in

რემონტის გამოცდილება — ქეთი მეფარიშვილის რჩევები

ქეთი მეფარიშვილის საკუთარი ხელით შესრულებულ სახლის ინტერიერს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მან ბინა სრულიად დამოუკიდებლად, პროფესიონალის დახმარების გარეშე მოაწყო და სარემონტო სამუშაოები ინტერნეტის დახმარებით შეისწავლა. ამასთანავე, სახლში ავეჯისა და დეკორატიული ნივთების ნაწილი თავად დაამზადა, რის გამოც სივრცეს  სახასიათო იერი შესძინა. ამ მრავალფეროვან და შრომატევად პროცესში ქეთიმ დიდი გამოცდილება შეიძინა, რომელსაც დღეს ჩვენს მკითხველს საინტერესო რჩევების სახით უზიარებს.

1. ლამინირებული იატაკის მახასიათებლის გათვალისწინება

ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ლამინირებული იატაკის არჩევის შემთხვევაში, აუცილებელია მისი მახასიათებლების გათვალისწინება და პროდუქტის გახსნის შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლა მის დაგებამდე, რათა იატაკი არსებულ გარემო-პირობებს შეეგუოს.

„ვფიქრობ, არაფერია ნამდვილ ხის პარკეტზე უკეთესი, თუმცა ლამინირებულ იატაკზე არჩევანი მისი იერსახისა და ხელმისაწვდომობის გამო შევაჩერე. შეძენის შემდგომ არ მივაქციე ყურადღება, რომ მასალა ნატურალური ხის ბოჭკოებსა და PVC (პოლივინილ ქლორიდი) ძირს შეიცავს, რომელიც სხვადასხვა გარემო-პირობებში (როგორიცაა ტენიანობა, სითბო, ან სიცივე) ფორმას იცვლის. შესაბამისად,  შეფუთვის გახსნისთანავე იატაკი დავაგეთ. მომდევნო დღეს ზედაპირმა გაფართოება დაიწყო და ამოიბურცა, რის შემდეგაც მოგვიწია მისი დაშლა, კუთხეების ჩაჭრა კიდევ უფრო მეტად და ხელახლა მონტაჟი. ამიტომ, უმჯობესია, შეფუთული ლამინატი გახსნათ და სანამ დააგებთ, რამდენიმე დღე აცადოთ, რათა გარემო-პირობებთან ადაპტირდეს“, — გვირჩევს ქეთი მეფარიშვილი.

2. აგურის ფილების გაკვრა ღარების მეშვეობით

ქეთი გვიხსნის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი სურვილი ჰქონდა, ბუნებრივი აგურით მთელი სახლი მოეპირკეთებინა, აგურის ფილებს შორის არსებულმა ღარებმა იმაზე მეტი დრო და ენერგია წაართვა, ვიდრე ელოდა, რამაც პროცესი გაართულა და გააჭიანურა. ამიტომ ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ღარების გარეშე უფრო გაუმარტივდებოდა სარემონტო სამუშაოები და სახლის უმეტესი ნაწილის აგურით გალამაზებასაც შეძლებდა.

„ახლა რომ შემეძლოს, ღარების გარეშე წყობას ავირჩევდი, რადგან აგური წებო-ცემენტით იკვრება, ღარები კი ცალკე ივსება ცემენტისა და ქვიშის ხსნარით, რომელიც  სანამ ბოლომდე გაშრება, სპეციალური უხეში ჯაგრისით უნდა გასუფთავდეს, რათა შემდგომში მისი გაწმენდა არ გართულდეს. ამ პროცესში ცემენტი და ქვიშა ზუსტად იგივე რაოდენობით თუ არ გამოიყენეთ, ღარების ზოგიერთი ადგილი ღია შეფერილობის (სადაც ქვიშა ჭარბობს), ხოლო ნაწილი მუქი ფერის (სადაც ცემენტი ჭარბობს) იქნება. ამიტომ ამ სამუშაოზე დახარჯული დროის ნაცვლად, აგურის სხვაგვარი წყობის არჩევა ჯობდა“. 

