in

სახასიათო ემოცია და ინდივიდუალიზმი დიზაინში — ინტერვიუ ნანუკა ბერულავასთან

ჩვენი ინტერვიუს გმირი ინტერიერის დიზაინერი ნანუკა ბერულავაა. მისი შემოქმედება ინდივიდუალური ხედვითა და მიდგომით არის შთაგონებული, ამიტომ დიზაინი მაქსიმალურად ერგება კონკრეტულ დამკვეთსა და პიროვნებას. როგორც თავად ამბობს, შემოქმედებითმა გარემომ მის მომავალ პროფესიაზეც იქონია გავლენა, ამ კუთხით კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბაბუამისის საქმიანობას უკავშირებს. ნანუკა ბავშვობაში აღფრთოვანებით აკვირდებოდა ბაბუაწ ჩანახატებსა და ტიხრული მინანქრით შესრულებულ ნამუშევრებს. ხელოვანმა მშობლებმა კი მისი ფანტაზიისა და შემოქმედებითობის განვითარებას შეუწყვეს ხელი. დღევანდელ სტატიაში ის  განვლილ გზასა და პროფესიაზე გვესაუბრება და გულწრფელად გვიზიარებს თავის ემოციებსა და მოსაზრებებს ინტერიერის დიზაინზე.

ნანუკა, როგორი იყო ის გარემო, რომელშიც იზრდებოდით და რამდენად იქონია ამ ყველაფერმა გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?

ჩემი ოჯახის წევრებს არქიტექტურასთან და დიზაინთან უშუალო შეხება არ ჰქონიათ. ჩემი მშობლები მუსიკოსები და ხელოვანები არიან. ჩემს პროფესიასთან ყველაზე ახლოს, ალბათ, ბაბუის შემოქმედებაა. ის ტიხრულ მინანქარზე მუშაობდა, მისი საქმიანობის  ყურება კი ჩემთვის საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. ყოველთვის მომწონდა და მიზიდავდა, როგორ აკეთებდა მოყავისფრო ფურცელზე შავი ფანქრით მონასმებს და “უცნაურ” ჩანახატებს. მათ ყოველთვის ვინახავდი და დღემდე თითოეული ჩანახატი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. იმის გამო, რომ ასეთ შემოქმედებით გარემოში ვიზრდებოდი, მგონია, ჩემს პროფესიაზე ბავშვობამ დიდი გავლენა იქონია.

როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით და სად მიიღეთ განათლება?  

ვფიქრობ, ზოგადი განათლების დასრულებისას პროფესიის არჩევა ძალიან რთულია. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდი, პირველ რიგში, ვაანალიზებდი, რისი კეთება მაინტერესებდა, მსიამოვნებდა, მიყვარდა და არ მღლიდა. ამ საკითხებზე პასუხებმა კი დიზაინამდე მიმიყვანა. სწორედ ამიტომ ჩავაბარე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში, სადაც მალევე, სწავლის აქტიურ პროცესში ჩართვის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ეს პროფესია ნამდვილად სწორად მქონდა შერჩეული.

საცხოვრებელი ბინის პროექტი

როგორ შეაფასებდით თქვენს განვლილ გზასა და კარიერას?  

უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე პირველად დავიწყე მუშაობა სრულ განაკვეთზე ავეჯის საწარმოში. ამ სამსახურმა მომცა შესაძლებლობა არსებითად განსხვავებულად შემეხედა ჩემი თეორიული ცოდნისთვის. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ დიზაინი არ არის მხოლოდ ესთეტიკა ან ფურცელსა თუ პროგრამაში დატანილი გამოსახულებები და მის განხორციელებას მარტივი, ეფექტური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები სჭირდება. ავეჯის საწარმოში მუშაობამ დამანახა, რომ მართალია, ფანტაზია უსაზღვროა, მაგრამ მის რეალობაში გადმოტანას ხშირად გონივრული მექანიზმების მოძიება სჭირდება. ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტიც  სწორედ ესაა  — შეგეძლოს ფანტაზიის რეალობად ქცევა.

ამის შემდგომ ჩემი კარიერა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გაგრძელდა, რამაც თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და უნარების კიდევ უფრო მეტი განვითარებისა და დახვეწის შესაძლებლობა მომცა.

პროფესიული განვითარების შემდეგ, ჩემი პირველი დამოუკიდებელი პროექტი  ტერმინალის პირველი საერთო სამუშაო სივრცე იყო აბაშიძეზე. პირველ რიგში, ის ჩემი პირველი ნამუშევარია და განსაკუთრებულია, ამასთანავე, მას ჰქონდა ამბიცია, სამუშაო სივრცის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება შეეცვალა. იმის გამო, რომ ამ პროექტზე მუშაობა, ფაქტობრივად, პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დავიწყე, ჩემთვის ძალიან საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე იყო, თუმცა ის რესურსი, რაც მასში ჩავდე, დღემდე ძალიან საამაყოა.

