in

რემონტის გამოცდილება: ნატუკა ბაღაშვილის რჩევები

ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა ნატუკა ბაღაშვილმა საკუთარი ბინა დიზაინერის დახმარების გარეშე, თავად მოაწყო. მას სახლი „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში ჩაბარდა, თუმცა სარემონტო სამუშაოების დროს  ბინის გეგმარებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი და სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა, ნატუკამ სასურველი შედეგის მიღება შეძლო და ინტერიერიც თავისი წარმოდგენების მსგავსად მოაწყო. დღეს ის ჩვენს მკითხველს რემონტთან დაკავშირებულ  გამოცდილებს უზიარებს და საინტერესო რჩევებს გაგვაცნობს.

1. განათების სწორად შერჩევა

ნატუკა ჩვენს მკითხველებს ურჩევს, დიდი ყურადღება მიაქციონ განათების სწორად შერჩევას, რადგან ეს ელემენტი სახლში მთავარ განწყობას ქმნის და ბინის ხასიათს განსაზღვრავს. თბილი ან ცივი ნათების დროს მნიშვნელოვანია ზონების ფუნქციისა და დანიშნულების გათვალისწინება, რადგან სწორედ განათება გვეხმარება, როგორც კონცენტრაციის მობილიზებაში, ასევე დამშვიდებასა და დასვენებაში. ნატუკას თქმით, აუცილებელია სანათების დიზაინის ფრთხილად შერჩევაც, რადგან ისინი პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, დეკორატიულ ფუნქციასაც ითავსებს და სახლს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს.

2. ელექტრო წერტილების სწორი გადანაწილება

ჩვენი რესპონდენტის აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ როზეტებისა და ჩამრთველების სწორად გადანაწილებას და საკმარისი რაოდენობის ელექტრო წერტილების განსაზღვრას, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი დიდ როლს ასრულებს, მათი სიმცირე და არასწორი განლაგება კი დიდ დისკომფორტს გვიქმნის. ამიტომ, სასურველია, წინასწარ მოხდეს ელექტრო წერტილების გეგმარება და რემონტის დაწყებამდე ინტერიერის ძირითადი დეტალების გადაწყვეტა, რათა შემდგომში  ჩამრთველებისა და როზეტების სიმცირის გამო, პრობლემები არ შეგექმნათ.

3. კარნიზების სწორი მონტაჟი

ნატუკა გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას კარნიზებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ერთი შეხედვით მცირე დეტალი — კარნიზები ძალიან დიდ როლს თამაშობს ინტერიერში. ის გვიხსნის, რომ კარნიზების მონტაჟისას გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, თუ რამდენი ფარდის განთავსება გვსურს  საკიდზე და როგორი იქნება მათ შორის დაშორებები. ელექტროკარნიზების შემთხვევაში კი ჭერსა და კედელზე აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს შესაბამისი ადგილი, ძელისთვის საჭირო ზომები და ელექტრო წერტილები.

4. ვიტრაჟულ ბინაში გათბობის საკმარისი რაოდენობის გათვალისწინება

ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს ვიტრაჟებიანი სივრცის შემთხვევაში, გათბობის სისტემების საკმარისი რაოდენობის მნიშვნელობაზე, რადგან ასეთ დროს თბოდანაკარგი საკმაოდ დიდია, შესაბამისად, სივრცის სრულად გასათბობად გათბობის ქვაბის დატვირთვით მუშაობა და რადიატორების შესაბამისი რაოდენობაა საჭირო. ამიტომ სანამ გათბობის მონტაჟს დაიწყებთ, წინასწარ განსაზღვრეთ თქვენს სახლში თბოდანაკარგის რაოდენობა, რათა მომავალში ზამთრის პერიოდში დისკომფორტი არ შეგექმნათ.

5. მარტივად გადაადგილებადი ავეჯის გამოყენება

როგორც ნატუკა აღნიშნავს,  მას მოსწონს ინტერიერის ხშირი ცვლილება და სივრცის გადახალისება, ამიტომ უპირატესობას მარტივად გადაადგილებად ავეჯს ანიჭებს. ასეთი დიზაინობიექტების გამოყენებით ადვილია ბინის გადაკეთება და ინტერიერის შეცვალა, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე, ეს კი სივრცეს მუდმივად მრავალფეროვან და საინტერესო იერს უნარჩუნებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა სიმაღლეზე უნდა დაყენდეს როზეტები ? – მარტივი გზამკვლევი

ოთახის 5 მცენარე, რომლებსაც ინტერიერის დიზაინერები ყველაზე აქტიურად იყენებენ საკუთარ პროექტებში