in

რემონტის შეცდომები — ციცი ჭკადუას გამოცდილება

ციცი ჭკადუამ საკუთარი ბინა თავად მოაწყო და ინტერიერის დიზაინზეც იზრუნა. მან წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას და შედეგით კმაყოფილია, თუმცა დღეს რემონტის შეცდომებთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებს გვიზიარებს და საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება, რათა  უფრო ეფექტური და უმტკივნეულო გავხადოთ ეს პროცესი.

შეცდომა #1: ჩაშენებული შემრევების არასწორი გეგმარება

ციცი გვირჩევს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ჩაშენებულ შემრევებს და მათი გეგმარება წინასწარ განვსაზღვროთ, რადგან შემდგომში  გარკვეული ცვლილება დიდ სირთულეებთან და ხარჯებთან  იქნება დაკავშირებული: „ჩაშენებული შემრევების სწორი გეგმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის აქსესუარია, რომლის ჩაშენებაც რემონტის ადრეულ ეტაპზე ხდება და მოგვიანებით მისი შეცვლა უამრავ დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, რამდენიმე სანტიმეტრის უზუსტობამაც კი შესაძლოა, ნიჟარის ძალიან მაღლა ან ძალიან დაბლა დამონტაჟება გამოიწვიოს. ასევე, იმ კედლებზე, სადაც ონკანია ვეღარ შეძლებთ დიზაინის გადაკეთებას ან სარკისა თუ სხვა აქსესუარების ადგილმდებარეობის შეცვლას. ამიტომ ყურადღებით იყავით ჩაშენებული შემრევების ინსტალაციისას და საგულდაგულოდ შეარჩიეთ ადგილი“.

შეცდომა #2: ტექნიკის ზომისა და ადგილის გაუთვალისწინებლობა

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ისეთი ტექნიკისთვის, როგორიცაა მაგალითად, მაცივარი და სარეცხის მანქანა, აუცილებელია შესაბამისი ადგილის საგანგებოდ შერჩევა, განსაკუთრებით მცირე ფართის მქონე ბინაში, რათა მაქსიმალურად მოვარგოთ ტექნიკა სივრცეს და მისი მოხმარება კომფორტული გავხადოთ.

„ამ პუნქტის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ფართობის მქონე სივრცეში. შეძლება წინასწარ გავთვალოთ ტექნიკის ზომა და ზუსტად იმდენი სანტიმეტრი/მეტრი გამოვყოთ, რა ზომისაცაა დანადგარი, თუმცა ამ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს კარის არსებობა. მაგალითად, მაცივრის შემთხვევაში, დაახლოებით 10-20 სმ-ით მეტი ადგილი უნდა ვივარაუდოთ, რათა კარის გაღება თავისუფლად მოხერხდეს, ან ისეთი მაცივარი შევიძინოთ, რომელსაც კარი რამდენიმე მიმართულებით ეღება, რათა მისი გამოყენება პრობლემური არ იყოს“, — აღნიშნავს ციცი.

შეცდომა #3: წერტილოვანი განათების არასწორი გადანაწილება

ციცი ამ შემთხვევაშიც განათების სწორ გეგმარებაზე საუბრობს და  ფუნქციური და მოსახერხებელი სივრცის შესაქმნელად მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ზოგადად, სწორი განათება დიზაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ვფიქრობ, წერტილოვანი განათების შემთხვევაში ძალიან მარტივია შეცდომების დაშვება. ამიტომ აუცილებელია წინასწარი ნახაზის შედგენა და ჭერზე წერტილების ზუსტად გამოთვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მიიღოთ ძალიან ცუდად განათებული სამზარეულო, სადაც სამუშაო მაგიდის ზედაპირი ან სხვა მნიშვნელოვანი ადგილები არ განათდება“.

შეცდომა #4: საღებავის ფერის არასწორი შერჩევა

ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ რემონტის მიმდინარეობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საღებავის წინასწარ გამოცდას და სივრცისთვის მოხდენას, რადგან სხვადასხვა განათების პირობებში, მან შესაძლოა სრულიად განსხვავებული სახე მიიღოს.

„ეს თითქოს უმარტივესი პროცესია, რადგან წინასწარ იცით, რომელი ფერის კედელი გსურთ. თუმცა არსებობს კონკრეტული ფერის უამრავი ტონი. შესაძლებელია შერჩეული ტონალობა თქვენს კედელზე სხვანაირად გამოჩნდეს. ამიტომ გირჩევთ, ყოველთვის ჯერ პატარა შეფუთვის საღებავი შეიძინოთ და დატესტოთ, ამის შემდეგ კი მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება“.

შეცდომა #5: ხელოსნების ბრმად მინდობა

ციცის აზრით, რემონტის დროს გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა შესაძლებელია, ამიტომ თუ ხელოსანი კონკრეტულ დავალებას შეუძლებლად მიიჩნევს, ციცი გვირჩევს, ფარხმალი არ დავყაროთ და უკეთ გავერკვეთ ამ საკითხში, რადგან ხელოსნები, შესაძლოა, ცდებოდნენ. „თუკი რემონტს პროფესიონალი დიზაინერის დახმარების გარეშე აკეთებთ, გირჩევთ, კარგად შეისწავლოთ რემონტის შემადგენელი ძირითადი ასპექტები, თეორიული მხარე მაინც. ხელოსნებს უამრავი კითხვა დაუსვათ და ყოველთვის არ დაუჯეროთ, როდესაც რაღაცაზე უარს გეუბნებიან. იყავით კრეატიულები და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან არასტანდარტული გამოსავალი ეძებეთ. ასევე, კარგად გაერკვიეთ სარემონტო მასალების ბაზარში და ხარისხიანი პროდუქცია შეიძინეთ“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

შვედური აპარტამენტი მოვარდისფრო ტონებში

„Forarchitects.ge“ – ქართულ ბაზარზე არქიტექტურული მომსახურების ღირებულების საანგარიშო პლატფორმა გამოჩნდა