთანხმა მომავალ მეზობლებს და როგორც გვიამბობს, მათ სამეზობლოში დღემდე ამ ფორმის დემოკრატია სუფევს.

“ცხადია, ნომერ პირველ საკითხად სადარბაზოს რემონტი დაისვა, რაც ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.  შეუძლებელია, კომფორტულად ვიგრძნო თავი ბინაში, რომლის სადარბაზო, კიბე ან კედლები მოუწყობელი და არაესთეტიკურია.”

საკუთარ ბინაში რემონტი გიორგიმ სივრცის “შავი კარკასის” კონდიციამდე დაყვანით დაიწყო. ეს იყო 87 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სტანდარტული ორ ოთახიანი პროექტი, ე.წ. “ლოჯით”. ახალმა მეპატრონემ კი სივრცე თავისებურად დააგეგმარა.

“თავიდანვე ჩავიფიქრე სამი ზონის შექმნა. ვიცოდი, რომ მისაღებ ზონაში სასადილო სივრცის  გაჩენა სიმბოლური დატვირთვის იქნებოდა, ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, ძალიან ხშირად უცხოეთში ვარ და ჩემი დიდი ოჯახისგან განსხვავებით, აქ სადილ-ვახშმების ტრადიცია არ მაქვს. საძინებელი ზონა უნდა ყოფილიყო სარელაქსაციო – თავისი შუშის აბაზანით, რბილი იატაკით, ხედით სიმწვანეზე, რომელიც აივანზე შევქმენით. საერთოდ, გამწვანება ამ ბინის „სუსტი წერტილია“ – ისევე, როგორც მისი პატრონის,” – გვიამბობს გიორგი

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, მასზე არქიტექტორ-დიზაინერმა ირაკლი აბაშიძემ იმუშავა. როგორც ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, განსხვავებით სარემონტო სამუშაოებისგან, რაც ჩვეულებრივი რუტინაა, ირაკლი აბაშიძესთან თანამშრომლობა მისთვის სრულ ფუფუნებას წარმოადგენდა.

“მან თავიდანვე მოარგო ყველა დეტალი ჩემს განწყობას, სტილს, გემოვნებას  და შესაბამისად, პროცესი ისე დავასრულეთ, უკვე ვხედავდი ჩემს თავს ამ ინტერიერში – ყველაზე კომფორტულად და მოხერხებულად.”

გიორგის სურვილი იყო ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელსაც “სახლი-მუზეუმის” კონცეფცია ექნებოდა. მან თავიდანვე იცოდა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში კედლები დამშვენებული იქნებოდა ხელოვნების ნიმუშებითა და ხელნაწერებით.

“ცნობილი პიროვნებების ხელნაწერების საკმაოდ მდიდარი კოლექცია მაქვს და კედლებსა და თაროებზე თავიდანვე გათვალისწინებული იყო მათთვის ადგილი. გარდა ამისა, ხშირად ვმოგზაურობ და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ ნივთებსა თუ სუვენირებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ეს ბინა ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო. ცხადია, სხვა სივრცეებს სხვა გადაწყვეტას მოვუძებნიდი და ვუძებნი კიდეც, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ზუსტად ასეთი: ესთეტიკური და ფაქიზი.

სხვათა შორის, ხშირად მეკითხებიან, თუ რამდენად მოსახერხებელია ყოველდღიურობაში თეთრი იატაკი. მე ვფიქრობ, მუქი იატაკიც მოუხერხებელი იქნება, თუ სახლში შემოსვლისას გარეთ არ დავტოვებთ ქუჩის ჭუჭყს და მას შინ შემოვიყოლებთ. ჩემთან ყველა მომსვლელმა იცის, რომ სმისთვის ბახილები არსებობს, რომლებიც ყოველთვის აწყვია კართან. პანდემია აქ არაფერ შუაშია – სულ ასე ვუდგებოდი ამ საკითხს.”

სივრცეში ბევრი საინტერესო ნივთი გვხვდება. როგორც ჩვენი მასპინძელი აღნიშნავს, მისთვის ესთეტიკა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აქ ვერ ნახავთ მხოლოდ ფუნქციური დატვირთვის მქონე საგნებს.

“საშუალო, მხოლოდ ფუნქციური ამ ინტერიერში არაფერია. ან არის ის, რაც მე მინდოდა და მინდა, ან – არაფერი, მანამ, სანამ ზუსტად იმას არ მივაგნებ, რაც მე მომწონს და მინდა.  ჩემი ბინა მგავს მე – ვინც მიცნობს, ადვილად გაავლებს პარალელს მეპატრონესა და მას შორის.”

“სახლი ჩემთვის არის ადგილი, რომელიც სულ მენატრება – იმიტომ, რომ სულ წასული ვარ და როცა ვბრუნდები, პირველი, რასაც ვაკეთებ, ესაა: ვჯდები სავარძელში, მეგობართან ვრეკავ და ვეუბნები: ვერ წარმოიდგენ, როგორ მომნატრებია სახლი!”

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

 

 

მანსარდიანი მყუდრო ბინა შვედეთში

ჯადოსნური განწყობა სამუშაო სივრცეში – “სმარტ კაპიტალის” ოფისის საშობაო მორთულობა