in

15 ადგილი სახლში, რომელთა გაწმენდაც ხშირად გვავიწყდება

სახლის დასუფთავებისას სტანდარტულად ვიყენებთ მტვერსასრუტს, ვწმენდთ თვალისთვის მარტივად შესამჩნევ ზედაპირებს და ნიივთებს, თუმცა არის რამდენიმე ადგილი, რომლებზეც დალაგების პროცესში არც კი ვფიქრობთ. სინამდვილეში, თითოეული ეს თვალისგან მოშორებული სივრცეც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იატაკის საფარი, ავეჯი, სამზარეულოს ზედაპირები და სხვა.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ თუ რა ადგილებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სახლის მოვლის პროცესში და როგორ გავუმკლავდეთ აქ გავრცელებულ ჭუჭყსა და მტვერს.

დივნისა და სავარძლის შიდა ნაწილი

ნამსხვრევები, ნაგავი, შინაური ცხოველების ბეწვი და მტვერი ყველაზე ხშირად დივანსა და სავარძლებში გვხვდება. ჭუჭყი შესაძლოა დაგროვდეს ბალიშების უკან, დივნის ფეხებზე, სავარძლის უკანა ნაწილში და ასე შემდეგ. ამ ყოველივეს თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია ავეჯის სრულად გაწმენდა სველი ქსოვილის გამოყენებით, თვეში ერთხელ მაინც.

ტელევიზორის პულტი

მიუხედავად იმისა, რომ პულტი ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება, მასზე არსებული ჭუჭყი შეუმჩნეველი გვრჩება. მრავალფუნქციური ანტიბაქტერიული ქსოვილები და ხელსახოცები მარტივი და ეფექტური საშუალებაა პულტის გასაწმენდად და ტოქსიკური ნივთიერებებისგან თავის დასაცავად.

კარის სახელური და სინათლის ჩამრთველი

ტელევიზორის პულტის გარდა, ეს არის ის, რასაც ყოველდღიურად ვკიდებთ ხელს. მათი გაწმენდა საჭიროა კვირაში ერთხელ მაინც, განსაკუთრებით სამზარეულოსა და აბაზანაში.

ფარდა და ჟალუზი

მათი გარეცხვის ან გაწმენდის სიხშირე უშუალოდ მასალაზეა დამოკიდებული. ფარდების გარეცხვა შეიძლება როგორც სარეცხ მანქანაში, ასევე მშრალი წმენდის პრინციპითა. ჟალუზების გაწმენდა ძალიან მარტივია ნესტიანი ქსოვილის გამოყენებით.

კბილის ჯაგრისის დამჭერი

კბილის ჯაგრის ყოველდღიურად ვწმენდთ, თუმცა მისი დამჭერის გაწმენდა ხშირად გვავიწყდება. ამისთვის შეგიძლიათ ის სარეცხ მანქანაშიც კი გარეცხოთ, რათა ბაქტერიების გავრცელება აირიდოთ თავიდან.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა

თუ ამჩნევთ, რომ ტექნიკა თავის საქმეს კარგად ვერ ასრულებს, ის აუცილებლად უნდა გაწმინდოთ. ამისთვის უამრავი ხსნარი არსებობს, თუმცა შეგიძლიათ სოდისა და თეთრი ძმრის ხსნარის გამოყენებაც. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსეთ ხსნარი, შემდეგ კი ჩართეთ რეცხვის რეჟიმზე.

სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანის გაწმენდის პრინციპი ზუსტად ისეთია, როგორიც ჭურჭლის სარეცხი მანქანის შემთხვევაში. შედეგად, მიიღებთ სუფთა და ბაქტერიებისგან გაწმენდილ ტექნიკას, რის ხარჯზეც მომავალში ქსოვილი და ტანსაცმელიც უკეთ გაირეცხება.

საწოლის ქვეშ

ბოლოს როდის გაწმინდეთ ეს ადგილი მტვერსასრუტით? ალბათ შეამჩნევდით, რომ მტვერი ოთახის ამ ნაწილში ძალიან სწრაფად გროვდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ადგილს რაიმეს შესანახად იყენებთ. შესაბამისად, ეს ზონა კვირაში რამდენჯერმე მაინც უნდა გაწმინდოთ.

ნაგვის ურნა

მიუხედავად იმისა, რომ ნაგავს რეგულარულად ვყრით, ურნები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გვრჩება გაუწმენდავი. უსიამოვნო სუნისა და ბაქტერიების დაგროვების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ურნა დაახლოებით კვირაში ერთხელ გარეცხოთ და დაამუშაოთ სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით.

ჰაერის გამწმენდი

გამწმენდის რეგულარულად მოვლა და დასუფთავება იმის გარანტიაა, რომ სახლში ჯანსაღი და სუფთა ჰაერი ტრიალებს. ამისთვის საჭიროა ფილტრების გაწმენდა, საწმენდის კედლების დასუფთავება და მტვრისა და ჭუჭყის მოშორება. ხშირი წმენდა თავიდან აგვარიდებს ობისა და ვირუსების გავრცელებას.

ლეიბი

შესაძლოა, თეთრეულს კვირაში რამდენჯერმე ცვლიდეთ, მაგრამ ლეიბის შემთხვევაში ეს ასე არ არის. მას შემდეგ, რაც თეთრეულს საწოლიდან აიღებთ, ეცადეთ საფუძვლიანად გაწმინდოთ ლეიბი მტვერსასრუტის გამოყენებით.

თვალსაჩინო ლაქების შემთხვევაში, გამოიყენეთ ნესტიანი ქსოვილი და მცირე რაოდენობით სარეცხი საშუალებები.

გამწოვი

ჭუჭყიანი გამწოვი არა მხოლოდ სამზარეულოს იერსახეს აზარალებს, არამედ იზიდავს მტვერსა და ბაქტერიებსაც. გარეგნული წმენდის გარდა, საჭიროა მისი ფილტრების გაწმენდაც. ამ შემთხვევაში, ფილტრების გასუფთავება შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც, მაღალ ტემპერატურაზე, ან უბრალოდ საპნიანი წყლის გამოყენებით.

მცირე ზომის სამზარეულოს ტექნიკა

ტოსტერი, მიკროტალღური და მსგავსი ნივთები მტვერს რეგულარულად იგროვებს ზედაპირზე. მათი გაწმენდა აუცილებელია იმისთვის, რომ კერძები სუფთად და ჯანსაღად მომზადდეს. მიკროტალღურის მსგავსი ტექნიკის შემთხვევაში, გაწმენდა შესაძლებელია ლიმონიანი წყალის მოთავსებით და ადუღებით, ხოლო ტოსტერისა და სხვა მსგავსი ტექნიკის ზედაპირები უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ქსოვილითა და სპეციალური ხსნარებით.

მაცივრის ზედა ნაწილი

მაცივრის ზედა ნაწილი რთულად შესამჩნევია, მაგრამ მარტივად იზიდავს ცხიმისა და მტვრის ფენას. ზედაპირის გასასუფთავებლად გამოიყენეთ რბილი, ნესტიანი ქსოვილი და ცხიმის საწინააღმდეგო სარეცხი საშუალებები.

სივრცე უნიტაზის უკან

ხშირად ჭუჭყისა და მტვრის ყველაზე დიდი რაოდენობით დაგროვება კედელსა და უნიტაზს შორის არსებულ სივრცეში ხდება, რომლის გაწმენდაც გვავიწყდება. ამ დროს ვრცელდება არა მხოლოდ ჭუჭყი, არამედ მავნე ბაქტერიებიც. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი წყლის გამოყენება.

8 ადგილი თბილისში, სადაც დაწნულ კალათას შეიძენთ

Ultrafragola – სარკე, რომელიც ქალის ფორმებს სასიამოვნოდ აცოცხლებს