in

ცნობილი ადამიანების უჩვეულო სახლები

გამოჩენილი ადამიანების ექსტრავაგანტური „გამოხტომები“ მხოლოდ ქცევით არ გამოიხატება, ზოგჯერ სახლებიც კი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, „უცნაურობებით“ გამოირჩევა. ქვემოთ მოცემული მაგალითები ამაში დაგარწმუნებთ.

პიერ კარდენის სახლი „ბუშტი“

სიაში პირველი მოდელიერი პიერ კარდენია (Pierre Cardin), რომელმაც 1991 წელს სახლი „ბუშტი“ (Palais Bulles) შეიძინა. სახლი არქიტექტორ ანტტი ლოვაგის (Antti Lovag) მიერ ფრანგი მრეწველის, პიერ ბერნერისთვის (Pierre Bernard) დაპროექტდა. ნაგებობა კანთან ახლოს, თეულ სურ მერის კლდეზე დგას და აშენებიდან 30 წლის შემდეგაც კი ფუტურისტულად და ავანგარდულად გამოიყურება.

სიცოცხლის ბოლო წლებში დიზაინერმა  „Le Palais Bulles“-ის გაყიდვა არაერთხელ სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ფასი (350 მილიონი ევრო) პოტენციურ მყიდველებს აფრთხობდა. რამდენიმე ხნის წინ ეს „უცნაური“ სახლი ბაზარზე კვლავ გამოჩნდა, თუმცა მისი ფასი ამჯერად გასაიდუმლოებულია.

კორბუზიეს „ქოხი“

ლე კორბუზიე (Le Corbusier) ფრანგული ფუნქციური სახლის არა მხოლოდ თეორეტიკოსი მეხოტბე, არამედ უკიდურესი პრაქტიკოსიც იყო. ამის ნათელი მაგალითი მისი გამოჩენილი „კაბანონია“(Cabanon). ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე ეს 15 მეტრიანი ხის ქოხი, ისევე როგორც მისი შექმნის ისტორია, არქიტექტურის სასწავლო წიგნებში შევიდა. მეუღლესთან ერთად ფრანგული რივიერის დაბა – კაპ მარტენში ჩამოსვლის შემდეგ, კორბუზიემ ტომ რებუტატო გაიცნო. უკანასკნელი ადგილობრივი სასტუმროს, „ზღვის ვარსკვლავის“ მფლობელი იყო.

სწორედ აქ, 1951 წლის 30 დეკემბერს, სტუმრობის დროს, კორბუზიეს მიერ 15 წუთში მოხაზული ხის სახლის ესკიზი მოგვიანებით ივონას დაბადების დღის ორიგინალურ საჩუქრად გადაიქცა. აქ წყვილს ზაფხულის გატარება უყვარდა. როგორც ცნობილია, 1965 წლის აგვისტოში, ლეგენდარული არქიტექტორი მორიგი გაცურვის დროს, გულის შეტევით სწორედ აქ გარდაიცვალა.

ფრენკ გერის სახლი სანტა მონიკაში

ფრენკ გერიც (Frank Gehry) იმ არქიტექტორების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ჰარმონია „მათემატიკურად დაამტკიცა“ და  საკუთარი არქიტექტურული პრინციპები პირადად გამოცადა. 1970 წელს სანტა მონიკაში ოჯახისთვის ნაყიდი სახლი მან დეკონსტრუქცივიზმის ნამდვილ სიმბოლოდ აქცია. ის, რაც გარედან ქაოსურ ნაგებობას განასახიერებდა, ნამდვილ არქიტექტურულ სენსაციად იქცა და ახალგაზრდა არქიტექტორს სახელი გაუთქვა.

გერრიტ რიტველდის სახლი „შნაიდერი“

გერრიტ რიტველდის (Gerrit Rietveld) მიერ უტრეხტში შექმნილი ამ სახლის სტუმრობა იგივეა, რაც მადრიანის სამ განზომილებიან სურათში მოხვედრა. ითვლება, რომ ამ პროექტში რიტველდმა 1920-იანი წლების აბსტრაქტული ფერწერის პრინციპები გადმოიტანა. სახლი 1924 წელს, თრუს შრედერისა და მისი სამი შვილისთვის აიგო, თუმცა აქ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ რიტტველდმა გაატარა.

იმ დროისთვის უცნაური ფასადებით, მეორე სართულზე უკედლო ღია სივრცეებით, ფარდების მაგივრად ფერადი ხის დაფებით, ტრანსფორმერი საწოლებითა და დიასახლისის საჭმლის ლიფტით შემკული სახლი ნამდვილად რევოლუციური პროექტი იყო. ეს ყველაფერი იმ დროისთვის გამეფებული არქიტექტურული გემოვნების ერთგვარი „გამოწვევა“ იყო და თავის დროს მნიშვნელოვნად უსწრებდა.

