in

ტადაო ანდო (Tadao ando) – ბეტონის მეფე

არქიტექტურული სტუდია „ტადაო ანდო“, სადაც ბეტონის უზადო ზედაპირები, ბუნებრივი სინათლით ავსებული მაღალი ატრიუმი და კედლებზე უზარმაზარი არქიტექტურული მაკეტები კიდია, მისი მფლობელის ესთეტიკისა და იდეოლოგიის ანარეკლია. ის ზუსტად წარმოაჩენს იაპონელი არქიტექტორის შემოქმედ სულს.

ეს შენობა ანდომ თავიდან ოჯახისთვის დააპროექტა, თუმცა როდესაც წყვილმა გაიგო, რომ ტყუპებს ელოდებოდა, არქიტექტორმა აქ მისი სტუდია მოაწყო. უკანასკნელი  თანამშრომლების რიცხვის ზრდის გამო შემდგომ სამჯერ გაფართოვდა. ეს არის ოთხსართულიანი ატრიუმი, საწერი მაგიდებით გაწყობილი ღია გეგმარების სხვადასხვა სივრცე, უამრავი არქიტექტურული ალბომი და ყველგან მიმოფანტული ანდოს მოდელები. სრულიად ღია ბეტონის კედლებს ანდო დაუმუშავებელ ლითონის მოაჯირსა და ატრიუმში ამავალ სპირალისებრ კიბეებს უთავსებს.

სტუდია სავსეა ხელოვნების ინსტრუმენტებითა და ექსტრავაგანტური ნივთებით. ეს ეკლექტური შთაგონებისა და დიზაინისკენ დაუოკებელი სწრაფვის მქონე არქიტექტორისთვის სახასიათოა. ძირითადი აქცენტებია: ფრენკ გერის „მუყაოს სავარძელი“, ჯორჯ ნელსონის საკულტო საათი, უზარმაზარი წიგნის თაროები და ევანდერ ჰოლიფილდის მიერ წაწერილი კრივის წითელი ხელთათმანი.

ტადაო ანდო მიიჩნევს, რომ არქიტექტურა ხალხის გულების ღრმა წვდომის უნარის გამოა მნიშვნელოვანი. „მე ყოველთვის ვცდილობ, შევქმნა ხალხის თავშეყრისა და ურთიერთობის კარგი ადგილი“ – ამბობს არქიტექტორი.

იაპონელი არქიტექტორის ნაგებობები წმინდა გეომეტრიული ფორმებითა და ღია ბეტონით გამოირჩევა. მიუხედავად მარტივი ფორმებისა და მასალებისა, ისინი ამავე დროს თბილი და ადამიანურია. „მე ვცდილობ კონკრეტული სივრცის შექმნას, რომელიც ადგილთან კავშირშია. ამიტომ ვიყენებ  უბრალო მასალებს, რომელიც ყველგანაა. მაგალითად, ბეტონი, რომელიც ქვიშისგან, ქვისა და ცემენტისგან შედგება. მე ვთვლი, რომ არქიტექტურის ემოციური ძალა მასში გამოყენებული ბუნებრივი ელემენტებიდან მოდის. ამიტომ რთულის მაგივრად, მე მარტივ გეომეტრიულ ფორმებს ვირჩევ, ასე სივრცეში შუქჩრდილებით ფაქიზი მაგრამ დრამატული თამაში უფრო გამომდის“ – აცხადებს არქიტექტორი.

იაპონელი არქიტექტორი საკუთარი არქიტექტურული ფილოსოფიის საუკეთესო მაგალითად 1989 წელს აშენებულ იბარაკის სინათლის ტაძარს მიიჩნევს. სადაც მცირე ბიუჯეტის გამო, კონსტრუქციის მოპირკეთება შეზღუდული იყო, თუმცა ბეტონის სწორკუთხოვანი ფორმები და ჯვრის ფორმის ღიობი, საიდანაც შუქი შემოდის, ბრწყინვალე სანახაობას წარმოადგენს.

ანდოს შენობებს ახასიათებენ როგორც ტიპურ იაპონურს, თუმცა ის, როგორც წესი, მშენებლობის დასავლურ მეთოდებსა და მასალებს იყენებს. თავად არქიტექტორი ამტკიცებს, რომ სივრცეში იაპონური დეტალების შემოტანით მისი არქიტექტურა უფრო დახვეწილი ხდება. მაგალითად, შიდა და გარე სივრცეების ურთიერთკავშირი.

ანდო მუდმივად ახდენს საკუთარი იდეების ალბომებში ვიზუალიზაციას, რომლებიც მთელ სტუდიაშია მიმოფანტული.

„ახალი არქიტექტურის შექმნისთვის შთაგონების პოვნა ყველგანაა შესაძლებელი, წინადადებაში ან რომანში, რომელსაც ვკითხულობ, ფილმის სცენაში ან მოგზაურობიდან მიღებული შთაბეჭდილებებში“ – ამბობს არქიტექტორი

მისი მომსახურებით ისეთი სახელგანთქმული ვარსკვლავები სარგებლობდნენ, როგორიცაა ისსეი მიაკე, ჯორჯო არმანი და ტომ ფორდი.

„ასაკის მომატებასთან ერთად, პროექტების მასშტაბებსაც ვზრდი. ასევე შენობების პატარა კერძო სახლებიდან მაღალსართულიანებამდე ვარირებას ვახდენ. ვთვლი, რომ არქიტექტურაში ჩემი პრინციპული მიდგომა კარდინალურად არ შეცვლილა. მე სერიოზულად მოვკიდე ხელი ყველა ჩემს პროექტს და უშუალოდ ვკურირებ მათ. ჩემი პროექტებიც ჩემთან ერთად იზრდება. მე ვამაყობ, რომ მიუხედავად გასული ათწლეულებისა, კლიენტებთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე და ყოველთვის ვზრუნავ ჩემს აშენებულ ნაგებობებზე. მსურს, მომავალშიც მთელი ძალისხმევა ისეთ პროექტებში ჩავდო, რომლებიც ადამიანების მეხსიერებაში მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე დარჩება,“ – ამბობს არქიტექტორი.

როგორ შევღებოთ ჭერი მარტივად?

პიერ იოვანოვიჩის შატო სამხრეთ საფრანგეთში