in

„სახლი ოაზისით“ — დიზაინერ სოფო პაქსაშვილის ნამუშევარი

ლისის ტბის მიმდებარედ, 500 მ2 ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლის პროექტი არქიტექტორსა და დიზაინერს სოფო პაქსაშვილს ეკუთვნის.

საპროექტო დავალება გულისხმობდა 600 მ2-ის მიწის ნაკვეთზე ორ სართულიანი ინდივიდუალური სახლის განთავსებას ოთხ-სულიანი ოჯახისთვის. დავალების თანახმად ოჯახის ყველა წევრისთვის სახლში უნდა შექმნილიყო, როგორც პირადი ოთახები, ასევე, დასასვენებელი სივრცეები. ამას გარდა, მნიშვნელოვანი იყო, ნაგებობა რთულ რელიეფზე ჰარმონიულად განთავსებულიყო და კონსტრუქციას გეომეტრიული, თანამედროვე იერსახე ჰქონოდა.

დამკვეთთან ერთად  საპროექტო დავალებაზე მუშაობისას, გაჩნდა იდეა შექმნილიყო სახლის კონცეფცია „თბილისური ეზოს“ (ე.წ. “იტალიურ ეზო”)  მოდულის მიხედვით, ანუ ცხოვრება შიდა ეზოს ირგვლივ. ეს გახდა პროექტის მთავარი ბირთვი, რომელშიც ცხოვრებისას ყველა საერთო სივრცის თანაზიარია. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა სახლის დახურული ატრიუმი, რომელიც გარედან უხილავია და შიგნიდან მრავალფეროვანი.

შენობის ექსტერიერი გეომეტრიულია, სამი ძირითადი ელემენტია გამოყენებული — შავ-თეთრი საღებავი, ვიტრაჟები და აგური, რომელიც ტერაკოტას ფერებით ცივ გეომეტრიულ ფორმებს ათბობს. ექსტერიერში აგურის არსებობა შიდა ეზომ განაპირობა, რომელიც დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით, სხვებისთვის უხილავი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ შეირჩა სპეციალური ზომისა და ფერის აგური ჭვირულად განლაგდა და ერთგვარი “აგურის ფარდის” კედელი წარმოშვა, რომლის შიგნითაც მწვანე ოაზისი ხარობს. გარე სივრცის ხიბლს ის სიმწვანეც განაპირობებს, რომელიც სახლს ირგვლივ აკრავს.

ნაკვეთის ფორმიდან, მისი სივიწროვისა და არქიტექტურული რეგულაციებიდან გამომდინარე, შენობას დასავლეთ ფასადზე  არ აქვს ღიობები და ნაგებობა სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებითაა განვითარებული, რამაც ჩამოაყალიბა შენობის არქიტექტურული მთავარი ღერძი, რომელიც სამ ნაწილად — წინა, შუა და უკანა ეზოზე ნაწილდება.  სახლის ოთახების უმეტესობა შიდა ეზოს გარშემო ვითარდება. შენობა ორ სართულზე ფუნქციურადაა გადანაწილებული. პირველი სართულის ოთახები, კაბინეტი და მისაღები შიდა ეზოს უკავშირდება, მეორე სართულის საძინებლები კი ბაღს გადაჰყურებს.

როგორც პროექტის ავტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს,  სახლის დიზაინმა მობინადრეებზე დიდი გავლენა იქონია – ის ერთგვარი ოაზისია მათთვის, სადაც ცხოვრება, დასვენება და მუშაობა ერთდროულადაა შესაძლებელი. სივრცე მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, დროებით მოწყდნენ ქალაქის ხმაურს, ქაოსს და სახლში, მიკრო სამყაროში დრო სასიამოვნოდ გაატარონ. სოფო პაქსაშვილის მთავარი მიზანიც ეს იყო – შეექმნა ისეთი დიზაინი და არქიტექტურა, რომელიც ადამიანებზე დადებითად იმოქმედებდა და მათ ცხოვრებას სასიამოვნოდ შეცვლიდა.

დიზაინერი მიიჩნევს, რომ პროექტი შენობის სტილით გამოირჩევა,  მასში თითქოს ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთისა და დასავლეთის არქიტექტურული ხასიათი, რასაც ნაგებობის კონცეფცია — „თბილისური ეზო“ განაპირობებს. ამგვარ მოდელში გარემო ყოველთვის მრავალფეროვანია თავისი სტილით, ფორმითა თუ ფუნქციით, გარედან უხილავი და შიგნით მრავალფეროვანი.

შიდა ეზო, რომელიც გარე სივრცეს აგურის ფარდა კედლით გამოეყოფა, „თბილისური ეზოს“ ელემენტებით ხასიათდება. წრიული ლითონის კიბე მცენარეებითაა გაფორმებული და ამ ზონას უნიკალურ იერსახეს სძენს. სივრცეში მოწყობილია პატარა დასასვენებელი კუთხე მიმზიდველი, ლითონის სკამებითა და მრგვალი მაგიდით. ეზო ერთგვარი დერეფნის როლსაც თამაშობს პროექტში, ის ერთმანეთთან აკავშირებს სახლს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს, წრიული კიბით კი სახურავს უკავშირდება.

ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები — ხე, აგური, მინა, ლითონი, რაც იდეალურად ერწყმის მწვანე გარემოს. წამყვან ფერებად სადა ნეიტრალური ტონებია შერჩეული, რომლებიც მუქი ხისფერი იატაკით, მიმზიდველი დიზაინის ავეჯითა და დეკორატიული ელემენტებით არის გამდიდრებული. განსაკუთრებულ ეფექტს მასიური ვიტრაჟები ქმნის, რომლებიც შიდა ეზოს გაჰყურებს და ამ გზით ექსტერიერი და ინტერიერი, თითქოს, ერთიანდება.

მისაღები და სამზარეულო-სასადილო ზონა ერთმანეთისგან აგურის კედლითაა გამოყოფილი, თუმცა ფუნქციურად ერთიან სივრცეს ქმნიან. მისაღები შიდა ეზოს უკავშირდება, სამზარეულო კი ტერასასა და უკანა ეზოს. კომფორტული ტახტითა და სავარძლებით,  მომხიბვლელი დიზაინის ჭაღითა და მცირე ავეჯით, მისაღებ სივრცეში  მყუდრო გარემო მიიღება, რომელიც დიდი ვიტრაჟებით ატრიუმს უკავშირდება და ერთიან, ჰარმონიულ გარემოს ქმნის.

სამზარეულოსა და სასადილო ზონაში ინტერიერი უფრო მრავალფეროვანია. თანამედროვე სამზარეულოს ავეჯი საინტერესოდ ეხამება კლასიკური სტილის სასადილო ხის მაგიდასა და სკამებს.  კედელი მოლდინგებითა და Wall§decò | Leonardo დეკორატიული შპალერით არის გაფორმებული. სამზარეულოში კი თეთრ ავეჯს ჰარმონიულად ერწყმის მუქი ლურჯი სათავსოები და კარადები.

სახლში გამორჩეულ ადგილს იკავებს კაბინეტიც, რომელიც ფართობის სიმცირის მიუხედავად, ძალიან მყუდრო და ფუნქციურია. ოთახი, ავეჯითა და ინტერიერით ბრიტანულ სტილს მოგვაგონებს, რომელშიც მკაცრი და კლასიკური აქცენტები ჭარბობს. კაბინეტიც მცირე ლითონის კიბით შიდა ეზოს უკავშირდება, რაც მუშაობისას სასიამოვნო განტვირთვის საშუალებაა.

საძინებლებში სიმყუდროვე და თბილი ატმოსფერო იგრძნობა. ერთ-ერთ მათგანში ხალისიანი, ამაღლებული განწყობა ფერადი ყვავილების პრინტის ტექსტილითა და ფარდებით მიიღწევა, რაც ოთახს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

მთავარ საძინებელში მუქი ტონალობა გვხვდება. დიზაინი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. ღია ფერებს კონტრასტულად ეხამება მუქი ლურჯი დეტალები და მოლდინგები. დახვეწილი ავეჯი კი ოთახს ელეგანტურობას მატებს. საძინებლის აბაზანა თეთრ და შავ ფერებშია მოწყობილი, რომელიც ოთახის ინტერიერის კლასიკური ხაზის გამგრძელებელია.

ყურადღებას იქცევს ერთ-ერთი აბაზანა, რომლის მთავარ მომხიბვლელობას კლასიკური ფერები და მწვანე კედლები განაპირობებს. განსაკუთრებული აქცენტი ორიგინალური დიზაინის სკამზე კეთდება, რომელიც მერილინ მონროსა და ამერიკის დროშის პრინტითაა გაფორმებული.

დიზაინერისა და არქიტექტორის სოფო პაქსაშვილის პროექტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. უჩვეულო არქიტექტურული გადაწყვეტილებით — ვიწრო, მცირე ზომის მიწის ნაკვეთზე სახლის დაპროექტებამ ატრიუმით, განაპირობა იმ გარემოს შექმნა, რომელიც მაცხოვრებლებისთვის დასვენებისა და განტვირთვისთვის პატარა ოაზისს ქმნის. სახლში, სადაც ოთახები ეზოს ირგვლივ ისეა განლაგებული, რომ ვიტრაჟების მეშვეობით, ექსტერიერი ინტერიერის ნაწილი ხდება. შიდა სივრცეში თანამედროვე და კლასიკური ელემენტები და ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა პირობას ქმნის.

პროექტის ავტორი: სოფო პაქსაშვილი

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია: Sophie Paksa Architect and Designer

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: „Kerema marazzi“; „Lego room“; „VitrA Georgia“

აბაზანის ფილები: „Kerema marazzi“;

შემრევები: „Palazzani“

კედლის მოპირკეთება: „Wall&Deco“; „Room Design“

განათება: „Delight“

ავეჯი: „Ashley Furniture“;  „Chesterfield“; „ROLAS handmade“;  „Etagere Factory“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ვილა ბრაზილიაში – Gálvez & Márton Arquitetura-ს პროექტი

როგორ შევარჩიოთ ავეჯი და დეკორი მცირე ზომის საცხოვრებელი სივრცისთვის – ანი ჩიღიტაშვილი X VELI.store