სალვადორ დალის სახლი კადაკესში

პორტ ლიგატესში მდებარე სალვადორ დალის ეს სახლი ნაგებობების მთელი კომპლექსია, რომელსაც საფუძველი მეთევზეების „ქოხმა“ ჩაუყარა. ეს ადგილი მხატვრის საყვარელი „ბუდე“, თავშესაფარი და შთაგონების ადგილი იყო. სახლი მხატვარმა ერთ-ერთი ნამუშევრის უზრუნველყოფით აღებული სესხით შეიძინა. დროთა განმავლობაში დალის პოპულარობა იზრდებოდა, მასთან ერთად კი შემოსავლები და თვით სახლიც.

აქ მხატვარი 1930 წლიდან 1982 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა. სწორედ აქ შექმნა მისი შედევრების უმეტესობა, რომელთაგან ერთ-ერთი თვით ეს სახლიცაა.

ფილიპ ჯონსონის შუშის სახლი

„ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს“- როგორც ჩანს ასე ფიქრობდა ამერიკელი არქიტექტორი ფილიპ ჯონსონი (Philip Johnson).„Glass House“ 1949 წელს შეიქმნა. შუშის კედლები შავი ლითონის ჩარჩოზეა მიმაგრებული.

ნაგებობა ოთახებად არ არის დაყოფილი. აქ ერთიანი სივრცეა და ცენტრში მხოლოდ მომცრო აგურის ცილინდრი აქვს (აქ სააბაზანო და ბუხარია მოწყობილი). ჯონსონი აქ მუდმივად არ ცხოვრობდა, თუმცა სახლს გარდაცვალებამდე დასვენებისთვის რეგულარულად იყენებდა.

მიქელანჯელო ანტონიონისა და მონიკა ვიტტის სახლი-გუმბათი

1964 წელს მიქელანჯელო ანტონიონი (Michelangelo Antonioni) და მონიკა ვიტტი (Monica Vitti) სარდინიაში ჩამოვიდნენ. აქ არქიპელაგ ლა მადალენას კუნძულ ბუდელის ვარდისფერ სანაპიროზე ფილმი „წითელი უდაბნოს“ გადაღებები მიმდინარეობდა. გადაღებები დასრულდა, წყვილმა კი კუნძულზე მეგობრები და მიწა შეიძინა, რომელზეც რამდენიმე წლის შემდეგ უნიკალური სახლი-გუმბათი აშენდა.

პროექტის რეალიზაციაში ნოვატორი არქიტექტორი დანტე ბინნი (Dante Bini) მონაწილეობდა.

ნაომი კემპბელის „ყოვლის მჭვრეტელი თვალის“ ფორმის სახლი

რუს ბიზნესმენ ვლადისლავ დორონინთან რომანის შემდეგ ნაომი კემპბელს საკმაო რაოდენობის უძრავი ქონება დარჩა, მათ შორის თურქულ კუნძულ სედირზე კლეოპატრას პლიაჟზე აშენებული ვილლა „Ojo de Horus“. როგორც ცნობილია, დორონინი თანამედროვე არქიტექტურის მხურვალე თაყვანისმცემელია, დასტურად ზაჰა ჰადიდის (Zaha Hadid) მიერ აშენებული მისი ერთ-ერთი სასახლეც კმარა.

ამიტომ გასაკვირი არ არის ნაომის სახლის, რბილად რომ ვთქვათ „უცნაური“ იერი. მისი ავტორი ესპანელი არქიტექტორი ლუის დე გარრიდოა (Luis de Garrido). სახლი გუმბათის ფორმის შუშაა, ციდან კი ძველ ეგვიპტურ სიმბოლოს წააგავს. სახლი შიგნიდან მაქსიმალურად ეკოლოგიური, ეკონომიური და მტკიცეა.

ჯიმი პეიჯის ბოლესკინ-ჰაუსი

ამ ადგილს ცუდი რეპუტაცია აქვს. ოდესღაც, მე-18 საუკუნეში, ლოჰ-ნესის ტბის პირას მდებარე ეს სასახლე ცნობილი ოკულტისტი ალისტერ კროულის (Aleister Crowley) საკუთრება იყო. უკანასკნელი აქ შავი მაგიის სეანსებს ატარებდა. მოგვიანებით სახლი მაიორი ედვარდ გრანტის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც 1965 წელს სახლის კედლებში თავი მოიკლა. 1970 წელს ნაგებობა Led Zeppelin-ის გიტარისტი ჯიმი ფეიჯმა  (Jimmy Page) შეიძინა, ის კროულის პიროვნებით იყო გატაცებული. 1990-იან წლებში ფეიჯმა მფლობელობა (რომელშიც დიდხანს არც უცხოვრია და ამბობენ, ეს ადგილი მისთვის სევდის მომგვრელი იყო) გაყიდა. 2015 წლის 23 დეკემბერს სახლი ცეცხლის ალში გაეხვა და მისი ძირითადი ნაწილი დაზიანდა. საბედნიეროდ, ამჯერად მსხვერპლი არ ყოფილა.

რამდენიმე ჭკვიანური ხერხი პატარა სასადილო ოთახის მოსაწყობად

კერძო სახლი კიკეთში ამერიკულ-სკანდინავიური სტილების სინთეზით