მარიამ კუხალაშვილი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა როგორც თავად გვიამბობს, აღნიშნული საქმე არასოდეს ყოფილა მისი მოწოდება. მას ბავშვობიდან ძალიან ხიბლავდა ლამაზი ნივთები, ტანსაცმელი, განსხვავებული და მრავალფეროვანი სტილი. შესაბამისად, ის ყოველთვის ცდილობდა, საკუთარი გემოვნება და ხედვა მომავალ საქმიანობად ექცია.
“პირველი ჩემი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში მივიღე, რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა. პანდემიის პირობებში კი ჩემთვის ყველაზე საყვარელ საქმიანობას, მოდის ინდუსტრიას დავუბრუნდი. უდიდეს სიამოვენაბას მანიჭებს, როდესაც ადამიანებს სწორედ ვურჩევ მოდის ახალ ტენდენციებს და ვეხმარები მათ სწორი ტანისამოსის შერჩევაში, მაგრამ ამასთანავე ეს ყველაფერი უნდა მოვახერხო ისე, რომ თითოეული ადამიანის შინაგან გარემოსა და ხასიათს გავუსვა ხაზი და არ დავუკარგო მათ ინდივიდუალიზმი. სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს პროფესია საქართველოში არ არის ფართოდ განვითარებული, მაგრამ იმედი მაქვს, ძალიან მალე უფრო დიდი მოთხოვნა გაჩნდება ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან და ეხმარებიან სხვებს ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაში.”
მარიამი მიიჩნევს, რომ ადამიანის ცხოვრების სტილი და ხასიათი მის საცხოვრებელ სივრცეშიც უნდა იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, საკუთარი სახლი მან ამ პრინციპის გათვალისწინებით მოაწყო.
130 კვ/მ ბინა, რომელიც მარიამმა და მისმა მეუღლემ 2020 წელს შეიძინეს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ვერაზე, კერძოდ კი ვ.პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ადგილმდებარეობას წყვილისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ვერა ის უბანია, სადაც მარიამის მეუღლე დაიბადა და გაიზარდა, სწორედ ამიტომ, ამ ადგილთან ემოციური კავშირიც გააჩნიათ. შესაბამისად, როდესაც მეზობლად ახალი კორპუსი შეამჩნიეს, ბევრი ფიქრის გარეშე გადაწყვიტეს, რომ ახალი ბინა სწორედ აქ შეეძინათ.
“ვფიქრობ, ძალიან დიდი ნდობის მოპოვებაა საჭირო იმისთვის, რომ სხვა ადამიანს ანდო შენი საცხოვრებელი სივრცის დაგეგმვა. სწორედ ამიტომ, მივიღე ახალი გამოწვევა და სრულიად მარტო დავაგეგმარე ჩემი საცხოვრებელი და შემდეგ სასურველი დიზაინიც შევადგინე. შესაბამისად, პროფესიონალი დიზაინერი არ დამხმარებია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ეს არის ჩემი გემოვნებისა და შრომის შედეგი. რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ამ პროცესს არ ჩაუვლია, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დამხმარე ვარიანტი და მთავარი გადაწყვეტილებები მთლიანად ჩემით მივიღე საკუთარი ხედვიდან გამომდინარე,” – გვიამბობს მარიამი
რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, ეს პროცესიც ასევე სრულად მარიამმა აიღო საკუთარ თავზე. როგორც ის გვიამბობს, რემონტი მისთვის უდიდესი გამოწვევა იყო, ვინაიდან მას ამ სფეროში ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნდა.
“რასაკვირველია, მუშაობის პროცესში იყო უამრავი სირთულე, უამრავი შეცდომა, რაც ბუნებრივად თან ახლავს იმ საქმეს, რომელიც არის ახალი და ჯერ გამოუცდელი. თუმცა, ამ შეცდომებმა მუშაობის პროცესშივე მომცა უდიდესი გამოცდილება და გადამალახვინა ის სირთულეები, რომლებსაც ვაწყდებოდი გზადაგზა. საბოლოო ჯამში, შეცდომების მიუხედავად, შედეგი იყო ძალიან კარგი და სრულად დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რაც ჩემს ოჯახს მყუდრო ცხოვრებისათვის სჭირდება.”
ინტერიერში მეტწილად გვხვდება თანამედროვე ტენდენციები, თუმცა, აქ ასევე შეინიშნება კლასიკური ელემენტებიც, რაც სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს. ყურადღებას იქცევს დახვეწილი ფერთა კომბინაცია. ეს არის ხისფერი, მწვანე, რუხი და დომინანტი თეთრი ფერი, რომელსაც კონტრასტის სახით მკვეთრი ფერის ავეჯი უპირისპირდება.
“ჩემი მიზანი იყო, რომ სახლი გამოსულიყო სადა და არ ყოფილიყო გადატვირთული არაფუნქციური ნივთებით. მაქსიმუმის მიღწევა ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ვთვლი, რომ აბსოლუტურად გამოვიყენე ის რესურსი, რაც ხელთ მქონდა. ამაში კი გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემმა ფართო თვალსაწიერმა და კარგმა წარმოსახვის უნარმა.”
როგორც მარიამი გვიამბობს, მისი საყვარელი კუთხე სამზარეულოა, თუმცა არა სამზარეულოში ფუსფუსის კუთხით, არამედ უფრო ემოციური განხრით, ვინაიდან აქ განმარტოება და დასვენება ფინჯანი ყავის თანხლებით მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.
“სახლი ჩემთვის არის სიმშვიდის, კომფორტის, სიმყუდროვის ადგილი. რაც მთავარია, მე მინდოდა, რომ სახლში ყოფილიყო კარგი აურა, რაც 100%-ით მოვახერხე, ვინაიდან ამას იზიარებს სახლის ყველა სტუმარი. ეს ბინა თავიდანვე იქცა ჩვენი მეგობრების საყვარელ შეკრების ადგილად, რაც ძალიან მიხარია.”
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე