in

ძველებური ბინის ახლებური სახე – ინტერიერი ცისფერი დარაბებით ტაბიძის ქუჩაზე

დღეს ეკა კიკაძის ბინის ინტერიერზე გიამბობთ, რომელიც სოლოლაკში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 54 კვადრატულს შეადგენს. როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, მისი პროფესიული საქმიანობა 13 წლის წინ, ენერგეტიკის სექტორში დაიწყო და დღემდე ამ სფეროში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული ფაკულტეტის ჩაბარების შემდეგ, მალევე გააცნობიერა, რომ არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და მოდის სფერო ძალიან აინტერესებდა, პროფესია აღარ შეუცვლია, შესაბამისად, საკუთარი ბინის რემონტი ყოველგვარი გამოცდილებისა და პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერის ჩარევის გარეშე განახორციელა, რასაც მან და მისმა მეუღლემ საკუთარი ხედვისა და ინტუიციის მიხედვით გაართვეს თავი.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენმა რესპონდენტმა ერთი წლის წინ მიიღო ბინის შეძენის გადაწყვეტილება, რათა ისეთი სივრცე შეექმნა, რომელიც სრულად ასახავდა მის სურვილებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბინას განსაკუთრებულ ხიბლს მისი ადგილმდებარეობა სძენს – სახლი თბილისის შუაგულში, ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ უბანში მდებარეობს და ის კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა ლოკაციის კუთხით. მთაწმინდა-სოლოლაკის უბანში გაძვირებული ფასების გათვალისწინებით, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ძველი ბინის აღმოჩენა და მისი შეძენა სრულიად მოულოდნელი იყო. ეს ადგილი თბილისის ნამდვილი გულია, რომელიც მე-19 საუკუნის ევროპულ არქიტექტურასა და ქართულ ეროვნულ ელემენტებს აერთიანებს. ქუჩაზე ერთმანეთს კარგად ერწყმის სხვადასხვა კულტურული ნაგებობები, თანამედროვე და კლასიკური სტილის შენობები, რაც მას გამორჩეულ ადგილად აქცევს. აქვეა ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც და თბილისის ძველებური უბნებიც“, – ეკა კიკაძე.

სახლის მეპატრონე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იდეალური ადგილმდებარეობისა, ბინის თავდაპირველი მდგომარეობა იმდენად რთული და კომპლექსური იყო, რომ მის შეძენაზე დიდხანს ფიქრობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ადგილმა და არქიტექტურულმა ფასადმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. განსაკუთრებულ სირთულეს ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ შენობის ძირითადი შემადგენელი ნაწილების, კერძოდ, კედლების, ჭერის, იატაკისა და ფასადის აღდგენა ან თავიდან აშენება იყო აუცილებელი, რაც გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებთან და მოკლე ვადებში მისაღებ რთულ საპროექტო გადაწყვეტილებებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, საბოლოოდ, მეპატრონეებმა შეძელეს დასახული მიზნის მიღწევა – ბინის არსებითად გამაგრება, სივრცის ვიზუალური გაზრდა და მისთვის ძველი იერსახის შენარჩუნება.

შედეგად, სახლის პირვანდელი გეგმარება ძირეულად შეიცვალა. თავდაპირველი მესაკუთრის მიერ არსებული ფართი სამ ნაწილად იყო დაყოფილი, რაც ვიზუალურად მნიშვნელოვნად ამცირებდა ბინის სივრცეს და მისი არქიტექტორული ღირებულება იკარგებოდა. მცირე ადგილის მეტად წარმოჩენის მიზნით, მოხდა გამყოფი კედლების სრული დემონტაჟი და შეიქმნა ერთიანი სივრცე.

მეპატრონეებმა ასევე აღადგინეს ძველი აგურით მოპირკეთებული კედელი, რომელიც ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ ღირებულ ნაწილს წარმოადგენს. ასევე, ისტორიული აივნის ძველებური დიზაინის შენარჩუნების მიზნით, განხორციელდა მისი რესტავრაცია.

იმის გამო, რომ ცოლ-ქმარმა არ ისარგებლა პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით, სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესი გართულდა, რადგან არ არსებობდა წინასწარ გამზადებული, რენდერში აწყობილი ბინის ვიზუალური თუ გეგმარებითი პროექტი. ოჯახის წევრებს ერთობლივად უხდებოდათ სხვადასხვა საკითხის განხილვა და განსხვავებული აზრების ფონზე, საკმაოდ ქაოტურ გარემოში მუშაობა.

პროექტის მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ბინას შეენარჩუნებინა ძველი იერსახე. ამავდროულად, უნდა მომხდარიყო დამალული აგურის კედლის აღდგენა, სივრცის მაქსიმალური წარმოჩენა და ისტორიული აივნის რესტავრაცია იმ ფორმით, რომ თბილისური ეზოსა და აივნის კონცეფცია არ შეცვლილიყო. ბინის მეპატრონეებს სურდათ, სახლში მოსულ ნებისმიერ სტუმარს ამ ისტორიული ადგილმდებარეობის სულისკვეთება შეეგრძნო.

