in

ბურჯ ხალიფა – მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში, Skidmore, Owings & Merill-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ბურჯ ხალიფას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული ნაგებობაა, რომლის დიზაინის შექმნისას გათვალისწინებული იქნა რეგიონული არქიტექტურის ყველა მახასიათებელი. შენობის საფეხუროვანი დიზაინი ახლო აღმოსავლეთის არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი და იდეალურად ერგება დუბაის არქიტექტურულ სტილს.  პროექტის გეომეტრიული ფორმა მუსლიმური ხელოვნების ტრადიციული ელემენტების გათვალისწინებით შეიქმნა.

ბურჯ ხალიფას ინტერიერიც და ექსტერიერიც დიდწილად შეესაბამება ტრადიციულ არაბულ კანონებს. პროექტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ქარი და სხვა გარემო პირობები, რასაც სპეციალური ტერასების მსგავსი ელემენტების დახმარებით შენობა წინააღმდეგობას იდეალურად უწევს.

ბურჯ ხალიფას არქიტექტურულ სტილზე Skidmore, Owings & Merill -ის არქიტექტორები მუშაობდნენ. ბეიკერი, უფროსი სტრუქტურული ინჟინერი მიიჩნევდა, რომ სპირალური ფორმა აუცილებელია ვიბრაციებისა და დატვირთვის შესამცირებლად. შენობის ზუსტი გეომეტრია გამოითვალა ქარის მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით, უამრავი ტესტის ჩატარების შემდეგ. საბოლოო ჯამში, გადაწყდა შენობის 120 გრადუსით შემობრუნება, რათა ჰაერის მასებს მინიმალური გავლენა მოეხდინათ ცათამბჯენზე.

ცნობილი არქიტექტორის, ადრიან სმიტის შთაგონება დიზაინზე მუშაობისას შროშანას ყვავილი იყო, რომლის „ფურცლების” რაოდენობაც ექვსიდან სამამდე შემცირდა და ცენტრალური ღერძის გარშემო განთავსდა. ცენტრალური ნაწილი დაგვირგვინებულია 200 მეტრზე მეტი სიმაღლის წვერით, რამაც ბურჯ ხალიფას მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის ტიტული მიანიჭა. რაც შეეხება თავად  ყვავილს, ცათამბჯენის ტერიტორიაზე გაშენებულია შთამბეჭდავი ბაღი, სადაც შროშანები უდაბნოს კლიმატისთვის დამახასიათებელ სხვა მცენარეებთან ერთად ყვავიან.

ბურჯ ხალიფას მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნა რევოლუციური საინჟინრო მიდგომები. მაგალითად, ცათამბჯენის გაგრილების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შენობაში დამონტაჟებული კონდიცირების სისტემა ჰაერს იღებს ბურჯ ხალიფას ზემო სართულებიდან, სადაც ტემპერატურა ყველაზე დაბალია. ტემპერატურის სხვაობა ზედა და ქვედა დონეებს შორის 6 გრადუსია, ხოლო სპეციალური სისტემით შეგროვებული წყალი სარწყავად გამოიყენება. შენობის სიმაღლისა და დუბაის ცხელი კლიმატის გათვალისწინებით, სპეციალურად ბურჯ ხალიფას მშენებლობისთვის შეიქმნა ბეტონის საგანგებო ნარევი, რომელსაც ყინული დაემატა.

არქიტექტურული სტუდია: Skidmore, Owings & Merill

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

ზამიოკულკასი ინტერიერში – მცენარის პოპულარობის რამდენიმე მიზეზი

10 ადგილი თბილისში, სადაც ძველი ავეჯის რესტავრაციას შეძლებთ