in

რემონტი საკუთარი ხელით — ქეთი მეფარიშვილის ინტერიერი საბურთალოზე

დღევანდელ სტატიაში ქეთი მეფარიშვილის ინტერიერს გაგაცნობთ, რომელიც საბურთალოზე, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი  140 მ2-ია. ქეთი პროფესიით მარკეტერია და ბიზნეს ადმინისტრირების მენეჯერია. მას ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, თუმცა ყოველთვის ხიბლავდა ლოფტისა და ეთნო სტილის სინთეზი. ამიტომ  საკუთარი სახლის დიზაინზეც თავად იზრუნა და პროფესიონალის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად მიაღწია სასურველ შედეგს. აღსანიშნავია, რომ ქეთიმ ყველაფერი ინტერნეტის დახმარებით თავად შეისწავლა და სახლში სარემონტო სამუშაოების თუ ავეჯის დიდი ნაწილი საკუთარი ხელით დაამზადა.

ახალი ბინის შეძენის საჭიროება უფროსი ქალიშვილის ცალკე ოთახში გადაყვანამ და ოჯახის გაფართოებამ გამოიწვია. სახლის შერჩევისას ქეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილმდებარეობა, ამიტომ უპირატესობა საბურთალოს უბანს მიანიჭა, სადაც დაიბადა და გაიზარდა. სასურველ ადგილსაც მარტივად მიაგნო და ახალაშენებულ კორპუსში ხელსაყრელ ფასად შეიძინა ფართი.

ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში იყო, შესაბამისად საჭირო გახდა ისეთი სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა გათბობის მილებისა და ელექტრო სადენების მონტაჟი, კედლების მოპირკეთება და შემდგომ უკვე დიზაინ პროექტის შედგენა. ქეთი სრულად იყო ჩართული სარემონტო პროცესში და მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, საინტერესო გადაწყვეტილებისა და გამოსავლის ძიება უწევდა, თუმცა საბოლოოდ, სწორედ ამგვარმა მიდგომამ გახადა სახლი უნიკალური და სახასიათო.

„ჩვენთვის ძალიან რთული გამოწვევა იყო სარემონტო სამუშაოების წარმოება 140 მ2-ის მქონე ბინაში, თუმცა პირველ სახლში იმდენად მწარე გამოცდილება მივიღე არაკეთილსინდისიერი ხელოსნების გამო, რომ გადავწყვიტე, YouTube-ზე მენახა აგურის, ფილებისა და ლამინატის დაგების ინსტრუქცია და ყველაფერი თავად შემესწავლა. მამაჩემი ინჟინერია, ის და მისი მეგობრები სარემონტო პროცესში მეხმარებოდნენ. ბიუჯეტი კი საკმაოდ შეზღუდული გვქონდა, ამიტომ ვერც სარემონტო ჯგუფს მივმართავდი და ვერც ძვირადღირებულ მასალებს გამოვიყენებდი. ოცნების სახლი მცირე სახსრებით უნდა გამეკეთებინა, თუმცა საბოლოოდ, შედეგი ნამდვილად ღირდა მოთმენად და გაწეულ შრომად“, — აღნიშნავს ქეთი მეფარიშვილი ჩვენთან საუბრისას.

ბინა სამი დონისგან შედგება. პირველ სართულზე დიდი მისაღები, სამზარეულო და სასადილო ზონაა მოწყობილი. მისაღები და სამზარეულო ღია გეგმარების მქონეა, სასადილო კი ნახევრად ტიხრით არის გამოყოფილი.

მეორე სართულზე განთავსებულია საძინებლები და საგარდერობო ოთახი, რომელიც დიდ ვერანდას უერთდება. აქ სამუშაოდ და მოსასვენებლად საკმაოდ კომფორტული სივრცეა მოწყობილი.

მესამე დონე კი სახურავია ბრტყელი გადახურვით, რომელიც ვერანდად გადაკეთდა და ზაფხულში გასაგრილებლად და დასასვენებლად იდეალურ გარემოს ქმნის.

ინტერიერი ლოფტის სტილშია გადაწყვეტილი, ამიტომ მრავალფეროვნებითა და სხვადასხვა მასალის სინთეზით ხასიათდება. სივრცე უმეტესად ხითაა მოპირკეთებული, რომელსაც ბეტონის ჭერი და განსხვავებული დიზაინის კედლები ამშვენებს. არცერთი კედელი ერთნაირი არ არის, ზოგი აგურითაა მოწყობილი, ნაწილზე შპალერია გაკრული, ნაწილი კი შეღებილია. ამგვარმა გადაწყვეტამ, ერთი მხრივ, სრულად დაფარა რემონტის ნაკლოვანებები, მეორე მხრივ კი სიმყუდროვე და სიხალისე შემატა სახლს.

