in

რემონტის შეცდომები — ანო მაისაძის გამოცდილება

ანო მაისაძის ბინის ინტერიერს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მისმა მფლობელმა პროექტის დიზაინზე თავად იზრუნა და საკმაოდ წარმატებული შედეგიც მიიღო. ანომ რემონტის მიმდინარეობისას დიდი გამოცდილება და ცოდნა შეიძინა, რომელსაც პრაქტიკული რჩევების სახით დღეს Homeis.ge-ს მკითხველს უზიარებს.

შეცდომა #1: დაუგეგმავი ბიუჯეტი და სარემონტო პროცესი

ანო გვირჩევს, რომ რემონტისას, პირველ რიგში, ფინანსური მხარე დავაორგანიზოთ და ბიუჯეტი გავთვალოთ, რათა მომავალში დაუგეგმავი ხარჯებისგან თავი მაქსიმალურად დავიცვათ.

„არასდროს დაიწყოთ სარემონტო სამუშაოები ისე, რომ არ იცოდეთ საორიენტაციო ფასები. როდესაც კონკრეტული ბიუჯეტი გაქვს, რომელსაც არ ან ვერ ასცდები, აუცილებლად ყველა დეტალი წინასწარ უნდა დაგეგმო. ჩვენ ფინანსები ორად დავყავით: რემონტის და ავეჯი-ტექნიკის ნაწილებად . მთავარია შეეცადოთ ბიუჯეტი მაქსიმალურად კონკრეტული იყოს. ამ პრინციპის გათვალისწინებით, ხარჯებს მინიმუმამდე დაიყვანთ. მაგალითად, ჩვენ გვქონდა ექსელის დოკუმენტი, სადაც ჩამოვწერეთ ყველა სამუშაო, მასალა, მათი რაოდენობები და ფასები. როგორიცაა იატაკი — რომელიც მოიცავს პარკეტს/ლამინატს, თვითსწორებად საფარს, ქვეშაგებს, წებოს, მომსახურებას/ანაზღაურებას –  ვეცადეთ დეტალურად აღგვეწერა საჭირო პროცედურები“, — ამბობ ანო.

შეცდომა #2: ავეჯისა და კედლის ფერების არასწორი შერჩევა

ანო თვლის, რომ აუცილებელია ფერის შეძენამდე მისი კარგად შემოწმება და სხვადასხვა განათების პირობებში გამოცდა, რადგან განათება ფერზე დიდ  გავლენას ახდენს და შესაძლოა განსხვავებული სინათლის დროს სრულიად სხვა იერი მიიღოს.

რემონტისას MDF-ის ფერის შერჩევისას შეცდომა დავუშვი. ვერ გავითვალისწინე, რომ მაღაზიაში, სადაც ცივი განათება იყო თეთრი ტონალობის RAL კოდით შეღებილი ნიმუში ვერ აღიქმებოდა სწორად. მინდოდა ავეჯს  თბილი თეთრი ფერი ჰქონოდა, თუმცა დამზადებისდა აწყობის შემდგომ აღმოჩნდა, რომ მასალა თეთრის მაგივრად, კრემისფერი იყო, რამაც კედლის თეთრ ტონთან აცდენა გამოიწვია. ამიტომ, ყველას ვურჩევ RAL კოდით არ იმსჯელონ და ნიმუშზე დატანილი ფერი დღის სინათლეზე, ბუნებრივ განათებაზე ნახონ. ასევე, გაითვალისწინონ, რომ საღებავი სხვადასხვა ზედაპირზე ერთნაირად არ გამოიყურება. მაგალითად, MDF-სა და კედელზე ერთი და იგივე საღებავი იდენტურად  არ ჯდება“.  

