in

არქიტექტურა, როგორც ხელოვნება და ეთიკა — ინტერვიუ ალექსანდრე ჩუბინიძესთან

დღევანდელი სტატია საინტერესო ფილოსოფიურ მოსაზრებებს ეთმობა, რომელშიც სიღრმისეულადაა გაანალიზებული არქიტექტურის ადგილი და როლი თანამედროვე სამყაროში. ასევე, ინტერვიუში გამახვილებულია ყურადღება იმ ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში  არქიტექტურის მიმართულებით არსებობს. ხაზგასმულია განათლების სისტემის ხარვეზებიც, რომლებიც ამ სფეროს განვითარებას აფერხებს და სტუდენტებს შემოქმედებით თავისუფლებას უზღუდავს.

ალექსანდრე ჩუბინიძე არქიტექტორი და ძალიან საინტერესო მოაზროვნე, ინტელექტუალია, რომლის თხრობა მკითხველს არქიტექტურის მეტაფიზიკურ სივრცეში ამოგზაურებს და ხელოვნების ამ მიმართულებას განსხვავებული კუთხით აჩვენებს. მის შემოქმედებით და აკადემიურ მოღვაწეობაში რთულია, ვერ შეამჩნიო პროფესიით „შეპყრობილობა“ და ვერ დაინახო ის დიდი ენთუზიაზმი, რითაც ჩვენი რესპონდენტი საკუთარ საქმეს ემსახურება.

ალექსანდრე, გვიამბეთ, როგორი იყო თქვენი ბავშვობა და რა გავლენა მოახდინა მან თქვენს პიროვნებაზე?

ჩემი ბავშვობა საქართველოს ისტორიის ალბათ ყველაზე “არასაბავშვო” ეპოქაში გავატარე, რომელიც მსოფლიო ისტორიის გარდამტეხ ეპიზოდს  — საბჭოთა საპყრობილის რღვევას და თავისუფალი საქართველოს ხელახალ დაბადებას დაემთხვა. შეუძლებელია ოთხი წლის ასაკში დაკავდე რეფლექსიით, გაიაზრო მოვლენები, მაგრამ ჩემმა მეხსიერებამ მაშინდელი საქართველოს ცხოვრების უმძაფრესი მომენტები დღემდე შემოინახა …  სტუდენტებს რომ ვეუბნები „ძია ლენინის“ ძეგლი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი-მეთქი, გაკვირვებულნი მეკითხებიან : „კი მაგრამ რამდენი წლის ხართ?“,  „ვინაა ძია ლენინი ?“ წარმოიდგინეთ, რა კარგია, რომ არაფერი სმენიათ ტროცკიზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობის ეპოქა ტროტილის არომატით იყო გაჯერებული, ხოლო „მეცხრე ბლოკი” მითურ პრომეთეოსს ეპაექრებოდა, ვფიქრობ, ეს იყო გენიალური წლები, როდესაც მე და ჩემი ახალდაბადებული სამშობლო ერთად ვიზრდებოდით…

როდის გაიაზრეთ, რომ არქიტექტურასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაკავშირებდათ და პროფესიული განვითარების კუთხით რა ნაბიჯები გადადგით?

ნახაზთან  პირველი შეხება 23-ე სკოლას უკავშირდება. დღეს უკვე მომღიმარი ვაღიარებ ხოლმე, რომ ხაზვა ძალზედ მიჭირდა. რთულად ვითვისებდი, კლასში ყველაზე ცუდი ნახაზები მე მქონდა … მაგრამ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, ქალბატონი იზა თავაძე, რომლის დამსახურებაა, რომ დღეს კარგად ვხაზავ.