სივრცე ლოფტის სტილის შესაბამისად, ღია გეგმარებისაა, თუმცა ზონირება ავეჯის, ტიხრებისა და დეკორატიული ელემენტების სახითაა განხორციელებული. შესაბამისად, მაცხოვრებლებისთვის კომფორტული სივრცეა შექმნილი როგორც სამუშაოდ, ასევე დასასვენებლად და გასართობად.

„ჩემთვის მყუდროება ბავშვობის წლებთან ასოცირდება, უშუქოდ რომ ვისხედით მთელი ოჯახი ერთ ოთახში გასათბობად, სამეცადინოდ, სასადილოდ თუ გასართობად. ამიტომ ამ სახლშიც ერთ სივრცეში გავაერთიანე ფუნქციური ზონები და ინტერიერი ისე მოვაწყვე, რომ ჩემი ბავშვობა გამეცოცხლებინა“, — გვიყვება ქეთი.

ლოფტის სტილის დიზაინს განსაკუთრებით უხდება ფერადი რადიატორები, ამიტომ ქეთიმ და მისმა ოჯახმა თეთრი პანელური რადიატორები შეიძინეს და სასურველ ფერად შეღებეს. მისაღებში მდგარი ტელევიზორის სადგამიც პოსტსაბჭოთა დროინდელი “ვიტრინაა”, რომელიც გადაიჭრა და შეიღება.

წიგნის თაროები და ხალიჩებიც ძველებურია, ქეთის ბავშვობის დროინდელი, რაც ნოსტალგიურ განწყობას აღძრავს. საინტერესოა დეკორატიული განათებაც, რომელიც ჩვეულებრივი ხის მორისგან, ნათურებისა და სადენებისგან ხელითაა შექმნილი.

ინტერიერს საოცრად უხდება ტრადიციული, ეთნო შტრიხებიც, რაც თიხის ლარნაკებისა დაა ქვევრების დამატებით მიიღწევა. სახლი საინტერესო აქსესუარებითა და ობიექტებითაა გაფორმებული, მათ შორის აღსანიშნავია ძველებური ჩემოდნები, რომლებიც მოსასვენებელ ზონაში, ტახტთანაა მოთავსებული.

შეზღუდული თანხებიდან გამომდინარე, სამზარეულოს ავეჯი სრულად ფანერისგანაა აწყობილი. ხისფერი და ნაცრისფერი ტონალობა კი ფერადი ფილებითაა დაბალანსებული, რაც ამ ნაწილს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს.

სასადილოში გვხვდება მწვანე ფერის კედლები, აქსესუარები და მასიური სარკე. მცირე ბიუჯეტის გამო, მაცხოვრებლებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ავეჯი. მაგალითად, მაგიდები ხის ზედაპირისგანაა გაკეთებული, სკამები კი სათითაოდაა შეძენილი.

აღსანიშნავია კიბის ნაწილიც, რომლის კედელი ფერადი პრინტითაა მოპირკეთებული, კიბის ქვეშ კი ტევადი ხის სათავსოებია მოწყობილი.

საძინებლებში განსხვავებული და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს. ერთ მათგანში საინტერესოდაა გამოყენებული აგურის ელემენტები და პანელები, მეორე კი შედარებით მინიმალისტური და სადა ინტერიერით ხასიათდება, სადაც მიმზიდველი შპალერი ორგანულად ეხამება მწვანე ფერის კედლებს.

ქეთი მეფარიშვილის სახლში ლოფტის სტილისა და ძველებური ელემენტების სინთეზი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რასაც ხელნაკეთი ავეჯი თუ დიზაინობიექტები ორიგინალურობასა და ინდივიდუალურობას სძენს. პროექტი იმითაა განსაკუთრებული, რომ ბინაში ყველაფერი ქეთისა და მისი ახლობლების მიერაა შესრულებული, ბიუჯეტური მასალებითა და საინტერესო გადაწყვეტილებით კი სახასიათო ატმოსფერო მიიღება, რაც მნახველის აღფრთოვანებას იწვევს. სივრცე წარსულის მოგონებებსაც იტევს და ახალი შთაგონებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის, რაც საერთო ჯამში, მყუდრო და გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს განაპირობებს.

გამოყენებული მასალები

სამზარეულოს ავეჯი: ფანერის მასალა — „Eco Wood“

იატაკის საფარი: „გორგია“

აბაზანის ფილები: „გორგია“

კედლის მოპირკეთება: საღებავი — „Caparol“

განათება: „Brand R“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ბიოკლიმატური პრინციპების გათვალისწინებით შექმნილი ვილა ვიეტნამში – Kanopea Architecture Studio-სა და T3 ARCHITECTS-ის პროექტი

5 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც დიზაინერებმა წელს ახალი ტონალობებით ჩაანაცვლეს