ტერმინალის სამუშაო სივრცე

ტერმინალის შემდეგ m2-ის საერთო სამუშაო სივრცეზე ვიმუშავე. ერთი მხრივ, ჩემს პორტფოლიოში საერთო სამუშაო სივრცის დიზაინ პროექტები გროვდებოდა, რაც ბუნებრივია, მახარებდა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან დიდი გამოწვევა იყო იდენტური ბაზრისთვის განსხვავებული, საინტერესო საერთო სამუშაო სივრცის შექმნა. აღნიშნულმა ნამუშევრებმა შესაძლებლობა მომცა, ამ მიმართულებით ბაზარზე არსებულ რამდენიმე დიდ კომპანიასთან მეთანამშრომლა.

m2-ის საერთო სამუშაო სივრცე

ძალიან საინტერესო იყო საცხოვრებელ ბინებზე მუშაობა, რადგან ყველა დამკვეთს რადიკალურად განსხვავებული შეხედულება და მიზანი ჰქონდა. ასევე, აღსანიშნავია ერთ-ერთი პიცერიის განსხვავებული დიზაინ პროექტიც, რომელიც სარესტორნო მომსახურების სფეროში ჩემი ერთ-ერთი პირველი ობიექტი იყო. ამჟამად აქტიურად ვთანამშრომლობ ერთ-ერთ კვების ობიექტთან, რომლის ფარგლებში განსხვავებულ ბაზარზე, საჭიროებებზე, ფორმებსა და ფერებზე მიწევს აქცენტის გაკეთება. პრაქტიკულმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ პროფესიაში მუდმივად ძიებისა და განვითარების პროცესში ხარ და შენს ნამუშევართან ერთად იზრდები…

Ronny’s Pizza

როგორია თქვენი დიზაინ ფილოსოფია და ყველაზე მეტად რისგან იღებთ შთაგონებას შემოქმედებით პროცესში? 

ჩემი დიზაინ ფილოსოფია თითოეული დიზაინის შექმნის პროცესში განსხვავებული როლის მორგების ხელოვნებაა, რადგან თითოეული ნამუშევარი  ინდივიდუალურ ემოციასა და ხასიათს მოითხოვს. მგონია, ჩემი შემოქმედების მთავარი სათქმელი სწორედ ესაა, სახასიათო ემოციისა და ინდივიდუალიზმის ჩვენება.

ჩემ შემთხვევაში, ნამუშევრის შესაქმნელად შთაგონება ყველაზე ხშირად მარტო ყოფნისას ჩნდება. მას არ აქვს კონკრეტული ფორმა, ფერი თუ გამოსახულება. თითოეულ პროექტს ინდივიდუალური და კონკრეტული შთაგონების წყარო სჭირდება.  ნებისმიერი პროექტიც განსხვავებული, მრავალფეროვანი ინსპირაციითაა შექმნილი. არც ერთი მათგანი არ მოდის იდენტური შთაგონების წყაროდან, ეს კი ჩემს ხელწერას განაპირობებს. ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ უცხო პირიც კი შეამჩნევს, რომ ყველა ერთ დიზაინერს ეკუთვნის, რადგან ისინი საერთო, მსუბუქი და სადა თვისებებით ხასიათდება.

ინდივიიდუალური საცხოვრებელი სახლი დიღომში

ვისაუბროთ მუშაობის პროცესზე, როგორ ხდება კონცეფციის შემუშავება? 

კონცეფციის შემუშავება, ბუნებრივია, შესაბამისი ობიექტის დათვალიერებით იწყება. დათვალიერება მოიცავს მის დეტალურ შესწავლასა და აზომვას. ამის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი თავად დამკვეთთან გასაუბრებაა. ამ დროს მნიშვნელოვანია მისი სურვილების, შეხედულებების იდენტიფიცირება და მისი პიროვნების გაცნობა. ხშირად დამკვეთის მიზანი კონკრეტული ობიექტის მიმართ არ ემთხვევა სივრცის ზომასა თუ ფორმას, ჩემი მოვალეობა კი ისაა, რომ ეს არარეალური სურვილები სივრცეს სწორად მოვარგო. ამის შემდგომ იწყება აქტიური სამუშაო პროცესი, კომპიუტერული პროგრამები, ფურცლები, ნახაზები და უწყვეტი კომუნიკაცია დამკვეთთან. აღნიშნული ეტაპების შემდეგ კი ნამუშევარი საბოლოო სახეს იღებს.

როგორ ფიქრობთ, განვითარების რა ეტაპზეა ქართული არქიტექტურული და დიზაინ სივრცე?   

