in

რაზე მიგვანიშნებს ტანსაცმლის ეტიკეტზე დატანილი ნიშნები? – ქსოვილის მოვლის წესების განმარტება

ახალი ქსოვილის შეძენისას ხშირად ვაწყდებით მისი გარეცხვის პრობლემას. ხშირია შემთხვევები, როდესაც სარეცხის მანქანაში გარეცხილი ტანსაცმელი ფუჭდება, ან მასზე სხვადასხვა შემადგენლობის მქონე სარეცხი საშუალებები უარყოფითად მოქმედებს. ყველა ქსოვილს არ აქვს ერთნაირი მოვლის წესები და სწორედ ამის გამო, მათ უმეტესობას მოჰყვება პატარა ნიშანი, რომელიც ეტიკეტზეა დატანილი და სხვადასხვა აკრძალვებზე მიუთითებს.

მასალის სწორად მოვლა უზრუნველყოფს მის ფერს, ინტენსივობას, ფორმასა და ხარისხს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს და რას კრძალავს თითოეული ნიშანი.

ქვემოთ განვიხილავთ თუ რა სახის ნიშნები არსებობს და რას ნიშნავს თითოეული მათგანი

ტალღა

თუ ქსოვილზე ხედავთ ჭურჭლის მსგავს ნახაზს, რომელსაც თან ტალღის ფორმის ხაზი აქვს, ეს ნიშანი რეცხვის პირობებზე მიუთითებს.

თუ ქსოვილს მხოლოდ ერთი ტალღა აქვს, მისი გარეცხვა შეგიძლიათ როგორც ხელით, ასევე სარეცხის მანქანაში.

თუ ნიშნის ქვემოთ ხედავთ კიდევ ერთ ხაზს, ეს ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ნელი რეცხვის რეჟიმზე უნდა გაირეცხოს.

ნიშნის ქვეშ განთავსებული ორი ხაზი გვეუბნება, რომ ქსოვილი დელიკატურ რეჟიმზე უნდა გარეცხოთ, ხოლო გადახაზული ნიშანი ნიშნავს, რომ ტანსაცმლის გარეცხვა არ შეიძლება არც ხელით და მითუმეტეს, არც სარეცხის მანქანაში და მისი გაწმენდა მხოლოდ ქიმწმენდაში შეგიძლიათ.

ამას გარდა, ნიშნის ცენტრში შეიძლება ეწეროს რიცხვებიც, მაგალითად 30 ან 40, რაც გრადუსებზე მიუთითებს და განიშნებთ, რომ რა ტემპერატურაზე შეიძლება და ამ კონკრეტული ქსოვილის გარეცხვა.

არსებობს კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ტალღის ნიშანს შეიძლება ახლდეს თან. თუ ეტიკეტზე ხედავთ ხელს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქსოვილის გარეცხვა მხოლოდ ხელით არის რეკომენდებული.

კვადრატი და წრე

კვადრატში ჩახაზული წრე ნიშნავს, რომ ქსოვილის გაშრობა შეგიძლიათ სპეციალურ საშრობში და ის არ დაპატარავდება და არც ფორმას შეიცვლის.

თუ წრის ცენტრში შავი წერტილია მოთავსებული, ეს ნიშნავს რომ ქსოვილის საშრობში მოთავსება შეიძლება, თუმცა ტემპერატურა დაბალი უნდა იყოს.

წრეში მოთავსებული ერთი წერტილი მიუთითებს რომ ტემპერატურა 45 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს, ორი წერტილის შემთხვევაში, ის 65 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს, ხოლო სამის შემთხვევაში – მისი გაშრობა ნებისმიერ ტემპერატურაზეა შესაძლებელი.

თუ ეტიკეტზე ეს ნიშანი გადახაზულია, ნიშნავს რომ ქსოვილის საშრობში მოთავსება არ შეიძლება და ის ბუნებრივად უნდა გააშროთ.

კვადრატი

კვადრატი (წრის გარეშე) გვანიშნებს იმაზე, თუ რა პირობებში უნდა გავაშროთ ქსოვილი.

მაგალითად, თუ მას კუთხეში ორი ხაზი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი გაშრობა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ შეიძლება.

ზემოთ ნაჩვენები ნიშანი კი მიუთითებს იმაზე, რომ ქსოვილის მზეზე გაშრობა არ შეიძლება და ის აუცილებლად ჩრდილში უნდა გაფინოთ, ისეთ ადგილას, სადაც მზის პირდაპირი სხივები ვერ აღწევენ.

კვადრატში ჩახაზული სამი პარალელური ხაზი იმის მანიშნებელია, რომ ტანსაცმელი უნდა გაფინოთ მანამ, სანამ ის ჯერ კიდევ საკმაოდ სველი და გასაწურია, რათა ქსოვილი არ დეფორმირდეს.

უთო

თუ ეტიკეტზე უთოს ნიშანს ხედავთ, შეგიძლიათ ქსოვილი მშვიდად გააუთოოთ, ის არც ფორმას შეიცვლის და არც დაიწვება.

თუმცა, თუ უთოს შიგნით ერთი წერტილი გვხვდება, ეს ნიშნავს, რომ უთოს ტემპერატურა 110 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ორი წერტილის შემთხვევაში – 150 გრადუსს.

იმ შემთხვევაში, თუ უთოს ნიშანი გადახაზულია, ქსოვილის გაუთოება არ შეიძლება.

სამკუთხედი

სამკუთხედის ნიშანი ქიმიურ საშუალებებთანაა კავშირში. თუ ეტიკეტზე მხოლოდ სამკუთხედის ნიშანს ხედავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მათგანი.

ხოლო თუ მასში დიაგონალური ხაზებია მოთავსებული, ეს ნიშნავს რომ ქლორის გამოყენება არ შეიძლება.

ნიშნების გარდა, კონკრეტულ ქსოვილებს საკუთარი პირობებიც აქვთ. მაგალითად, ნაქსოვი ტანსაცმელი ოთახის ტემპერატურაზე უნდა გაშრეს, მატყლის გაშრობა სჯობს ჰორიზონტალურ და ბრტყელ ზედაპირზე და ექსპერტები მის სარეცხის თოკზე გაფენას არ გვირჩევენ, ხოლო აბრეშუმი შრება მზის სხივებისგან და რადიატორებისგან მოშორებით.

ინდივიდუალიზმის ძიება არქიტექტურასა და დიზაინში — ინტერვიუ ნინი ჭანტურიასთან

როგორ მოვამზადოთ იატაკი კერამიკული ფილების დასაგებად?