in

#სადვიცხოვრო: დუპლექსი აღმაშენებლის გამზირზე

ირმა გოგიაშვილისთვის ეს სახლი მეორე დიდი პროექტია. პირველად მან ძველი სახლი ორიოდე წლის წინ, სოლოლაკში შეიძინა. სწორედ ეს იყო მისთვის პირველი გამოცდილება რემონტის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სახლის რენოვაციის პროცესში ირმა საკმაოდ ბევრ სირთულეს წააწყდა, მას იმდენად უყვარს ძველი აშენებული შენობები, რომ რამდენიმე წლის შემდგომ კვლავ გადაწყვიტა ასეთ პროექტს შეჭიდებოდა. სწორედ ამ გამოცდილების შესახებ გვიამბობს იგი დღეს:

ეს ბინა აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ძველ შენობაში ვიპოვე. მაშინ ის სრულიად სავალალო მდგომარეობაში დამხვდა. ბინა იყო ძალიან ბნელი, მასში სულ ორი პატარა ფანჯარა იყო ამოჭრილი, საიდანაც სინათლე ოდნავ შემოდიოდა. კომუნიკაციები არ იყო გაყვანილი, ხოლო მეორე სართულზე ასასვლელი კიბე მორყეული იყო. როგორც კი ეს ბინა ვნახე, მაშინვე მივხვდი რისი გაკეთება შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფართი იყო პატარა, ძალიან მომეწონა შუშაბანდი და ბინაში არსებული ძველი კედლები. წარმოვიდგინე, თუ როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი რესტავრაციის შემდეგ. თანაც, ბინის განლაგება ტერასის გაკეთების საშუალებას მაძლევდა, საიდანაც საოცარი ხედი გადაიშლებოდა.

ზოგადად, სივრცის შერჩევისას რამდენჯერმე ვუბრუნდები მას, კარგად ვაკვირდები, ინტუიციას ვუსმენ, თავს უფლებას ვაძლევ წარმოვიდგინო ყველაზე შეუძლებელიც კი და მერე უკვე ნელ-ნელა, თითქოს, თვალწინ მიდგება ყველა დეტალი – რა და როგორ უნდა იყოს გაკეთებული. მოკლედ, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ამ სივრცეში დავინახე პოტენციალი და ამას გარდა, ფასიც საკმაოდ მისაღები იყო. ასე დავიწყე ამ ბინის რენოვაცია.

რემონტი

რემონტის პროცესი ძალიან რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, ვინაიდან ძველ ბინებში სირთულეები ათმაგდება ხოლმე. ამ პროექტში გადავწყვიტე, ყველაფერში თავად ჩავრთულიყავი და ამის გამო, გუნდი არ მყოლია. ცალ-ცალკე მომყავდა ხელოსნები, მე კი პროექტის მენეჯერიც ვიყავი, შემსყიდველიც, ზედამხედველიც და დიზაინერიც. ყოველ დღე დავდიოდი “ელიავაზე”, გაწერილი მქონდა პროცესის ყოველი საფეხური და რომელ დღეს რა იყო საჭირო.

ძველი გეგმარება მთლიანად შევცვალე – პირველ სართულზე გავხსენი კედელი სამზარეულოსა და მისაღებს შორის, რათა სინათლე შემოსულიყო. ვინაიდან ძველი შუშაბანდი ძალიან დაზიანებული იყო და მისი რესტავრაცია არ გამოდიოდა, ნაცნობ დურგალს ახალი ხის შუშაბანდი დავამზადებინე იგივე დიზაინით. ასევე უცვლელი დიზაინი დავტოვეთ და ორიგინალის მიხედვით აღვადგინეთ ფანჯრის ჩარჩოები. ფერი შევარჩიე ძველი კედლის ფერიდან გამომდინარე და ასევე თბილისის ძველი აივნების ფერების გათვალისწინებით. ამას გარდა, “გავაშიშვლეთ” და დავტოვეთ ძველი კედელი მისაღებ ოთახში. ვფიქრობ, რომ ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და მისი ცქერით არასდროს ვიღლები.

რაც შეეხება მეორე სართულს, აქ გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა და გაკეთდა დიდი ტერასა ზედ შუშაბანდის თავზე. შემდეგ ჭერში გაკეთდა რამდენიმე ფანჯარა და მრგვალი კიბის თავზე  პირამიდული დიზაინის შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რაც ბინაში მეტ ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ ბინა საკმაოდ მცირე ზომისაა, ჭერის ფანჯრებისა და სარკეების დახმარებით სივრცე საკმაოდ ნათელი და ჰაეროვანია. ამას ხელს უწყობს კედლის ფერი, მინიმალისტური ავეჯი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერგონომიკის კარგად გათვალისწინება.

ინტერიერზე მუშაობის პროცესი

არც ერთ პროექტში არ მისარგებლია პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სფეროში სპეციალური განათლება არასდროს მიმიღია, ეს თემა სულ მაინტერესებდა. ყოველთვის მიყვარდა და ვაკეთებდი სხვადასხვა პატარა დიზაინერულ თუ სტილისტურ პროექტებს სახლებისა და არტ პერფორმანსებისთვის. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ 18 წლის მანძილზე ვცხოვრობდი სან-ფრანცისკოში, სადაც აქტიურად ვეცნობოდი განსხვავებულ კულტურებსა და ესთეტიკას. ამას გარდა, ბევრი ვიმოგზაურე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სულ ვიცვლიდი სივრცეს და ყველგან “ჩემ სახლს” ვქმნიდი.

ინტერიერზე მუშაობის პროცესში ჩემი მთავარი მიზანია ნათელი, მყუდრო და მშვიდი გარემოს შექმნა. ამისთვის Feng Shui-ის პრინციპებსაც ვითვალისწინებ, ვიყენებ მინიმალისტურ სტილს და რაც მთავარია, პროექტს ისე ვაკეთებ, რომ ერთდროულად უნიკალურიც იყოს და ბიუჯეტურიც.  არ მიყვარს ზედმეტის დახარჯვა, სწორედ ამიტომ, ჩემთვის ეკონომიური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ბინის შემთხვევაშიც ასე იყო. უმეტესწილად რაც ჩავიფიქრე, ყველაფერი გამოვიდა. პატარა ცვლილებები პროცესის დროს გარდაუვალია, ცალკეული დეტალები თვითონ მკარნახობენ ხოლმე რა მიმართულებით წავიდე, რა ფერი შევარჩიო და ა.შ. ვფიქრობ, პატარა ცვლილებების შეტანა აუცილებელიც არის ხოლმე, რომ საბოლოო შედეგი იდეალური იყოს.

მთავარი გამოწვევები

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ის, რომ მეორე სართული ძალიან ცხელი არ გამოსულიყო. ამისთვის საკმაოდ საფუძვლიანი საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება დაგვჭირდა.

მეორე სირთულეს ამ პროექტში შიდა კიბე წარმოადგენდა. ის იმდენად ვიწრო იყო, რომ შეუძლებელს ხდიდა სამშენებლო მასალებისა და ავეჯის ატანას მეორე სართულზე. სწორედ ამიტომ, ყოველ ჯერზე საჭირო იყო, კარგად დაგვეგეგმა მასალების შესყიდვა, ადგილზე მოტანა, ე.წ. ამწე ლიფტის მოყვანა და დამხმარე მუშახელის დაქირავება ერთდროულად. ამ პროცესის კოორდინირება კი არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა.

ვფიქრობ, ზოგადად ძველი ბინების განსაკუთრებული სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ არასდროს იცი, რა “სიურპრიზი” დაგხვდება – შესაძლოა მილებმა გაჟონოს სრულიად მოულოდნელ ადგილას, ელექტრო გაყვანილობა ხშირად ჩახლართულია და ა.შ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ  სირთულეებთან ერთად, ასეთ პროექტებში ხანდახან კარგი სიურპრიზიც შეიძლება აღმოაჩინო.

საყვარელი სივრცე

ამ სახლში განსაკუთრებულად მიყვარს სამზარეულო-მისაღები, რომელიც შუშაბანდშია განთავსებული და მასში საოცარი შუქი შემოდის დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ვფიქრობ, შუშაბანდისა და სამზარეულოს ფერები ძალიან უხდება ერთმანეთს და ეს კომბინაცია ულამაზეს გარემოს ქმნის. ასევე გამოვყოფდი ტერასას, რომლიდანაც ულამაზესი ხედები იშლება და საღამოობით ჩიტების გადაფრენის საათობით ცქერაა შესაძლებელი.

მოცემული ბინა ამ ეტაპზე გასაყიდად არის გამოტანილი და მის შეძენასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების ხილვა შესაძლებელია განცხადების ბმულზე.

რუბრიკა #სადვიცხოვროს წარმდგენია უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge

ტური ირის აპფელის ნიუ-იორკის სახლში

გზა კერამიკიდან ინტერიერის დიზაინამდე – ჯონათან ადლერის ისტორია