in ,

ელეგანტური ბინა თარხნიშვილის ქუჩაზე – გალერისტ კრის გესკიერის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

კრის გესკიერი წარმოშობით ბელგიელია, თუმცა დღეს ის საქართველოში ცხოვრობს. 2005 წელს მან ევროპაში პირველი ონლაინ არტ გალერეა, Composition Gallery დააარსა, რომელიც ძალიან მალე თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ონლაინ პლატფორმად იქცა. დღეს Composition Gallery საქართველოდან ოპერირებს და მას რამდენიმე ადგილობრივი თანამშრომელიც ჰყავს.

მართალია, კრის გესკიერს პროფესიული განათლება ინტერიერის დიზაინს არ უკავშირდება, მისი საცხოვრებელი სახლის მაგალითზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით მას თანდაყოლილი ნიჭი აქვს.

“მიუხედავად იმისა, რომ მე პროფესიული განათლება მარკეტინგის სფეროში მაქვს მიღებული, ძალიან მიზიდავს ზოგადად სილამაზე, რომელსაც ვპოულობ მაგალითად, ბუნებაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, ინტერიერებში, ხელოვნებაში, ავეჯსა და დიზაინში.

მე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობ ჩემი სახლების ინტერიერებს. მაგალითად, ჩემი წინა პროექტი იყო ძველი კოლონიალური ფერმის განახლება სამხრეთ ამერიკაში, რომელზეც ჩემს ყოფილ პარტნიორთან ერთად 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. სხვათა შორის, მე ასევე ვაპირებ სახლის აშენებას აქ, საქართველოში. ეს იქნება ბაკურიანში, სადაც უქმეებსა და დასვენების დღეებში შევძლებ განტვირთვას.”

ნამუშევრის ავტორი: ნინა კინწურაშვილი

კრისის ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. 48 წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე ქვეყანაში მოასწრო ცხოვრება. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, 20-30 წლების ასაკში ის ძალიან ბევრს მოგზაურობდა და დაახლოებით 100 ქვეყანა მოინახულა ამ პერიოდში. შემდეგ ის 2 წელი ცხოვრობდა საფრანგეთში. ამის მერე კრისი ურუგვაიში გადავიდა, სადაც 11 წელი გაატარა, ხოლო ბოლო სამი წლის მანძილზე ის საქართველოში ცხოვრობს და ჯერჯერობით აქ აპირებს დარჩენას.

“ჩემი ცხოვრება ურუგვაიში სავსე იყო ბუნებით, ცხენებით, ულამაზესი ჩიტებით. იქ არ იყო არანაირი მეზობელი და ტრანსპორტი. ჩემმა ამ გამოცდილებამ სამხრეთ ამერიკაში შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, რამაც იმ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა, რომ მე დღეს ქალაქში ვცხოვრობ. მანამდე არასდროს მიცხოვრია ქალაქში. მაშინ მე გამახსენდა ულამაზესი საქართველო, სადაც წლების წინ ვიყავი ნამყოფი. ამ ქვეყანას ბევრი აქვს საერთო ურუგვაისთან: ორივე მათგანი არის პატარა, მაგრამ მათ ესაზღვრებათ უზარმაზარი ტერიტორიების მქონე მეზობლები – ბრაზილია და არგენტინა ურუგვაის შემთხვევაში, ხოლო თურქეთი და რუსეთი საქართველოს შემთხვევაში. ამას გარდა, მოსახლეობის რაოდენობა და კლიმატი თითქმის ერთნაირია ორივე ქვეყანაში. ურუგვაიშიც და საქართველოშიც ხალხი არის ძალიან მეგობრული, ამაყი, სტუმართმოყვარე და მოკრძალებული. მართალია, ლათინოამერიკული კულტურა კონტრასტულად განსხვავდება კავკასიური კულტურისგან, ჩემთვის ესეც საინტერესო გამოწვევა იყო და აღფრთოვანებული ვარ ამ სიახლით.

საქართველო ასევე ახლოს არის ჩემს სამშობლოსთან – ბელგიასთან, რაც საკმაოდ მიმარტივებს ჩემი ოჯახის წევრების მონახულების პროცესს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო საქართველოს ბუნება, რაც ერთ-ერთი მიზეზია ჩემი აქ ცხოვრებისა – აქ საუცხოო პეიზაჟებია პატარა ავთენტური სოფლებითა და უამრავი ისტორიული ადგილით. და ბოლოს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. აქ საკმაოდ მარტივია ბიზნესის კეთება და საბანკო საქმიანობა, ასევე ძალიან პერსპექტიულია ტურისტული სექტორი.”

