in

რა ტენდენციებს უნდა ველოდეთ 2022-ში ინტერიერის დიზაინში? – რუსუდან თუმანიშვილის შეფასება

2021 სწორედ ის წელი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა ინტერიერის დიზაინში. ამ წელს 2020 წელს გადაფასებული ღირებულებები პრაქტიკაში მოგვევლინა და კიდევ უფრო მეტად ვორიენტირდით კომფორტზე ჩვენს პირად სივრცეში. ახლა უკვე ისაა საინტერესო, რა გველის 2022 წელს და რას გვიმზადებენ ინტერიერის დიზაინერები სამომავლოდ. აი, სწორედ ამ საკითხზე ინტერიერის დიზაინერ რუსუდან თუმანიშვილს გავესაუბრეთ და მის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

თითქმის ორმა პანდემიურმა წელმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია ინტერიერის გეგმარებასა და დიზაინში, სახლის გარემო გახდა აქტუალური როგორც არასდროს და, შესაბამისად, ჩვენ ახლა უფრო მეტად ვაფასებთ ჩვენს პირად სივრცეს, ვიდრე ოდესმე.

დიზაინერებისთვის ახალი ამოცანაა დღის წესრიგში: შესაძლებელი უნდა გავხადოთ ცხოვრება და მუშაობა სახლის სივრცეში, ასევე ინტერიერი უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი ორივე ფუნქციისთვის და, ამავდროულად, კომფორტულიც. საცხოვრებელი სივრცის გეგმარებისას გასათვალისწინებელია ოჯახის წევრების რაოდენობის შესაბამისი სამუშაო სივრცეები თუ ამის საშუალებას გვაძლევს ფართი ან, სხვა შეთხვევაში, ინტეგრირება სხვადასხვა ოთახში შესაბამის ავეჯთან ისე, რომ ერთმანეთის სამუშაო პროცესის აკუსტიკა ერთი და იმავე სივრცეში იყოს გათვლილი რამდენიმე ადამიანის ერთდროულად მუშაობასა ან სწავლაზე ისე, რომ ერთი მეორეს არ უშლიდეს ხელს.

რუსუდან თუმანიშვილის მიერ შესრულებული პროექტი

საცხოვრებელი ავეჯი გახდა მოდულარული და მარტივად გადაწყობადი სხვადასხვა ფუნქციური ზონისთვის. პროფესიონალურ და საყოფაცხოვრებო სივრცეებს შორის, რომელიც ერთ დროს რადიკალური და შეუთავსებელი ჩანდა, ზღვარი წაშლილი და ბუნდოვანია, ფერები და მასალა – მაქსიმალურად ბუნებრივი და ნატურალური.

ნატურალური მასალის შემოსვლა ინტერიერში ბოლო წლებში პიკს აღწევს, მეგაპოლისებში ცხოვრებამ გამოიწვია ბუნების ინტეგრაციაზე მოთხოვნა ბეტონის შენობებში. ჩვენ არ შეგვიძლია ყოველდღიური რუტინის გამო ბუნებასთან ხშირი და ახლო კონტაქტი და ამის შესაძლებლობას გვაძლევს ბიოფილიური დიზაინი. ბიოფილიის ტენდენციის მკვეთრი ზრდა, სავარაუდოდ, 2022 წელსაც დიზაინის წამყვანი ტენდენცია იქნება.

რუსუდან თუმანიშვილის მიერ შესრულებული პროექტი

ფერებიც შესაბამისია და იმეორებს მოთხოვნის რაციონალურობას, ინტენსიური და თან ნატურალური: ტერაკოტა, სპილენძისფერი, ინტენსიური ტერაკოტა.. გამოვიყენებ არატრადიციულ ტერმინებს ფერების უკეთესად აღსაწერად: გვიმრისფერიდან ზეთისხილისფერ მწვანემდე გრადაცია, ნეფრიტის ქვის ფერის მწვანე ტონები, პიტნისფერი, ჩამავალი მზის ტონების გრადაცია, აგურისფერი, დაჟანგული მეტალისფერი, მეწამული, იისფერი გრადაციით… გასული წლის ინტენსიურ ტონებს 2022-ში მეწამული იისფერი ტონების გრადაცია დაემატა. ზოგადად, თბილი ტონები იქნება უფრო აქტუალური.

რუსუდან თუმანიშვილის მიერ შესრულებული პროექტი

განსაკუთრებულად პოპულარულია ბუნებრივი მასალები, როგორიცაა: ხე, რატანი, ბამბუკი, ქვა, კერამიკა. კერამიკის ნაკეთობების ესთეტიკა სხვადასხვა ფერთა გამით განსაკუთრებული შტრიხი იქნება 2022-ის ინტერიერის დეკორისთვის. საგრძნობლად შესამჩნევია კერამიკული საგნების ევოლუცია და საცხოვრებელ სივრცეში ხელნაკეთი შტრიხების დამატების იდეა, ასევე სპილენძის აქსესუარები ან სხვადასხვა მასალის ხელნაკეთი აქსესუარები, ხისტი და რბილი მასალა დაბალანსებული ერთმანეთთან.

ჩვენ ვხედავთ ხელით ნაქსოვ უხეშ ტექსტურებს, უხეში, ცივი, ხისტი ზედაპირების საპირისპიროდ. ტექსტილი, როგორიცაა ხალიჩები, მნიშვნელოვანია ინტერიერის სითბოს მისაცემად, მაგრამ ასევე აკუსტიკური თვისებების მქონე პროდუქტები, როგორიცაა თექა, კორპი. ხმის აბსორბციისთვის იდეალურია კორპის ზედაპირის გამოყენება, როგორც ავეჯის დიზაინში, ასევე იატაკის მოსაპირკეთებლად (ცხადია, შესაბამისი დამუშავებით). თუ ადრე  ხმის აბსორბციის მაღალი კოეფიციენტის მქონე მასალები მოთხოვნადი იყო საჯარო სივრცეებისთვის, სასტუმროებისა თუ გახსნილი გეგმარების მქონე ოფისებისთვის და ნიუსრუმებისთვის, სადაც მუდმივი ხმაური და აქტიური დღის რეჟიმია, დღეს ის აქტუალური გახდა საცხოვრებელი სივრცეებისთვისაც. კორპი ასევე ბოლო წლების ტენდენციებს შესანიშნავად გამოხატავს, ის ეკომეგობრული მასალაა, ანიჭებს სითბოს და ტექსტურას ნებისმიერ ზედაპირს ან სივრცეს; ის ასევე იდეალურია ხმის იზოლაციისთვისაც და არ საჭიროებს ხის მოჭრას და შესაბამისია ტრადიციული ხის მოხმარების ნაწილობრივ ჩასანაცვლებლად.

რუსუდან თუმანიშვილის მიერ შესრულებული პროექტი

ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ორგანული, განახლებადი და ბიოდეგრადირებადი ეკო მეგობრული მასალები მალე კიდევ უფრო მეტად ჩაანაცვლებს ტრადიციულ პლასტმასს და სხვა მავნე მასალებს, მისი გამოყენების პრაქტიკა სულ უფრო მეტად ინერგება პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინში. ტენდენციები სტაბილურად მიდის ორგანული და ეკოლოგიური კეთილგანწყობისკენ და უფრო მეტი ადამიანი ხელახლა აღმოაჩენს ბუნებრივი მასალების  სარგებელს. დედამიწაზე ზრუნვა მხოლოდ ინტერიერის და არქიტექტურის ტენდენცია არ არის და ის ყველა სფეროში ყოველწლიურად უფრო მზარდი ხდება.

რატანის და ჭილოფის მასალის ელემენტები ავეჯის დიზაინში არბილებს უხეში მეტალისა და ბეტონის ფაქტურებს და სიმყუდროვეს ქმნის არამარტო საცხოვრებელ გარემოში, არამედ სამუშაო თუ ნებისმიერ საჯარო სივრცეში. მსგავს მასალებთან ბუნებრივად თავსებადია ტექსტურული ტილოს ქსოვილი უხეში ქსოვით, ასევე ჭილოფის აქსესუარები.

რუსუდან თუმანიშვილის მიერ შესრულებული პროექტი

გასული წლის ტენდენციები ნეოპლასტიცისტური ელემენტებით კვლავ აქტუალური რჩება მკვეთრი, შავი აქცენტებით. მინიმალისტური გეომეტრიული ფიგურებითა და 70-იანების თბილი ფერებით, ასევე სიმყუდროვისთვის დამახასიათებელი მასალებით.

რომანტიული ფემინური დიზაინის ელემენტები გავლენას მოახდენს ინტერიერის დიზაინზე 2022 წელსაც, როგორც უკვე ეს რამდენიმე წელია ცხადად ჩანს, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ მინიმალისტურ, გეომეტრიულ, წრიულ და თაღოვან ფორმებს – ფემინური და რბილი მომრგვალებული ფორმები, დაწყებული წრიული სტრუქტურული ელემენტებიდან, ნაზ და რბილ მორმგვალებულ დეტალებამდე. მარტივი გეომეტრია, წრეები, ოვალები და კლასიკური თაღები, ზოგადად, ბოლო წლების მნიშვნელოვანი აქცენტებია.

სტატიაში გამოყენებული ფოტოების ავტორი: ბილი ბილიხოძე 

სადა და ნათელი ბინა ფიქრის გორაზე – ნინო ბერიძის ინტერიერი

ლაკონიური ლოფტი მონრეალში