in ,

პატარა ბინა მინდელის ქუჩაზე – მეპატრონის მიერ შექმნილი მრავალფუნქციური ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ამ სახლის მესაკუთრეს არანაირი პროფესიული კავშირი არ ჰქონია ინტერიერის დიზაინთან, თუმცა, მან ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ ეს მიმართულება მისი ინტერესის სფეროს ნამდვილად წარმოადგენს და სიამოვნებას ანიჭებს. ციცი ჭკადუა ამჟამად ბრიტანეთის საელჩოში, პროგრამული მიმართულების ფინანსურ მენეჯერად მუშაობს და ის ამ სახლში 2020 წლის სექტემბერში გადმოვიდა.

ბინა ელიზბარ მინდელის 7ბ-ში მდებარეობს. მისი ფართობიდან საცხოვრებელი ფართი 50 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო აივანი კი 14 კვადრატული მეტრია.

“ამ სახლის შეძენა ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ემოციურად ძალიან დატვირთულია. ლოკაციის შერჩევისას, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ამ უბანში გავიზარდე და ჩემი მშობლების სახლთან ძალიან ახლოს არის. გარდა ამისა, კონკრეტულად მინდელის ქუჩა მომწონს, რადგან შედარებით განვითარებად ფაზაში მყოფი უბანია და ამიტომ სიწყნარეა და სუფთა ჰაერი. ირგვლივ ყველაფერი ახლოს არის და კომფორტულია საცხოვრებლად. მომწონს თავად კორპუსის ფასადიც, ის, რომ მწვანე მეტალის დეტალებით არის გაფორმებული საკმაოდ განსხვავებულს და გამორჩეულს ხდის სახლს.”

ციციმ ბინა შეიძინა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის შავი კარკასის მდგომარეობაში იყო, თუმცა მშენებელმა მას თეთრი კარკასი ჩააბარა. იგი გვიყვება, რომ შეძენის მომენტიდან ყოველდღიურად ყველა დეტალს ამოწმებდა. გარდა იმისა, რომ მას საკმაოდ ეჩქარებოდა რემონტის დასრულება, ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა თავად პროცესის მიმართ.

“შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა ეტაპი, როგორიცაა გეგმარება, დიზაინი, რემონტი, ყველაფერი თავად ვმართე და მიღებული შედეგით ვარ უზომოდ კმაყოფილი და ამაყი. რა თქმა უნდა, წავაწყდი ბევრ სირთულეს, ჩნდებოდა ისეთი კითხვები, რაზეც პასუხები არ მქონდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. დავრწმუნდი, რომ არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, ხანდახან აუცილებელია ინოვაციური მიდგომა. მგონია, ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ძალიან სტანდარტულად და სწორხაზოვნად უყურებენ გარკვეულ საკითხებს და, ვცდილობდი, ყოველთვის გამოსავალი მეპოვა და მათთვისაც მენახებინა, რომ არასტანდარტული გზებიც არსებობს და მიღებული შედეგი არც ისე ცუდია.”

ბინის შექმნის პროცესში ციცი ძალიან ბევრს კითხულობდა, უყურებდა ვიდეოებს, ეკითხებოდა აზრს სხვადასხვა ადამიანებს ფორუმებზე და ა.შ. როგორც გვიამბობს, მან დაუშვა ბევრი შეცდომა, თუმცა ციცის თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ყველაფერს ზუსტად ვერ გათვლიდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი გადაწყვეტილება რაც მან მიიღო, იყო იატაკქვეშა გათბობის სისტემა. ამ სისტემაზე ძალიან ბევრი სხვადასხვა მოსაზრებაა და აქაც ინტერნეტში არსებული ინფორმაცია ძალიან დაეხმარა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

“როდესაც ამ ბინაში შემოვედი, პირველივე დანახვისას მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც მჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ფართი საკმაოდ პატარაა და სულ 50 კვადრატული მეტრია, სინათლე და სწორი გეგმარება იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად ამეთვისებინა ყველა კუთხე და მომერგო ჩემი და ჩემი 4 წლის შვილის საჭიროებებზე.”

ბინას აქვს საკმაოდ დიდი აივანი, რამაც განსაკუთრებით მოხიბლა ციცი. თავდაპირველ გეგმარებაში მან შეიტანა ორი ცვლილება – დაანგრია ერთი გამყოფი ტიხარი და მის ნაცვლად რკინისა და მინის კონსტრუქციით ახალი ტიხარი დაამზადებინა; ასევე ძველი აგურისგან ააშენა შემოსასვლელის ნიშა. როგორც გვიყვება, ორივე ამ ცვლილებას აქვს როგორც ფუნქციური, ასევე ესთეტიკური და დეკორატიული დატვირთვა. პირველ შემთხვევაში, რადგან ბავშვის საძინებელი საკმაოდ პატარაა, შუშის ტიხრით მეტი სივრცის შეგრძნება შემოიტანა ინტერიერში. ხოლო, რაც შეეხება აგურის კედელს, რომელიც ერთი მხრიდან მწვანედ არის შეღებილი, გარდა იმისა, რომ შემოსასვლელში ასრულებს ღია კარადის ფუნქციას, არის ასევე ძალიან ლამაზი, ბუნებრივი და დიდ ყურადღებას იმსახურებს ყველა მნახველის მხრიდან.

