in ,

#სადვიცხოვრო: თანამედროვე ბინა ძველ თბილისში

ქეთო ბარაბაძეს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. ის მარკეტინგის სფეროში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელმაც Homeis.ge-ს ყურადღება მისი განსაკუთრებული გემოვნებით მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ქეთოს ინტერიერის დიზაინის კუთხით სპეციალური განათლება არ მიუღია, მან თავად იზრუნა საკუთარი სახლების ინტერიერზე და იმდენად საინტერესო შედეგი მიიღო, რომ ის ნებისმიერი მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.

Banner M2
Banner M2

დღეს ქეთო გვმასპინძლობს საკუთარ ბინაში, რომელიც თბილისში, მესხიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ეს არის 53 კვ/მ მქონე სივრცე, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი თანამედროვე სტილით, რომელიც არასდროსაა მოსაბეზრებელი. ბინა მოიცავს გაერთიანებულ სამზარეულო-მისაღებ ზონას, ერთ საძინებელსა და ერთ სველ წერტილს.

როგორც ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, მომავალი საცხოვრებლის შერჩევის პროცესში მისთვის უმთავრესი იყო ადგილმდებარეობა. სწორედ ამ ნიშნით შეარჩია სახლი ძველ თბილისში – უბანში, სადაც მას ძალიან ბევრი წელი ჰქონდა გატარებული და მრავალი თბილი მოგონება აკავშირებდა იქ არსებულ გარემოსთან.

“ასე ვიყიდე 53კვ/მ “ჰაერი” ჩემს ყველაზე სასურველ ლოკაციაზე, რომელიც ჰაერშივე წარმოდგენილი მქონდა როგორი იქნებოდა, რა ფერებს გამოვიყენებდი, სად დავდგამდი ჩემს სამუშაო მაგიდასა და წიგნების თაროებს… ძალიან მალე კორპუსის მშენებლობაც დაიწყო და ნელ-ნელა ეს “ჰაერი” ჩემს თვალწინ სახლს ემსგავსებოდა. შემდგომ უკვე დაიწყო ყველაზე საინტერესო ეტაპი. კედლის განლაგებიდან დაწყებული, ჭურჭლით დამთავრებული, ყველაფერი ჩემით შევარჩიე. ეს ხდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვისი ინტერიერების, Pinterest-ისა და airbnb-ის სახლების ინსპირაციით. ყველა საკითხის მოსაგვარებლად ჩემით ვიარე და სრულ პროცესში ვიყავი ჩართული. აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირად მეხმარებოდა ჩემი და, რომელსაც ძალიან კარგი გემოვნება აქვს”, – გვიამბობს ბინის მეპატრონე

ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო, პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით არ უსარგებლია და გადაწყვიტა, ამ მიმართულებაზეც თავად ეზრუნა. როგორც ქეთო გვიამბობს, მან ზუსტად იცოდა რამდენიმე საკვანძო დეტალი, რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო მის მომავალ საცხოვრებელში. ეს იყო წიგნების თაროები და თეთრ ფილებიანი კედელი, ასევე ლურჯისა და თეთრის კომბინაცია, რაც მკაფიოდ იგრძნობა ინტერიერში. სახლის დანარჩენი დეტალები სწორედ ამ ელემენტებს შეუხამა და მოარგო.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთო დიდი მოლოდინით აღსავსე ელოდა ამ ბინაში გადმოსვლას, რემონტის დასრულებისთვის მისი გეგმები შეიცვალა და მოხდა ისე, რომ მან საკუთარი ახლად გარემონტებული და სრულიად უცხოვრებელი ბინა გასაქირავებლად გამოიტანა “airbnb”-ზე. ამის შემდეგ კი ეს სივრცე ძალიან მალე ტურისტების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად იქცა.

მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, დღეს ქეთოს გეგმები კვლავ შეიცვალა და ამჯერად ის მის საყვარელ ბინას ყიდის.

“ცხოვრებაში ახალი ეტაპი მაქვს, რაც გულისხმობს საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, გავყიდო ეს ბინა, რომლის შექმნაში მთელი სული და გული მაქვს ჩადებული. ვინაიდან მისი შეძენის მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იქნებოდა ჩემი მუდმივი საცხოვრებელი, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი ხარისხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დეტალი ნაფიქრია და არაფერია შეძენილი “გასაქირავებელი ბინისთვის”. მე ყველაფერს “ჩემი სახლისთვის” ვაკეთებდი. ამას გარდა, სახლი მდებარეობს ძალიან მშვიდ ქუჩაზე, საიდანაც ფეხით სავალ მანძილზეა ბევრი საჭირო ლოკაცია. ეს კი დღევანდელ დღეს საკმაოდ დიდი უპირატესობაა ქალაქური ცხოვრების პირობებში.

ხშირად მიფიქრია, თუ ვინ იქნება ჩემი სახლის მომავალი მფლობელი. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ერთი ადამიანი ან წყვილი, რომელთაც უყვართ სიმარტივე, სიმყუდროვე, კომფორტი, ზოგჯერ გაქცევა ხმაურისგან, უყვართ წიგნები, ნახატები და რაც მთავარია, ძველი თბილისი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მარტივი არ არის საკუთარი ბინასთან განშორება, მომავალ მფლობელს მთელი გულით გადავცემ ამ სივრცეში არსებულ ძალიან დიდ დადებით ემოციას,” – ქეთო ბარაბაძე

აღნიშნული ბინის შეძენასთან დაკავშირებული დეტალების ხილვა შესაძლებელია განცხადების ბმულზე.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ფოტოგრაფი: Billy Bilikhodze

მხატვარ-დიზაინერ Marie Daage-ის საუცხოო სახლი რომანტიული ინტერიერით

10 ნივთი, რომლებიც პატარა ბინაში გამოგადგებათ