in ,

მანსარდული ტიპის ბინა ჭავჭავაძის გამზირზე – ირინა ესვანჯიას ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ირინა ესვანჯიას საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება აქვს. მან 19 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა და მას შემდეგ ძალიან ბევრ სფეროში გამოცადა საკუთარი თავი. მუშაობდა სხვადასხვა ბანკში, იყო დაკავებული სარესტორნო საქმიანობით, უწევდა ორგანიზებას ღონისძიებებს, ხოლო პანდემიის დაწყებამდე 2 წლის მანძილზე ტელეწამყვანის როლიც მოირგო და მიყავდა გადაცემა “ნაშუადღევს” პირველ არხზე. ირინას მრავალმხრივი ინტერესების სფეროში ასევე შედის პაპია მაშეს მეთოდი და კერამიკა, რომლითაც ამ ეტაპზე აქტიურადაა გატაცებული. თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, ის ჯერ კიდევ ძიების პროცესშია, რაც, სავარაუდოდ, არასდროს დასრულდება.

“მიყვარს ასევე კულინარია, განსაკუთრებით კონდიტერია. ჩემი ბავშვობის ოცნებაა, მქონდეს საკუთარი რესტორანი, სადაც ინტერიერს თავად შევქმნი და შეფიც თავად ვიქნები. ვნანობ, რომ პროფესიით არქიტექტორი არ ვარ, რადგან ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფერო სწორედ ეს არის. ხშირად მეგობრებს ვაძლევ რჩევებს ბინის პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. არ ვარ პროფესიონალი, თუმცა გამიკეთებია რამდენიმე ბინის ინტერიერის დიზაინი. ყველაზე ახალი და საინტერესო კი ახლა ის არის, რომ შარშან დავიწყეთ ღვინის ჩამოსხმა ჩვენს საოჯახო მარანში. გაჩნდა ჩვენი ახალი შვილი – “ღვინო იშტა“, რომელმაც პირველივე წელს ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ვგეგმავთ, ნელ-ნელა გავზარდოთ წარმოება და მთელი გულით გაკეთებული ღვინო გავაცნოთ დანარჩენ მსოფლიოს. სხვათა შორის, “იშტა” მადას ნიშნავს და ყველას კარგ იშტაზე ყოფნას გისურვებთ”.

ერთი წლის წინ ირინამ და მისმა მეუღლემ ახალ ბინაში გადასვლა გადაწყვიტეს. მათ სურდათ, რომ ახალ საცხოვრებელში სამივე შვილს საკუთარი კუთხე ჰქონოდათ და ასევე, ყველა ის გეგმა განეხორციელებინათ, რაც 20 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ჰქონდათ დაგროვებული. კარგი ხედი, დიდი აივანი, მაღალი ჭერი, სრული თავისუფლება ბინის დაგეგმარების მხრივ და ირინას ბებიასთან სიახლოვე – ეს ის მთავარი კრიტერიუმები იყო, რითაც წყვილი ხელმძღვანელობდა. ასეთ ბინას კი 2019 წლის ნოემბერში ჭავჭავაძის გამზირზე მიაგნეს.

“სახლი 70-იან წლებშია აშენებული, გვყავს გადასარევი სამეზობლო და მიხარია მათთან ერთად ცხოვრება. 90-იანებში სახლზე გაკეთდა მანსარდული დაშენება და აიწია სახურავი. ჩვენ, ფაქტობრივად, შავი კარკასი შევიძინეთ და შეიძლება ითქვას, რომ რემონტი ნულიდან დავიწყეთ. პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემი მეუღლეც ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ხშირად ხდებოდა ისე, რომ არ გამოდიოდა, რასაც ვგეგმავდით, თუმცა მე საკმაოდ ჯიუტი ვარ და ამიტომ ფარ-ხმალს არ ვყრიდი. საბოლოოდ, ყველაფერმა დადებითი შედეგი გამოიღო და მივიღეთ ის, რაც გვსურდა.”

ვინაიდან აღნიშნული პროექტი დაშენებას წარმოადგენს, მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, ოთახები მაქსიმალურად მსუბუქი კონსტრუქციებით გაემიჯნათ ერთმანეთისგან. შესაბამისად, ბლოკი და აგური არ გამოუყენებიათ. წყვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საიზოლაციო სამუშაოებს, რათა მიეღოთ ენერგო ეფექტური ბინა და თავიდან აეცილებინათ გაზრდილი კომუნალური ხარჯები, რაც მანსარდული ტიპის სივრცეებს ახასიათებს არასწორი თბოიზოლაციის შემთხვევაში.

რაც შეეხება პროფესიონალის ჩართულობას, პროექტზე არქიტექტორმა ტატა თავდიდიშვილმა იმუშავა.

“ტატა ძალიან ნიჭიერია და თავისი საქმის პროფესიონალი. მასთან მუშაობა არის საოცრად კომფორტული. ჩვენ ერთად დავგეგმეთ და დავაპროექტეთ ბინა ისე რომ, შედეგად მიგვეღო თბილი, ნათელი და პრაქტიკული საცხოვრებელი სივრცე, სადაც ოჯახის ყველა წევრი და სტუმარი თავს კომფორტულად იგრძნობდა. ტატასგან ბევრი ვისწავლე და ამისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა.”

მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის წამყვან ფერებად შავი და თეთრი გვევლინება, საერთო ჯამში, სივრცე საკმაოდ ფერადია.

“ჩემთვის სახლი არის თავშესაფარი, იმედი, სიხარული, სიმშვიდე და სამეგობროს თავშეყრის ადგილი. როცა ჩემს ბინაზე ვფიქრობ, მეღიმება და გონებაში სულ ეს სიტყვები ჩამესმის: “ჩემი ფერადი სახლი”, – ირინა ესვანჯია

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

 

კოსმოპოლიტური ინტერიერი დახვეწილი დიზაინით – ბრენდ Gourji-ს მფლობელის ულამაზესი ბინა მოსკოვში

უნიკალური აპარტოტელი შეკვეთილში