“სახლის შეძენისას პირველი მიზანი იყო კომფორტულობა. თუმცა, ჩემთვის არ არსებობს კომფორტი ხარისხის, სიმყუდროვის და კონკრეტული ადამიანების საჭიროებებზე მორგებული ინტერიერის გარეშე. იყო გარკვეული ელემენტები, რაც თავიდანვე მქონდა დაგეგმილი. მაგალითად, მწვანე ფერის გამოყენება, იატაკის წყობის სტილი, სამზარეულოს კაფელი, აბაზანა და არა საშხაპე. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მცირე დეტალებს. საბოლოო ჯამში, მგონია რომ სწორედ ეს დეტალები ქმნიან სრულ სურათს და განწყობას. მახსოვს, რამდენი ხანი ვეძებდი სახელურს შემოსასვლელი რკინის კარისთვის, რომ მისთვის კლასიკური იერი მიმეცა. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რამაც განსაზღვრა ჩემი დიზაინი, გახლდათ მრავალფეროვნება. რადგანაც სახლის როლი ბევრად დატვირთულია პანდემიის პირობებში, ვიდრე მანამდე იყო და რეალურად ასრულებს არამარტო საცხოვრებლის, არამედ სამუშაო, განტვირთვისა და გასართობ ფუნქციებს.”

ციცი მაქსიმალურად ეცადა, ინტერიერი რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო და არა – მოსაწყენი. დაგეგმვის პროცესში მან აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა სტილი მოსწონს, მაგალითად, სკანდინავიური მინიმალიზმი, ჯაპანდი, ქანთრი, ვინტაჟური ელემენტები… მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ მთელ სახლს თუ რომელიმე ერთ სტილში მოაწყობდა, აუცილებლად მალე მობეზრდებოდა. ამიტომ, ეცადა, სხვადასხვა სტილის სინთეზი შეექმნა და თითოეული მათგანიდან გამოეყენებინა გარკვეული ელემენტები. მისივე აზრით, ეს, რა თქმა უნდა, რისკი იყო, რადგან როცა არ ხარ პროფესიონალი დიზაინერი, შესაძლოა საბოლოოდ არ გამოვიდეს ის, რაც გგონია. საკმაოდ სადა და მინიმალისტური სამზარეულო მან გაახალისა წითელი, რეტრო მაცივრით, ასევე სადა ფერის თეთრი კედლები საინტერესო გახადა ერთი, მასიური ბეტონის კედლის დატოვებით.

“პროფესიონალი დიზაინერის აყვანა არც მიფიქრია იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი და, პირიქით, მიხაროდა, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. თუმცა, ძალიან კარგი ხელოსნები შემხვდა და მათი დახმარების გარეშე ნამდვილად ვერაფერს გავხდებოდი.”

ციცის აზრით, მისი სახლის ინტერიერი არის მყუდრო, კომფორტული და მრავალფეროვანი. ეს არის ადგილი, სადაც მშვიდად გრძნობს თავს, სიამოვნებას ანიჭებს აქ გატარებული თითოეული წუთი. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახლი სრულადაა მორგებული მისი ცხოვრების ამ ეტაპის საჭიროებებზე.

“სიმართლე გითხრათ, რადგან სულ რაღაც 2 თვეა ამ ბინაში ვცხოვრობ, არ მაქვს გამორჩეული კუთხე. ყველა ოთახი ძალიან მომწონს და მიყვარს. გამოვყოფდი სამუშაო სივრცეს, სადაც ჩემი პატარა ბიბლიოთეკაც მაქვს საყვარელი წიგნებით. დაგეგმვისას, ყველაზე მეტად სწორედ სამუშაო კუთხის ადგილის პოვნა გამიჭირდა. თუმცა, შემდეგ, იმდენად შესაფერის ავეჯს მივაგენი, რომ ეს ზონაც რაღაცნაირად ჩემთვის იდეალური გამოვიდა. ახლა უკვე მიხარია, რომ აივნის საბოლოოდ მოწყობის სიამოვნება წინ მელის და ეჭვი მაქვს, რომ თბილ ამინდებში სწორედ აივანი გახდება ჩემი საყვარელი კუთხე.”

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

საახალწლო გვირგვინი საკუთარი ხელით – რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

ტური ქეითი ჰილტონის სადღესასწაულოდ მორთულ სახლში