3. მოჭიმული იატაკის დონეების გათვალისწინება

აუცილებელია, რომ წყალგაყვანილობისა და გათბობის მილები მთელს სახლში ერთ სიბრტყეზე დაიფაროს, ამიტომ, როდესაც ბინაში მოჭიმული იატაკი დასხმულია, წყალგაყვანილობისა და გათბობის მილების დამატება რთულია. ქეთი გვიხსნის მოჭიმული იატაკის დონეების მნიშვნელობას და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „საყურადღებოა სააბაზანო ნაწილი, სადაც სიფონებთან დახრა უნდა გაკეთდეს, რათა წყალს მიმართულება მიეცეს. ამიტომ ეს ზონა ცემენტის შედარებით დიდ რაოდენობას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ქვედა დონე იწევს და ე.წ. ზღურბლს ქმნის აბაზანასა და ოთახის გამყოფს შორის. სამწუხაროდ, ჩემს ბინაში უკვე ამოწეული იყო კანალიზაციის მილები, რომლის დადაბლება ვერ მოხერხდა და აბაზანაში საფეხურისებრი გადაწყვეტა მოგვიწია“.  

4. თბოიზოლაციის არსებობა

ქეთი თბოიზოლაციის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და მას უმნიშვნელოვანეს ელემენტად მიიჩნევს, რადგან ამგვარი გადაწყვეტა სივრცის ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს და კომუნალურ ხარჯებს ამცირებს.

„ბინა იმ დროს შევიძინე, სანამ სამშენებლო კომპანიებისთვის აუცილებელი გახდებოდა შენობის გარედან თბოიზოლაციის გაკეთება. ახალი რეგლამენტით ეს კომპონენტი უკვე გათვალისწინებულია, რასაც მივესალმები. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, კედლებს გარედან აუცილებლად დავათბუნებდი და კომუნალურ ხარჯებს დავზოგავდი. ამასთანავე, მინიმუმამდე დავიყვანდი ე.წ. „მტირალა ფანჯრების“ რაოდენობას, რაც უხვად გვხვდება ახალაშენებულ კორპუსებში. ამასთან დაკავშირებით, ჩემი რჩევა იქნება, რომ არ გაიყვანოთ მილები უშუალოდ აივანთან ახლოს, რადგან ცივი ბეტონის აივანი, რომელსაც დათბუნება არ გააჩნია, პირდაპირ ხვდება ცხელ მილებს და წარმოქმნის კონდენსატს. მოერიდეთ მილ-კვადრატიდან გაკეთებულ ნებისმიერ ნაკეთობასაც, რადგან ის მზეზე ადვილად ხურდება და სიცივეში იყინება. ამგვარად, აუცილებლად გადაამოწმეთ შენობის თბოიზოლაცია და არ დაინანოთ ფინანსები ამ კუთხით, რადგან კარგი თბოიზოლაცია წლების განმავლობაში საგრძნობლად შეამცირებს თქვენს ხარჯებს“.

5. საკმარისი რაოდენობის სათავსოების დაპროექტება

ქეთი ხაზს უსვამს სათავსოებისა და საგარდერობო თუ საკუჭნაო ოთახების მნიშვნელობასაც, რომლებიც სახლში მთავარ კომფორტს უზრუნველყოფს და საჭირო ნივთებისა თუ ტექნიკის შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

„მიუხედავად იმისა, რომ  კიბის ქვედა უჯრედი სრულად სათავსოებს დავუთმე, მაინც მომიწია ერთი აივნის გამოყენება, სადაც სამოგზაურო ჩემოდნები, ხელსაწყოები, კიბე, მტვერსასრუტი და ისეთი საჭირო ნივთები მოვათავსე, რომელთა ყურებაც ყოველდღიურად არასასურველია. პროექტირებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩასაშენებელი კედელი, ან უხილავი საგარდერობო ადგილები, რაც ვიზუალურად სივრცეს შეგიმცირებთ, მაგრამ შესაძლებლობას მოგცემთ, ბევრი ნივთი შეინახოთ. ადრე, ძველ კორპუსებში, თითქმის ყველგან იყო საკუჭნაო ოთახები, სადაც უამრავ ნივთს ათავსებდნენ, რაც მაშინ მიკვირდა. თუმცა, ოჯახურ ცხოვრებაში, როდესაც სამეურნეო ნაწილთან გამკლავება დამოუკიდებლად გიწევს, თითო შენახული სახრახნისიც კი გსიამოვნებს ადამიანს“, — აღნიშნავს ქეთი მეფარიშვილი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ბრტყელი გადახურვა – ყველაფერი, რაც ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ

კედრით მოპირკეთებული სახლი სიმწვანეში – Facit Homes-ის პროექტი