in

ცალკე მდგომი აბაზანა – როგორია მისი თავისებურებები?

ცალკე მდგომი აბაზანა ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. ის ნებისმიერი სტილის სააბაზანოსთვის გამოდგება, როგორც კერძო სახლში, ასევე, ქალაქის ბინაში. დღევანდელ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ამ ტიპის აბაზანის დიზაინის სახესხვაობებს.

თავისებურებები

ცალკე მდგომი აბაზანა ყველა სააბაზანოს არ შეეფერება, ამიტომ მისი გამოყენება არც ისე სტანდარტული გადაწყვეტილებაა. მის შეძენამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ.

  • ცალკე მდოგმი აბაზანა პატარა სააბაზანოსთვის არ არის განკუთვნილი. შეგიძლიათ კომპაქტური მოდელი შეარჩიოთ, ან კედელთან ახლოს დადგათ, მაგრამ ზოგადად, პატარა ფართისთვის დიზაინის ისეთი კონცეფციის შერჩევა აჯობებს, რომელიც სივრცის ყველა თავისუფალ სანტიმეტრს აგათვისებინებთ.
  • აბაზანის მასალის შერჩევისას გაითვალისწინეთ მისი წონა და დატვირთვა, რომელსაც იატაკი უძლებს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც სააბაზანო მეორე სართულზე მდებარეობს.
  • აბაზანის მდებარეობა ისე შეარჩიეთ, რომ მისადგომად მარტივი იყოს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წყლის პროცედურების, არამედ დასუფთავების თვალსაზრისითაც.
  • იმის გამო, რომ კომუნიკაციები სააბაზანოს სხვადასხვა გზით მიეწოდება, ყველა ზემოჩამოთვლილი პუნქტი რემონტის ეტაპზევე, წინასწარ უნდა გათვალოთ.
  • ცალკე მდგომი აბაზანა სააბაზანოში სპას გარემოს ქმნის, ამიტომ ინტერიერის შესაბამისად გაფორმებაზე იზრუნეთ. მოპირკეთებისთვის, დეკორაციისა და ტექსტილისთვის ბუნებრივი მოტივები გამოიყენეთ. შეგიძლიათ, შემოიტანოთ დამამშვიდებელი დეტალები: სურნელოვანი სანთლები, ნაკლებად მკვეთრი ადგილობრივი განათება და სხვა სასიამოვნო მასალა.

ფორმა

მწარმოებლები სხვადასხვა ფორმის აბაზანებს გვთავაზობენ – სტანდარტული დიზაინიდან უჩვეულომდე. ეს საშუალებას მოგცემთ, ოთახის ზომისა და სტილის შესაფერისი მოდელი შეარჩიოთ.

მართკუთხა

ჩვეულებრივ, ნებისმიერი ტიპის აბაზანისთვის მართკუთხა ფორმა სტანდარტულია. კუთხეები შეიძლება სწორი ან ოდნავ მომრგვალებული იყოს. სწორი კუთხეები თანამედროვე გრაფიკულ ინტერიერს შეეფერება, რომელშიც მკაფიო ხაზები და ხისტი ფორმები მნიშვნელოვანია (მაგალითად, ე. წ. ჰაიტექი, ლოფტი ან მინიმალიზმი). მომრგვალებული კუთხეები მეტად ერგება როგორც თანამედროვე, ასევე ნეოკლასიკურ ინტერიერს. გარდა ამისა, ასეთი ფორმა თვალისთვის უფრო ნაცნობი და სასიამოვნოა.

ოვალური

ელეგანტური ოვალური აბაზანა ნებისმიერ სააბაზანოში შესანიშნავად გამოიყურება. ეს სტილისტურად მრავალმხრივი მოდელია, რომელიც თითქმის ნებისმიერი ტიპის ინტერიერს ერგება, იქნება ეს სკანდინავიური სტილი, მინიმალიზმი თუ კლასიკა. ოვალური აბაზანა ყველაზე ხშირად ოთახის ცენტრში ან ფანჯარასთანაა განთავსებული. ამგვარი მდებარეობა აქცენტს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში თანაბრად ნათელია როგორც თეთრი, ასევე ფერადი მოდელი.

იმისათვის, რომ გარემო ერთ ჰარმონიულ მთლიანობად იქცეს, აბაზანის მომრგვალებულ სილუეტს ინტერიერში იგივე ფორმები უნდა ეხმიანებოდეს. ეს შეიძლება იყოს – ორნამენტები ფილაზე, დეკორი, მსგავსი ფორმის ნიჟარა და ა. შ.

არასტანდარტული

დღეს მწარმოებლები არასტანდარტული მოდელების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. მაგალითად, აბაზანას სხვადასხვა სიმაღლის გვერდებით, უჩვეულო ფორმებით და ა. შ. ასეთი აბაზანების მთავარი უპირატესობა შთამბეჭდავი იერსახეა, რომელიც ინტერიერს უნიკალურს ხდის. თუმცა, მისი ნაკლოვანებებიც აშკარაა: მაღალი ფასი და ოთახთან მორგების სირთულე. არასტანდარტული ფორმის მოდელები ისეთი სახლებისთვისაა განკუთვნილი, სადაც ფართო სააბაზანო და დაგეგმარების მეტი შესაძლებლობაა.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფერადი აქცენტებით შექმნილი ბინა უნივერსიტეტის ქუჩაზე — ანანო მეგრელიშვილის ინტერიერი

შვედური აპარტამენტი მოვარდისფრო ტონებში