in

ფრანგული და ესპანური სტილით შთაგონებული ბინა თამარაშვილზე — მარიამ ბოჭორიშვილის ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში მარიამ ბოჭორიშვილის ბინას გაგაცნობთ, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 89 მ2- ს შეადგენს. მარიამი მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობს. მას  ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, თუმცა ყოველთვის ხიბლავდა ინტერიერის ჟურნალებისა და ფოტოების თვალიერება. ამიტომ საკუთარი ბინის დიზაინზე პროფესიონალის დახმარების გარეშე, თავად იზრუნა და კონცეფციაც დამოუკიდებლად შეიმუშავა.

ჩვენმა რესპონდენტმა საცხოვრებელი მშენებარე მდგომარეობაში შეიძინა, ყველაზე მეტად კი ირგვლივ არსებული სიმწვანითა და სიმშვიდით მოიხიბლა.

მარიამის გადაწყვეტილებით, სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა სახლის თავდაპირველი გეგმარება. შედეგად კი ორი საძინებლის ნაცვლად, ბინაში ერთი საძილე ოთახი, დიდი მისაღები და იზოლირებული სამზარეულო განთავსდა, რამაც საკმაოდ ვრცელი და ერთმანეთისგან გამიჯნული სივრცეები წარმოქმნა.

დიზაინის შექმნისას მნიშვნელოვანი იყო მყუდრო და კომფორტული საცხოვრებლის მიღება, სადაც ფერები დამღლელი და მოსაბეზრებელი არ იქნებოდა. ამასთანავე, მაცხოვრებელს სურდა, სივრცეში ესპანური და ფრანგული სტილი შემოეტანა და სადა, დახვეწილი ინტერიერი მოეწყო.

მისაღები ოთახი ნაზი და ელეგანტურია. მუქი ფერის იატაკის საფარი ჰარმონიულად ეხამება ღია ტონალობის კედლებს, რომლებზეც მოლდინგებია გამოყვანილი. კლასიკური შტრიხები ფრანგულ განწყობას ქმნის, ფერად აქცენტებს კი ესპანური სტილისთვის დამახასიათებელი შტრიხები შემოაქვს.

ყურადღებას იქცევს საინტერესო ფორმის ფერადი ჭაღი, რომელიც მსგავს ფერთა გამაში შესრულებულ ხალიჩის დიზაინს ეხმიანება და ინტერიერს აცოცხლებს. ასევე აღსანიშნავია კედელზე გამოყვანილი თაროები, რომლებიც სათავსოსთან  ერთად, დეკორატიულ როლსაც ითავსებს და ინტერიერს ალამაზებს.

მოსასვენებელ კუთხეში თეთრი კომფორტული ტახტი და დახვეწილი, მიმზიდველი ფორმის სავარძელია მოთავსებული, რომელიც კლასიკურ და თანამედროვე შტრიხებს სძენს სივრცეს. კედლის ერთი ნაწილი სრულად კარადებით არის დაფარული, რომელზეც სარკეებია დატანილი, რაც სივრცის მოცულობას ვიზუალურად ზრდის.

გამორჩეული კუთხეა სასადილო ზონა, ოვალური ფორმის შავი სასადილო მაგიდითა და ორიგინალური დიზაინის სკამებით, რომლებიც ბინას გრაციოზულობასა და სისადავეს მატებს.

სამზარეულოში, რომელიც ტიხრითაა გამიჯნული, კლასიკური, ფრანგული სტილი იგრძნობა. ოქროსფერი დეტალებით, ცისფერი ავეჯითა და შავ-თეთრი ფილებით მიმზიდველი ეფექტი მიიღება, რაც ოთახში განსაკუთრებულ ატმოსფეროს  ქმნის.

ესპანურისა და ფრანგული ელემენტების საინტერესო ნაზავი გვხვდება საძინებელშიც. კედლის მოლდინგები და აგურისფერი ელემენტები ოთახს სიხალისეს სძენს. დეკორატიული სანათებისა და საწოლის ფერთა შეხამება კი სასიამოვნო განწყობას განაპირობებს. სივრცეში საძილე ზონასთან ერთად, მოწყობილია საგარდერობო კუთხეც, რომელიც თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი.

სააბაზანო სადა ინტერიერით ხასიათდება. თეთრ კედლებსა და ფილებს კონტრასტულად ერწყმის მუქი ფერის იატაკი და ზეთისხილისფერი ელემენტები, რომლებიც ოთახს სინაზეს მატებს. ყურადღებას იქცევს საშხაპე მინები, რომლებსაც არასტანდარტული ოვალური ფორმა აქვთ.

მარიამ ბოჭორიშვილის ინტერიერი მნახველის ყურადღებას დახვეწილობით, სისადავითა და კლასიკური ესთეტიკით იქცევს. ფრანგული და ესპანური სტილისტიკის საინტერესო სინთეზი საცხოვრებელს  მომხიბვლელობასა და სახასიათო იერს სძენს. ამავდროულად, ბინა საკმაოდ მყუდრო, კომფორტული და ერგონომიულია, რაც გეგმარებითი გადაწყვეტილებისა და დიზაინ კონცეფციის დამსახურებაა, რომელშიც მაცხოვრებლის გემოვნება და ხასიათი მკაფიოდ იგრძნობა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ბინა გასაქირავებლად არის გამოტანილი. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია განცხადების ბმულზე.

გამოყენებული მასალები:  

იატაკის საფარი: „კაფელის სახლი“; „იდეალი“

აბაზანის ფილები: „კაფელის სახლი“

კედლის მოპირკეთება: „კაპაროლი“

განათება: „ახალი ნათება“; „Love Frankie“;  „Lighting by Natia Dalakishvili“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

საშხაპე ტრაპი — ტიპები, მახასიათებლები და შერჩევა

მომხიბლავი შვედური ბინა კოტეჯის სტილის ინტერიერით