შეცდომა #3: სტერეოტიპების გათვალისწინება და საკუთარ სურვილებზე უარის თქმა

ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, საკუთარ სურვილებს მივყვეთ და სტერეოტიპულ გადაწყვეტილებებზე უარი ვთქვათ: „როდესაც ამ საკითხში გამოუცდელი ხარ, ყოველთვის ცდილობ სხვისი რჩევა გაითვალისწინო. იმ შემთხვევაში, თუ რემონტის დროს ზუსტად ვიცით სახლის სტილი, მონახაზი გაკეთებული გვაქვს, წარმოგვიდგენია ფერები, ხშირად სტერეოტიპები ხელს გვიშლის ჩვენი მიზნებისა და სურვილების მიღწევაში. რაღაც არაპრაქტიკული, მალფუჭებადი ან მაღალბიუჯეტურია, მაგრამ ალტერნატივა ყოველთვის არსებობს. მაგალითად მე, ყველა მირჩევდა, უარი მეთქვა შავი ფერის სამზარეულოზე. ამის მიუხედავად, ეს ფაქტორი კარგად გამოვიკვლიე, გადავწყვიტე სამზარეულოს ფასადი არ შემეღება და ე.წ. დაშპონილი მზა მასალა მეყიდა. სამზარეულოს ქვედა ნაწილი შავ (რადგან ცხიმი და წყალი ნაკლებად ხვდება), ზედა მხარე კი თეთრ ფერში გავაკეთე. პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მარტივი მოსავლელია და ძალიან კომფორტულია“.

შეცდომა #4: არასწორად შერჩეული პლინტუსები

ანო ყურადღებას ამახვილებს სივრცეში პლინტუსების სწორ შერჩევაზე და მის როლზე საუბრობს — „პლინტუსი, თითქოს უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში, სივრცეს კრავს და ინტერიერში დიდ როლს ასრულებს. პლინტუსს გარდა ფერისა და ფორმისა, გარკვეული სიმაღლე აქვს, რომელიც ჭერს ვიზუალურად ზრდის ან აპატარავებს. რემონტის პროცესში მე კონკრეტულ დიზაინს ვეძებდი, რომლის მხოლოდ მაღალი მოდელები იყო დარჩენილი, დღევანდელი გადმოსახედიდან ამ საკითხს შეცდომების სიაში შევიტანდი. ამიტომ შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ ამ ფაქტორსაც“. 

შეცდომა #5: სველ წერტილებში  მუქი ფერის მასალის გამოყენება

ანო მუქი ფერის მასალებთან მიმართებით აღნიშნავს: „არავის ვურჩევ მუქი ქვის გამოყენებას იმ ადგილებში, სადაც წყლის წვეთების მოხვედრის ალბათობა მაღალია. პირადად მე, შავი კვარცი გამოვიყენე ორივე სველ წერტილში, რასაც ძალიან ვნანობ, რადგან სამწუხაროდ, წყლის ლაქებს ხსნარები ვერ ერევა“.

შეცდომა #6: დამხმარე სანათების არქონა

ანო განათებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მის დეკორატიულ, პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მსჯელობს, რომელიც სივრცეს, ფუნქციურ გამოყენებასთან ერთად, სიმყუდროვესა და მომხიბვლელ იერსახეს სძენს.

„ვფიქრობ, სახლში ძალიან მნიშვნელოვანია განათება რეგულირებადი იყოს და განწყობასა და გარემოს ერგებოდეს. ამ მხრივ ძალიან ეფექტურია დამხმარე სანათები, რომლებიც არქიტექტურული, ტექნიკური და დეკორატიული შეიძლება იყოს. მე სამივე მათგანი გავითვალისწინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. დამატებითი სინათლის გარდა, წერტილოვანი სანათები ძალიან მყუდრო გარემოს ქმნის და კონკრეტულ ზონებზე სწორად აკეთებს აქცენტს. საჭიროების შემთხვევაში, ჭერის სანათებს ვიყენებ, რა დროსაც სიმყუდროვე ნაკლებადაა, სინათლე კი ჭარბობს. თუ ჭერზე წინასწარ არ გაქვთ გათვლილი ელექტრო წერტილები, იატაკისა და მაგიდის სანათებიც ძალიან კარგი ალტერნატივა იქნება“, — ანო მაისაძე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

სიმწვანეში ჩაფლული მდიდრული საცხოვრებელი შვედეთში

ღუმელი თვითწმენდის ფუნქციით – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?