in

რემონტის შეცდომები: ქეთი სიჭინავას გამოცდილება

ქეთი სიჭინავა 3 შვილის დედაა და მისთვის კომფორტული გარემოს შექმნა სახლში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, რემონტს ის ჩვეული ენერგიითა და მონდომებით შეუდგა. პროფესიონალი დიზაინერების დახმარებითა და საკუთარი ოჯახის წევრების მხარდაჭერით, ქეთიმ შეძლო სასურველი ინტერიერის შექმნა, თუმცა, როგორც იგი Homeis.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, ამ პროცესს შეცდომების გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ გამოცდილებას გვიზიარებს ქეთი სიჭინავა დღეს.

შეცდომა #1: წინასწარ დაუგეგმავი სტილი

ჩემი აზრით, საკუთარი საცხოვრებელი ფართის მოწყობისას პირველი და უმნიშვნელოვანესია, ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ რა სტილი მოგვწონს და რის მიხედვით გვინდა მოვაწყოთ ჩვენი გარემო. ჩემ შემთხვევაში, ისე მოხდა, რომ უკვე არჩეულ სტილს ბევრი რამე დავამატე და შევცვალე რემონტის პროცესში, რის გამოც, საბოლოო ჯამში, მივიღე ცოტა გაურკვეველი კომბინაცია, რომელსაც თითქმის არაფერი აქვს საერთო ჩემს თავდაპირველ მიზანთან . სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ პროცესის სწორად სამართავად აუცილებელია დიზაინერის დახმარება, რომელიც კარგად ერკვევა სფეროში და რაც მთავარია, არ ეზარება, დამკვეთს შესთავაზოს ერთიდაიგივე სივრცის მოწყობის სხვადასხვა ვარიანტები.

შეცდომა #2: დიზაინერის არასწორად შერჩევა

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთი იცნობდეს დიზაინერის სტილს და იზიარებდეს მის ხედვას. როგორც წესი, პროფესიონალი დიზაინერები საკუთარი შეხედულებების დაცვას ცდილობენ, რაც ხშირად არ ემთხვევა დამკვეთის გემოვნებას . ამიტომ, ჩემი რჩევაა, დაიქირავოთ მხოლოდ ისეთი დიზაინერი, რომლის ნამუშევრებიც თქვენ მოგწონთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე მხარე უკმაყოფილოა – დიზაინერი საკუთარი აზრის გატანას ცდილობს, თქვენ კი თქვენსას. შედეგად კი პროცესი იმდენად იწელება, რომ ბოლოს უბრალოდ ნებდებით და თანხმდებით მის შემოთავაზებას.

შეცდომა #3: ბიუჯეტის არასწორი განაწილება

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია . იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტს თავიდანვე არ განსაზღვრავთ, მერწმუნეთ, ეს თანხა უსასრულობამდე შეიძლება გაიზარდოს . როგორც ამბობენ, „მადა ჭამაში მოდის“ – დიზაინერიც სულ უკეთეს და უკეთეს ვარიანტებს გთავაზობთ, რომლებიც უფრო და უფრო ძვირია. რა თქმა უნდა, თქვენც საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოგწონთ. ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც. ახლანდელი გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ აუცილებელია თავიდანვე განვსაზღვროთ თუ რა თანხის დახარჯვას ვაპირებთ. ამით დიზაინერსაც უადვილდება საქმე და მან იცის, რომ ნაცვლად 50 000 ევროიანი სამზარეულოსა, უნდა შემოგთავაზოთ 5000 ლარის ღირებულების სამზარწულო, რომელიც ასევე ძალიან მოუხდება თვენს სახლს და მისაღები იქნება თქვენთვის ყველანაირად. ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი, როდესაც ცნობილი ბრენდის ფილაში გადავიხადე საკმაოდ მაღალი თანხა და სახლისთვის აუცილებელ სხვა დეტალებზე მომიწია ეკონომიის გაკეთება. ეს არასწორად განაწილებული ბიუჯეტის შედეგი იყო. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ინტერიერში თავიდანვე ისეთი დეტალები გაითვალისწინოთ, რაც სულ არ გულისხმობს მილიონების დახარჯვას რემონტზე.

შეცდომა #4: დეტალების უგულებელყოფა

როდესაც დიზაინერიც და ბიუჯეტიც განსაზღვრულია, იწყება პაწაწინა დეტალებისგან შემდგარი „ჯოჯოხეთი“ და თუ ამ საქმეში გამოუცდელი დიზაინერი შეგხვდათ, მაშინ მოემზადეთ, თქვენ დიდხანს მოგიწევთ ტანჯვა. როდესაც უკვე დეტალებია დასაგეგმი, შეცდომა ძალიან ძვირად გვიჯდებათ და ხშირად გამოუსწორებელიც კი რჩება. მაგალითად ჩემ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ შევიძინე პატარა ლიტრაჟობის ავზი, რომელიც ყველა ოჯახის წევრს არ ყოფინის. ასევე იატაკის გათბობის არასწორი თერმორეგულაციის გამო, დაიბზარა საკმაოდ ძვირადღირებული მარმარილო. ელექტროობა არ აღმოჩნდა სწორად დაგეგმარებული და შედეგად მივიღე ის, რომ ზოგიერთი ოთახი ზედმეტად გადანათებულია, ზოგი კი პირიქით, თითქმის ჩაბნელებული. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ყველა მსგავსი დეტალი წინასწარ დაგეგმოთ პროფესიონალებთან ერთად, რათა რემონტის პროცესი და შემდგომ ამ სივრცეში ცხოვრება სასიამოვნო და კომფორტული იყოს.

შეცდომა #5: სიჩქარე

ალბათ ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ თბილისის მაღაზიების სიმრავლის მიუხედავად, მაინც ვერ ვპოულობთ იმას, რაც მართლა მოგვწონს. ან თუ რამე მოგვწონს, ადგილზე არ არის და საჭიროებს სამ თვიან ლოდინს უცხოეთიდან ჩამოსატანად. თუმცა, როგორც წესი, ამ დროს ყველას ძალიან გვეჩქარება რემონტის დასრულება და საბოლოოდ მაინც იმით ვკმაყოფილდებით, რაც მაღაზიაშია ადგილზე. ეს ძალიან სევდიანია, ვინაიდან გამოდის, რომ ისეთ ნივთებს ვიძენთ, რაც მთელი გულით არ მოგვწონს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში არ ღირს სიჩქარე.

რომ შევაჯამო, მიმაჩნია, რომ სახლი, პირველ რიგში, უნდა იყოს კომფორტულად მოწყობილი. ეს არის სივრცე, სადაც უნდა გვსიამოვნებდეს დროის გატარება და ამისთვის სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული მასალების გამოყენება ან ანტიკვარული ნივთებით გამოტენილი ოთახები. პირიქით, სისადავე და მარტივი გადაწყვეტილებები ბევრად უფრო სასიამოვნო გარემოს ქმნის ყოველდღიურობაში.

ვინ არიან 2021 წლის პრიცკერის პრემიის მფლობელები – Lacaton & Vassal-ის ისტორია

არქიტექტურული ფოტოგრაფიის 10 მცნება – გიორგი მამასახლისის რჩევები