in

ჩაშენებული, ამოსაკრავი თუ დასადგამი ნიჟარა — რომელი გამოვიყენოთ სააბაზანოსა და სამზარეულოში?

დღეს სამი ტიპის — ჩაშენებული, ამოსაკრავი და დასადგამი — ნიჟარების შესახებ ვისაუბრებთ, განვიხილავთ თითოეული მათგანის სპეციფიკას და განვსაზღვრავთ, რამდენად შესაფერისია ისინი სამზარეულოსა და სააბაზანოსთვის.

ჩაშენებული ნიჟარა

სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ ასეთი ნიჟარა ზედაპირშია ჩაშენებული. როგორც წესი, სამზარეულოში მის ქვემოთ მოთავსებულია თაროები და უჯრები, სააბაზანოში კი მათ ადგილას კარადის ცარიელ კარკასს აკეთებენ.

თუ ესთეტიკაზე ზრუნავთ, უმჯობესია, დახურული კარადა შეარჩიოთ — ეს კომუნიკაციების დამალვას გაგიადვილებთ და, ამასთან, საწმენდი საშუალებებისა და სხვა სასარგებლო ნივთების შესანახად დამატებითი სათავსო შეიქმნება. სამზარეულოში ნაგვის ურნა, ტრადიციულად, ნიჟარის ქვეშ არის მოთავსებული, რაც საკმაოდ მოსახერხებელი გადაწყვეტაა.

იმისათვის, რომ ზედაპირი წყალმა არ დააზიანოს, ნიჟარა სიღრმეშია მოთავსებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ხის ზედაპირი გაქვთ.

გამოდგება თუ არა ჩაშენებული ნიჟარა სააბაზანოსთვის?

დიახ. როგორც წესი, ასეთი ნიჟარები მის ქვემოთ მოთავსებული კარადის მთელ სიდიდეზეა გათვლილი, რის გამოც საკმაოდ ტევადია. მის გვერდით შეგიძლიათ აუცილებელი ჰიგიენური საშუალებები მოათავსოთ.

გამოდგება თუ არა ჩაშენებული ნიჟარა სამზარეულოსთვის?

დიახ. ზოგადად, მონტაჟის ამ მეთოდს შეიძლება ყველაზე პოპულარული და მარტივი ეწოდოს. გარდა ამისა, ჩაშენებული ნიჟარები, როგორც წესი, დიდია, რასაც სამზარეულოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათში დიდი ზომის ჭურჭლის გარეცხვა მოსახერხებელია.

ამოსაკრავი ნიჟარა

ამოსაკრავი ნიჟარა შედარებით ნაკლებად გამოიყენება, რაც მისი მონტაჟის სირთულითაა გამოწვეული. ამ ტიპის ნიჟარა სპეციალური კრონშტეინების საშუალებით ფიქსირდება. სირთულე ზედაპირში ნიჟარის ჩასასმელად იდეალური ღიობის შექმნა და მისი აკურატულად დალუქვაა.

ხისა და მერქანბურბუშელის ფილისგან დამზადებული პანელები ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი არ არის. მათ სრულყოფილი დალუქვა სჭირდება, რაც საკმაოდ იშვიათია. საქმე მარტივად არც ქვის (ბუნებრივი/ხელოვნური) შემთხვევაშია — მხოლოდ ნამდვილ პროფესიონალს შეუძლია იდეალური ღიობის გაკეთება.

გამოდგება თუ არა ამოსაკრავი ნიჟარა სააბაზანოსთვის?

ნაკლებად. მის ქვემოთ ნივთების შესანახი სივრცის შექმნა რთული იქნება, რადგან კრონშტეინები დიდ ადგილს იკავებს. ამის გამო, ამ ტიპის ნიჟარის სააბაზანოში გამოყენებას თავს არიდებენ.

გამოდგება თუ არა ამოსაკრავი ნიჟარა სამზარეულოსთვის?

დიახ, თუ დასამონტაჟებლად სანდო პროფესიონალს იპოვით და ნიჟარა საკმარისად დიდი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყლის შხეფები მის ირგვლივ არსებულ ზედაპირზე წყალს დააგროვებს. ამოსაკრავი ნიჟარები სამზარეულოში საკმაოდ დახვეწილად გამოიყურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასალა სამზარეულოს ზედაპირს ჰარმონიულად ერწყმის.

დასადგამი ნიჟარა

დასადგამ ნიჟარებს დღეს საკმაოდ ხშირად ირჩევენ. ბაზარზე შეხვდებით სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ, მრავალგვარი სტილის მოდელს – კერამიკით დაწყებული, ნატურალური ქვითა და მინით დასრულებული. დასადგამი ნიჟარა, შესაძლოა, ინტერიერის მთავარ აქცენტადაც კი იქცეს.

ამ ტიპის ნიჟარის დამონტაჟება მარტივია, მაგრამ ხარისხიანი დალუქვა, სხვა ტიპის მოდელების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც უმთავრესია.

გამოდგება თუ არა დასადგამი ნიჟარა სააბაზანოსთვის?

რა თქმა უნდა. დასადგამი ნიჟარა სწორედ სააბაზანოსთვისაა შექმნილი. როგორც წესი, დიზაინერები მას ინტერიერის ხასიათის განმსაზღვრელ ელემენტად ყველაზე ხშირად იყენებენ.

გამოდგება თუ არა დასადგამი ნიჟარა სამზარეულოსთვის?

ნაკლებად. ამ ტიპის ნიჟარაში ჭურჭლის გარეცხვა არც ისე მოსახერხებელია.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

არქიტექტურა, როგორც ეპოქის პორტრეტი – ინტერვიუ გაგა კიკნაძესთან

საზღვაო კონტეინერისგან შექმნილი ნაგებობა კიკეთში – კომპანია „რუმბოქსის“ ნამუშევარი