თანამედროვე სამყაროში გათბობის ერთ-ერთი დაწინაურებული სისტემა წყლის “თბილი იატაკებია.” ეს მეთოდი გულისხმობს იატაკის ქვეშ გადაბმის გარეშე ჩადებულ მილს, რომელშიც გამათბობელი ქვაბის მეშვეობით, ცხელი წყალი ცირკულირებს. ამ სისტემის უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, საზოგადოებაში რამდენიმე მითია გავრცელებული, რის გამოც ხშირ შემთხვევაში, ადამიანები მისი გამოყენებისგან თავს იკავებენ. დღეს სწორედ ამ მითების გაქარწყლებაში დაგეხმარებით. განვიხილოთ 8 ყველაზე ხშირად გავრცელბული მოსაზრება:
მითი #1. “თუ ერთი დეტალიც კი გაფუჭდა, მთლიანი იატაკი ასაყრელი იქნება”
იატაკში ჩადებული მილი ძალიან მტკიცე, გამძლე და რაც მთავარია, მთლიანია ანუ მას გადაბმის არანაირი ელემენტი არ გააჩნია. ისეთი ნაწილები კი, რომლებსაც მექანიკური ჩარევა შეიძლება დასჭირდეს, იატაკქვეშ არ მონტაჟდება, ყველაფერი იატაკს ზემოთაა. შესაბამისად, თუ გათბობის ამ სისტემას მექანიკურად არ დავაზიანებთ, ის ძალიან დიდხანს გვემსახურება (მწარმოებლები 50 წლიან გარანტიას იძლევიან).
მითი #2. “იატაკქვეშა გათბობა ჰაერს აშრობს”
რაც უფრო მაღალია გათბობის ტემპერატურა, მით მეტად შრება ჰაერი. იატაკქვეშა გათბობის მაქსიმალური ტემპერატურა 43 გრადუსია, მაშინ როცა სტანდარტული რადიატორი 70 გრადუსამდეც კი ცხელდება. შესაბამისად, დასკვნის გაკეთება ჰაერის გამოშრობასთან დაკავშირებით თქვენთვის მოგვინდია.
მითი #3. “თბილი იატაკი მტვერს აგროვებს”
ეს მოსაზრებაც არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა მის არსებობას გარკვეული ახსნა აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ მტვერი არსებობს ნებისმიერი ტიპის გათბობის სისტემის შემთხვევაში. მისი რაოდენობა არც იმატებს და არც კლებულობს, ის უბრალოდ სხვადასხვა ადგილზე განსხვავებულად ნაწილდება. რადიატორით გათბობის დროს ჰაერის ცირკულირებადი ნაკადები წარმოიქმნება, რომელსაც მტვერი გადააქვს და ის დიდ ფართზე – რადიატორებზე, ავეჯსა და იატაკზე ნაწილდება. თბილი იატაკის შემთხვევაში კი მტვერი უპირატესად იატაკზე გროვდება. დაგვეთანხმეთ, ეს დალაგების პროცესს უფრო ამარტივებს.
მითი #4. “თბილი იატაკი არაა საკმარისი და რადიატორების დამატებას საჭიროებს”
რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ იატაკქვეშა გათბობის სიტემა სტანდარტულ რადიატორებს ისეთ ცივ ქვეყნებშიც კი ანაცვლებს, როგორიცაა ფინეთი და ნორვეგია. ჩრდილოეთ ევროპაში გათბობის სისტემის აღიარებულ სტანდარტად სწორედ თბილი იატაკები ითვლება. შესაბამისად, მოსაზრება დამატებითი რადიატორების საჭიროების შესახებ სრულად მცდარია, მითუმეტეს, საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით.
მითი #5. “თბილი იატაკის გაკეთება მხოლოდ კერამიკული ფილის ქვეშაა შესაძლებელი”
იატაკქვეშა გათბობის სისტემის დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერი საფარის შემთხვეაში, იქნება ეს ფილა, ლინოლეუმი, ლამინატი თუ პარკეტი. გამონაკლისს წარმოადგენს ხის მხოლოდ ორი ჯიში – წიფელი და კანადური ნეკერჩხალი, რომელთა გამოყენება თბილი იატაკის შემთხვევაში მიზანშეწონილი არ არის.
მითი #6. “თბილი იატაკი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე”
აღნიშნული მითის თანახმად, მუდმივი გათბობა ფეხებში ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას იწვევს. თუმცა, ამ ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ ექიმთან მარტივად არის შესაძლებელი. ვარიკოზული ვენების გამომწვევი მიზეზი ფეხზე დიდხანს დგომა, გენეტიკური განწყობა ან სისხლძარღვთა კაპილარების ფუნქციის დარღვევაა. ამას გარდა, იატაკქვეშა გათბობა არ გულისხმობს მხურვალე იატაკს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ანუ თქვენ ვერასდროს იგრძნობთ ფეხზე გადამეტებულ სითბოს და მითუმეტეს, სიცხეს.
მითი #7. “იატაკქვეშა გათბობა ავეჯს აზიანებს”
ამ მოსაზრების თანახმად, ავეჯის მუდმივი გათბობა ქვემოდან შეიძლება გახდეს მისი გამოშრობისა და დეფორმაციის მიზეზი. თუმცა, აღნიშნული მითის გაქარწყლება მარტივად არის შესაძლებელი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შენობის შიგნით არსებული ტემპერატურის ნორმა +5-დან +30 გრადუსამდეა, ხოლო ტენიანობა 40-50%. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ იატაკქვეშა გათბობის ტემპერატურას სწორად დავარეგულირებთ და არ დავუშვებთ გადახურების შემთხვევებს, ავეჯის დაზიანების არანაირი შანსი არ არსებობს. ამას გარდა, რთულად არის წარმოსადეგი ადამიანი, რომელსაც სახლში +30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა სიამოვნებდეს.
მითი #8: “იატაკქვეშა გათბობა კომუნალურ ხარჯებს ზრდის”
სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის. თუ შევადარებთ სტანდარტულ რადიატორებს, თბილი იატაკი გაცილებით ეკონომიურია. ამ ტიპის გათბობის სისტემა სასურველი ტემპეარტურის მისაღწევად ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რაც საშუალოდ ბუნებრივი აირის ხარჯის 20-30%-ით შემცირებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში თუ გათბობის სისტემას დამატებით თერმოსტატი უყენდება, ეს კიდევ უფრო მეტი ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა, ვინაიდან თანამედროვე “ჭკვიანი” თერმოსტატი თავად არეგულირებს საჭირო ტემპერატურას სივრცეში და გამორიცხავს გადახურების შესაძლებლობას. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ტემპერატურის 1 გრადუსით დაწევა ბუნებრივი აირის მოხმარებას 4-6%-ით ამცირებს, ისედაც ეკონომიური იატაკქვეშა გათბობის თერმოსტატით დარეგულირება ნამდვილად არ არის ცუდი აზრი.
რომ შევაჯამოთ, იატაკქვეშა გათბობის ირგვლივ მრავალი ცრუ მოსაზრება არსებობს, რაც ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული, ვინაიდან ამ ტიპის გათბობის სისტემა შედარებით ახალი ტექნოლოგიაა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ თქვენ მზად ხართ ამ ინვესტიციის განსახორციელებლად საკუთარი კომფორტისთვის, მომავალში ნამდვილად არ ინანებთ.
რუბრიკის წარმომდგენია მაქსთერმი