in

ფერადი აქცენტებით შექმნილი ბინა უნივერსიტეტის ქუჩაზე — ანანო მეგრელიშვილის ინტერიერი

დღევანდელ სტატიაში ანანო მეგრელიშვილის ახალ პროექტზე  — საცხოვრებელ ბინაზე გიამბობთ, რომლის მეპატრონეც დიზაინერი თავადაა. ობიექტი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 87,10 მ2-ია. პროექტის ავტორის მთავარი მიზანი კომფორტული და მშვიდი ატმოსფეროს შექმნა იყო, სადაც ოჯახის წევრებთან ერთად, თავს სასიამოვნოდ იგრძნობდა. ამასთანავე, დიზაინერს  ყველა იმ იდეის განხორციელება სურდა, რომელიც ბინის შეძენისთანავე გაუჩნდა, შესაბამისად, ინტერიერში თითოეული დეტალი კარგად ნაფიქრი და გააზრებულია.

დასახული მიზნის მისაღწევად, სივრცე დიზაინერის გემოვნებასა და განზრახვებს მაქსიმალურად მოერგო, ნათელი და ბუნებრივი ფერების თამაშით კი ბინამ მრავალფეროვანი და საინტერესო იერი შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში ჩაბარდა მეპატრონეებს, ის არ აკმაყოფილებდა მაცხოვრებლის მოთხოვნებს — შემოსასვლელი ძალიან პატარა ზომის აღმოჩნდა, სველი წერტილები სივიწროვით ხასიათდებოდა, ხოლო საძინებელში საგარდერობე ოთახის განთავსება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.  შესაბამისად, საჭირო გახდა გეგმარების შეცვლა, რამდენიმე კედლის დემონტაჟი და ახალი კედლების აშენება.

ობიექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა გეგმარების ცვლილებებს უკავშირდებოდა. გარკვეულმა სირთულეებმა კი რემონტის მსვლელობისასაც იჩინა თავი. მაგალითად, სამშენებლო კომპანიის თავდაპირველ პროექტში, მისაღები და სამზარეულო ამჟამინდელ საბავშვო ოთახში უნდა ყოფილიყო, მილების გადატანამ კი სარემონტო პროცესი გაართულა და შეანელა.

ინტერიერში კედლების ფერად თეთრი შეირჩა, სივრცის გასახალისებლად კი მკვეთრი ტონები — აგურისფერი, ტერაკოტა, წითელი, მწვანე და შავი ავეჯის მეშვეობით ინტეგრირდა. ხის ფაქტურა და ბეტონი ბინაში მთავარ როლს ასრულებს, ხავერდის რბილი ავეჯი და ნატურალური ტილოს ფარდებით კი სივრცეს მყუდროება და სიმსუბუქე ემატება.

ბინაში შესვლისთანავე თვალშისაცემია სველი წერტილის კედელი და კარი, რომლებიც მთლიანად სარკითაა დაფარული. სარკე ინტერიერში უსასრულობის ილუზიას ქმნის, სივრცეს ადიდებს და კედლის წინაღობას  შლის.

პროექტის ავტორის თქმით, საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა სარკის კედელზე და დამალულ კარზე დამაგრება. როგორც ანანო გვიამბობს, მონტაჟისას სარკის ნაჭერი დაიმსხვრა და ხელოსნებს ახლის დამზადება მოუწიათ. ამას გარდა, დამალულ კარზე დამატებითი ანჯამების დამატება გახდა საჭირო, რათა კარს სიმძიმისთვის გაეძლო. თუმცა, მიღებული შედეგი იმდენად საინტერესოა, რომ ამ ყველაფრისთვის ნამდვილად ღირდა ძალისხმევის გაღება.

პროექტის ავტორისთვის გამორჩეული ნაწილია სამზარეულო, რომელიც არასტანდარტული სახისაა. დიზაინერმა უარი თქვა ზედა კარადებზე, რადგან  მაქსიმალური ჰაეროვნების შენარჩუნება სურდა. ამიტომ სამზარეულოს ამ ნაწილში პატარა დეკორატიული თარო და სადა განათება მოეწყო, სათავსოების ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად კი ერთ-ერთი კედელი ჭერამდე მუქი ხისფერი კარადებით დაიფარა. ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული კონტრასტიც შექმნა ოთახში. აღსანიშნავია ისიც, რომ  სამზარეულოს ზედაპირი და კედელი განსხვავებული ტექნიკითაა მოპირკეთებული. ამ ადგილას გამოყენებულია 6 მმ.-იანი (320X160) ფილა გადაბმების გარეშე, რომელიც  დაზიანების, ნაკაწრებისა და ტემპერატურის მიმართ მდგრადია.

საცხოვრებელს დახვეწილ იერს სძენს  შავი სასადილო მაგიდა სკამებით, რომლებიც სამზარეულოს ავეჯის შავ დეტალებს ბუნებრივად  ეხამება.

მისაღები ოთახის ერთგვარი ზონირება მხოლოდ ჭერის მეშვეობით ხდება, რომლის ნაწილზეც ბეტონია დატანილი. სივრცეს ფერადი ტახტი და პატარა მაგიდა მხიარულებას მატებს, გამწვანება კი ზონას აცოცხლებს. ტელევიზორის  მაგიდა საინტერესო დიზაინ ობიექტია, რომელიც  მეპატრონის დიზაინით შეიქმნა და სახასიათო ელფერი შესძინა ინტერიერს. ბინაში უმეტესად, წერტილოვანი განათებაა გამოყენებული, რაც თითოეულ ნაწილს უფრო გამოკვეთს და საინტერესოს ხდის.

მთავარ საძინებელში 32-ის მქონე საგარდერობე განთავსდა, რომელიც ვიტრაჟული კარით დაიფარა, რამაც დეკორატიული დატვირთვა შეიძინა და ოთახი გაამდიდრა. შუშის ვიტრაჟის გარდერობის კარი ანანოს ესკიზის მიხედვით დაპროექტდა, რის გამოც ეს დეტალი ავთენტური და ორიგინალური გახდა. შავ-თეთრ დეტალებში გადაწყვეტილი ინტერიერი, ვიტრაჟული კარის წითელი ტონით უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველი გახდა. თვალშისაცემია ლოგინთან არსებული პატარა ტუმბოებიც, რომელიც პროექტის ავტორმა პატარა ფილებით თავად დაამზადა.

ბავშვების ოთახში მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი სივრცეების შექმნა, ამიტომ ლოგინები კედლის გასწვრივ განთავსდა და შუაში, ანანოს ესკიზის მიხედვით, ჭერამდე გამყოფი, დეკორატიული თარო მოეწყო, რომელმაც ორი კუთხე ერთმანეთისგან იდეალურად გამიჯნა. აქვე გვხვდება საქანელა, რომლის სპეციალური საკიდი რემონტის ეტაპზე თაბაშირმუყაოს ჭერის მოპირკეთებამდე საგანგებოდ მოეწყო.

აბაზანა მცირე ზომის პრიალა ტერაკოტას ფილებითაა მოპირკეთებული, რაც ზუსტად ეხმიანება ბინის დანარჩენ დიზაინს, ხოლო მეორე, ღია ფერის ბეტონის დიდი ზომის ფილა ტერაკოტას მკვეთრ ტონალობას აბალანსებს. ორი სხვადასხვა ტიპის ფილის, შეღებილი კედლისა და ხის მასალის გამოყენების შედეგად, განსხვავებული ზედაპირები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

ანანო მეგრელიშვილის ბინა თანამედროვე სტილის კომფორტული და მყუდრო საცხოვრებელია. ინტერიერში ფონად თეთრი ფერის გამოყენება სივრცის მუდმივად განახლებისა და გადახალისების შესაძლებლობას იძლევა. ფერადი დეტალები, ხელნაკეთი ავეჯი თუ აქსესუარები კი ავთენტურ სტილს სძენს საცხოვრებელს და პროექტის ავტორის ხასიათსა და განწყობას იდეალურად გამოხატავს.

პროექტის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია:  Concept design studio

გამოყენებული მასალები: 

სამზარეულოს ავეჯი: „Neo furniture design“;  

სამზარეულოს ფილა: „Merlons“

იატაკის საფარი: „გერმანული სახლი“ —  ლამინატი „Kronotex“

 აბაზანის ფილები: „VitrA Georgia“; „კაფელის სახლი“

 შემრევები: „გალერეა დემასი“

 კედლის მოპირკეთება: „კაპაროლი“; „Rasch“

 განათება: „ახალი ნათება“; „Delight“; „Brand R“

 ავეჯი: „kave“; „Siesta Home Store“; „ხის საამქრო  ანათალი“; „შნო“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საცხოვრებელი სივრცის შერჩევისას?

ცალკე მდგომი აბაზანა – როგორია მისი თავისებურებები?