in

რემონტის შეცდომები – ნანიკო ჯორბენაძის გამოცდილება

დღევანდელ სტატიაში ნანიკო ჯორბენაძის რემონტის გამოცდილებას გიზიარებთ. მისი სახლის ინტერიერი ცოტა ხნის წინ უკვე გაგაცანით. ნანიკომ პროფესიონალის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შექმნა პროექტი, რამაც დიზაინის ორიგინალურობა და ინდივიდუალიზმი განაპირობა. ამ საინტერესო პროცესში გარკვეულმა სირთულეებმა იჩინა თავი, რომელთა შესახებაც ჩვენს მკითხველს თავად მოუყვება.

შეცდომა #1: სიჩქარე პროექტირებისას

ნანიკო გვირჩევს, პროექტის შექმნისას არ ვიჩქაროთ და ყოველი ნიუანსი არქიტექტორთან რამდენჯერმე შევათანხმოთ, რათა მშენებლობისა თუ რემონტის პროცესში არასწორმა პროექტირებამ პრობლემები არ შეგვიქმნას: „არქიტექტორთან სწორი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ სახლის გეგმარება პროფესიონალ არქიტექტორს ეკუთვნის, შესაბამისად, სახლის ფართობი და ოთახების რაოდენობაც წინასწარ იყო განსაზღვრული, მზა პროექტის განხილვისას მაინც გაგვეპარა შეცდომები, რომლებიც მშენებლობის დროს აღმოვაჩინეთ. არქიტექტორთან გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული გვქონდა, რომ საძინებლებს საგარდერობო სივრცეც უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით მივხვდით, რომ მხოლოდ ერთი ოთახი იყო ასე დაპროექტებული (ამ დროს პროექტი უკვე დამტკიცებული იყო), ამიტომ მოგვიწია, საგარდერობე სივრცე სხვა ოთახების ფართობის შემცირების ხარჯზე მოგვეწყო. ასევე, კიბეც არასწორად დაგეგმარდა, რადგან მოთხოვნაში მითითებული იყო კიბე-ბაქანი, დაგეგმარებაში კი – მარაოსებრი კიბე, რამაც, ცხადია, ცვლილებები გამოიწვია. ამიტომ, ყველას ვურჩევ, პროექტირების ეტაპი არქიტექტორთან ერთად დაკვირვებით გაიარონ და არავითარ შემთხვევაში არ აჩქარდნენ“.

შეცდომა #2: მუქი ფერის სამზარეულო

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მუქი ფერის სამზარეულოს მოვლა ბევრად დიდ დროსა და ენერგიას საჭიროებს, ვიდრე ღია ავეჯისა, რადგან მუქ ტონზე მარტივად ჩანს ნებისმიერი ლაქა. ნანიკო გვირჩევს, უპირატესობა ღია ფერებს მივანიჭოთ: „მუქი ფერის ავეჯი და ტექნიკა ყოველდღიურ წმენდასა და საგანგებო საშუალებებით დამუშავებას მოითხოვს, რაც თეთრი და ბაცი ფერების შემთხვევაში საჭირო არ არის. ამიტომ, თუ მუქ ფერებს შეარჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ მათი წმენდა დიდ დროს წაგართმევთ“.

შეცდომა #3: სიჩქარე ტექნიკისა და ავეჯის შეძენისას

ნანიკო გვირჩევს, პროდუქტების შეძენისას არ ავჩქარდეთ და წინასწარ შევისწავლოთ ბაზარი. შეძენამდე მანაც არაერთი მაღაზია მოიარა და სასურველი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოიკვლია, ბევრი ფიქრისა და განხილვის შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

„კარგად შეისწავლეთ მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები. არ აჩქარდეთ და პირველივე ნახვისას არ შეიძინოთ მასალა და ტექნიკა. მე, პირადად, ვათვალიერებდი ყველაფერს, შემდეგ ვიძიებდი ინფორმაციას მათი გამძლეობის, ეკოლოგიურობისა და უსაფრთხოების შესახებ. ამიტომაც მოვახერხე ხარისხიანი პროდუქტის შერჩევა. საკმაოდ იაფადაც ვიპოვე ზოგიერთი მასალა, მაგალითად, კერამოგრანიტი, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში, სხვებთან შედარებით, 40%-ით ნაკლები ღირდა“, — აღნიშნავს ნანიკო.

შეცდომა #4: არასწორად დაგეგმარებული ელექტროგაყვანილობა

ელექტროგაყვანილობა სახლში დიდ როლს ასრულებს, შესაბამისად, მისი სწორი გეგმარება თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. ჩვენი რესპონდენტის აზრით, აუცილებელია, წინასწარ გავითვალისწინოთ ელექტრობის წერტილები, რათა შემდეგ სირთულეები არ წარმოიშვას: „მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტმა ელექტროგაყვანილობის ბევრი წერტილი მონიშნა, ახლა ვხვდები, რომ ისინი მაინც არასაკმარისია. ამიტომ გირჩევთ, წინასწარ, დიდი ყურადღებით შეიმუშაოთ ელექტროგაყვანილობის გეგმა“.

შეცდომა #5: ეზოს დაგეგმარება ლანდშაფტის დიზაინერის დახმარების გარეშე

ნანიკო მიიჩნევს, რომ ეზოს დაგეგმარება ლანდშაფტის დიზაინერის დახმარების გარეშე ძალიან რთულია, რადგან ამ საქმეს საგანგებო ცოდნა სჭირდება. ჩვენი რესპონდენტის აზრით, უმჯობესია, ამაზე თანხა არ დავზოგოთ.

„გირჩევთ, ეზოს დაგეგმარება ლანდშაფტის დიზაინერს მიანდოთ, რადგან ეს შესაბამის ცოდნას მოითხოვს. პროფესიონალის ჩარევის გარეშე შეცდომები გარდაუვალი იქნება. ეზოს დაგეგმარება არქიტექტურული და დენდროლოგიური ნაწილებისგან შედგება. ჩემ შემთხვევაში ლანდშაფტის დიზაინერმა არქიტექტორულ ნაწილზე იმუშავა. ვიფიქრე, დენდროლოგიურ მხარეს თავად გავუმკლავდებოდი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბევრი მცენარე, რომელიც დავრგე, გარემოს ვერ შეეგუა და დაჭკნა. ამიტომაც, უმჯობესია, თანხა არ დაზოგოთ და პროფესიონალს მიმართოთ“, ­— გვირჩევს ნანიკო ჯორბენაძე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Es Pou – მარია კასტელო მარტინეზის პროექტი ესპანეთში

შავ-თეთრი ინტერიერის უპირატესობები და ნაკლოვანებები