in

როგორ მოვამზადოთ იატაკი კერამიკული ფილების დასაგებად?

იატაკის ფილა, როგორც დეკორატიული საფარი, რადიკალურად ცვლის საცხოვრებელი სახლის ინტერიერს, განსაკუთრებით უხდება სამზარეულოსა და აბაზანას და გარეგნული თვისებების გარდა, საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელიც არის. ძლიერ და გამძლე მასალას აქვს მიმზიდველი გარეგნობა და ჰარმონიულად ავსებს ნებისმიერ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერის დიზაინს.

კერამიკული ფილების საფარის ქვეშ შესაძლებელია ყველა სახის გათბობის სისტემის დამონტაჟება, გარდა ისეთი ფილებისა, რომლებსაც აქვთ გლუვი ბაზა და ნაკლებად მდგრადები არიან სითბოს მიმართ.

რა არის საჭირო ფილების დაგებამდე იატაკის მოსამზადებლად?

ფილების დაგებამდე აუცილებელია, რომ იატაკი იყოს მშრალი, თანაბარი, სუფთა და მყარი. ბეტონის იატაკი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ბაზა და წინასწარ მისი დემონტაჟი აუცილებელი არ არის. ფილების დაგებამდე მნიშვნელოვანია მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც უნდა მოხდეს ბაზის ხარისხისა და სიმტკიცის მახასიათებლების გათვალისწინებით.

იატაკი ბინაში ყოველთვის იდეალურად სწორი არ არის და არ აქვს ნულოვანი დახრილობა. მაღალი ხარისხის ბაზის შესაქმნელად, აუცილებელია მისი გასწორება, ნაკაწრების რესტავრაცია და გასუფთავება.

ბაზის მდგომარეობის შემოწმებისას უნდა განისაზღვროს მისი ზედაპირული დაზიანებები, ნაკაწრები, ლაქები და დახრილობის კუთხე. ეს პარამეტრები საშუალებას მოგცემთ, აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური მეთოდი. თუ დახრილობის კუთხე 3 სანტიმეტრამდეა, მაშინ თვითსწორებადი მასალა დაგეხმარებათ დეფექტის გამოსწორებაში, თუმცა თუ დახრილობა 3 სანტიმეტრს აღემატება, დაგჭირდებათ დამატებითი ძალისხმევა, რათა ის იდეალურად გაასწოროთ და მოამზადოთ ფილების დასაგებად.

ნაკაწრებისა და სხვადასხვა ჩაღრმავებების გამოსასწორებლად შეიძლება ცემენტის გამოყენება. ამის შემდეგ კი საჭიროა უკვე არსებული იატაკის ანუ ბაზის საფუძვლიანი გაწმენდა, რაც ხდება სამშენებლო ფუნჯისა და მტვერსასრუტის გამოყენებით. ამ პროცესის დროს ზედაპირს შორდება ქვიშისა და მტვრის უმცირესი ნაწილაკები, რომლებსაც შეუძლიათ ფილებს შორის გადაბმების დაზიანება.

როგორ ხდება ფილების იატაკზე დამონტაჟება?

ზოგიერთ შემთხვევაში იატაკის ფილებს შორის არსებული ხარვეზები ივსება ჰიდროიზოლაციის გამოყენებით და იფარება წყალგაუმტარი პოლიეთილენის ფირით, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია მაღალი ტენიანობის ადგილებში, სამზარეულოსა და აბაზანაში.

ძირითად შემთხვევებში გასწორებული იატაკის ზედაპირი ივსება სპეციალური მასალით, რომელიც დამოკიდებულია ფილის სახეობაზე. იატაკის ფილები იგება სრულიად მშრალ ბაზაზე. ზომების მკაცრი დაცვა ხელს უწყობს ფილების სასიამოვნო გარეგნობასა და სიმეტრიულობას.

ფილების დამონტაჟებამდე ზედაპირი მუშავდება ე.წ. პრაიმერით, ფილები თავსდება ცემენტის ხსნარზე, წებოზე ან სპეციალურად ამ პროცესისთვის შექმნილ მასტიკაზე. მაღალი ხარისხის, აპრობირებული პროდუქტების გამოყენება გარანტიას იძლევა, რომ დროთა განმავლობაში არცერთი ფილა არ ჩამოიშლება და არ გატყდება.

როგორ დავაგოთ ფილები სწორად?

ფილების დაგებამდე აუცილებელია მარკირების წინასწარ გაკეთება. ამისთვის, ოთახი გაყავით ორ ნაწილად დიაგონალების საშუალებით. დიაგონალების გადაკვეთის წერტილი იქნება სიმეტრიის ცენტრი, საიდანაც იწყება ფილების დაგება და განაწილება.

იმ ადგილებში, სადაც მთლიანი ფილა არ ჯდება, მაგალითად კედლის კუთხეებთან, ფილა უნდა მოიჭრას სპეციალური საჭრელით. ამ დროს ფილა იხაზება საგანგებო ხელსაწყოთი და ფრთხილად იჭრება სასურველ ზომაზე.

შეიძლება თუ არა ფილების გადაგება ხის იატაკზე?

ფილების დასაგებად ხის იატაკის გამოყენება გამონაკლისია. თუ ოთახში ხის იატაკი გაქვთ, შეგიძლიათ მისი ისე მომზადება, რომ ფილებისთვის საჭირო ბაზა შექმნათ. ფილების ქვეშ ბაზა უნდა იყოს მტკიცე და გაუძლოს მასალის მძიმე წონას.

ხის იატაკი იფარება პოლიურეთანის ქაფით, რომელიც მკვრივდება და ამის შემდეგ ხდება ხის იატაკის გაწმენდა და გაპრიალება.

შემდეგ იატაკი იფარება სპეციალური პრაიმერის ნარევით, რომელიც ხის ზედაპირისთვის არის განკუთვნილი. ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილების შედეგად ხე იკუმშება და ფართოვდება, თუმცა პრაიმერი ამ პროცესს ხელს უშლის.

ბოლოს კი იატაკი იფარება სპეციალური ბადითა და იატაკისთვის შექმნილი თვითსწორებადი ნაერთით, რომელიც საკმარისად მყარ ბაზას ქმნის და იატაკი უკვე მზად არის მასზე კერამიკული ფილების გადასაგებად.

რაზე მიგვანიშნებს ტანსაცმლის ეტიკეტზე დატანილი ნიშნები? – ქსოვილის მოვლის წესების განმარტება

ვილა ბრაზილიაში – Gálvez & Márton Arquitetura-ს პროექტი