in

მხატვრობიდან ინტერიერის დიზაინერობამდე – ინტერვიუ ნესტან ვარდიაშვილთან

დღევანდელ სტატიაში ინტერიერის დიზაინერს, ნესტან ვარდიაშვილს გაგაცნობთ, რომელმაც ამ სფეროში მოღვაწეობა ნიუ-იორკში დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ მხატვრის სტატუსით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, დღეს კი მადრიდში იმყოფება და მის პორტფოლიოში არაერთი გამორჩეული პროექტი გვხვდება ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. ჩვენი რესპონდენტისთვის ამ პროფესიისადმი სიყვარული ბავშვობიდან იწყება, სადაც მშობლების მიერ შექმნილ გამორჩეულ დეტალებს ინტერიერში ხშირად აკვირდებოდა და დღემდე სასიამოვნოდ ახსენდება. როგორც თავად ამბობს, სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ დიზაინერობაზე არ უფიქრია და უფრო მეტად მხატვრობა სურდა, თუმცა ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ მისი პროფესიის შეცვლა განაპირობა. დღეს ნესტანი განვლილი კარიერული გზის, გამოწვევებისა და საინტერესო პროექტების შესახებ გვიამბობს.

ნესტან, მოგვიყევით როგორი იყო ის გარემო რომელშიც იზრდებოდით? იქონია თუ არა თქვენი ბავშვობის წლებმა გავლენა პროფესიის შერჩევაზე?

როდესაც ბავშვობას ვიხსენებ, ყოველთვის მახსენდება დედაჩემი, დღესასწაულები და არდადეგები. როცა დედას არდადეგებზე მივყავდით, თან მიგვქონდა ლამაზი დეკორაციები, რაც ალამაზებდა და ხიბლს სძენდა უსიცოცხლო გარემოს, ეს კი ჩვენ ესთეტიკურ კომფორტს გვიქმნიდა. სივრცის ძალიან ბუნებრივი აღქმა ჰქონდა მამასაც… ახლაც მახსოვს თეთრი, ფართო ლაკირებული კარი, კედლიდან გამოწეული თხელი ჩარჩოთი ამშვენებდა ჩვენს ინტერიერს და საკმაოდ შთამბეჭდავად ბზინავდა. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ამან განაპირობა ჩემი სიყვარული და გატაცება ინტერიერის დიზაინის მიმართაც.

სად მიიღეთ განათლება და როგორ წარიმართა თქვენი კარიერა?

თავდაპირველად თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ამერიკელ მეგობართან შტატებში სტუმრობის შემდეგ კი გადავწყვიტე საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასვლა, რადგან ქალაქის მრავალფეროვნებამ, დინამიკამ, ხელოვნებამ და უსაზღვრო შესაძლებლობებმა საკმაოდ მომხიბლა. მალევე გადავედი ნიუ-იორკში და ვოცნებობდი, თავი როგორც მხატვარს, ისე დამემკვიდრებინა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი სახელოსნო გაქურდეს და ნამუშევრები, რომლებსაც ძალიან დიდი დრო დავუთმე, მომპარეს.

ემოციური ტრავმა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ხატვაზე ხელი ამაღებინა… ამან განაპირობა პროფესიის შეცვლაც, თუმცა ნელ-ნელა შევამჩნიე, რომ ქუჩებში სეირნობის დროს ძალიან მიზიდავდა ინტერიერები, ყოველთვის იქეთ გამირბოდა თვალი და ვხვდებოდი, რომ ინტერიერის დიზაინი ჩემი ახალი გატაცება ხდებოდა. მალევე ჩავაბარე Parsons-ის სკოლაშიც. პროფესიის შეცვლას ჩემში შემოქმედებითი პროცესი არ შეუცვლია, პირიქით, ბევრად უფრო კრეატიული გავხდი და ორგანზომილებიანი სივრციდან სამგანზომილებიან სივრცეში გადავინაცვლე.

გაიხსენეთ თქვენი პირველი დიდი პროექტი…

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კარიერა ახალი დაწყებული მქონდა, ამიყვანეს Hotel de Crillonის განახლების პროექტზე სამუშაოდ რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პროექტია. ეს ის სასტუმროა, რომელიც მეფე ლუი XV-მ შეუკვეთა თავისი დროის უდიდეს არქიტექტორს – Ange-Jacques Gabriel-ს. სასტუმრო კონკორდის მოედანს გადაჰყურებს, სადაც საფრანგეთის უკანასკნელმა დედოფალმა, მარია ანტუანეტამ, სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

მსგავს შენობებს ინტერიერს იშვიათად უცვლიან, რადგან ისინი ისტორიას ინახავენ. ჩემთვის, როგორც დამწყები დიზაინერისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება შემძინა.

