in

რემონტის გამოცდილება — ხატია ცირგაიას რჩევები

დღევანდელ სტატიაში ხატია ცირგაიას რემონტის გამოცდილებას გაგიზიარებთ. ხატიას სახლს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. ბოჰო სტილის შთაგონებით შექმნილი ბინა მიმზიდველი, მყუდრო, ფერადი ინტერიერით გამოირჩევა, რაც ნებისმიერ მნახველს ხიბლავს. თუმცა საინტერესოა ის პროცესი, რამაც ამგვარი შედეგი განაპირობა. სწორედ სარემონტო სამუშაოებისას გასათვალისწინებელ ინფორმაციულ რჩევებს, პირად გამოცდილებასა და  შეცდომებს გვიზიარებს ხატია, რომელთა ცოდნაც აუცილებლად დაგეხმარებათ რემონტის წარმატებით შესრულებაში.

1. პროფესიონალთა გუნდის ჩართულობა რემონტის პროცესში  

ხატია გვირჩევს, სარემონტო სამუშაოები აუცილებლად მივანდოთ გამოცდილ, კვალიფიციურ სარემონტო ჯგუფს, რაც საქმეს საგრძნობლად შეგვიმსუბუქებს და უამრავ დროს, ენერგიასა და ხარჯებს დაგვიზოგავს. ამავდროულად, დაგვეხმარება ჩვენი ყურადღება მასალების შერჩევასა და დიზაინ გადაწყვეტილებებისკენ მივმართოთ.

„რემონტის გაკეთება სჯობს პროფესიონალთა გუნდს მივანდოთ, რომლის ხელმძღვანელთანაც დამკვეთი თითოეულ საკითხს დეტალურად განიხილავს. ამგვარი მომსახურება, საბოლოო ჯამში, არ ჯდება ძვირი და თან დიდ დროსა და ენერგიას გვიზოგავს. უდავოდ კომფორტულია, როდესაც ათას წვრილმანზე ფიქრი არ გვიწევს. ამასთანავე, გუნდის ხელმძღვანელი რემონტის დასაწყისშივე განსაზღვრავს ბიუჯეტს და წინასწარ იცით, თუ რა თანხასთან იქნება დაკავშირებული რემონტი. ამგვარად, ბინის მეპატრონე მხოლოდ სასიამოვნო საკითხებით დაკავდება, როგორებიცაა სარემონტო მასალის, იატაკს საფარისა თუ კედლის ქაღალდის შერჩევა“, — აღნიშნავს ხატია ცირგაია.

2. სარემონტო პროცესის ზედამხედველობა

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად სარემონტო ჯგუფთან თანამშრომლობისა, აუცილებელია თითოეული ეტაპის კონტროლი, რადგან შესაძლოა, ხელოსანმა უნებლიე შეცდომა დაუშვას და რაიმე დეტალი გამოეპაროს.

„მაგალითად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აბაზანაში დამოუკიდებლად ანთებულიყო ნიჟარის ზემოთ დამონტაჟებული ორი ნათურა, თუმცა ხელოსანს დაავიწყდა ეს დეტალი და ახლა ისინი ჭერის განათებასთან და გამწოვთან ერთად ირთვება, რაც ძალიან არაკომფორტულია. ამიტომ ვნანობ, თავის დროზე რომ არ გადავამოწმე. ასევე შეცდომა დავუშვი, როდესაც ელექტროენერგიის სქემატური გაყვანილობა არ ჩავინიშნე, რადგან ერთ-ერთი სანათის მონტაჟის დროს დენის ერთი სადენი გაგვიფუჭდა და ეს დენცქვიტაც, შესაბამისად, გაუქმდა“.

3. მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო აქსესუარების შერჩევა

ხატიას აზრით, თანხის დაზოგვა არ ღირს ისეთ მნიშვნელოვან მასალაზე, როგორებიცაა შემრევები, ელექტროენერგიის სადენები თუ შიდა გაყვანილობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს დეტალები თვალისათვის უხილავია, წლების მანძილზე სწორედ ისინი განსაზღვრავს ცხოვრების მთავარ კომფორტს.  უხარისხო მასალების შემთხვევაში კი შესაძლოა რემონტი თავიდან გახდეს გასაკეთებელი.

4. სახლის დიზაინის რემონტამდე განსაზღვრა

ხატია საუბრობს ინტერიერის დიზაინის მნიშვნელობაზეც, რომელიც აუცილებელია რემონტის დაწყებამდე განისაზღვროს. ასევე დასძენს, რომ იმ შემთხვევაში თუ პროფესიონალი დიზაინერის მომსახურებით არ ვსარგებლობთ, აუცილებელია თავად მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერიერის სხვადასხვა სტილსა და კონცეფციაზე, რაც თანამედროვე სამყაროში ძალიან მარტივია.

