in

რემონტის შეცდომები — ნინი ბარნაბიშვილის გამოცდილება

ნინი ბარნაბიშვილის საოცნებო ინტერიერი ცოტა ხნის წინ გაგაცანით. ნინისთვის ბინის რემონტის პროცესმა განსაკუთრებული გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობისას საინტერესო გამოცდილება შეიძინა, რომელსაც დღეს ჩვენს მკითხველს უზიარებს.

შეცდომა #1: ბინა პირველ სართულზე

ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, პირველ სართულზე ბინის შეძენას მოვერიდოთ, რადგან გარედან შემოსული მტვერი შეგვაწუხებს. ამავე მიზეზით, უმჯობესია, ღია ფერის ფილები, იატაკი და ავეჯი შევარჩიოთ, რადგან მუქი საგნები მარტივად ჭუჭყიანდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბინა სატრანსპორტო მოძრაობით გადატვირთულ ქუჩაზე არ მდებარეობს, მაინც უამრავი მტვერი შემოდის ფანჯრიდან, განსაკუთრებით, ცუდ ამინდში. თუ თქვენი ბინაც პირველ სართულზეა, გირჩევთ, უპირატესობა ღია ფერის ფილებს, იატაკსა და ავეჯს მიანიჭოთ. ეს ნაწილობრივ მოგიგვარებთ პრობლემას“, — აღნიშნავს ნინი.

შეცდომა #2: რემონტის პროცესის ხელოსნებისთვის მინდობა

ნინი გვირჩევს, რემონტის მეთვალყურეობა საგანგებოდ შერჩეულ ადამიანს, საქმის მწარმოებელს მივანდოთ, რადგან, სხვა შემთხვევაში, რემონტი უსასრულოდ გაიწელება და, შესაძლოა, გაცილებით მეტიც დაგვიჯდეს: „გირჩევთ, აუცილებლად გამოცდილ ადამიანს მიანდოთ სარემონტო სამუშაოების მეთვალყურეობა და არავითარ შემთხვევაში არ დაავალოთ მასალის ყიდვა ხელოსნებს, რადგან ეს გაგიზრდით ხარჯს და დროს დაგაკარგვინებთ. ფაქტობრივად, დღეგამოშვებით ხელოსანს სახლში მუშაობა მოუწევს. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ვერ გაიმეტოთ თანხა მეთვალყურისთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, საბოლოოდ ხარჯს, დროსა და ნერვებს დაზოგავთ“. 

შეცდომა #3: ტექნიკისა და ავეჯის დაგვიანებით შეძენა

ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, რემონტის დაწყებისთანავე შევიძინოთ სასურველი ნივთები, რადგან პროცესის ბოლოს ამისთვის ნაკლები დრო და ენერგია გვექნება. გარდა ამისა, შესაძლოა, სიჩქარეში შეცდომები გაგვეპაროს:

„რემონტის დაწყებისთანავე შეარჩიეთ ტექნიკა და ავეჯი. თუ არ შეიძენთ, იფიქრეთ და დაათვალიერეთ მაინც, რადგან საბოლოოდ იმდენ წვრილმანზე მოგიწევთ ფიქრი და ისეთი გადაღლილები იქნებით, რომ ამის თავი აღარ გექნებათ. ამის შედეგი კი ის იქნება, რომ ისეთ პროდუქტს შეიძენთ, რომელიც ბოლომდე არ მოერგება თქვენს გემოვნებას, ან იმაზე გაცილებით მეტს გადაიხდით, ვიდრე ვარაუდობდით“.

შეცდომა #4: ადგილის დაზოგვა სათავსოების ხარჯზე

„სახლის დაგეგმარებისას ყოველ კვადრატულ მეტრს მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გვინდა, სივრცე სრულყოფილად გამოვიყენოთ. ხშირად დანაკარგად მიგვაჩნია სათავსოებისთვის განკუთვნილი ადგილი, არადა, ძალიან საჭიროა. ყველას გვაქვს ისეთი ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად არ ვიყენებთ, თუმცა, აუცილებელია (მაგალითად, კიბე). შესაბამისი რაოდენობის სათავსოების არარსებობა დიდ პრობლემას ქმნის. როგორც იცით, ძველი ბინების უმეტესობას აქვს სარდაფი. ვისაც მისი სიკეთე არ გამოუცდია, ალბათ, ბოლომდე ვერ დააფასებს სათავსოს საჭიროებას“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

შეცდომა #5: მაღალჭერიან სახლში კარადების მთელ სიმაღლეზე განთავსება

ნინის აზრით, მთავარი შეცდომა, რომელიც რემონტის დროს დაუშვა, ჭერამდე კარადების განთავსება იყო: „სახლი მაღალჭერიანია, ამიტომ ჭერამდე კარადები დავამზადებინე. ვფიქრობ, შეცდომა დავუშვი. მიუხედავად იმისა, რომ  საძინებლის კარადისთვის ცალკე კიბე მაქვს, რომლის დასაკიდებლადაც კედელში ლითონის მილი ჩამაგრდა, მაინც მეზარება ხოლმე ტანსაცმლის ჩამოსაღებად მასზე აძრომა. ამიტომ ზედა თაროები თითქმის ცარიელია“.

შეცდომა #6: მინის ნაცვლად ფარდის გამოყენება საშხაპეში

„ჩემი მეორე დიდი შეცდომა აბაზანაში ფარდის გამოყენებაა. რაც უნდა „ფრთხილად“ მივიღო შხაპი, იატაკი და კედლები მაინც სველდება. ამიტომ უახლოეს მომავალში ვაპირებ, საშხაპე მინით შევცვალო“, — გვიყვება ნინი.

შეცდომა #7: გასასწორებელი კედლები

ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, ძველი ბინის კედლები რემონტამდე აუცილებლად გავასწოროთ, რადგან ამის გარეშე ავეჯის განთავსება რთულდება.

შეცდომა #8: სიახლის შიში

ნინის აზრით, საკუთარ გემოვნებასა და სურვილებს ბოლომდე უნდა მივყვეთ და სიახლეებმა არ შეგვაშინოს, რადგან თანამედროვე სამყაროში ბევრი რამის განხორციელება უკვე შესაძლებელია: „არ შეუშინდეთ სტანდარტების დარღვევას. ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს ზუსტად ისე, როგორც ჩაიფიქრეთ. ხშირად ხელოსანი შეუძლებლად მიიჩნევს ამა თუ იმ იდეის განხორციელებას მხოლოდ იმის გამო, რომ მსგავსი რამ აქამდე არ გაუკეთებია. არადა, სინამდვილეში, შესაძლებელია, მით უმეტეს – თანამედროვე სამყაროში“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Landscape House — საოჯახო სახლი ისრაელის ცენტრში

პრიალა თუ მქრქალი – რომელი ზედაპირი ჯობია სამზარეულოს ავეჯისთვის?