in ,

ინდივიდუალური სტილით გამორჩეული ბინა ძველ თბილისში – გალერისტ ნათია ბუკიას ინტერიერი

ნათია ბუკია თანამედროვე ხელოვნების გალერეა ართბითის თანადამფუძნებელია. მიუხედავად იმისა, რომ მას ინტერიერის დიზაინის მხრივ სპეციალური განათლება არ მიუღია, მისი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, მას საკმაოდ ახლო კავშირი აქვს აღნიშნულ სფეროსთან.

Banner M2
Banner M2

ინტერიერის დიზაინთან რაღაც კავშირი ნამდვილად მაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ხელოვნება ხშირად არის ჩვენი ყოველდღიური ინტერიერის ნაწილი. ამას გარდა, ჩემი, როგორც გალერისტის, ერთ-ერთ მთავარ საქმიანობას გამოფენის ექსპოზიციის მოწყობა წარმოადგენს, რაც საგამოფენო სივრცეში ნამუშევრების განთავსებას გულისხმობს. ეს ყველაფერი კი საკმაოდ ახლოს არის ინტერიერის დიზაინთან.”

სახლი, სადაც ნათია მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, ამაღლების ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართი 280 კვადრატული მეტრია.

ეს ბინა მამაჩემმა მაჩუქა დაახლოებით 13 წლის წინ. მანამდე ძველ თბილისში არასდროს მიცხოვრია და მიხარია, რომ ამ ადგილზე გააკეთა არჩევანი. ყველაზე ძალიან შემიყვარდა ჩემი უბანი და კონკრეტულად ის ადგილი, სადაც ჩვენი სახლია,” – გვიამბობს ნათია

თავდაპირველად ბინა ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში იყო, რამაც ჩვენს რესპონდენტს სრული თავისუფლება მისცა, რომ ყველაფერი საკუთარი გემოვნების მიხედვით მოეწყო. თუმცა, ამასთანავე, ბევრმა სირთულემაც იჩინა თავი, ვინაიდან ნათიასთვის ეს რემონტის პირველი გამოცდილება იყო და როგორც ის გვიამბობს, მან სწორედ ამ დროს გაიაზრა, თუ რამდენად რთული პროცესია სარემონტო სამუშაოები და რამდენი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი ამ შემთხვევაში.

ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება, რომ რემონტის პროცესი ძალიან რთული და ყოვლისმომცველია, ფაქტობრივად სამსახურივით არის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ შემთხვევაში ეს ხდებოდა 10 წლის წინ და შესაბამისად, ყველა მასალა თუ ინტერიერის დეტალი საქართველოში არ იყო იმ დროს ხელმისაწვდომი. ამის გამო, ბევრი ნივთის საზღვარგარეთიდან ჩამოტანა მოგვიწია.”

ბინის მეპატრონეებმა პირველ რიგში, სივრცის გეგმარება შეცვალეს. ამისთვის ტიხრების განლაგება რამდენჯერმე გადააადგილეს და საბოლოო ჯამში, ისეთი ბინა მიიღეს, რომელსაც საკმაოდ მოხერხებული და კომპაქტური წყობა აქვს.

რაც შეეხება ინტერიერს, მასზე დიზაინერმა ნინო ნოზაძემ იმუშავა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სივრცე ძირითადად პროფესიონალის მიერ არის შესრულებული, როგორც ნათია გვიამბობს, ის და მისი მეუღლე ბოლომდე იყვნენ ჩართული პროცესში და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ თითოეულ გადაწყვეტილებაში.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ბინას ინდივიდუალური სახე აქვს, რასაც ყველაზე მეტად განაპირობებს ის, რომ ძალიან ბევრი თანამედროვე ხელოვნების ნიმუში გხვდება მასში. თუმცა, თავდაპირველად რომ გადმოვედით, აქ ყველა კედელი ცარიელი იყო და შემდგომ უკვე ნელ-ნელა შევავსეთ. ისე გამოდის, რომ ჩვენი თანამედროვე ხელოვნების კოლექციაც იმდენი ხნისაა, რამდენი ხნისაც თავად ეს ბინა.”

ამ სახლში ყველაფერი მიყვარს, რადგან ყველაფერი ჩვენია, ჩვენს ხასიათსა და გემოვნებას გამოხატავს. თუმცა, განსაკუთრებული ხიბლი ალბათ მაინც ბინის ტერასას აქვს, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება საყვარელ თბილისზე. პანდემიის პირველი სამი თვე, ფაქტობრივად, ამ ტერასამ გადამატანინა.”

ძალიან გამიმართლა, რომ მეხმარებოდა დიზაინერი ნინო ნოზაძე. სწორედ მისი რჩევებითა და დახმარებით მოვახერხეთ ისეთი ბინის შექმნა, რომელიც 10 წლის შემდეგაც ისევ ისე მოგვწონს, როგორც თავიდან,” – ნათია ბუკია

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

 

მდიდრული სახლი ჰოლანდიაში – Nicemakers-ის ნამუშევარი

როდის არის ბინის შესაძენად საუკეთესო დრო?