„წინასწარ უნდა ვიცოდეთ დაახლოებით რა ფერისა და სტილის ფილები ან იატაკის საფარი გვსურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღაზიაში მისულები, დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან უამრავი ნიმუშის დანახვისას, არჩევა ძალიან გაგვიჭირდება. იგივე მოხდება ავეჯის შეძენისასაც. შესაძლოა ცალკეული ნივთი მოგვეწონოს, მაგრამ სრულიად არ შეეფერებოდეს ჩვენს ინტერიერს“. 

5. აქცენტის გაკეთება ღია ფერებზე

„ვფიქრობ, ყოველთვის ოპტიმალურია აქცენტის ღია ფერებზე გაკეთება, რადგან სადა კედლებსა და ჭერს ყველანაირი სტილი მარტივად ერგება. ასევე, სურვილის შემთხვევაში, წლების შემდეგ ინტერიერის გადასხვაფერებაც გაადვილდება მხოლოდ ავეჯისა და ტექსტილის შეცვლით. მგონია, არაჩვეულებრივი იერსახე აქვს ფლიზელინის ქაღალდს, რომლის გადაღებვაც ნებისმიერ დროს მარტივადაა შესაძლებელი და თან კვალიც არ რჩება. საკუთარი გამოცდილებით გირჩევდით, თავი აარიდოთ სხვადასხვა ოთახში განსხვავებული ფერის კედელს, რადგან ამით სახლის მთლიანობა ირღვევა და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სხვა სივრცეში გადაინაცვლეთ. ასევე, თითოეული ოთახის ავეჯის სტილიც ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს.“

6. დიდი ვიტრაჟების გამოყენება

ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, უარი არ ვთქვათ დიდ ვიტრაჟებზე, რადგან ისინი ბუნებრივი სინათლის წყაროა და დღის მანძილზე ინტერიერი დიდხანს რჩება განათებული. ამასთანავე, დიდი ვიტრაჟები სივრცეს ვიზუალურად უფრო ზრდის, რადგან  ექსტერიერი, ერთგვარად, ინტერიერში იჭრება და ორი სივრცე ერთ მთლიანობად იქცევა. როგორც ხატია გვიყვება, ვიტრაჟებთან დაკავშირებით მისი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ფანჯრების მხოლოდ ერთი მხარე იღება, რაც დიდ დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ნანობს, რომ რემონტის დროს ისინი არ გამოცვალა.

7. აივნის კეთილმოწყობა 

ხატია მიჩნევს, რომ აივანი თუ ტერასა სახლის მნიშვნელოვანი ზონაა, რომელსაც ისევე სჭირდება კეთილმოწყობა და ყურადღების მიქცევა, როგორც შიდა სივრცეს.

„სამწუხაროდ, საქართველოში აივნის კეთილმოწყობის კულტურა, ევროპისგან განსხვავებით, ნაკლებადაა, თუმცა ის ჩემთვის  ერთ-ერთი მთავარი სივრცეა სახლში. მცენარეები და სწორად შერჩეული გარე ავეჯი დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.  ვფიქრობ, თუ მაცხოვრებლისთვის აივანი ერთ-ერთი პრიორიტეტული ზონაა, უმჯობესია სახლის შეძენამდე მიაქციოს ყურადღება მის მდებარეობას. საბედნიეროდ, მე გამიმართლა და ორი აივანი მაქვს. თუმცა როდესაც აღმოსავლეთის აივანზე იდეალური „ამინდია“, დასავლეთის მხარეს ქარი და და წვიმაა, ამის გამო კი იქ ვერ შევძელი მცენარეების განთავსება“.

8. ელექტრო წერტილების დამონტაჟება

ხატია გვირჩევს, სახლში მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ელექტრო წერტილები დავამონტაჟოთ, რადგან ეს ის მთავარი ელემენტია, რომელიც სახლის კომფორტს განსაზღვრავს და ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.

„არ დაზოგოთ დრო და თანხა დენცქვიტების გასაკეთებლად ყველგან, სადაც შეიძლება. ასევე არ დაგავიწყდეთ მათი დამონტაჟება აივანზეც, რადგან მაგალითად, საახალწლო განათების გაკეთება თუ მოგინდათ, დენის წყაროს გარეშე ვერ შეძლებთ. ბევრი დენცქვიტა კი საშუალებას მოგცემთ დეკორატიული სანათები, ელექტრო წერტილები, მუსიკალური საკრავები თუ ნაძვის ხე სასურველ ადგილას განათავსოთ.“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ალვარო და აანო აალტოების სახლი ჰელსინკიში, რომლის დიზაინი ათწლეულებს უძლებს

“სად შევისწავლი არქიტექტურას?” – რატომ არ უნდა დასვათ ეს კითხვა თუ მართლა არქიტექტორობა გსურთ