in

ლოფტის სტილის ბინა სკანდინავიური ესთეტიკით

Banner M2
Banner M2

ეს პატარა ლოფტი 69 კვადრატული მეტრია და სტოკჰოლმში, ყოფილი ქარხნის შენობაში მდებარეობს. იგი გამორჩეულია არა მხოლოდ მშვენიერი ინდუსტრიული სივრცით, არამედ თანამედროვე დეკორით. ფერთა სისტემა მკაცრი და ნეიტრალურია – თეთრი ბაზა კარგ კონტრასტს ქმნის შავ ფანჯრებისა და ავეჯის მუქი ფერებისთვის. ამავდროულად, სტილს ძირითადად განსაზღვრავს ოსტატურად შერჩეული პლაკატებისა და ნახატებისგან შექმნილი კედლის გალერეები და სხვადასხვა სტილის ჩარჩოები.

სკანდინავიელებს პატარა სივრცეების მოწყობა შესანიშნავად გამოსდით. ბუნებრივი მასალების საშუალებით მათ მიერ შექმნილი მსუბუქი ესთეტიკა და ხშირ შემთხვევაში მდიდარი ბუნებრივი განათება, ნებისმიერ სივრცეს კომფორტულ და მყუდრო ინტერიერად აქცევს. ამ შემთხვევაშიც, გადამწყვეტ როლს თამაშობს დიდი ზომის ფანჯარა, საიდანაც მისაღებში უხვი რაოდენობის მზის სხივები ხვდება. სხვა ოთახების მსგავსად, ეს ნაწილიც მდიდარია ხის მასალითა და დახვეწილი ფერთა სისტემით. განსაკუთრებულ განწყობას აღძრავს ხის იატაკის საფარიც, რომელიც სახლსა და ბუნებას შორის სასიამოვნო კავშირს ქმნის.

მისაღებთან არის გაერთიანებული სამზარეულოს ნაწილიც. მათ შორის განთავსებული სასადილო მაგიდა, ერთგვარად, გამყოფის როლს თამაშობს. სამზარეულო აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და დეკორაციებით. აღსანიშნავია საინტერესო გარეგნობის მქონე ჭაღიც, რომელიც ნაცრისფერ ფერებს სასიამოვნოდ ეხამება. სკანდინავიურ ესთეტიკას ახასიათებს უხვი რაოდენობით მწვანე მცენარეების არსებობაც, რაც ამ სივრცეშიც იგრძნობა.

საძინებელს შედარებით დაბალი ჭერი აქვს და აქ ყველაზე უკეთ იგრძნობა სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ქსოვილების მრავალფეროვნება. სივრცე მაქსიმალურად არის ათვისებული და ცალკე ადგილია გამოყოფილი საკმაოდ დიდი ზომის კარადისთვისაც, რაც საძინებელს კიდევ უფრო ფუნქციურსა და კომფორტულს ხდის. ცალკე აღნიშვნის ღირსია დახვეწილი დიზაინის მქონე სარკე და სანათი, რომელთა დახმარებითაც ოთახში განსხვავებული ხასიათი და განწყობა იქმნება.

რაც შეეხება აბაზანას, ის ძალიან სადა და მინიმალისტურია. ლოფტის სტილისთვის დამახასიათებელი შტრიხები სახლის ამ ნაწილშიც კარგად არის ხაზგასმული. კედლები და იატაკის საფარი კერამიკული ფილებით არის მოპირკეთებული. ნათელი ფერებისა და ცალკე გამოყოფილი საშხაპე სივრცის ხარჯზე, აბაზანა კიდევ უფრო ვრცელი და ნათელი ჩანს.

მთლიანობაში, პროექტი საკმაოდ მყუდრო და დახვეწილია, ფუნქციური ავეჯისა და სივრცეების წყალობით კი სადა და ელეგანტური ატმოსფერო იქმნება. განსაკუთრებით სასიამოვნოა მწვანე მცენარეების მრავალფეროვნება, რომელთა წყალობითაც ინტერიერი უფრო ბუნებრივ და მშვიდ აქცენტებს იძენს.

გაიზიარეთ გამარჯვება მონოლოთ ჯგუფთან ერთად

9 მარტივი გზა ინტერიერში ტელევიზორის დასამალად