in

სააბაზანოს ნიჟარის ოპტიმალური ზომები

სააბაზანოს ნიჟარა შეიძლება განსხვავდებოდეს ზომის, ფორმის, ფერის, ზედაპირის ტექსტურის, დიზაინის, დამონტაჟების მეთოდისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. ამ მრავალფეროვნების გამო, ხშირად არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულდება. მნიშვნელოვანია, რომ ლამაზი და უჩვეულო დიზაინის ძებნისას არ დაგვავიწყდეს საკვანძო თვისება, რომელიც სააბაზანოს ნიჟარას უნდა გააჩნდეს — ფუნქციურობა. უნდა გახსოვდეთ, რომ გჭირდებათ არა მხოლოდ ელეგანტური, არამედ კომფორტული მოდელი, რადგან მისი გამოყენება ყოველდღიურად მოგიწევთ.

შესაბამისად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ პარამეტრს, როგორიცაა ნიჟარის ზომები. პირველ რიგში, უნდა გაზომოთ სააბაზანოში მისთვის გამოყოფილი სივრცე და მოდელი ამის შემდეგ შეარჩიოთ.

სააბაზანოს ნიჟარის სიგანე

სააბაზანოს ნიჟარისთვის ოპტიმალურ სიგანედ მინიმუმ 50-65 სანტიმეტრი ითვლება. თუ უფრო კომპაქტურ მოდელს შეარჩევთ, მაშინ, დიდი ალბათობით, ნიჟარის მახლობლად იატაკსა და კედელზე წყლის წვეთების გაწმენდა ხშირად მოგიწევთ. 65 სანტიმეტრზე მეტი სიგანის მქონე ნიჟარის საჭიროება არ არსებობს, რადგან ასეთი მოდელი გაუმართლებლად დაიკავებს ზედმეტ სივრცეს.

თუ სააბაზანოსთვის ორმაგი ნიჟარის შეძენას გეგმავთ, მაშინ მათ ცენტრებს შორის მანძილი მინიმუმ 90 სანტიმეტრი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, ორი გვერდიგვერდ მდგომი ადამიანი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. გარდა ამისა, თუ ნიჟარაზე ონკანის დამონტაჟებას აპირებთ, მისთვის საჭირო სამონტაჟო ადგილიც გაითვალისწინეთ.

ნიჟარის სიღრმე

თანაბრად მნიშვნელოვანი პარამეტრია ნიჟარის სიღრმე. უმჯობესია, თუ ის 48-61 სანტიმეტრი იქნება.

იმის შემოწმება, არის თუ არა კონკრეტული ნიჟარა თქვენთვის შესაფერისი, ძალიან მარტივია. მიუახლოვდით ნიჟარას, რომელიც მოგწონთ და ბოლომდე ჩაუშვით ხელები. იდეალურ შემთხვევაში, ნიჟარის ფსკერი დაემთხვევა თქვენი ხელის გულის შუა წერტილს ან თითის წვერებს. ასეთი მოდელი თქვენთვის მოსახერხებელი იქნება.

ნიჟარის სიმაღლე

ნიჟარის სტანდარტულ სამონტაჟო სიმაღლედ 80-85 სანტიმეტრი მიიჩნევა, მაგრამ ეს ყველასთვის მოსახერხებელი არ არის. რა თქმა უნდა, თუ ისეთ მოდელს ყიდულობთ, რომელიც კარადაშია ჩაშენებული, ნიჟარის უფრო მაღლა ან დაბლა დამონტაჟებას ვერ შეძლებთ, ამიტომ ასეთი ვარიანტების შერჩევისას სიმაღლეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თუ არჩევანს ჩამოკიდებულ ნიჟარაზე შეაჩერებთ, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მამაკაცებისთვის მისი ოპტიმალური სიმაღლე 94-102 სანტიმეტრი იქნება, ხოლო ქალებისთვის — 81.3-93 სანტიმეტრი. აქედან გამომდინარე, ზოგადად, რეკომენდებულია ნიჟარის 86-93 სანტიმეტრის სიმაღლეზე დამონტაჟება.

იმ შემთხვევაში თუ კონსულტანტი ნიჟარის შესახებ ყველა მონაცემს ვერ გაწვდით, მოდელი აუცილებლად თავად გაზომეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის თქვენთვის კომფორტული იქნება.

თუ ნიჟარას სტუმრების სააბაზანოსთვის ეძებთ, მაშინ შეგიძლიათ 30 სანტიმეტრის სიგანის მოდელი შეარჩიოთ, რათა სივრცე დაზოგოთ.

როგორც ხედავთ, სააბაზანოს ნიჟარის პარამეტრები ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სივრცის დაზოგვის, არამედ მისი უფრო კომფორტული გამოყენების მიზნით. ნიჟარის სხვა მახასიათებლების, მაგალითად, მისი ესთეტიკის შეფასება კი ბევრად ადვილია.

ბინა ვერანდით ჭავჭავაძის გამზირზე

ფერთა გამორჩეული კომბინაციები სამზარეულოს დიზაინისთვის