რა შთაგაგონებთ ყველაზე მეტად მუშაობის პროცესში?

ყველაზე მეტად დამკვეთთან დიალოგი შთამაგონებს, რომელიც ხშირად საიდუმლო ლიტურგიას ემსგავსება. სწორედ ამ დროს, ოცნებებზე საუბრისას აღმოცენდება იდეა. ეს დიალოგი ძალიან ინტიმურია, რადგან ნებისმიერი საუბარი ოცნებაზე ინტიმურია. დიალოგი კი ხელოვნებაა, რომელიც საკმაოდ დიდ ნებისყოფას მოითხოვს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დამკვეთის ინტელექტი, აზრის გადმოცემის უნარი, ნდობა და ასე შემდეგ. ამიტომ დამკვეთთან ურთიერთობა ერთი დიდი პაზლის აწყობას ჰგავს.

როგორ აღწერდით უშუალოდ ინტერიერის დიზაინზე მუშაობის პროცესს?

ჩემთვის ინტერიერზე მუშაობა არის ძიებისა და ხელახალი ინტერპრეტაციის პროცესი. მე მჯერა, რომ სრულყოფილება არ იზომება მხოლოდ ესთეტიკური მიღწევებითა და ხარისხით, არამედ დიზაინერის უნარით, გააქტიუროს აზროვნება, გამოიწვიოს შეგრძნებები და არსებობდეს რეზონანსი, რომელიც ისტორიულ მეხსიერებას ეხმაურება. როდესაც დამკვეთი საკუთარ ჩანაფიქრს საბოლოო შედეგში პოულობს, ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა.

რომელ პროექტს გამოარჩევდით თქვენ მიერ შესრულებული ნამუშევრებიდან?

ჩემთვის ყოველი პროექტი უნიკალური და მნიშვნელოვანია, ამიტომ რომელიმეს გამორჩევა გამიჭირდება, თუმცა, ყველაზე დიდი გამოხმაურება სამკაულების მაღაზიას მოჰყვა, რომელიც ჩემს მეგობარს, სამკაულების დიზაინერ როდრიგო ოტაზუს დავუპროექტე ლონდონში.

მისი სამკაულების განსხვავებული კუთხით წარმოჩენა ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. ვფიქრობდი, რომ ის, რაც ძალიან ლამაზია, არ უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, არ უნდა გთავაზობდეს თავს, პირიქით – იდუმალებით მოცული და დამაინტრიგებელი უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ პროექტმა 11 წლის შემდეგ მოიპოვა ოქროს ჯილდო საერთაშორისო ინტერიერის დიზაინის კონკურსში, ლოს ანჯელესში, როგორც საუკეთესო იდეამ.

თქვენ სხვადასხვა ქვეყნებში გაქვთ შესრულებული პროექტები. ამ მხრივ საინტერესოა თქვენი გამოცდილების გაზიარება დამწყები ინტერიერის დიზაინერებისთვის.  რამდენად შესაძლებელია, არ იყო მიჯაჭვული ერთ ადგილს და ქმნიდე ნამუშევრებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან? რას ურჩევდით ამ მხრივ კოლეგებს?

ჩემთვის დისტანციური მუშაობა ნორმალური პირობაა, რადგან პროექტების უმეტესობა აშშ-დან შევასრულე ევროპასა თუ აღმოსავლეთში. რაიმე სახის რჩევის მიცემა ამ კუთხით რთულია, რადგან ეს ისეთი გამოცდილებაა, რომელიც ჩემდაუნებურად მივიღე. დისტანციური მუშაობას რამდენიმე დადებითი მხარეც აქვს. ის დიდ თავისუფლებას მაძლევს და თავისუფლება კი ჩემთვის უმთავრესია.

რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამჟამად ვცხოვრობ ესპანეთში, ვცდილობ ვიმუშაო მხოლოდ ექსკლუზიურ პროექტებზე, რომლებშიც დიდ შემოქმედებით ემოციას ვდებ. ამას გარდა, ვმუშაობ სამ-თვიან კურსზე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, რომელიც გააერთიანებს კონცეპტუალური იდეის გეგმამდე მიყვანის პროცესს. დაინტერესებულებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ თუ როგორ ყალიბდება იდეა და როგორ ითარგმნება გეგმაში. ამ კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურველებს ჩემი სოციალური ქსელის საშუალებით შეუძლიათ.

ადენ ვანგის ეკლექტური ინტერიერი სან-ფრანცისკოში

სიყვარულის დღის სასაჩუქრე იდეები სახლის დეკორის მოყვარულთათვის