in

რემონტის გამოცდილება: მარიამ ბოჭორიშვილის რჩევები

დღევანდელ სტატიაში მარიამ ბოჭორიშვილის რემონტის გამოცდილებას გაგიზიარებთ. მისი ფრანგული და ესპანური სტილით შთაგონებული ბინის ინტერიერი მარიამმა დიზაინერის გარეშე, თავად მოაწყო. დღეს კი ის საკუთარ გამოცდილებასა და იმ შეცდომებზე გვესაუბრება, რომელთა გათვალისწინებაც სარემონტო პროცესში სხვა მაცხოვრებლებს აუცილებლად დაეხმარება.

„სარემონტო სამუშაოების დაწყება საკმაოდ ამაღელვებელი და დამღლელი პროცესია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროფესიონალების დახმარების გარეშე აპირებთ ამ ყველაფერს. ამიტომ შევეცდები, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ის დაშვებული შეცდომები თუ სწორი გადაწყვეტილებები გაგაცნოთ, რომლებიც მთელი პროცესის განმავლობაში მეხმარებოდა“, — მარიამ ბოჭორიშვილი.

ოთახის რეალური ზომების სწორად აღქმა

მარიამი გვიხსნის, რომ რემონტის მიმდინარეობისას, როდესაც პროფესიონალი არ გეხმარება, რთულია, ზუსტად შეაფასო ოთახის ზომები და სასურველი კუთხეების განლაგება განსაზღვრო. სწორედ ამის გამო, ჩვენმა რესპონდენტმა საგარდერობო ზონა ცალკე არ გამოყო და მის ნაცვლად ჩაშენებული კარადა დაამონტაჟა. ახლანდელი გადმოსახედიდან თვლის, რომ უმჯობესი იქნებოდა ოთახი ორ ნაწილად გაეყო.

„ სივრცის სწორი აღქმა და მისი დაგეგმარება გამოუცდელი თვალისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. საძინებელში ვფიქრობდი საგარდერობო ოთახი არ დამეტეოდა, ამიტომაც არჩევანი ჩაშენებულ კარადაზე შევაჩერე. შედეგად გაშლილი, ნათელი საძინებელი გამოვიდა, მაგრამ დღეს, როცა დასრულებულ ოთახს უკვე სხვა თვალით ვუყურებ ვფიქრობ, განლაგების შეცვლის შემთხვევაში საძინებლის ორად გაყოფაც შეიძლებოდა“. 

ფერების თამამად თამაში

რადგან მარიამს აქამდე სარემონტო გამოცდილება არ ჰქონდა, ამის გამო ვერ გადადგა თამამი ნაბიჯები და მრავალფეროვან ინტერიერს სადა ტონები ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შედეგით კმაყოფილია, ახლა ფიქრობს, რომ ფერების თამაშით უფრო საინტერესო ინტერიერს მიიღებდა.

„რემონტს თავიდან რომ ვიწყებდე, სააბაზანოში ფერებით მეტს ვითამაშებდი. იმის გამო, რომ სარემონტო გამოცდილება არ მქონდა და არც რენდერები გამიკეთებია სადაც საბოლოო სურათს დავინახავდი, ფისტას ფერის კედლებს ნეიტრალური ტონალობის ფილა შევუხამე. ფილების არჩევის პროცესში ძალიან მომეწონა კონტრასტული ფერის ფილები, თუმცა საბოლოოდ, სადა პალიტრაზე შევაჩერე არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, შემეძლო მეტი სითამამე გამომეჩინა “, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

სიმყუდროვისა და მიმზიდველი ინტერიერის შექმნა სწორი დეტალებით

სახლში მყუდრო და მიმზიდველი ინტერიერის შესაქმნელად მარიამი დიდ მნიშვნელობას განათებას ანიჭებს, რაც მთავარ განწყობას ქმნის და განსხვავებულ სივრცეებს სახასიათო ატმოსფეროს სძენს. ასევე, ის ხაზს უსვამს სარკეების როლს ოთახის მოცულობის გასაზრდელად და გვირჩევს, ავეჯი თუ დეკორატიული ელემენტები საერთო ინტერიერის გათვალისწინებით შევარჩიოთ.

„სახლში უდიდეს სიმყუდროვეს ქმნის სწორად გადანაწილებული განათება. მაგალითად, სამზარეულოში აუცილებელია იყოს ნათელი, ინტენსიური განათება, მისაღებში კი უმჯობესია დაბალი განათების გამოყენება, რათა საღამოს ბევრად უფრო მყუდრო და წყნარი გარემო შეიქმნას. ასევე, გირჩევდით, თუ დიდი სივრცე არ გაქვთ, გამოიყენოთ სარკეები, რომლებიც ოთახის მოცულობას გაზრდის. შემდეგი ნაბიჯი  სწორად შერჩეული ავეჯია, რომელიც ფერისა და ზომის მიხედვით უნდა შეიძინოთ და ინტერიერს მიუსადაგოთ“.

ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა და დროის მენეჯმენტის დარეგულირება

მარიამი გვირჩევს, თავიდანვე ზუსტად განვსაზღვროთ ბიუჯეტი და გავითვალისწინოთ ის მოულოდნელი ხარჯები, რომლებიც შესაძლოა, რემონტის პროცესში წარმოიქმნას. ამით თავს დავიზღვევთ მოსალოდნელი სირთულეებისგან და დაუგეგმავ სიტუაციებს მარტივად გავუმკლავდებით. ასევე, გასათვალისწინებელია დროის მენეჯმენტის დარეგულირებაც, რაც ხშირად მოსალოდნელზე მეტ დროს საჭიროებს და პროცესის გახანგრძლივებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, რეკომენდებულია სწორად განვსაზღვროთ ვადები და მზად ვიყოთ მოულოდნელი შეფერხებებისთვის.

ხარისხიანი მასალები და ჭკვიანი სახლის ინტეგრაცია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

„მაღალი ხარისხის მასალებში ინვესტიცია მიმზიდველად არ ჟღერს, თუმცა საბოლოოდ, ეს არის ერთ-ერთი გზა ფულის დასაზოგად სამომავლოდ, რადგან ამ შემთხვევაში გარანტირებული გაქვთ, რომ პროდუქტი ხანგრძლივად მოგემსახურებათ და დიდი ხანი მისი შეცვლა არ დაგჭირდებათ“, —  ამბობს მარიამი.

ის ასევე ხაზს უსვამს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და „ჭკვიანი სახლის“ ინოვაციის მნიშვნელობას, რაც უპირველესად, საცხოვრებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და  მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მობინადრეებს.

თვითგამოხატულება

მარიამი მოგვიწოდებს, თამამად გამოვხატოთ საკუთარი თავი ინტერიერში და მცირე დეტალებით საკუთარ პიროვნებას გავუსვათ ხაზი, რაც სივრცეს ინდივიდუალურ, ორიგინალურ შტრიხებს შემატებს და უფრო “ახლობელს” გახდის საცხოვრებელს.

„ნუ შეგეშინდებათ თქვენი პიროვნების დიზაინში გამოჩენის. გამოიყენეთ უნიკალური ნივთები, ნამუშევრები და პირადი შტრიხები, რომლებიც თქვენს სტილს, ხასიათსა და ინტერესებს ასახავს“, — მარიამ ბოჭორიშვილი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროეტირების კულტურის ფორმირება საქართველოში – გიორგი გოგავას ხედვა

4 კომპანია საქართველოდან, რომლებიც იატაკის მოჭიმვაში დაგეხმარებათ