სკოლაში სწავლისას სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე შევედი, სადაც მომავალ აბიტურიენტებს ამზადებდნენ. ვაღიარებ, რომ გამიმართლა, აკადემიაში ბრწყინვალე პედაგოგები შემხვდა — ბატონი ვახტანგ ფეტვიაშვილი, ბატონი გივი თოიძე. ამ ადამიანებმა, რომლებიც გარდა პედაგოგებისა, დიდი მხატვრებიც გახლდნენ, არქიტექტურისკენ საწყისი ბიძგი მომცეს. ადრეული ბავშვობიდან (ნების საწინააღმდეგოდ) ვსწავლობდი მუსიკას, ხატვას კი (უკვე დიდი შემართებით) არაჩვეულებრივ ხელოვანთან და პედაგოგთან — ქალბატონ მზექალა ბერძენიშვილთან ვეუფლებოდი. ზუსტად ამ დროს დავინტერესდი „რაღაცით“, რომლის არც სახელი ვიცოდი, არც მნიშვნელობა და არც არსებობა. ძალზედ გვიან გავიგე, რომ არქიტექტურით ვყოფილვარ შეპყრობილი.

„შეპყრობილობის სიმპტომების“ გაძლიერებაში მამა მეხმარებოდა. მოჰქონდა წიგნები არქიტექტურაზე, ფერწერაზე, ქანდაკებაზე. ხოლო სახატავი საშუალებებით დედა მამარაგებდა. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე, არაჩვეულებრივ გარემოში აღმოვჩნდი… მასწავლიდნენ ბატონი გიგა ბათიაშვილი, ტარიელ ქუთათელაძე, მერაბ ჩხენკელი. ახლო მომავალში, ბატონ მერაბთან და მის ვაჟთან,  სანდროსთან დავიწყე პრაქტიკული მუშაობა და სწორედ ამ დროს გაიხსნა ჩემთვის არქიტექტურის მძიმე კარი. ჩემი, როგორც არქიტექტორის, ჩამოყალიბებაში, ჩხენკელების დინასტიას უდიდესი როლი მიუძღვის, მათ მასწავლეს რა არის არქიტექტურა, როგორც ხელოვნება და რა არის არქიტექტურა, როგორც ეთიკა…

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში

რომელ მნიშვნელოვან ეტაპებს გამოყოფდით თქვენი განვლილი პროფესიული ცხოვრებიდან?

რამდენიმე წლის წინ სრულიად სპონტანურად დაიწყო ჩემი, როგორც ლექტორის საქმიანობა სამხატვრო აკადემიაში. აკადემია ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ „ალმა მატერი“ და სამუშაო ადგილი. მან შემძინა უდიდესი სიმდიდრე, პირველი სტუდენტები, აგრეთვე საშუალება, რომ სხვადასხვა მიმართულების არტისტებთან მეთანამშრომლა, მიმეღო მონაწილეობა გამოფენებში, ინსტალაციათა კონსტრუირებაში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით შესანიშნავ ხელოვნების კრიტიკოსებსა და კურატორებს, ქალბატონ ნინო გუჯაბიძეს და ქალბატონ ალექსანდრა გაბუნიას, რომელთა ხელმძღვანელობის ქვეშ არაერთ საინტერესო სახელოვნებო პროექტში მიმიღია მონაწილეობა. მათთან ურთიერთობამ ძალზედ გამზარდა, თვალსაწიერი გამიფართოვა და დამანახა, რომ არქიტექტურა და თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნება უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ.

უკვე არქიტექტურის ფაკულტეტზე ქალბატონ ნესტან წიკლაურის ხელმძღვანელობით ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებზე ვმუშაობთ, სადაც უკვე პროფესიონალი არტისტები და ამასთან სტუდენტებიც არიან ჩართულნი (არამხოლოდ არქიტექტურის ფაკულტეტის). სამხატვრო აკადემიასთან ერთად, არქიტექტურის პრაქტიკულ სალექციო კურსს საქართველოს უნივერსიტეტშიც ვკითხულობ. ესაა ახალგაზრდა, ენერგიული უნივერსიტეტი, ახალგაზრდა, ენერგიული ხელოვნების სკოლით, რომლის არქიტექტურულ მიმართულებას ქალბატონი ნინო ლაღიძე უძღვება. „იუჯი”-მ ძალიან ბევრი შემძინა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა კოლეგები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემ ყოფილ სტუდენტებთან ერთად შევქმენი საპროექტო ჯგუფი და ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობ.

გეომეტრიული კვლევა

ვისაუბროთ არქიტექტურის როლსა და დანიშნულებაზე ეპოქათა ცვალებადობის მიხედვით

არქიტექტურა უაღრესად საშიში ფენომენია. თუკი უხსოვარ დროში არქიტექტურის ამოცანა თავშესაფრისათვის კედლების და ჭერის შემოზღუდვა იყო,  დღეს იგი ელიტების ინსტრუმენტად იქცა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, არქიტექტურა ფილოსოფიური კონსტრუქციებით გამდიდრდა, გაჯერდა სტრუქტურალისტური და შემდგომში, პოსტსტრუქტურალისტური იდეებით და გარდაიქმნა  სივრცითი ესთეტიკიდან კულტურის მაკონსტრუირებელ საშუალებად.

კინემატოგრაფთან და კონცეპტუალურ ვიზუალურ ხელოვნებასთან ერთად, დღეს არქიტექტურა საკმაოდ რთულ და კომპლექსურ საშუალებადაა ქცეული. მისით წყდება სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემები.

თანამედროვე, კარგი არქიტექტორი უკვე აღარაა საკუთარ სტუდიაში გამოკეტილი განდეგილი, რომელიც თავის სახაზავ დაფას მზრუნველი თვალით უცქერს. დღესდღეობით კარგი და რეალიზებული არქიტექტორი, პირველ რიგში,  საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეა, მტკიცე პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციებით, მკვლევარი, ბუნების და კულტურულ გარემოსთან მუდმივ ბმაში მყოფი ინტელექტუალი.

არქიტექტორის როლი მხოლოდ „ლამაზი“, „მოხერხებული“ შენობების პროექტირება არაა, არქიტექტორის ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მისი რეალიზებული იდეები სრულ თანხვედრაში იყოს როგორც ბუნებისმიერ, ასევე კულტურულ გარემოსთან, აუმჯობესებდეს სოციალურ და კულტურულ კომუნიკაციებს, ქმნიდეს საუკეთესო სივრცეებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად, ადამიანის ყოფიერებისთვის. დღეს არქიტექტორის როლი, ვფიქრობ, მთლიანობაში მომავლის კონსტრუირებაა.

უფრო ვიწრო ჭრილში განვიხილოთ საკითხი, როგორ შეაფასებდით თანამედროვე ქართულ არქიტექტურას?

მე შევეხები არქიტექტურის მხოლოდ თვალსაჩინო, ესთეტიკურ პრობლემებს. თანამედროვე ქართული არქიტექტურა, ვფიქრობ რომ, უდიდესი ფილოსოფიური პრობლემის წინაშე დგას. იგი აღარაა გენეტიკურ კავშირში იმ არქიტექტურასთან, რომელიც, თუნდაც ორმოცი წლის წინ არსებობდა. მასშტაბურმა სოციალურ-პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა გარდაქმნებმა, საბაზრო ეკონომიკის დანერგვამ პოსტსაბჭოთა საქართველოში, ველური კაპიტალისტური საქმიანი კომუნიკაციების წარმოშობამ, უხეშად გაწყვიტა ქართული არქიტექტურის უგრძესი გენეტიკური ჯაჭვი. ჯაჭვი, რომელიც იყო მდიდარი როგორც დასავლური, ასევე ორიენტალისტური სივრცულ-ესთეტიკური იდეებით.

დღეს თანამედროვე ქართულ არქიტექტურულ ლექსიკონში შესაძლებელია გვერდიგვერდ ამოვიკითხოთ როგორც მოდერნისტული, ასევე პოსტმოდერნისტული და სამწუხაროდ, კიტჩური ვარიაციები. დასავლური არქიტექტურული ენა, იმგვარად, რომ არ ჰქონია ისტორიული ბაზისი, უხეშად და უკონტექსტოდ რეალიზდება დღევანდელ საქართველოში. დასავლური არქიტექტურის ურთულეს ენას კი დღეს ცოტა თუ ფლობს სრული სისავსით. ეფექტურ ფორმათა და კონსტრუქციათა კონტექსტის გვერდის ავლით რეალიზებამ, სრულიად შეცვალა საქართველოს ძირითადი ქალაქების ისტორიულად ჩამოყალიბებული და კრისტალიზებული პანორამები. შეიცვალა ქალაქების სივრცითი იდენტობა, მასშტაბი და სქესი…. უარყოფილია ადგილის, ისტორიული გარემოს და ზოგადად, ტოპოსის, როგორც ყოვლისმომცველი ფენომენის მნიშვნელობა.

გეომეტრიული კვლევა

როგორ ხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას?

ჩვენი არქიტექტურული პრობლემის ანალიზისთვის ევკლიდურ გეომეტრიას უნდა მივმართოთ. წარმოვიდგინოთ ტოლფერდა სამკუთხედი, რომლის სამივე წვეროზე სამი ფუნდამენტური „პერსონაჟია“ გამოსახული  —  კაპიტალი, სახელმწიფო და არქიტექტორი. კაპიტალი ქმნის უმეტესად მოკლევადიან (სამწუხაროდ მოკლევადიან), მომგებიან, ეკონომიკურ მოდელს მომავალი უძრავი ქონების სახით, რომელიც  შემდგომში მონეტიზირდება. სახელმწიფო, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული ინვესტიციებზე და ამავდროულად, პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე,  უმეტესად, გრძელვადიანი პროგნოზირების გარეშე აკმაყოფილებს მსხვილი ინვესტორის სივრცით მოთხოვნილებებს. სამკუთხედის მესამე წევრი, არქიტექტორი, რომელიც  პასუხისმგებელია სახელმწიფოს სივრცით განვითარებაზე, მხოლოდ შემსრულებლის, ანდა უარესი, დამკვეთსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ირგებს და ახორციელებს პროექტს.

არქიტექტორი სრულიადაა გამოთიშული სახელმწიფო მართვის აპარატიდან და ვერ ერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუნდაც მხოლოდ   სრულყოფილი სივრცითი მოწყობის კანონი და მასზე კონსტრუირებული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტები ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების დაცვას კაპიტალის უკონტროლო ზემოქმედებისგან. მხოლოდ არქიტექტორების უშუალო და აქტიური ჩართულობითაა შესაძლებელი ინვესტიციების სწორი მიმართვა უძრავი ქონების წარმოების პროცესში. არქიტექტორი მხოლოდ მედიატორის როლში ნიშნავს უკონტროლო და გაუანალიზებელ განაშენიანებას, სატრანსპორტო კოლაფსებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი აღძრულ კულტურულ, სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს. ზემოაღნიშნული პრობლემები  თავისთავად ინვესტორის კატასტროფულ ზარალს გამოიწვევს (არაფერს ვიტყვი საზოგადოების ზარალზე).

მოცემული ტოლფერდა სამკუთხედი მარადიული სამკუთხედია, იგი არსებობდა ყოველთვის და იარსებებს მუდმივად, მთავარია თუ როგორ რეგულირდება სამკუთხედის წვეროებს შორის კომუნიკაცია . პასუხის დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ არქიტექტურის ვიზუალურ-ესთეტიკური მხარე მხოლოდ რთული სოციალურ-ეკონომიკური ქმედებების შედეგია და თუ გვსურს ვბინადრობდეთ კომფორტულ, „ლამაზ“ და უსაფრთხო გარემოში, პირველ რიგში, აუცილებელია კაპიტალის და სახელმწიფოს კომუნიკაციის პროცესში არქიტექტორის აქტიური ჩართულობა.

რომელ ნაგებობას გამოარჩევდით ქართული არქიტექტორული ნამუშევრებიდან?

ვფიქრობ, ჩემი პასუხი შესაძლოა არ იყოს ორიგინალური, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია თვალი მოვწყვიტო ჯვრის მონასტერს. ჩემი აზრით, იგი აბსოლუტურად უნაკლოა. ის ეფექტი, რასაც ნაგებობა ჩემს ცნობიერებაზე ახდენს, ხშირად სომატურ ხასიათსაც იძენს…

ქართული არქიტექტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია განათლების სისტემასთან. ამ მხრივ საინტერესოა თქვენეული შეფასება. რა მდგომარეობაშია დღეს საგანმანათლებლო სფერო? 

განათლების და მითუმეტეს, არქიტექტურული განათლების ამოცანა, ვფიქრობ, მის პოლიფონიურობაში მდგომარეობს. პოლიფონიურობა კი პროფესორსა და სტუდენტების ურთიერთობაში გამოიხატება. ჩვენს აკადემიურ სივრცეში, პროფესორი ორიენტირებულია გადასცეს ცოდნა როგორც პროდუქტი, სტუდენტი კი ამ ცოდნის-პროდუქტის მიღებაზეა ფოკუსირებული. განათლება იქცა პროცესად, ტექნოლოგიურ ხაზად, კონვეიერად, რომელიც სილაბუსით იმართება.

არადა, განათლება არაა მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის გაცემის და პროფესიული უნარების მიღების დროში გაწერილი გეგმა-გრაფიკი. დღეს, სწავლის პროცესის  რეზულტატად „GPA“ განისაზღვრა, რაც ვფიქრობ,  ტრაგედიაა… ჩემი დაკვირვებით, მოწადინებულ სტუდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მაღალი „GPA“-ისკენ მიისწრაფვის და არა შემეცნებით მიღებული მხიარულებისკენ. ტრაგედიაა, როდესაც სტუდენტი „არქიტექტურას სწავლობს“. არადა ნამდვილი არქიტექტურული განათლების პროცესი შემოქმედებითი, პოლიფონიური ხმაშეწყობაა პროფესორსა და სტუდენტს შორის. შემეცნების, კვლევის, გამოძიების მხიარული ქმედება.

საკურსო პროექტზე მუშაობა, არქიტექტურის თეორიული პრობლემების გადაწყვეტა, დიახაც მოითხოვს სისტემურ მიდგომას, სილაბუსში გაწერილი პროგრამის გათვალისწინებას, მაგრამ ნამდვილი შემეცნებითი „რევოლუცია“ პროგრამის მიღმა ხდება. პროფესორი, უპირველესად, ვალდებულია, თითოეულ სტუდენტში პროფესიონალი რევოლუციონერი „აღმოაჩინოს“ და არა მომავალი „თანამშრომელი“, რადგან ვთვლი, რომ არქიტექტურა რევოლუციონერების ხელობაა.

საცხოვრებელი სახლი თბილისში
ხის ასაწყობი სახლი. კონცეპტუალური პროექტი.

არქიტექტურა რევოლუციონერების ხელობააო ამბობთ, გაგვიზიარეთ უშუალოდ თქვენი შემოქმედებითი პროცესი, როგორია ის? 

ჩვენი საპროექტო სტუდია ახალგაზრდაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰორიზონტალური სტრუქტურის მქონეა. ჩვენ არ ვართ გუნდი ლიდერით, არც თანამშრომლების სიმრავლით გამოვირჩევით. ვფიქრობ, რომ ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რასაც არქიტექტურული პროექტირება და საპროექტო პროცესის მართვა მოიცავს არ უნდა იყოს ერთპიროვნული. ჩვენი სტუდიის ყოველი წევრი ბოლომდე ერთვება საპროექტო სამუშაოს ყველა ეტაპში — კონცეფციიდან მუშა დოკუმენტაციის შემუშავებამდე. ერთად ვსახავთ საპროექტო იდეას, ვხვდებით დამკვეთებს და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ჩვენ არ ვართ თანამშრომლები პასუხისმგებლობის შეზღუდული რადიუსით. ამასთან, არც არქიტექტურულ პროექტირებას ვხედავთ როგორც სამუშაოს.  როგორც სწავლა, ასევე მუშაობა და შრომა ჩვენ სტუდიაში „აკრძალული“ სიტყვებია. ვფიქრობ, რომ შექმნა კონკრეტული დამკვეთისთვის კონკრეტული პროექტი — ეს სამუშაო კი არა, არამედ ერთგვარი რელიგიური მსახურებაა.

საცხოვრებელი სახლი თბილისში
საცხოვრებელი სახლი თბილისში

განვიხილოთ თქვენი ნამუშევრები, რომელ პროექტებს გამოყოფდით?  

ჩვენი პროექტებიდან მიჭირს რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა, მიუხედავად მასშტაბისა თუ ისტორიისა, თითოეული მათგანი ერთნაირად დამღლელი, რთული და ამავდროულად, უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი იყო ჩვენთვის. თუმცა, მაინც  სამს გამოვარჩევდი: ვილას კოჯრის გზატკეცილზე, ღვინის ექსპერიმენტულ ქარხანას ნეკრესში და განსაკუთრებით საინტერესოს – სოფელ კაკაბეთში საგანმანათლებლო ცენტრის პროექტს, სადაც ჩვენ საპროექტო გუნდს სრული თავისუფლება მიეცა დამკვეთისგან გამოგვევლინა არქიტექტურის ფილოსოფიის ჩვენეული ხედვა.

ღვინის ქარხანა. კონცეპტუალური პროექტი
საგანმანათლებლო ცენტრი სოფ. კაკაბეთში

ამასთან, აღვნიშნავ, რომ პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესო იყო სამწლიანი გეომეტრიული კვლევების პერიოდი, როდესაც რამდენიმე ასეული სტრუქტურის ანალიზი შევძელი. ამ სამმა წელმა ძირეული გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნებაზე, ამ პერიოდში გადავაფასე არქიტექტურული ესთეტიკის არაერთი ის იდეა, რომელიც ადრე საინტერესოდ მეჩვენებოდა…

გეომეტრიული კვლევა

გაგვიზიარეთ თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გეგმები

უმთავრესად ვმუშაობთ საცხოვრებელ ობიექტებზე, განსაკუთრებულ ინტერესს კი ინდივიდუალური საცხოვრისის მიმართ ვავლენთ. ამჟამად თბილისის შემოგარენში რამდენიმე ვილას ვაპროექტებთ, გვაქვს მშენებარე ობიექტებიც. ვილების პარალელურად, ვმუშაობთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზეც. მოცემულ ეტაპზე უნივერსალურ სპორტულ კომპლექსს ვაპროექტებთ მარნეულის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობთ, რომ ეს სპორტული ობიექტი დადებით როლს შეასრულებს ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.

საკრებულოს ოფისი მარნეულში

ვილა, აგარაკი ან უბრალოდ სახლი ერთი ოჯახისთვის უაღრესად საინტერესო დასაგეგმარებელია… რა ჯობია იმ რამდენიმე საათს, რომელსაც კვირაში რამდენჯერმე დამკვეთთან და მის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაში ატარებ?! ესაა დამღლელი, მაგრამ დიდი სიხარულის მომნიჭებელი პროცესი. წარმოიდგინეთ, კონკრეტული ადამიანისთვის ქმნი უდიდესი მნიშვნელობის სივრცეს — საცხოვრისს, სადაც თაობები გაიზრდება, ადგენ ადამიანების ბინადრობის სცენარს და ცდილობ, რომ ეს სცენარი იყოს უბრალოდ საინტერესო. თითოეული ტიხარი, ინტერიერის, ფასადის თუ ეზოს ელემენტი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ძალიან საინტერესოა მიუჯდე სამუშაო მაგიდას და განსაზღვრო შენ კოლეგებთან ერთად, თუ რას დაინახავს დიასახლისი, როდესაც კიბიდან ჩამოდის, ანდა როგორ შემოდის სახლში ოჯახის უფროსი და სად დებს გასაღებს. როგორ ერთობიან ბავშვები ეზოში, ფასადის რა ელემენტს ხედავს სტუმარი, როდესაც ჭიშკარს გაუღებენ … პროექტირება ძალიან ჰგავს კინომონტაჟს, არქიტექტურაში ცხოვრება კი კინოსეანსს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

9 კომპანია საქართველოში, სადაც საშხაპე შუშას შეიძენთ

„არაფერი განსაკუთრებული“, უბრალოდ ერთი ახალი ბრენდის ამბავი – როგორია ცხოვრება „ფიგურებში“?