ინტერიერში უპირატესობა პასტელურ ფერებს მიენიჭა. ბინაში დომინირებს ცისფერი ფერი, რომელიც მაცხოვრებლებისთვის სიმშვიდესა და სილაღესთან ასოცირდება. მწვანე და კრემისფერ ფერებს კი საინტერესო აქცენტები შემოაქვს სივრცეში. ძველი დარაბების რესტავრაციამ და მათ ცისფერ ტონალობაში გადაწყვეტამ, აგურის კედელთან მიმართებაში იდეალური ბალანსი შექმნა. ღია ფერებისა და ბუნებრივი განათების შერწყმით კი დადებითი ატმოსფერო წარმოიქმნა.

„ინტერიერის ერთ-ერთი ინსპირაცია იყო ის მოგონებები, რომლებიც იქვე, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ბებიისა და ბაბუის სახლიდან დამრჩა. იმდროინდელი ბინის განლაგებამ, ფანჯრებისა და ავეჯის სტილმა და სივრცითი განათების პრინციპმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამჟამინდელი ინტერიერის ჩამოყალიბებაზე. ვფიქრობ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ და გამორჩეული სივრცე შევქმენით. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ბინას დადებითად აფასებენ როგორც პროფესიონალი დიზაინერები, ისე სხვა სტუმრებიც,” – ეკა კიკაძე.

სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღების გაერთიანებულმა ზონამ სივრცეს უფრო მოცულობითი, ერთიანი იერი შესძინა. ინტერიერში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ავეჯის დიზაინსაც, რომელიც დიდი გულისყურითა და გემოვნებით არის შერჩეული. მუქი ლურჯი ფერის რბილი სკამები, ძველებური ხის ავეჯი, ლურჯ ტონში გადაწყვეტილი საწოლი და ღია ცისფერი სამზარეულო განსაკუთრებულ ფერადოვან აქცენტებს ქმნის და სახლის ხალისიან, მშვიდ და პოზიტიურ განწყობას განაპირობებს. დიდი ყურადღება ექცევა ოთახების სხვადასხვა ადგილას დამონტაჟებულ სანათების დიზაინსაც, რომელიც ბინის ხასიათს იდეალურად ეხამება და მის საბოლოო სახეს განსაზღვრავს.

სააბაზანო სივრცეც ძველებურ სტილს ინარჩუნებს და ნოსტალგიურ განწყობას აღძრავს. იატაკზე მწვანე, კედელზე კი პატარა ზომის თეთრი ფილებია გამოყენებული, რაც საკმაოდ მომგებიანი გადაწყვეტილებაა პატარა სივრცისთვის.

პროექტი, ერთი შეხედვით, სადა და უბრალო ინტერიერის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელშიც თითოეული ელემენტი ერთმანეთს გემოვნებიანად ეხამება. აგურის კედელი სიძველის ეფექტს ქმნის და ბინას ესთეტიკურ ღირებულებას ანიჭებს. ცისფერი ფანჯრები, კარები და დარაბები განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს საცხოვრებელს და ცოცხალი, სასიამოვნო განწყობა შემოაქვს, მუქი ლურჯი დეტალებით კი ბევრად უფრო ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემო იქმნება. ძველი და თანამედროვე დეტალები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ნოსტალგიურ შეგრძნებებთან ერთად, მოდერნულ ატმოსფეროს ქმნის, რაც საბოლოოდ, სახლს მაცხოვრებლებისთვის გამორჩეულ, ინდივიდუალურ, სახასიათო ადგილად აქცევს, რომელშიც ნებისმიერი სტუმარიც სასიამოვნოდ გრძნობს თავს.

„ეს არის ძველი და თანამედროვე სტილის შერწყმა, რომლის მიზანია, შეინარჩუნოს და წარმოაჩინოს ადგილმდებარეობის ისტორია და ამავდროულად, შექმნას კომფორტი თანამედროვე დიზაინის შტრიხებით,” – ეკა კიკაძე.

სამზარეულოს ავეჯი: არტ ბურჯი

იატაკის საფარი: მუხა (მაღაზია “პარკეტი N1″)

აბაზანის ფილები: VItrA; Lego Room

შემრევები: VitrA; იდეალი

კედლის მოპირკეთება: კაპაროლი

განათება: New Light; Delight; Brand R

ავეჯი: ROOM

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

NS Product-მა გამოფენაზე ახალი პროექტი – “სიყვარულით, NS…” წარადგინა

რომელია სწორი ფერი ჩემი ინტერიერისთვის? – ფერის ფსიქოლოგების რჩევები