რაც შეეხება კრისის საცხოვრებელს, როგორც ის გვიამბობს, მისი “მთავარი ბინა” სოლოლაკში მდებარეობს. თუმცა, ამჟამად იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ ამის გამო, კრისმა გადაწყვიტა ახალი ბინის შეძენა ვერაზე, სადაც რემონტის დროს შეძლებდა ცხოვრებას, შემდეგ კი კვლავ სოლოლაკის სახლში აპირებს დაბრუნებას.

თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა არის 135 კვადრატული მეტრის მქონე სივრცე, რომელიც 30-იან წლებში აგებულ შენობაშია განთავსებული. როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, ბინის შეძენის მომენტში მისი სტრუქტურული ნაწილი წესრიგში იყო, მას მხოლოდ “ესთეტიკური ხელის შევლება” ესაჭიროებოდა.

“წინა ფასადზე მე ძველი ხის ფანჯრები შევინარჩუნე, თუმცა შუშაბანდის ნაწილი გასაგორებელი კარით შევცვალე, რათა გაღების დროს ბევრი ადგილი არ დაკარგულიყო. ასევე აღვადგინე ძველი მუხის იატაკი, დავამონტაჟე ახალი გათბობის სისტემა, ელექტრო გაყვანილობა, სრულად განვაახლე სამზარეულო და აბაზანები. ამ ყველაფერში სარემონტო ჯგუფი დამეხმარა, რომელმაც დაპირებისამებრ, 3 თვეში ჩამაბარეს დასრულებული პროექტი, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია ყველა იმდროინდელი პანდემიის შეზღუდვის გათვალისწინებით.”

როგორც კრისი თვლის, ნებისმიერი ინტერიერი მისი მფლობელის შინაგანი სამყაროს ანარეკლია. სწორედ ამიტომ, ის საკუთარ საცხოვრებელს ყოველთვის თავად ქმნის, პროფესიონალი დიზაინერების დახმარების გარეშე. ასე იყო ამ ბინის შემთხვევაშიც.

“ჩემთვის სახლი უნდა იყოს კომფორტული, პრაქტიკული და ესთეტიკური ერთდროულად. თუმცა, ამ კონკრეტული ბინის შემთხვევაში მე შევარჩიე ცოტა “კომერციული” სტილი, რადგან ის მაინც უფრო ჩემი მეგობრების დასარჩენად იქნება განკუთვნილი და მინდოდა, რომ უფრო ფერადი და მხიარული გარემო ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ინტერიერი არის ცოცხალი, ხალისიანი და ელეგანტური ერთდროულად, ამიტომ, დავახასიათებდი მას, როგორც ეკლექტურს.”

როგორც კრისი იხსენებს, მთავარი სირთულე, რასაც საქართველოში ინტერიერის შექმნის პროცესში წააწყდა, იყო სასურველი ნივთებისა და მასალების შეძენა.

“ადგილობრივ მაღაზიებში წარმოდგენილი ავეჯისა და დეკორის უმრავლესობა პოსტ საბჭოთა სტილშია, რაც ჩემს გემოვნებაში მაინცდამაინც არ ჯდება. ამიტომ, როდესაც რაიმე ისეთ ნივთს გადავეყრები, რომელიც ძალიან მომწონს, მაშინვე ვყიდულობ მას, მიუხედავად იმისა, მჭირდება ის იმ მომენტში, თუ არა. სწორედ ასეთი ნივთებით მაქვს სავსე ჩემი ორი ავტოფარეხი აქ. ამ ნივთების გამოყენებას ჩემს მომავალ სახლებში ვაპირებ საქართველოში. ამას გარდა, არის კონკრეტული დეტალები, რასაც საზღვარგარეთ ვყიდულობ. მაგალითად, ავეჯი სკანდინავიის ქვეყნებიდან ჩამომაქვს, ფილები იტალიიდან, ხოლო ხალიჩებს მაროკოდან.”

“ჩემი აზრით, სახლი უფრო გრძნობაა, ვიდრე ადგილი. თუმცა, ამ გრძნობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს თავად სივრცე. ვფიქრობ, თავს “სახლში” გრძნობ მაშინ, როცა დიზაინი დაბალანსებულია, გაქვს წყნარი სამეზობლო და გეგმარება კომფორტულია,” – კრის გესკიერი

ტური როკ მუსიკოსების სახლებში

GREMO – საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა