in

საშხაპე ტრაპი — ტიპები, მახასიათებლები და შერჩევა

თუ სააბაზანოში შხაპის დაყენებას გადაწყვეტთ, ან მზა, ჰერმეტულად დალუქული კაბინა უნდა შეიძინოთ, ან თავად მოაწყოთ საშხაპე. პირველ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა — ბაზარი  საშხაპე კაბინების დიდ არჩევანს გთავაზობთ, მეორე შემთხვევა კი უფრო რთულია. დღეს სწორედ მის შესახებ ვისაუბრებთ.

კონსტრუქციის მახასიათებლები

საშხაპე ტრაპი სანტექნიკის კონსტრუქციაა, რომელიც აბაზანის იატაკზეა დამონტაჟებული. მისი გავლით წყალი საშხაპიდან კანალიზაციაში ჩაედინება. საშხაპე ტრაპის შემადგენელი ნაწილებია:

  • კორპუსი;
  • მილი, რომლის საშუალებითაც დაბინძურებული წყალი საშხაპიდან გაედინება;
  • სიფონი ჩამკეტით, რომელიც კანალიზაციის უსიამოვნო სუნს აქრობს;
  • ნახვრეტები, რომლებიც ტრაპში სხვადასხვა საგნის მოხვედრას უშლის ხელს.

რა არის ტრაპის ფუნქცია?

  • მისი საშუალებით გამდინარე წყლები მთავარ სანიაღვრე არხში ჩაედინება;
  • სანიაღვრე სისტემაში არ უშვებს ბინძურ ნარჩენებს, რაც ხელს უშლის სისტემის გაჭედვას;
  • ჰერმეტულად უკავშირდება იატაკის მოპირკეთების გადაბმებს;
  • სივრცეს იცავს კანალიზაციის უსიამოვნო სუნისგან;
  • მისი მეშვეობით სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებაა შესაძლებელი, იმ შემთხვევაში, თუ მასში რამე გაიჭედება;
  • ტრაპი საავარიო სადინარია, რომლის არსებობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სააბაზანოში მეზობლისგან წყალი ჩამოდის.

საშხაპე ტრაპის უპირატესობები და ნაკლოვანებები

უპირატესობები:

  • ზომისა და განლაგების შესაძლებლობის დიდი არჩევანი — საშხაპე კაბინა შეიძლება ნებისმიერი ზომის იყოს;
  • სააბაზანოში სივრცეს ვიზუალურად აფართოებს;
  • ქმნის საშხაპის არასტანდარტულ ადგილას დამონტაჟების შესაძლებლობას;
  • აქვს თანამედროვე დიზაინი;
  • საშხაპის დასუფთავებას ამარტივებს.

ნაკლოვანებები:

  • ზოგიერთი მოდელი ძვირია;
  • რთულ მონტაჟს გამოცდილი სპეციალისტი სჭირდება.

კონსტრუქციები

კონსტრუქციის მიხედვით, ტრაპები შეიძლება რამდენიმე ტიპად დაიყოს:

  • ხაზოვანი — მისი დამონტაჟება, სხვა სახეობებთან შედარებით, უფრო მარტივია: იატაკი მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა დაიხაროს, რადგან ტრაპი დამონტაჟებულია გვერდებზე, კედლის გასწვრივ, კუთხეში ან გასასვლელში.

  • წერტილოვანი — ყველაზე კომპაქტურია და შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ წერტილში. ამ ტიპის ტრაპს ხშირად ცენტრში ამონტაჟებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იატაკი ყველა მხრიდან ერთ დონეზე იყოს დახრილი. წერტილოვანი ტრაპები განთავსებულია არა მხოლოდ შხაპის ქვეშ, არამედ სააბაზანო ოთახის ცენტრშიც, რათა, სანტექნიკის სისტემის დაზიანების შემთხვევაში, წყლის გადინება უზრუნველყოს.

  • კუთხოვანი — საშხაპის ნებისმიერ კუთხეში მონტაჟდება.

  • კედლის — მონტაჟდება კედელთან და ყველაზე შეუმჩნევლად ითვლება. ამ მოდელის გამოსაყენებლად “ყალბი” კედლის აშენება დაგჭირდებათ.

ფორმის მიხედვით:

  • მართკუთხა — ასეთია ხაზოვანი ტიპის ტრაპი;
  • მრგვალი, კვადრატული, სამკუთხა — ასეთი შეიძლება იყოს წერტილოვანი ტრაპი;
  • ოვალური — იშვიათი და ნაკლებად პოპულარულია.

კვადრატული და მართკუთხა მოდელები უფრო გავრცელებულია, რადგან მათთვის დამახასიათებელი მარტივი ფორმები იატაკში ადვილად თავსდება.

ძირითადი რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, ტრაპის შერჩევისას შეცდომები თავიდან აირიდოთ.

  • უპირველესად, ყურადღება მიაქციეთ ტრაპის გამტარუნარიანობას, ანუ სითხის იმ მოცულობას, რომლის გადინებაც მას დროის ერთეულში შეუძლია. სახლის საშხაპეებში, რომლებიც ხშირად გამოიყენება და წყლის ნაკადიც დიდია, რეკომენდებულია ლითონის ან პლასტმასის ხაზოვანი ტრაპების დამონტაჟება. მცირე საშხაპეებში, რომლებსაც კვირაში 1-2-ჯერ მოიხმარენ, სასურველია, განთავსდეს პლასტმასის ან ფოლადის ტრაპები მშრალი ჩამკეტით.
  • ყურადღება მიაქციეთ მასალას, რომელიც აუცილებლად მდგრადი, გამძლე უნდა იყოს და იატაკის საფარს მარტივად ერგებოდეს.
  • მნიშვნელოვანია კანალიზაციის მილის მიმართულება. მისი ვერტიკალური გადაბმა უფრო კერძო სახლებისთვისაა განკუთვნილი, ჰორიზონტალური კი ყველაზე მრავალმხრივ ვარიანტად მიიჩნევა და საცხოვრებელ კორპუსებში გამოიყენება.
  • ყურადღება მიაქციეთ მილების ზომებს. გადაბმისას დიამეტრები ერთმანეთს იდეალურად უნდა მოერგოს.
  • სტრუქტურის არც ერთ ნაწილს არ უნდა ჰქონდეს ბზარი ან ნაკაწრი.
  • ზოგიერთი ტრაპი იწყობა — ეს ვარიანტი ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ამ შემთხვევაში, სანიაღვრე მილის გაჭედვის დროს, შეგიძლიათ, მხოლოდ ზედა ნაწილი ამოიღოთ და ამგვარად გაწმინდოთ სისტემა.
  • თუ ტრაპს აგარაკის სააბაზანოში ამონტაჟებთ, გამოიყენეთ ისეთი მოდელი, რომელიც დამატებითი მექანიკური ჩამკეტითაა აღჭურვილი. ასეთ ტრაპზე სიცივე არ მოქმედებს.
  • ტრაპის შერჩევისას მისი სიმაღლეც უნდა გაითვალისწინოთ. ამაზეა დამოკიდებული, რამდენი სანტიმეტრით მოგიწევთ იატაკის სიმაღლის აწევა და დახრის დონის კორექტირება. რაც უფრო მაღალია კონსტრუქცია, მით მეტ წყალს ატარებს წუთში. კონსტრუქციები სიმაღლის რეგულირებადი კორპუსით ყველაზე პრაქტიკულ ვარიანტად მიიჩნევა.
  • არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მოდელის იერსახე. იდეალური ტრაპი ჰარმონიულად ერწყმის სააბაზანოს ინტერიერს, იატაკის ფერსა და ზომას.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

Maija lamp – ილმარი ტაპიოვაარას მიერ შექმნილი სანათის დიზაინი

ფრანგული და ესპანური სტილით შთაგონებული ბინა თამარაშვილზე — მარიამ ბოჭორიშვილის ინტერიერი