ვფიქრობ, არქიტექტურული და დიზაინ სფეროს მდგომარეობა დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების მაჩვენებელზე, ტექნოლოგიების მდგომარეობაზე, მასალების არსებობასა და ბაზრის მოთხოვნაზე. სამწუხაროდ, ქართული არქიტექტურაც და დიზაინიც ქართული ბაზრის მოთხოვნებითაა განპირობებული. მათ შორის, მცირე ფართობზე მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობით, რაც არ შეესაბამება ესთეტიკასა და სილამაზეს. ამჟამად ამ პროცესის წარმომადგენლები დიდი გამოცდის წინაშე ვართ – უნდა შევქმნათ ისეთი ნამუშევარი, რომელიც დღეს არსებულ მოთხოვნებს უპასუხებს. ეს ერთგვარი გამოწვევაცაა, რომ მასალებისა და ტექნოლოგიების სიმცირეს ჩვენი ნამუშევარი მოვარგოთ. ასეთი დაბრკოლებები კი საინტერესო იდეებისა და უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, წლების განმავლობაში იზრდება დაინტერესება ამ პროფესიის მიმართ და მომსახურებაც საკმაოდ მოთხოვნადი ხდება, ამან კი ძალიან ბევრი ახალი დიზაინ სტუდიის შექმნა განაპირობა. ამასთანავე, დროდადრო საქართველოში საინტერესო პროექტები ტარდება, რაც ჩვენი სფეროს განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია და ნამდვილად მისასალმებელია.

საცხოვრებელი ბინის პროექტი

როგორ ფიქრობთ, რომელი სტილია ჩვენთან ყველაზე აქტუალური და როგორია დიზაინის მომსახურების ხარისხი საქართველოში?

ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რომელი სტილია ჩვენს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი, რადგან მეტ-ნაკლებად ყველა განსხვავებულსა და ინდივიდუალურ კონცეფციას ეძებს. მოთხოვნადი სტილიც ტენდენციების შესაბამისად იცვლება. მაგალითად, გასულ წელს მინიმალისტურ, პრაქტიკულ, ბუნებრივ მასალებზე იყო აქცენტი. ისიც, უნდა ითქვას, რომ მინიმალიზმი არასდროს კარგავს მნიშვნელობას და ინტერიერში ყველ სტილს ავსებს და ერგება. ასევე, ჰარმონიულობითა და პასტელური ფერებით გამოვარჩევდი სკანდინავიურ სტილს, ხოლო მკაცრი აქცენტებითა და ბუნებრივი მასალის ბალანსით ინდუსტრიულ სტილს. ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ  დამკვეთი დღეს ბევრად უფრო თამამია, რაც მოთხოვნადი სტილის კონცეფციას კიდევ უფრო აბსტრაქტულს ხდის.

რაც შეეხება თავად მომსახურების ხარისხს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ სფეროში დამწყები ვიყავი, ბევრი ადამიანი ინტერიერის დიზაინის მომსახურებაზე უარს ამბობდა, რადგან საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი ამ პროფესიის როლი. ამჟამად ეს დამოკიდებულება შეცვლილია, გაზრდილია ფიზიკური თუ იურიდიული პირების რიცხვი, რომლებიც შესაბამისი ბიზნესისა და პირადი სივრცის დაგეგმვას ინტერიერის დიზაინერს ანდობენ. ამ ოპტიმისტური მაჩვენებლის გათვალისწინებით, დაიხვეწა დამკვეთიც და მასთან ერთად შემსრულებელიც. ამის საფუძველზე გაიზარდა კონკურენცია დიზაინერებს შორის, რამაც საბოლოო ჯამში, ბევრად ხარისხიან პროდუქტამდე მიგვიყვანა.

რას ეტყოდით ახალგაზრდა კოლეგებს, წარმატებული კარიერის შესაქმნელად რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სფეროში? 

ვეტყოდი, რომ ეს პროფესია აირჩიონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართლა აინტერესებთ და მისი კეთება სიამოვნებთ, რადგან ჩვენს სფეროში არ არსებობს სამუშაო საათები და წინასწარ განსაზღვრული დასვენების დღეები, მით უფრო კარიერის საწყის ეტაპზე. ვერ გამოვყოფდი მხოლოდ ერთ დეტალს, რისთვისაც ყველა სირთულის გადალახვა ღირს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა კმაყოფილი, ბედნიერი დამკვეთი და მისი უკუკავშირი. ასევე, პროექტების მრავალფეროვნება და უწყვეტ შემოქმედებით პროცესში ყოფნა, რაც საბოლოოდ,  სამუშაოზე დახარჯულ ყველა რესურს გინაზღაურებს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინა

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩემი მთავარი მიზანია, ამ სფეროში მეტად განვითარდე და ცოდნა გავიღრმაო. ამ ეტაპზე, ვმუშაობ საინტერესო პროექტებზე და დაინტერესებული ვარ ავეჯის შექმნის ხელოვნებით, მასალების შესწავლით  და ძალიან პერსპექტიულად ვუყურებ ამ საკითხს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რემონტის შემდგომი დალაგება – 7 კომპანია საქართველოში, რომელიც ამ საქმეს საკუთარ თავზე აიღებს

მიკელე დე ლუკი – იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორი, რომელმაც საქართველოში “მშვიდობის ხიდის” პროექტი შექმნა