in ,

სადა და ნათელი ბინა ფიქრის გორაზე – ნინო ბერიძის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ნინო ბერიძე პროფესიით-დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ამჟამად კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატში) მუშაობს. ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ქონია, თუმცა ბოლო წლებია საკმაოდ დაინტერესებულია ამ სფეროთი და სამომავლოდ ამ პროფესიის შესწავლასაც არ გამორიცხავს, ვინაიდან როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, იგი ბუნებით ესთეტია და შესაბამისად, ყველაფერი ლამაზი იზიდავს.

110 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბინა, რომელიც ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარეობს, ნინომ 2016 წელს შეიძინა და ის აქ მეუღლესთან და მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

ადგილმდებარეობით თავიდანვე მოვიხიბლე. ეს ძველი, ისტორიული უბანია. ამ წლების მანძილზე კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო აქ დასახლება”, – გვიამბობს იგი.

ბინის შეძენის მომენტში სივრცე იყო კარკასულ  მდგომარეობაში და შესაბამისად, საჭირო გახდა სარემონტო სამუშაოებში აქტიურად ჩართვა. როგორც ნინო გვიამბობს, მან პროექტში რამდენიმე მცირე ცვლილება შეიტანა და საერთო ჯამში, რემონტის პროცესმა გართულებების გარეშე ჩაიარა, რასაც ერთგვარ გამართლებად მიიჩნევს.

ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ბინა გამოსულიყო კომფორტული, ლამაზი და მყუდრო. ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე მივიღე და შედეგად მივიღე ზუსტად ისეთი სივრცე, როგორიც წარმომედგინა. ვფიქრობ, სახლში დადებითი აურის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია სინათლე. აქედან გამომდინარე, გავაკეთე ისეთი განლაგება, რომ ძირითადი სივრცეები მზიანი ყოფილიყო“.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, პროფესიული კუთხით პროექტზე ბესო პოპიაშვილმა იმუშავა. როგორც ნინო გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პროცესში ისინი ხშირად კამათობდნენ ცალკეულ დეტალებზე, საბოლოო ჯამში, სწორედ დიზაინერის პროფესიონალიზმისა და გამოცდილების წყალობით, შესაძლებელი გახდა ყველა თავდაპირველი ჩანაფიქრის რეალიზება.

ვფიქრობ, ბინა სადა და ლამაზი გამოვიდა. საერთო სურათს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ინტერიერში არსებული ფერწერული ტილოები. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ულამაზესი ხედი, რომელიც ჩემი ფანჯრებიდან იშლება, განსაკუთრებით კი ღამით, განათებული სამების ცქერა. სახლი ჩემთვის არის ადგილი, სადაც მელოდება ჩემი ოჯახი და სადაც ყოველთვის მიმეჩქარება,”- ნინო ბერიძე

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

შენობა, რომელიც იცვლება და ვითარდება – DUA-ს ნამუშევარი ირლანდიაში

რა ტენდენციებს უნდა ველოდეთ 2022-ში ინტერიერის დიზაინში? – რუსუდან თუმანიშვილის შეფასება