in

6 აუცილებელი სათავსოს ტიპი ერგონომიული სამზარეულოს მოსაწყობად

სწორად დაგეგმარებული სამზარეულო, რომელშიც თითოეული დეტალი ორგანიზებული და წინასწარ განსაზღვრულია, გვეხმარება, კერძების მზადების პროცესი უფრო სასიამოვნო და მარტივი გავხადოთ. ერგონომიული სამზარეულო შესაძლებლობას მოგცემთ, სწრაფად და ნაკლები ძალისხმევით შეასრულოთ სხვადასხვა საქმიანობა, შეიქმნათ მაქსიმალური კომფორტი და დაზოგოთ დრო. ამისათვის სამზარეულოში ისეთი მექანიზმების გამოყენებაა საჭირო, რომლებიც თქვენზე იქნება მორგებული. დღეს იმ  მექანიზმებს გაგაცნობთ, რომლებიც ფუნქციური და მომხიბვლელი სამზარეულოს მოწყობაში დაგეხმარებათ.

1. გამოსაღები პანელი ქილებისა და ბოთლების შესანახად

სამზარეულოს ყველა ნაწილის ათვისება მნიშვნელოვანია. ამ თანამედროვე და მოსახერხებელი მექანიზმის წყალობით, შესაძლბელია ყოველდრიურობის გამარტივება. ვიწრო სათავსო მცირე ადგილს იკავებს, თუმცა იმდენად ტევადია, რომ მასში თავისუფლად განალაგებთ ქილებსა თუ პროდუქტებს.

2. ორდონიანი გამოსაღები უჯრა

ამ მექანიზმის დახმარებით საკმაოდ ტევად, ორდანაყოფიან სათავსოს შექმნით, სადაც სხვადასხვა სახის ჭურჭლის შენახვას შეძლებთ. რაც მთავარია, სტანდარტულ გამოსაღებ კარადასთან შედარებით, ამ შემთხვევაში ბევრად მარტივად შეძლებთ ნივთებთან წვდომას და არ დაგჭირდებათ ჩამუხვლა ან მოხრა.

3. კუთხის კარადის მექანიზმი

თუ გინდათ, თქვენი სამზარეულო ყველასგან განსხვავებული იყოს, ამასთან ერთად კი, კომფორტულობითა და სიმარტივით ხასიათდებოდეს, ეს მექანიზმი აუცილებლად დაგჭირდებათ. მისი დახმარებით დიდ ჭურჭელსა და საგნებს ისე განალაგებთ, რომ ხელის ერთი მოძრაობით შეგეძლებათ სასურველი ნივთის გამოღება კუთხის კარადის სიღრმიდან, ისე, რომ არ მოგიწევთ დახრა და ზედმეტი მოძრაობების გაკეთება.

4. მექანიზმი ურნისთვის

სამზარეულოში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყოველდღიურად გროვდება. აუცილებელია, ოთახში იყოს მათთვის განკუთვნილი ადგილი, რომელიც თვალით უხილავი იქნება და საქმიანობაშიც არ შეგიშლით ხელს. ეს მექანიზმი სამზარეულოს კარადაში მარტივად მონტაჟდება და კომფორტული გამოსაყენებელია.

5. უჯრა დანაყოფებით

ამ ტიპის უჯრის დახმარებით საკმაოდ ტევად სათავსოს შექმნით, რომელიც დაგეხმარებათ ჭურჭლის ორგანიზებულად და ვიზუალურად სასიამოვნოდ განლაგებაში.

6. სათავსო ჰიგიენის ნივთების შენახვისთვის 

სამზარეულოთა უმეტესობაში არ არის გათვალისწინებული სათავსო სახლის დასალაგებლად განკუთვნილი ნივთებისთვის. ეს მრავალდანაყოფიანი, კომპაქტური მექანიზმი ასეთი ნივთების შესანახად იდეალური საშუალებაა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

Calm House – არქიტექტურული სივრცე დასვენებისა და განტვირთვისთვის

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები