in

ცხოვრების სტილად ქცეული არქიტექტურა – ინტერვიუ გიორგი ვარდანაშვილთან

გიორგი ვარდანაშვილი წარმატებული ახალგაზრდა არქიტექტორია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მნიშვნელოვან სამშენებლო პროექტებშია ჩართული. გიორგი თვლის, რომ არქიტექტურა, ისევე როგორც 21-ე საუკუნის არქიტექტორი, მუდმივად პროგრესირებადი, ცვალებადი უნდა იყოს და თანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემებს პასუხობდეს. დღევანდელ ინტერვიუში ის თავის კარიერაზე, არქიტექტურის როლსა და პროფესიის მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

გიორგი, მოგვიყევით იმ გარემოს შესახებ, რომელშიც იზრდებოდით, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?  

ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. ჩემი ოჯახის წევრების მრავალპროფილური განათლებისა და პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ადრეული ასაკიდან უამრავ სხვადასხვა დარგთან მქონდა შეხება. გამომდინარე იქიდან, რომ მამა  — ოთარ ვარდანაშვილი არქიტექტორია, ხშირად ვაკვირდებოდი მის სამუშაო პროცესს. არქიტექტურულ სახელოსნოში სიარულმა, ნახაზებთან და მაკეტებთან ბავშვურმა თამაშმა, ბუნებრივად გამიღვივა არქიტექტურისადმი ღრმა ინტერესი. იმ დროს ჩასახული ცნობისმოყვარეობა კი ცხოვრებისეულ ინტერესად გარდაისახა.

ქ. თბილისიდან რკინიგზის მაგისტრალური ხაზის გატანის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის ურბანული განვითარების კონცეფცია. კულტურის ცენტრის გენგეგმა.

გვიამბეთ თქვენს პროფესიულ არჩევანსა და განათლებაზე 

არქიტექტურით ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დავინტერესდი. მკაფიოდ მახსოვს რამხელა სიამოვნებას მანიჭებდა მამის მიერ შესრულებული ნახაზებისა და შენობების ფოტოების თვალიერება, მასთან ერთად მაგიდასთან ჯდომა და სახაზავი ინსტრუმენტებით თამაში. ადრეული ასაკიდან სამხატვრო სტუდიაში ვსწავლობდი, სადაც ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას, გობელენსა და ბატიკას ვეცნობოდი. სტუდიის ხელმძღვანელების — ანიკო ჩუბინიძის და ლიზა ეპიტაშვილის დახმარებით, ხელოვნების მრავალ დარგს დავეუფლე და მათი პრაქტიკული თუ თეორიული ნაწილი შევისწავლე. ამასთანავე, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა გამოფენასა და კონკურსში. საუნივერსიტეტო ასაკის მოახლოებასთან ერთად, გადავწყვიტე პროფესიულად მივდგომოდი არქიტექტურას. განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მივიღე, ამას კი დიდად შეუწყო ხელი ლევან ლონდარიძის სამხატვრო სტუდიაში მიღებულმა ცოდნამ. საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთანავე, სამაგისტრო საფეხურზე სწავლა სამხატვრო აკადემიის ურბანისტიკისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე განვაგრძე. ამ პერიოდში ლიხტენშტაინის უნივერსიტეტში მოვხვდი, რამაც უდიდესი გამოცდილება შემძინა. ვთვლი, რომ ქართული ტრადიციული აკადემიური სწავლებისა და ევროპის საგანმანათლებლო პროგრამის სინთეზმა დიდი გავლენა იქონია ჩემს დღევანდელ შემოქმედებაზე, რისთვისაც ჩემი ყველა პედაგოგის მადლიერი ვარ. ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ვსწავლობ, სადაც ქალბატონი ნინო იმნაძის ხელმძღვანელობით, მდგრადი ურბანული დიზაინის მიმართულებით ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ არქიტექტურა საკმაოდ მრავალპროფილური პროფესიაა და მისი ღრმა ასპექტების შესწავლა მუდმივ პრაქტიკულ და თეორიულ ჩართულობას საჭიროებს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ქალაქ რიადში, საუდის არაბეთი. Alyasa Architects.

შეაფასეთ თქვენი კარიერული გზა, როგორ მოხვედით იქ, სადაც ახლა ხართ?

ვთვლი, რომ არქიტექტურულ სამყაროში ჩემმა ადრეულმა ჩართულობამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემი პროფესიული კარიერის ჩამოყალიბებაში. ბაკალავრიატის დასრულებისთანავე სხვადასხვა არქიტექტურულ კომპანიასთან ვთანამშრომლობდი. ამის პარალელურად, კერძოდ ვასწავლიდი არქიტექტურულ პროგრამებს, რამაც განაპირობა ის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი ვიყავი 2018-2020 წლებში (პანდემიამდე). 2018 წლიდან მუშაობა დავიწყე კომპანია „ALYASA ARCHITECTS“-ში, სადაც ამჟამად მთავარი არქიტექტორის პოზიცია მიკავია. ჩვენს კომპანიას 4 უცხოური ოფისი აქვს და საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს. ახლო აღმოსავლეთში არსებული მზარდი ინოვაციური და ტექნოლოგიური მოთხოვნები საშუალებას მაძლევს, მოწინავე არქიტექტურული, დიზაინერული და სამშენებლო ტენდენციების ცენტრში ვიყო. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან ვთანამშრომლობ მსოფლიოში ყველაზე დიდ არქიტექტურის სტუდენტთა საკონკურსო პლატფორმასთან – „Inspireli Awards“-თან, სადაც უკვე მე-5 წელია ჟიურის წევრი ვარ.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ქალაქ რიადში. საუდის არაბეთი. Alyasa Architects

როგორ გესახებათ არქიტექტურის როლი თანამედროვე სამყაროში? 

ჩემი აზრით, არქიტექტურა, როგორც დარგი, ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა, რადგან ის მხატვრულ და ტექნიკურ მხარეებს მოიცავს. არქიტექტურა დროსა და სივრცეში იქმნება. შესაბამისად, საჭიროებს დრეკად და მოქნილ პრინციპებს იმისათვის, რომ წარმატებით გაუძღვეს მიმავალ წლებსა და ცვალებად გარემოს. ვფიქრობ, არქიტექტურა, ისევე, როგორც არქიტექტორი, უნდა იყოს მუდმივად ცვალებადი, რაციონალური სიახლეებისა და ცვლილებებისაკენ მიმართული ერთიანობა. 21-ე საუკუნის პროგრესი უაღრესად დიდ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტთა ასორტიმენტს გვთავაზობს, რაც შემოქმედებით არეალსაც აფართოებს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ქალაქ ალ ჰასაში, საუდის არაბეთი. Alyasa Architects

როგორ დაახასიათებდით ქართულ არქიტექტურას? თქვენი აზრით, რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეს სფერო?  

საქართველოში არქიტექტურის პროფესია წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება. ინდივიდუალური პროექტის მსურველი დამკვეთები ხშირად მიმართავენ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ არქიტექტორებსა და დიზაინერებს, რათა კვალიფიციური რჩევები და ტექნიკურად გამართული პროექტი მიიღონ. ზოგადად, არქიტექტურა საკმაოდ რთული და მრავალეტაპიანი პროცესია. დღეისათვის ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ რაოდენ მზარდია არქიტექტურული და სამშენებლო ტენდენციები საქართველოში. ჩვენი ქვეყნის უამრავ ქალაქში, როგორც არსებულ, ისე ახლად ათვისებულ მიწის ნაკვეთებზე, აქტიური საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ქართული არქიტექტურის მთავარ გამოწვევებს პროფესიული განათლების სისუსტე და არსებული საპროექტო-სამშენებლო კანონმდებლობა წარმოადგენს. კანონების ხშირი ცვლა და ურთიერთშემაფერხებელი პირობები ხელს უშლის არქიტექტორების თავისუფლებასა და მოქნილობას. არსებული კანონმდებლობა არაერთი ინსტანციის წარმომადგენლების ჩართულობას საჭიროებს. ყველაზე მეტად საყურადღებოა მდგრადი განვითარების ტენდენციების დანერგვა და ამა თუ იმ შენობის ქალაქის ერთიან კონტექსტში განხილვა. დღევანდელი კლიმატური ცვლილებების ფონზე, დიდი ყურადღება და რესურსები უნდა დაეთმოს მდგრად ურბანულ დაგეგმარებას, რაც მომავალში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ფორმირებას შეუწყობს ხელს. აქცენტის გაკეთება მეტ სიმწვანეზე, ენერგოეფექტურობაზე, ნაკლები ნახშირბადის გამოყოფასა და სუფთა სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებაზე — სწორედ ეს უნდა გახდეს თანამედროვე არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი ქალაქ ალ ჰასაში. საუდის არაბეთი. Alyasa Architects.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტი ქალაქ დამამში. საუდის არაბეთი. Alyasa Architects.

რას იტყოდით ქართული არქიტექტურული სტილის შესახებ?

დღეს ჩვენ ქართული არქიტექტურის ახალი ეტაპის მონაწილენი ვართ. დასავლურ არქიტექტურულ და სამშენებლო სიახლეებთან აქტიურმა შეხებამ დიდი გავლენა იქონია დღევანდელი ქართული არქიტექტურის ტენდენციებზე. ჩემი აზრით, საქართველოს დიდი ქალაქები — თბილისი, ბათუმი, ქუთაისი ბევრი არქიტექტორისთვის ერთი დიდი სატესტო პოლიგონია, სადაც უამრავ სხვადასხვა სტილში შესრულებული პროექტების მშენებლობა მიმდინარეობს. შედეგად კი ვხედავთ საკმაოდ კონტრასტულ და ზოგჯერ შეუსაბამო არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ, ქართულ არქიტექტურას ვერ მივაკუთვნებდი რაიმე კონკრეტულ სტილს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მძიმე პოლიტიკური წარსული მკვეთრად აისახა მის არქიტექტურულ იერსახეზეც. 90-იანი წლების შემდგომ, ქვეყნის საერთაშორისო არქიტექტურულ ასპარეზზე აქტიურმა ჩართულობამ შესაძლებლობა მოგვცა, დაჩქარებულად გავცნობოდით დასავლური არქიტექტურის თანამედროვე ტენდენციებს. თანამედროვე მასალების ფართო პალიტრამ, დასავლურმა არქიტექტურულმა სტილისტიკამ და ადგილობრივმა კანონმდებლობამ  მკვეთრად გარდაქმნა ქართული არქიტექტურული სივრცე და ამით მას გარკვეული ინდივიდუალურობა შესძინა. ვთვლი, რომ ამ დარგში ჩვენი ქვეყანა კვლავ ძიების, სწავლის პროცესშია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში ის წარმატებით გაუძღვება მსოფლიო არქიტექტურის სამყაროს.

კერძო საქველმოქმედო ფონდის სათაო ოფისი ქალაქ დამამში. საუდის არაბეთი. Alyasa Architects.

რომელ არქიტექტურულ ობიექტებს გამოარჩევდით?

მსოფლიო არქიტექტურა მდიდარია გამორჩეული და მეტყველი შენობა-ნაგებობებით, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნამუშევარია „წყლის ტაძარი იაპონიაში“, რომელიც იაპონელ არქიტექტორ ტადაო ანდოს ეკუთვნის.

ტადაო ანდო, წყლის ტაძარი. იაპონია.

ამასთანავე, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო იტალიელი არქიტექტორის, რენცო პიანოს მიერ შესრულებული „ჟან – მარიე ჯიბაოს კულტურის ცენტრის“ შენობა ახალ კალედონიაში. ორივე ნაგებობა ორგანულად არის შერწყმული  ბუნებასთან და ამასთან, ღრმა სულიერი ნარატივის მატარებელია. მათი მარტივი და მარადიული დიზაინის ენა კი სცილდება არსებულ ტენდენციებსა და მოდას. მსგავსი შენობები ხელოვანთათვის შთაგონების წყაროა და სიმარტივისა და სიწმინდის ემოციებს აღძრავს, რაც ადამიანის მარადიულ ღირებულებებთან პირდაპირ კავშირშია.

კულტურის ცენტრი

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე, რისი გამოხატვა გსურთ თქვენი ნამუშევრებით?

მუშაობის პროცესში შთაგონების მთავარი წყარო ჩემი მრავალფეროვანი ცხოვრებაა. ბუნება, სპორტი, ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, რელიგია ჩემი ცხოვრების განუწყვეტელი ნაწილია. ვცდილობ ღრმად ჩავწვდე იმ სფეროებსა და საკითხებს, რომლებიც არქიტექტურის ფასადის მიღმა არსებული ემოციური ნარატივის ჩამოყალიბებაში მეხმარება. ვფიქრობ, არქიტექტურა უპირველეს ყოვლისა, უნდა იქმნებოდეს კონკრეტულ დროსა და სივრცეში, იყოს მართალი და პასუხობდეს იმ პერიოდში არსებულ პრობლემურ საკითხებსა და მოთხოვნებს. არქიტექტურა მუდამ იყო და იქნება ქვეყნის იდეოლოგიისა და სოციუმის სარკე. აქედან გამომდინარე, მეც ვცდილობ, ჩემი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნით სათანადოდ ვუპასუხო თანამედროვე გამოწვევებს.

თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოყოფდით?

2016 წელს შესაძლებლობა მქონდა, მემუშავა კატამონის უბნის ურბანული რეკონსტრუქციის პროექტზე ქალაქ იერუსალიმში, სადაც ურბან კიბუცის მშენებლობა იგეგმებოდა. აღნიშნული პროექტი კიბუცის ტრადიციული თანაცხოვრების  — კომუნას იდეოლოგიას ეყრდნობა. კომუნა, როგორც პარადიგმა, სოციალური პრაქტიკის კრებული, არის მომავლის სოციალური ცხოვრების განსხვავებული ხედვა. იმისათვის, რომ თანამედროვე კიბუცის იდეოლოგია ჩამოგვეყალიბებინა, გვესაჭიროებოდა მისი ტრადიციული მოდელის გააზრება. ამგვარად, მრავალი ტრადიციული ადგილობრივი კიბუცის შესწავლა დაგვეხმარა მისი თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებაში.

კიბუცი 2050 კონცეპტუალური მოდელი
ურბან კიბუცი 2000 მოსახლეზე. ბინების ტიპოლოგია. აქსონომეტრია.

პროფესორ დიტრიხ შვარცის ხელმძღვანელობით ჩატარდა ადგილობრივი კვლევა. პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლეთ იერუსალიმის არქიტექტურის სამსახურსა და უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. ამის შემდგომ, სამშენებლო მასალების შესწავლისა და შერჩევის ეტაპზე, მქონდა საშუალება, გავცნობოდი ავსტრიელ არქიტექტორ მარტინ რაუხს და მის სტუდიას – „Lehm Ton Erde“, (შლინსი, ავსტრია), სადაც დეტალურად გავეცანით ტკეპნილი მიწის სამშენებლო ტექნიკას და ამ მიმართულებით შესრულებულ ცნობილ ნამუშევრებს. იერუსალიმის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პროექტში გამოყენებული საპროექტო და სამშენებლო ტექნოლოგიები აერთიანებს როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციულ ტექნიკებს. 2016 წელს აღნიშნული პროექტი „ArchiAwards 2016“-ის საერთაშორისო დაჯილდოების გამარჯვებული გახდა.

ურბან კიბუცი 2000 მოსახლეზე. გეგმა. ფრაგმენტი
ურბან კიბუცი 2000 მოსახლეზე. გენგეგმა.
ურბან კიბუცი 2000 მოსახლეზე. დეტალი 1

გაგვიზიარეთ თქვენი მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები

ამჟამად ჩვენს კომპანიაში, „ALYASA ARCHITECTS“-ში, ვმუშაობთ საუდის არაბეთის ყველაზე დიდ და წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან დედაქალაქის და სხვა დიდი ქალაქების ახალი კვარტლების დაგეგმარებაზე. სახელმწიფო ინსტანციებთან პირდაპირი ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს, რეგიონში მიმდინარე მეგა პროექტების ცენტრში ვიყოთ. ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მივიღეთ აღმოსავლეთის ქვეყნების ყველაზე დიდ გამოფენაში — „Cityscape Global“, სადაც წარმოდგენილი იყო საუდის არაბეთის  ყველაზე ამბიციური, მოწინავე პროექტები. აღნიშნულმა ღონისძიებამ ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მასშტაბურ პროექტებში ვართ ჩართულნი და გაგვაცნო აღმოსავლეთის არქიტექტურის სამომავლო გეგმები და გამოწვევები.

მეჩეთი ალ ჰასაში. საუდის არაბეთი. Alyasa Architects.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად? რას ურჩევდით ახალგაზრდა კოლეგებს?

უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერ პროფესიაში წარმატების  მთავარი საწინდარი საქმისადმი სიყვარულია. ეს კი განსაკუთრებით საჭიროა არქიტექტურის სფეროში. მუდმივად განვითარებადი სპეციფიკიდან და მულტიდისციპლინარულობიდან გამომდინარე, აუცილებელია უწყვეტი განვითარება, სწავლა და შრომა. არქიტექტორის ცხოვრებაში სტაბილურობის, მაღალი დისციპლინისა და პროგრესული აზროვნების გარეშე შემოქმედებითი პროცესი საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ვთვლი, რომ ახალგაზრდა დამწყებმა არქიტექტორებმა, მნიშვნელოვანია, გაიაზრონ თუ რა სახის აქტივობებს საჭიროებს აღნიშნული დარგი, რადგან არქიტექტურა არამარტო პროფესია, არამედ ცხოვრების სტილია.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტბისპირა სახლი ოჰაიოში – PJCArchitecture-ს ნამუშევარი

ჰოლანდიური ბრენდები VELI.store-ზე -„Woood“-ისა და „BePureHome“-ის 8 რჩეული პროდუქტი Homeis.ge-გან