in

მიკრო ბინა ძველ თბილისში — ნინი ჯღამაძის ნამუშევარი

ძველ თბილისში მდებარე ობიექტი, რომლის საერთო ფართობი 35 მ2-ია, სიმცირის მიუხედავად, ფუნქციურობით, კომფორტულობითა და მიმზიდველობით გამოირჩევა. პროექტი დიზაინერ ნინი ჯღამაძეს ეკუთვნის.

საპროექტო დავალება ძველი ბინის განახლებას გულისხმობდა, რომელიც გახსნილი უნდა ყოფილიყო. მუშაობის პროცესში მთავარი გამოწვევა ერთიანი გეგმარების მქონე სახლისთვის სიმყუდროვის შენარჩუნება აღმოჩნდა, რასაც დიზაინერმა, საბოლოო ჯამში, წარმატებით გაართვა თავი.

ბინა ოთხი ძირითადი ზონისგან შედგება — სამზარეულო, სასადილო, მოსასვენებელი, სააბაზანო და საძილე კუთხე. ზონალური დაყოფისთვის, უმეტესად,  ავეჯი და განათებაა გამოყენებული. ასევე, საძილე ნაწილში კონტრასტული კედლის ფერი გვხვდება, რაც ამ ადგილს მეტად გამოკვეთს და დანარჩენი სივრცისგან მიჯნავს.

სახლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი სამზარეულოს აგურის კედელია, რომელიც პროექტის ავტორმა დემონტაჟის დროს შემთხვევით აღმოაჩინა. რემონტის მიმდინარეობისას სამშენებლო აგურის ფენა დამუშავდა, შეიღება და ინტერიერს ისტორიული ელემენტი შესძინა, რამაც საცხოვრებლის ავთენტურობა და ინდივიდუალური დიზაინი განაპირობა. შავი კედელი იდეალურად ერწყმის სამზარეულოს ავეჯის შავ ტონალობას და საბოლოოდ, ერთიანი იერსახე მიიღება.

ბინის გამორჩეული სტილი ძველებური ელემენტებით მიიღწევა, რომლებიც ინტერიერს ორიგინალურ სახეს სძენს. საბჭოთა დროის ავეჯი, რომელიც პირვანდელი სახით შენარჩუნდა, ბინაში სახასიათო ატმოსფეროს ქმნის.

მისაღებ ზონაში მოწყობილია სასადილო, სამუშაო და მოსასვენებელი კუთხე, რომლებიც ერთმანეთისგან განათებითა და ავეჯითაა გამოყოფილი. ამიტომ ერთიანი სივრცის მიუხედავად, პრივატულობის განცდა მაინც ნარჩუნდება და საცხოვრებლად მოსახერხებელი პირობები იქმნება.

საძინებლის ზონაში მნიშვნელოვანი დეტალია საწოლი, რომელიც შავი კედლის ფონზე გეომეტრიული ფორმითა და მკვეთრი ვარდისფრით ერთგვარ კონტრასტულ აქცენტს ქმნის ინტერიერში და მას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.  შავ კედელზე წერტილოვანი განათება ხაზს უსვამს სივრცის ფუნქციურ ნაწილს და საძინებელში ინტიმური ელემენტები შეაქვს. კედელზე დამონტაჟებული დიდი სარკე კი სივრცეს ვიზუალურად ადიდებს და ამასთან ერთად, დეკორატიულ როლსაც ითავსებს.

სააბაზანოში შავ-თეთრ დეტალებს ვხვდებით. მცირე ფართობის მიუხედავად, სვრცე კომპაქტურადაა გადანაწილებული. საშხაპე, ხელსაბანი და ჰიგიენური ზონები იდეალურად არის დაგეგმარებული და სახლის ბინადრებს კომფორტულ პირობებს უქმნის.

ნინი ჯღამაძის პროექტი, რომელიც მცირე სივრცეში საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობას ქმნის, საინტერესო და სახასიათო ელემენტებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ბინის ფართობი არასტანდარტულად პატარაა, დიზაინერმა შეძლო ყველა ფუნქციური ზონის შექმნა და სივრცის ბოლომდე ათვისება.

პროექტის ავტორი: ნინი ჯღამაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Nini Jgamadze Design   

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: „ავეჯის სახლი დანი“

აბაზანის ფილები: „VitrA Georgia“

შემრევები: „იდეალი“; „ნიუ დიზაინი“

კედლის მოპირკეთება: „ნიუ დიზაინი“

განათება: „ახალი ნათება“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

თანამედროვე სახლი ტრადიციული აქცენტებით – AICC Architecture-ს პროექტი ვიეტნამში

8 ნეიტრალური ფერი ინტერიერის დიზაინში, რომელიც სახლში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის